როგორ გაიტაცა თენგიზ კიტოვანი კოსმოსისა და უდაბნოს თემამ, რა ტერორისტული აქტებისგან აპირებს საქართველოს მოსახლეობის დაცვას და რატომ დაემუქრა საქართველოს პარლამენტს შენობიდან გამოყრით
საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, თუმცა ათი წელია, მოსკოვში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა, სამოქალაქო ანტიტერორისტულ ორგანიზაციასაც ჩაუდგა სათავეში და პარლამენტის გამოყრასაც დაგვპირდა (ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო). რაც შეეხება ორგანიზაციას: მას თენგიზ კიტოვანის გარდა, ორი დამფუძნებელი ჰყავს: ერთი, ასევე, ყოფილი მინისტრი, ოღონდ შსს-სი, რომან გვენცაძე და ერთიც უშიშროების გადამდგარი გენერალი ზურაბ ბაქრაძე. დაბრუნების მოტივებსა და სამომავლო პერსპექტივებზე თენგიზ კიტოვანი თავად გვიამბობს.
– ანტიტერორისტული ორგანიზაცია რატომ დააფუძნეთ, საიდან ელით ტერორისტულ აქტებს?
– უნდა დავეხმაროთ ქართველ ერს. ტერორიზმია, რაც დღეს საქართველოში ხდება, შემოაქვთ ნარკოტიკები და ღუპავენ ქართველ ერს.
– მაშინ ანტინარკოტიკული დაგერქმიათ.
– ეს იგივე ტერორიზმია, რაც თავის დროზე ინგლისმა გაუკეთა ჩინეთს. რა მნიშვნელობა აქვს, რით მოკლავ ქართველ კაცს, წამლით თუ იარაღით?! ეს ერთი და იგივეა.
– რატომ გადაწყვიტეთ ჩამოსვლა, საბოლოოდ დაბრუნდით თუ დროებით?
– სულ ჩამოვედი იმის გამო, რომ აქ მყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, რუსეთში კი მგელივით მარტო ვცხოვრობდი ტყეში.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, როდესაც მოსკოვში იყავით, თქვით, ვხატავ და კოსმოსური თემით ვარ გატაცებულიო?
– ბევრი ნახატი მაქვს ძალიან, როგორც აივაზოვსკი ზღვას ხატავდა, მე კოსმოსსა და უდაბნოს ვხატავ. ხელი მაქვს მიჩვეული. ასევე, ვხატავ პორტრეტებს. რამდენიმე პორტრეტი გავაკეთე, რაც აქ ჩამოვედი. ზემოთ ვმუშაობ, აივანზე, გარიყული ჩემთვის, სავარჯიშო ოთახი მაქვს და იქ ვხატავ.
– მანამდე რატომ არ ჩამოდიოდით?
– სააკაშვილმა არ შემომიშვა, 10 წელს მაყურყუტა რუსეთში. რაღაც შიში აქვს ამ ხალხს ჩემი და ვერ გავიგე რატომ.
– მგონი, აქვს ამ შიშს საფუძველი, თუ 1991 წელს გავიხსენებთ.
– ახლა მე ომს არ ვაპირებ, ერთადერთი ძალიან გავბრაზდი, პარლამენტმა კანონი რომ მიიღო. ერის შეურაცხყოფაა, როდესაც პარლამენტი ჰომოსექსუალიზმს აკანონებს საქართველოში. მთელი ხალხი, სამღვდელოება, ჩვენ მივალთ, პარლამენტს შევუვარდებით და გამოვყრით–მეთქი და ატეხეს ერთი ამბავი, შემოგვივარდებაო. შიშს დიდი თვალები აქვს და დაიწყეს თვალების დაპრუწვა.
– ვერ გავამტყუნებთ.
– მაშინ არ უნდა დაუშვა ის შეცდომა, რომ კავკასიაში ჰომოსექსუალიზმი დაამკვიდრო. ჰომოსექსუალები ყოველთვის იყვნენ და არიან, სარგებლობენ ყველა უფლებით, რითაც ნებისმიერი მოქალაქე, არავინ უშლიდა ხელს მათ.
– იმ კანონში არაფრის დაკანონებაზე არ არის საუბარი.
– ასეა თუ ისე, კანონი უკვე არის და კაცი ვერ მოკიდებს მათ უკვე ხელს. ჰომოსექსუალებს უპატივცემულოდ არავინ ექცეოდა. მაგრამ ამის დაკანონება არავის უცდია. ამაზე იყო მთელი დავა, ჩხუბი, უბედურება, ძალიან ცუდად მოიქცნენ, იმიტომ რომ გაისაპნეს თავები და ევროკავშირს შეუხტნენ. ევროკავშირში ჩვენ მაინც ვერ შევალთ, ისევე, როგორც „ნატოში“ ვერ შევედით. ასეთი აწეწილი ქვეყანა არავის სჭირდება და ვერც ამ კანონით შევალთ. ვერ ხედავთ, რომ რუსეთი დგას საქართველოს „ნატოში“ თუ ევროკავშირში შესვლის უკან?! ევროკავშირის შესვლის გამო დაიშალა უკრაინა. უკრაინელი ხალხის ფაშისტურმა გამოხდომებმა ისინი მიიყვანა დაშლამდე და 50-მილიონიანი ხალხი შუაზე გაიყო.
– თქვენც იზიარებთ რუსების შეფასებას, რომ უკრაინელები ფაშისტები არიან?!
– უკრაინელებს კარგად ვიცნობ, ნაციონალისტები არიან, მაგათი ნაციონალიზმის შედეგია, რაც მოხდა. ის უკრაინელები, რომლებიც სწორად უყურებენ მოვლენებს, სწორადაც იქცევიან, რუსეთთან შორს ყოფნა უკრაინას არ შეუძლია. ასევე, მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველობის ქვეშ არიან რუსები, უკრაინელები და ქართველები. ამის დაშლა უნდა მასონურ მოძრაობას. განსაზღვრული აქვთ, როგორ დაშალონ: საქართველო ხომ დაშალეს უკვე მიშას ხელით. მე მაქვს საბუთები, როგორ დაიწყო ომი 1992 წელს, როგორ დაიწყო მიშამ ომი. ჩვენ ერთი წელიწადი კიდევ გავძელით და იმიტომ გამათავისუფლა შევარდნაძემ თავდაცვის მინისტრობიდან, რომ ცოცხალი თავით არ გამოვიდოდი აფხაზეთიდან.
– შევარდნაძე ამბობს, 1992 წლის 14 აგვისტოს ვცდილობდი კიტოვანთან დაკავშირებას, რომ არ შესულიყო აფხაზეთში, მაგრამ ტელეფონთან არ მოდიოდა და ჩემს უკითხავად შევიდა აფხაზეთშიო.
– პირიქით, მაჩქარებდა, შედი შედიო, აი, საბუთი: 1992 წლის 11 აგვისტოთი დათარიღებული: სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადისლავ არძინბას მეთაურობით სეპარატისტებმა პროვოცირება გაუკეთეს შეიარაღებულ კონფლიქტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგომარეობის დარეგულირების მიზნით სახელმწიფო საბჭო ადგენს, რომ ალექსანდრე ანქვაბი შეყვანილ იქნას სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში და დაევალოს დროებითი სახელმწიფო ორგანოების შექმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
– ეს იცოდა ანქვაბმა?
– როგორ არ იცოდა?! ეგენი ხომ შევარდნაძესთან მუშაობდა ყველა?!
– მაშინვე იცოდით, რასაც ახლა ამბობთ, რომ აფხაზეთში ომი მის დასაკარგავად დაიწყო თუ მერე გაიგეთ?
– მაჩქარებდა შევარდნაძე, შედი, შედიო. მეც ჰაიჰარად შევედი. დავიკავე სოხუმი, იმიტომ რომ ქართულმა მოსახლეობამ მთხოვა, შავნაბადას ბატალიონი კი ჩუმად გავგზავნე და მათ დაიკავეს ლესელიძე. ამის შემდეგ შევარდნაძეს უნდა ემოქმედა პოლიტიკურად, მაგრამ ის 26 აგვისტოს ამერიკაში წავიდა. მოელაპარაკა ამერიკულ სპეცსამსახურებს, რომ ჩვენ წავაგებდით ომს და ამერიკელები შემოიყვანდნენ თავიანთ ჯარს. ეს გაიგეს რუსებმა და 3 სექტემბრის ხელშეკრულება გააფორმეს. შევარდნაძემ ისე გააკეთა, ვითომ მოატყუა რუსები. მაგრამ რუსებს ჩვენ ვერ მოვატყუებთ, საერთოდაც, რუსეთს ვერავინ მოატყუებს. ისინი სწორად აფასებენ ყველაფერს. ერთი შეცდომა ის დაუშვეს, როდესაც ერაყი მისცეს ამერიკელებს. დღესაც კაცმა არ იცის, რა მოხდება, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ უკრაინის ბედი გველის.
– გურიად, კახეთად და სამეგრელოდ დაშლა ელით?
– სოხუმი და სამაჩაბლო დავკარგეთ, მიშამ 2008-ში ზუსტად იგივე გაიმეორა, რაც შევარდნაძემ გააკეთა 1992 წელს. რუსეთი არაფრით არ შემოუშვებს აქ ევროპას, იმიტომ რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში, რომელზეც გადის გზები ევრაზიულ ქვეყნებში. ამას არ დათმობს რუსეთი. ამათ რამდენიც უნდა იხტუნაონ, ეს ასეა, ასე იყო 200 წლის წინათაც და ეს ტრადიცია მოდის დღემდე. რუსი ცდილობს, დაშალოს თურქეთიც, რომ გავიდეს ხმელთაშუა ზღვაში. თავის დროზე რუსეთს ცხვირწინ ააცალეს ბოსფორის ზღვაზე გასასვლელი. ფაქტობრივად, რუსი ჩაკეტილია შავ ზღვაზე და სულ იმის ცდაშია, გავიდეს. მგონია, რომ პუტინი ამას აკეთებს. მე 4-5 წლის წინათ გამოვედი რუსეთის ტელევიზიით და ვთქვი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირზე შეიძლება, აშენდეს ევრაზიული სახელმწიფო.
– თქვენგან ხომ მოიპარა იდეა ალექსანდრ დუგინმა?
– ამის შემდეგ თქვეს მათ. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი ყველასთვის და არც უკრაინა ჩავარდებოდა ამ დღეში.
– საქართველოს მოსახლეობის სურვილი რომ არის ევროკავშირი და „ნატო“?
– საქართველოს მოსახლეობა გადააგვარა მიშამ. 10 წელი იმდენი ცუდი რამ გააკეთა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი – ქალს. ამდენი ნარკომანია.
– გასული საუკუნის 90-ან წლებში რომ წვერმოშვებული და ავტომატიანი კაცები დადიოდნენ, არც ისინი ჰგავდნენ, მაინცდამაინც, ნორმალურ კაცებს.
– იარაღიანმა ხალხმა წესრიგი უნდა დაიცვას და არ უნდა ძარცვოს ხალხი. თუ ქვეყანაში იარაღიანი ხალხი არ არის, იქ არის ქაოსი.
– იმას ვამბობ, მაშინ ყველა ის იარაღიანი თავისი შეხედულებისამებრ რომ იცავდა კანონს.
– იარაღიანმა კაცმა უნდა დაიცვას საქართველო და წესრიგი. „მხედრიონი“ არ უნდა გაეჯეჯილებინა შევარდნაძეს, მერე კი მიხვდა, რომ შეცდომა იყო და დაიჭირა ჯაბა.
– გვარდიას და „მხედრიონს“ რატომ ჰქონათ ცუდი დამოკიდებულება, რას ვერ იყოფდით?
– მე ხმას არ ვიღებ, როცა ამბობენ ესა და ეს იყო კიტოვანის შეცდომაო. გოგა ხაინდრავასაც ვუსმინე ამას წინათ ტელევიზიით, არადა, გოგა ხაინდარვა დამნაშავეა თავის ერთან.
– რაში?
– ამას თავის დროზე ვიტყვი. გოგა ხაინდრავა, გია ჭანტურია, სხვები მე გამოვიყვანე 1991 წლს ციხიდან და ყველანი გავუშვი სახლებში.
– უკვე ამდენი წელი გავიდა, როგორ ფიქრობთ, 1991 წელს სწორად მოიქეცით? ღირდა იმ ომის წამოწყება?
– ვუყურებდი ტელევიზორს და უცებ ჯაბა გამოდის, მე შევუთვალე შევარდნაძეს, ჩამოვიდესო. შე მამაცხონებულისშვილო, მკითხე მე, რომ შეუთვალე?! მე არ მინდოდა შევარდნაძის ჩამოსვლა, იმიტომ რომ ჯაბა მაგისი აგენტი იყო. შევარდნაძემ დახოცა ყველა თავისი ახლობელი: სოლიკო ხაბეიშვილით დაწყებული და ჯაბათი დამთავრებული.
– თბილისის ომზე გკითხეთ: ისევ ისე მოიქცეოდით?
– მე არც ვაპირებდი თბილისის ომს და საერთოდ ომს არ ვაპირებდი. შევუთვალე კიდეც ზვიადს, ვინც პირველად გაისვრის, წააგებს ომს-მეთქი. მე 24 დეკემბერს ჩამოვედი აქ, როცა გამსახურდიამ ესროლა თავის ხალხს და მომიტინგეებს. მაშინ დაიჭრა რომან გვენცაძე.
– არავის დაუდგენია, ვინ ისროლა პირველმა.
– მე გეტყვით: ზვიადი იქ არ ყოფილა, მისი ოჯახის წევრმა ქალებმა გასცეს ბრძანება. შევარდნაძეს ჩემი ეშინოდა, იცოდა, არაფერს დავუთმობდი. მაგის პოლიტიკას მე არ ვეთანხმებოდი. ერთხელ შევედი, ეგ და ჯაბა ისხდნენ, დამიძახა, თენგიზ, ბოლოს და ბოლოს ვერ მიხვდი, რომ მე და ჯაბა „ცეერუს“ აგენტები ვართო?! მაშინ მივხვდი, საით მიდიოდა საქართველოს გეზი.
– საით?
– მაშინ დაიწყო შევარდნაძემ ამერიკელების შემოყვანა და ევროპაში გაერთიანება.
– გაიმეორებდით თბილისის ომს, თავიდან რომ მოგეცეთ ცხოვრების დაწყების შანსი?
– თბილისის ომი გამოიწვია იმან, რომ გამსახურდიამ გააუქმა გვარდია. ამბობდა, არაო, მაინც შინაგანი ჯარი იყოო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ გააუქმა?! ამით საქართველოს მოუსპო დამოუკიდებელი ჯარი და ეს იყო დიდი შეცდომა. მე ჯარი არ დავშალე და წავედი რკონის ხეობაში, რითიც საქართველოს შევუნარჩუნე შეიარაღებული ძალები. როგორ შეიძლებოდა, ამ ჯარის დაშლა?! ის ხე მოჭრა, რომელზეც იჯდა. ცოლმა და ცოლისდამ დაღუპა გამსახურდია, მათმა შიდა პოლიტიკამ, რასაც ისინი კარნახობდნენ, იმას აკეთებდა. თუ ჯარს ისევ დაშლიდა, მე არ დავაშლევინებდი. მაშინ, პირიქით, გავარიდე ჯარი, რკონის ხეობაში რომ გავიყვანე. 28 აგვისტოს ჩამოვედი და მარტო შევედი ზვიადთან. ვუთხარი, რატომ ამბობ ჩემზე, რომ ოპოზიციაში გავიდა-მეთქი. არა, თენგიზ, ჩემი ძმა ხარო, მაკოცა. წამოვედი, მაგრამ მეორე დღეს ჩემი ლანძღვა დაიწყო. დაემორჩილა პუტჩს და მოაწერა ხელი ჯარის გაუქმებაზე, მე ამას არ დავთანხმდი, იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო ჩართული ჯარის მშენებლობაში. ამიერკავკასიაში პირველები ვიყავით ჩვენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის შემდეგ ჯარი შევქმენით. რუსებს გადმოვაცემინე შეიარაღება და ყველაზე დიდი შეიარაღება გვქონდა.
– ვითომ გამოვიყენეთ რამეში?
– ვერ გამოვიყენეთ. სწორია... მანამდე მე და ზვიადი ახლობლები ვიყავით და თავის დღეში მასთან ომზე არ მიფიქრია. მე არასდროს ვყოფილვარ ზვიადის მტერი და გული მწყდება, რომ შემდეგ ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის. ერთ ამბავს გიამბობთ: ვეფხვაძეს და ჯაბას უნდოდათ ზვიადის მოკვლა, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, ვისაუბრეთ, ჩვენ შორის ომი დაიწყება, თუ ზვიადს მოკლავთ-მეთქი. მათ თქვეს, ისე ვთქვითო … ერთი საინეტერსო ამბავიც მოხდა: ვალერი ჩხეიძე, უშიშროების პოლკოვნიკი გავგზავნე გროზნოში ჩუმად, რომ ჩამოეყვანა ზვიადი. მაგრამ მანანამ დააჭერინა და სამი თვე ჰყავდათ ჩეჩნებს დატყვევებული. პირველად ვამბობ: ზვიად გამსახურდია მნიშნავდა თავდაცვის მინისტრად, იმიტომ რომ იცოდა, ნებისმიერ ომს მოვიგებდი. გროზნოში, ფაქტობრივად, ხელი ჰქონდა მოწერილი თავდაცვის მინისტრად ჩემი დანიშვნის ბრძანებაზე.