რა კანონზომიერება არ არსებობს გენეტიკაში და როგორ შეიძლება „ამოყოს თავი” გენმა შორეული წარსულიდან
მედიცინა და გენეტიკოსები ახლო ნათესაურ კავშირის „საზღვრებს” ვერ ადგენენ, მართლმადიდებლური სარწმუნოება კი ამ კავშირს შვიდი თაობით საზღვრავს და ახლო ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირს კატეგორიულად კრძალავს. გენი, უმცირესი ნაწილაკი, ადამიანის აგებულების და ცხოვრების ბევრ ფაქტორს განსაზღვრავს, შესაბამისად, სქესობრივი კავშირი ახლო ნათესავებს შორის მრავალი გენეტიკური პათოლოგიის განმსაზღვრელი ხდება. სტატისტიკის მიხედვით, რაც უფრო ახლო ნათესაურ კავშირში არიან მშობლები, მით უფრო მეტი პათოლოგიით იბადება ბავშვი. თუმცა, საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მდგომარეობას თურმე ერთი დადებითი ასპექტიც ახლავს. რა ხდება ადამიანის გენეტიკურ აპარატში და რა კავშირშია ლირიკა გენეტიკასთან, ამის შესახებ ექიმ-გენეტიკოს ირაკლი ჯოლოხავასგან შეიტყობთ.
ირაკლი ჯოლოხავა: გენეტიკოსისთვის ძალიან რთული კითხვაა, თუ რამდენი თაობა ითვლება ნათესავად. ეს, ალბათ, დაკავშირებულია არა მხოლოდ გენეტიკურ ასპექტებთან, არამედ ადამიანების რელიგიურ მრწამსთან და ასევე, საზოგადოების ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობასთან. რამდენადაც არ უნდა იყოს საზოგადოება მომზადებული იმისთვის, რასაც საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებული – ნათესავებს შორის ქორწინების შესაძლებობა თუ შეუძლებლობა ჰქვია, ამის აღმოფხვრა ძალიან რთულია. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი მუსლიმანური რელიგიის წარმომადგენელია და ასეთი პაციენტები მეც მრავლად მყოლია. იმის მიუხედავად, მათ იციან, რომ სისხლით ნათესავებს შორის ქორწინების შემთხვევებში, არ არის გამორიცხული, გარკვეული პათოლოგიების გახშირება, ასეთ ფაქტებს მაინც აქვს ადგილი. ჩემი პაციენტებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, მუსლიმანებში ბიძაშვილ-მამიდაშვილებს თუ დეიდაშვილებს შორის ქორწინება მაინც ხდება. როგორც ვიცი, ასეთი ქორწინებები დასაშვებია კათოლიკეებთანაც, მათი რელიგიური მრწამსი ამას არ კრძალავს. თუმცა, მე პირადად, ასეთ შემთხვევებთან შეხება არ მქონია. სისხლით ნათესავებს შორის ქორწინებას არ კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქართველ მუსლიმანებს, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანები არიან, როგორც ჩანს, მათთან უშუალო კავშირში მყოფი მართლმადიდებელი ქართველების გავლენით, სისხლით ნათესაურ ქორწინებას თავადაც ერიდებიან. ჩემი აზრით, ეს მაინც საქართველოში არსებული დამოკიდებულების შედეგია. მართლმადიდებლურ საზოგადოებაში ნათესავებად ითვლებიან ადამიანები, რომელთა შორის „მანძილი” გენეალოგიურ ხეზე საკმაოდ დიდია. ხშირად საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი, რომ გაწყდეს ნათესაური კავშირი. შესაბამისად, გენმა გარკვეული სიხშირით ძალიან შორიდან შეიძლება „ამოყოს თავი”. ადამიანის გენეტიკურ აპარატში გენების განაწილება ისეთი კანონზომიერებებით ხდება, რომ გამორიცხული არაა, გენი ძალიან შორიდან აღმოჩნდეს „დღევანდელ” ადამიანში. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა რამ მაქვს მხედველობაში: სიმაღლე, ხასიათი, თვალების ფერი და ბევრი რამ, მათ შორის, დაავადება. გენი შეიძლება იყოს როგორც დაავადების, ასევე ადამიანის ნიშან-თვისებების და უნარ-ჩვევების განმსაზღვრელი. მე ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა რატომღაც, სპეციალურად არ მიკითხავს საღვთო პირთათვის, მართლმადიდებლური წესით, როდის მთავრდება ნათესაური მდგომარეობა. ანუ, რა მანძილი უნდა იყოს გავლილი გენეალოგიურ ხეზე, რომ ადამიანებს ქორწინებაში შესვლის შესაძლებლობა მიეცეთ.
– საღვთო პირები ამბობენ, რომ ნათესაური კავშირი წყდება მეშვიდე თაობაში. თქვენს პრაქტიკაში თუ გქონიათ შემთხვევა, სისხლით ნათესავებს შორის არსებული კავშირის შედეგად გახშირებული გენური პათოლოგიებისა და ძირითადად, რა გენეტიკურ დარღვევებთან გვაქვს ხოლმე საქმე?
– პირადად მე, ასეთი შემთხვევა არ მქონია. თუმცა, ვიცი, რამდენიმე გვარი, რომლებიც ერთმანეთზე ქორწინდებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთმანეთთან სისხლით კავშირში არ არიან. ამ ფაქტებით ცოტა შევშფოთებულვარ კიდეც და მიკითხავს, მართლმადიდებლები ხომ ხართ-მეთქი, რაზედაც მათ უთქვამთ, რომ მათ გვარში ქორწინება შესაძლებელია და სისხლით ნათესაური კავშირი არ აქვთ. ასეთ შემთხვევებში, მე პათოლოგიებს არც შევხვედრივარ. რაც შეეხება ახლო სისხლით ნათესაურ კავშირებს, სამედიცინო თვალსაზრისით, უარყოფით ასპექტებთან ერთად, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დადებითიც აქვს. უარყოფითი ასპექტებიდან ყველაზე მნივნელოვანია შემდეგი: პიროვნებაში არსებული ერთი და იგივე დაავადების განმაპირობებელი გენის შეხვედრის სიხშირე მეტია, როდესაც ახლო ნათესავებს შორის ხდება სქესობრივი კავშირი. ერთი და იგივე დაავადების განმაპირობებელი გენის ჩაბუდებისუნარიანობა ბიძაშვილებში ბევრად მეტია, ვიდრე აბსოლუტურად სხვადასხვა გენის ადამიანების კავშირის დროს. შესაბამისად, დაავადებული, პათოლოგიური ბავშვის გაჩენის ალბათობაც მატულობს.
– სტატისტიკის მიხედვით, რაც უფრო ახლო ნათესაურ კავშირში არიან მშობლები, მით უფრო სუსტი და ფსიქიკაშეფერხებული იბადება ბავშვი.
– ერთი გენით განპირობებული დაავადებების რიცხვი ძალიან დიდია, რამდენიმე ათასი. ძალიან გავრცელებულია სპინალური ამიოტროფიები, ნერვკუნთოვანი დაავადებები. ასეთი კავშირების შედეგად, შესაძლოა, დაიბადოს ბავშვი თავისებური გარეგნობით, რასაც თან ახლავს განვითარების ანომალიები, შეფერხება ფსიქომოტორულ განვითარებაში, სიმაღლეში და ასე შემდეგ. მოსაზრება, რომ ამ კავშირების შედეგად შეიძლება, დაიბადოს ბავშვი სამი ფეხით, აბსოლუტურად არასწორია. ზოგადად, საჭიროა იმის ცოდნა, რომ ერთნაირი გენის პირების შეხვედრა და შესაბამისად დაავადებული ბავშვის დაბადების მაღალი სიხშირე, უფრო მეტად ხდება ახლო, სისხლით ნათესაური კავშირების დროს. ახლა დადებით ფაქტორზე მოგახსენებთ. ვინაიდან ახლო ნათესაური კავშირების მქონე წყვილებს თუ ოჯახებს, რომლებიც ერთი და იგივე დაავადების მქონე გენის მატარებლები არიან, უჩნდებათ დაავადებული ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ასეთი დაავადებული ინდივიდის გამრავლება, შეუძლებელია. ახლო ნათესაურ კავშირში მყოფი წყვილის მიერ დაბადებული ბავშვი ან ვერ აღწევს იმ ასაკამდე, როცა უნდა გამრავლდეს ან, ვერ შედის ქორწინებაში იმ დაავადების გამო, რაც აქვს და ამ გენს სამარეში წაიღებს. ის ვერ გაავრცელებს იმ გენს, რაც მას აქვს და მინიმუმ, ორი დაავადების განმაპირობებელი გენი დამთავრდება და დაიკარგება. ასე ხდება თვითლიკვიდაცია იმ გენის, რომელიც გადაეცემა ახლო ნათესაური კავშირის შედეგად გაჩენილ ბავშვს. ეს იწვევს თვითგაწმენდას კონკრეტულ შტოში, რაც ამ ურთიერთობის დადებითი ასპექტია. მართლმადიდებლებში გენური დაავადებები უფრო იშვიათია. არის ისეთი გენური დაავადებები, რომლებიც ნაყოფში ვერტიკალურად თაობიდან თაობაში გადადის. ასეთ დაავდებებს შორისაა სისხლის შეუდედებლობა, ჰემოფილია, რომელიც დედისგან ბიჭს, ბიჭისგან ქალიშვილს გადაეცემა, ანუ ზიგზაგისებურად, საპირისპირო სქესზე გადადის.
– რაც შეეხება ხასიათს, უნარ-ჩვევებს, რა ხდება ადამიანის გენეტიკურ აპარატში, როდესაც ის თვისებებს გენეტიკურად იღებს არა დედისგან ან მამისგან, არამედ წინა თაობებიდან.
– არაფერიც არ ხდება. ეს არის გენი და მორჩა (იცინის). მხატვრობის ნიჭი შეიძლება, პაპისპაპისგან აღმოაჩნდეს შვილიშვილს. როცა ოჯახში ერთი თაობის წარმომადგენელი რეჟისორია, მეორე თაობის – მსახიობი, მესამე თუნდაც, თეატრმცოდნე, ეს, რა თქმა უნდა, გენეტიკის დამსახურებაა. ვერიკო ანჯაფარიძის და მიხელ ჭიაურელის ოჯახი და შთამომავლობა ამის კარგი მაგალითია. გარეგნულ მონაცემებს განაპირობებს ერთი სახეობის გენები, შინაგან თვისებებს – მეორე. რამდენიმეათასეული გენიდან ზოგიერთი გარეგნულ თვისებებზე აგებს პასუხს – მელოტი იქნება ადამიანი თუ ხშირთმიანი, მსუქანი თუ გამხდარი, მაღალი თუ დაბალი; ზოგიერთი კი განაპირობებს შინაგან თვისებებს – ჯინიანობას, ნიჭიერებას. ხომ გაგიგონიათ, ბაბუამისიც მაგრად უკრავდა და ესეც რა მაგრად უკრავსო. ისიც ხომ გაგიგიათ, ეს მთლად მამას ჰგავს, მაგრამ ხასიათი დედის აქვსო. არ არსებობს კანონზომიერება, ქალისგან მეტი გენი გადადის შვილზე თუ მამაკაცისგან. ეს შესაძლოა, ერთნაირი ინტენსივობით მოხდეს. პასუხისმგებლობა გენების გადანაწილებაზე, არ არსებობს. შესაძლოა, ერთ ბავშვში დედის გენები ჭარბობდეს, მეორე ბავშვში – მამის. გარეგნული ნიშან-თვისებებით გოგონები ხშირად მამებს ჰგავნან, ბიჭები – დედებს. ალბათ იმიტომაცაა, რომ გოგონები მამებს განსაკუთრებით უყვართ.
– ეს, ალბათ უფრო ცხოვრების „ლირიკაა” ვიდრე – გენეტიკა.
– ვფიქრობ, რომ „ლირიკაც” გენებით არის განპირობებული, ისევე როგორც ბევრი რამ ადამიანში, მათ შორის, სიყვარულიც. გენეტიკურად, ზოგს მეტად შეუძლია სიყვარული, ზოგს – ნაკლებად, ისევე, როგორც სიძულვილი და სიკეთე. ვერავინ შეგვედავება, რომ ბევრი ადამიანური რამ გენეტიკამდე მიდის.
– ანუ, გენი, ქრომოსომის უმცირესი ნაწილაკია იმის „გარანტი”, რომ ჭკვიანმა კაცმა ჭკუა უნდა გადასცეს შვილს გენეტიკით, კეთილმა – სიკეთე.
– არა, ამას არ ვამბობ. გენი ძალიან პატარაა, მაგრამ მასზე ეგება ადამიანის ძალიან ბევრი ნიშან-თვისება. გენს არც აქვს პრეტენზია „გარანტობაზე” და სწორედ ამას ჰქვია „გენმა დაისვენა.” გენი კარგიც ისვენებს და ცუდიც. შესაძლოა, დაისვენოს ნიჭის განმაპირობებელმა გენმა, შესაძლოა პირიქით, უნიჭობის განმსაზღვრელმა გენმა. ძნელი წარმოსადგენია, გენეტიკურად ისეთი სიუხვე დაებერტყოს ბუმბერაზი, ნიჭიერი ადამიანის შვილს, რაც მის მშობელს ჰქონდა. ეს არ ხდება ყოველ თაობაში. როცა უაღრესად ნიჭიერ ადამიანს, ფენომენს არ ჰყავს ასეთი ნიჭიერი შვილი, აი, ესაა გენის დასვენება. წარმოიდგინეთ, ვაჟა-ფშაველას შვილი რომ ვაჟა-ფშაველასნაირი ბუმბერაზი ყოფილიყო, ან ლომონოსოვს თავისნაირი შვილი ჰყოლოდა. ლეონარდო და ვინჩის შვილი რომ ლეონარდო და ვინჩი ყოფილიყო, ეს ხომ წარმოუდგენელია?! სამედიცინო გადმოსახედიდან თითქოს შემთხვევითია, სად გარეგნობით გადადის გენი და სად ხასიათითა და თვისებებით, თუმცა შესაძლოა, ეს სულაც არ არის შემთხვევითი და უფრო მაღალ მატერიებში წყდება.