კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გულშემატკივრობენ მეგობრები ლევან მასპინძელაშვილს და რისი გაკონტროლება უჭირს მას

ლევან მასპინძელაშვილზე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ შოუს ნამდვილი აღმოჩენაა და ის ნამდვილად არის „ერთი ერთში”. მართალია, „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გამომდინარე, მის ნიჭიერებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის შეძლებდა, ყოფილიყო მესი გრეიც, ბარი უაითიც და ბონოც. ამ ოთხშაბათს ის ეცდება, დათო ხუჯაძის „ტყავში შეძვრეს” და გახდეს ქართული პოპ-მუსიკის ნამდვილი საკულტო ჯგუფის – „სახის” ერთ-ერთი წევრი და ახლა უკვე რუსული ესტრადის ვარსკვლავი. 

 

ლევან მასპინძელაშვილი: მსახიობობასთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია, გარდასახვა მხოლოდ ამ პროექტში მომიწია. ბავშვობაში კი მეუბნებოდნენ – მსახიობი ხარ, მასხარაო, მაგრამ, ეს ძალიან ადრე იყო და, ალბათ, ძალიან ბევრ ბავშვს ეუბნებიან ასე. იმის მერე მსგავსი უნარი ჩემში აღარავის დაუნახავს (იცინის). 

– პირველად რომ შემოთავაზება მიიღე, რა იფიქრე, რას მოგიტანდა ეს?

– ძალიან მაგრად გამიხარდა და დამაინტერესა უფრო იმიტომაც, რომ, არც მსახიობობასთან და არც ცეკვასთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია. ზოგადად, პროექტის იდეა გახდა ჩემთვის საინტერესო. ეს დიდი გამოწვევა იყო და ამიტომაც დავინტერესდი, თორემ, ისე, კონკურსებში მონაწილეობას აღარც ვგეგმავდი და არც სურვილი მქონდა. არა იმიტომ, რომ იმედგაცრუება მივიღე ან რამე არ მომეწონა, უბრალოდ, მომღერლის ცხოვრებაში ერთი კონკურსი საკმარისია (იცინის). „საქართველოს ვარსკვლავის” მერე ხშირად მეუბნებოდნენ, იქაც გადი, ამ კონკურსშიც გადიო და ამაზე სულ ვხუმრობდი, „კონკურსა ბიჭი” ხომ არ ვარ-მეთქი (იცინის). ერთხელ ვცადე და ამ ყველაფრისგან ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. მეორედ ნამდვილად აღარ ვაპირებდი, მაგრამ, ამას კონკურსადაც ვერ აღვიქვამ, სულ სხვა რაღაცაა. მაინტერესებდა, შემიძლია თუ არა, მაქვს თუ არა იმის პოტენციალი, რომ სცენაზე ვიმუშაო როგორც მსახიობმა, ვიცეკვო და ასე შემდეგ.

– თან, აქ მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ არავინ ვარდება და ყველა ბოლომდე იღებს სიამოვნებას.

– გავარდნა, როგორც კონკურსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, რადგან ბოლომდე ხარ, შეგიძლია არა ერთი და ორი, არამედ, რვა და ცხრა როლი მოირგო, გაცილებით მიმზიდველია, სიამოვნებას გაცილებით მეტს იღებ.

– რა არის შენთვის კონკურსის ყველაზე დიდი სირთულე, რა გაშინებს?

– ცალ-ცალკე არაფერი არ მაშინებს, მაშინებს ყველაფერი ერთად. არ მაშინებს ცალკე მოძრაობა, ცალკე მსახიობობა, ცალკე სიმღერა, მაშინებს მათი ერთობლიობა და კარგი სინქრონი, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ არტისტს, ვისაც ასახიერებ. შეიძლება, ცალ-ცალკე ყველაფერი გააკეთო, იმუშაო, მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგყავს, სულ სხვა სირთულეები ჩნდება. ძალიან რთულია მიმიკებთან ბრძოლა. უცებ რომ საკუთარი მიმიკით იმღერებ, ეს, ალბათ, ყველას გვემართება. ჩემთვის მუსიკა თან სხვა რაღაცაა; შეიძლება, სხვისთვისაც ასეა, მაგრამ, მე როცა ვმღერი, ბოლომდე შევდივარ მუსიკაში და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამით. შესაბამისად, თუ მუსიკაში ვარ, ძალიან რთულია, პარალელურად იმაზე ვიფიქრო, რომ ჩემი ჟესტი არ გავაკეთო; რომ რაღაც დავთრგუნო და ასე შემდეგ. შენი ორგანული, ნატურალური ქცევა ბოლომდე უნდა დამალო, რაც ძალიან რთულია.

– ვისი განსახიერება იყო, შენი აზრით, ყველაზე წარმატებული შენთვის?

– წარმატებული იყო მესი გრეი – კარგიც გამოვიდა და ჩემზე უკვე საუბრობდნენ როგორც არტისტზე და არა მხოლოდ მომღერალზე, ბევრი ქულაც მომიტანა და იმ „ლაივის” ლიდერიც ვიყავი. ალბათ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს იყო ყველაზე წარმატებული, თუმცა, ასე გამოყოფაც არ მინდა, რადგან, ყველა როლი ჩემი შვილებივით არიან – სხვა დამოკიდებულება მაქვს არა მხოლოდ როლების, არამედ, ზოგადად, იმ არტისტების მიმართ. 

– როცა ნომერს უყურებ, ფიქრობ, რა მაგარია, რომ ეს შეხვდა, ზუსტად მოირგოო. მაგრამ, ეს, ალბათ, პოსტრეაქციებია – გააჩნია, ვინ რას და როგორ მოირგებს

– თავიდან, როცა იგებ, ვინ ამოგივიდა, არ იცი, რას და როგორ გააკეთებ. მერე უკვე იწყება მუშაობის პროცესი, იწყებ მიმსგავსებას, გიყვარდება კიდეც ესა თუ ის შემსრულებელი, ხედავ რაღაც ნაპერწკალს, რომელსაც აღვივებ და რაღაც გამოდის. საბოლოო ჯამში, როდესაც შედეგს ხედავ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი არცთუ ისე საშიში ყოფილა. 

– რა თანმიმდევრობით მუშაობ, ანუ, რა არის პირველი, რასაც აკეთებ?

– მე ასეთი მოდელი მაქვს: პირველ ყოვლისა, ვსწავლობ ტექსტს. ტექსტი უნდა ვიცოდე იმ დონეზე, რომ მისი „გამექანიკურება” მოხდეს და არ დამჭირდეს იმაზე ფიქრი, რა რის შემდეგ მოდის. მაგრამ, დამახსოვრება ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცაა, ვერ დავდგები და ვერ დავიზეპირებ „ამის შემდეგ რა მოდის” პრინციპით. ასე მიცდია და აუცილებლად მავიწყდება. ტექსტს ვიზეპირებ მუსიკასთან და შეგრძნებასთან ერთად, სხვანაირად არ გამომდის. ამის შემდეგ „კუპლეტ-კუპლეტ” ვმუშაობ და მერე ვიწყებ სიმღერის გაერთიანებას. ვმუშაობ განწყობაზე, მომღერლის შესრულების მანერებზე; მერე გადავდივარ მოძრაობასა და მიმიკებზე. ნელ-ნელა ვცდილობ, ამ სიმღერასთან ერთად გავაუმჯობესო მოძრაობა და მიმიკა და შევქმნა სრულყოფილი მთლიანობა.

– პედაგოგები ძალიან გეხმარებიან?

– მაქსიმალურად, მაგრამ, მათთვის მნიშვნელოვანია, შენ როგორ შრომობ, როგორ ცდილობ, რამდენად გინდა მაქსიმალური შედეგის მიღწევა. ისინი გაძლევენ რჩევებს, რეკომენდაციებს, თუმცა, თუ ეს ვერ გამოიყენე, ისინი ვერაფერს შეცვლიან. ამიტომ, ძირითადად, ბოლომდე შენზეა დამოკიდებული, როგორი გამოვა ნომერი, თუმცა, მათი რჩევები ძალიან მეხმარება.

– ახლა ოთხშაბათს ვინ ხარ?

– დათო ხუჯაძე.

– ეს მომღერალი რომ შეგხვდა პირველივე მოძრაობა ისეთი გააკეთე, რომ მისი სხეულის ენას აშკარად იცნობ.

– (იცინის) კი, ასე გამოდის. კარგი მოცეკვავე არც მე ვარ და, სავარაუდოდ, არც დათო ხუჯაძე. ასე რომ, სხეულის ენით და მოძრაობებით ერთმანეთს გავუგებთ (იცინის). ალბათ,  შევასრულებ სიმღერას – „მეგობრებთან ერთად,“ რადგან ეს ნომერი აიყოლიებს დარბაზს და იქნება მხიარული და კარგი. „სახე“ რომ დაიშალა და, დამოუკიდებლად, ცალკე, დათო ხუჯაძე რომ დათო ხუჯაძე გახდა, ზუსტად ეგ სიმღერაა. ვნახოთ, „ჯანაიაც“ კარგია. ზუსტად არ ვიცი, რომელს შევასრულებ. 

– მეგობრები, ალბათ, ძალიან გგულშემატკივრობენ და შენს ფანკლუბად გადაიქცნენ. 

– ჩემი მეგობრები ცოტა უცნაურები არიან, დიდი გულშემატკივრობით, აქტიურობითა და „ლევან, ლევანის” ყვირილით, არ გამოირჩევიან. მაგრამ, ძალიან ნერვიულობენ და მათ გულშემატკივრობას ყოველთვის ვგრძნობ. ბევრი არ დადის, რადგან, ნერვიულობის გამო სიამოვნებას ვერ იღებს და, ურჩევნია, მომდევნო დღეს სახლში ჩანაწერი ნახოს. 

– ვინ არის, ვინც სულ დადის და სულ გვერდში გიდგას? ვიღაცა რომ „ლევან, ლევანს” ყვირის, ამას მნიშვნელობა ხომ აქვს?

– რაღაც მომენტში მნიშვნელობა ნამდვილად აქვს, მაგრამ, ამას განსაკუთრებულად არ ვაქცევ ყურადღებას. მირჩევნია, არა ჩემმა მეგობრებმა, არამედ, უცხო ადამიანებმა დაიყვირონ ჩემი სახელი და ტაში დამიკრან – ეს გაცილებით სასიამოვნოა. ეს ნიშნავს, რომ ობიექტურად მოსწონთ. აბა, ჩემი მეგობრები, რასაც არ უნდა ვაკეთებდე ამ შოუში, თუნდაც მოცეკვავე ვიყო, ტაშს მაინც დამიკრავენ.

– მოცეკვავე ახსენე. როგორი მოცეკვავე გოგოები გყავთ?!

– სასწაული! (იცინის) მართლა ძალიან მაგრები არიან. ამბობენ, ამ სეზონზე კიდევ უფრო ძლიერი მოცეკვავეები არიანო. 

– თბილისი აჩვენე ლევან?

– აჰაჰაა, კარგი იყო! ნარიყალადან ხედები არ მიჩვენებია! (იცინის) სხვათა შორის, ძალიან აქტიური გოგო-ბიჭები არიან. მე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მათთან ერთად წასვლა, მაგრამ, ვიცი, რომ „ჯიდიესის“ თანამშრომლებთან ერთად ხშირად დადიან გასართობად. დადიან „უნიქში“ იოანეს „ლაივებზე” და მაგრად ერთობიან. მოკლედ, კარგი ტიპები არიან... 

 

скачать dle 11.3