თავგამაგრებულები და შეთავსებულები
გეკუთვნით, მაგრამ, არ გეკუთვნით
გასულ კვირას ბრატისლავაში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე „ნატოს“ აწ პოსტიდან მიმავალმა გენმდივანმა, რუსი ექსპერტის კითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო „მაფს“ ან, სულაც, ალიანსში მიპატიჟებას, ასეც უპასუხა და ისეც. ასე – შენიშნა, რომ „საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, „ნატოსთან” თავსებადობაც გაზარდა და ეს პროგრესიც ჯეროვნად უნდა აისახოსო, თუმცა, ისე – აღნიშნა, რომ ფორმებზე საუბარი ნაადრევია.
ოღონდ, გადაჭრით დაგვპირდა, რომ ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და, თუ ახლებს არ შეუშვებენ, ღია კარიდან ჭიტინის საშუალებას ისევ მისცემენ. მეორე მხრივ, „სამაგალითო პროგრესში“ იგულისხმება (მომყავს ციტატა): „სამაგალითო არჩევნების ჩატარება, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანა.“
ბუნებრივია, თუკი შევეთავსეთ ერთმანეთს, ადრე თუ გვიან, შერწყმაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აუზში წყლის ჩასხმას კარგა ხანია, გვპირდებიან, ჩვენ კი ზუსტად ამდენი ხანია, თავით მაინც ვხტებით, იმ ადრე თუ გვიანამდე, ყოველ შემთხვევაში, თავი მაინც გვექნება ქვასავით მაგარი.