ტორტი „ყველის სუფლე“
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ფქვილი, 300 მილილიტრი მდუღარე წყალი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 200 გრამი გახეხილი ყველი, 4 კვერცხი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 3 სადილის კოვზი არაჟანი, 200 გრამი ძეხვი, ან ლორი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: 300 მილილიტრი წყალი აადუღეთ 3 სადილის კოვზ ზეთთან ერთად, გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელშივე შეურიეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ. ჯერ კოვზით უნდა აურიოთ და მერე უკვე ხელით გადაზილეთ. სანამ ცომი გაცივდება, ერთმანეთში შეურიეთ კვერცხი, მდოგვი და არაჟანი. უყავით ცოტა მარილი, და პილპილი გემოვნებით. ჩაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ.
ცომი დაყავით 10-12 ნაწილად. გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ თხელი ლავაშები (სასურველია 28-სანტიმეტრიანი დიამეტრის ტაფაზე). ორივე მხრიდან უნდა გამოცხვეს.
გამოსაცხობ ტაფაზე გაშალეთ გამოსაცხობი ქაღალდი, დანარჩენი მარტივია: ჯერ დადეთ ერთი ფირფიტა და წაუსვით ყველის კრემი, მერე მეორე, მესამე და ასე ბოლომდე. ზოგიერთ ფენას შორის შეურიეთ ხან წვრილად დაჭრილი ლორი, ზოგან დაფხვნილი მოხარშული კვერცხი, თქვენ როგორც მოგწონთ. ზემოდანაც მოუსვით ყველის კრემი და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.