ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
რაფიელ ერისთავის წყალობით ერთ დროს მოდაში შემოვიდა სახალხო ლექსების წერა, მაგრამ ყოველი კაცი არ იყო ისე ბედნიერი, როგორც „სამშობლო ხევსურისას“ ავტორი. მწერლობაშიაც „მრავალნი არიან წვეულ და მცირედნი რჩეულ“. ასე იწყებოდა დასაბეჭდად გამოგზავნილი ერთი ასეთი ლექსი:
„გლეხის შრომის შვილი ვიყავ,
მიხაროდა ჩემი ბედი,
ცხოვრების მიზნად მიმაჩნდა
ხარები და კამბეჩები“.
***
ელჩი სადმე მოუვიდა მეფე ერეკლეს, რომელმაც სტუმრის საპატიოდ დიდი მეჯლისი გამართა. შუა ლხინში გამხიარულებული მეფე მიუბრუნდა სალომონ მსაჯულს და ჰკითხა: როგორ მოგწონს ნადიმიო.
– კარგია, მეფეო! გარნა ეს ნადიმი მამათქვენისაა და არა თქვენი. თქვენი შვილები ამისთანა ნადიმს როცა გამართავენ, აი თქვენი მაშინ იქნებაო, უპასუხა მსაჯულმა.
მეფე მიუხვდა, რომ ბატონიშვილებს გადაუკრა სიტყვა და ჩაფიქრდა.
***
სასტუმროში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა, ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცალა. გულ-მოსულმა ადვოკატმა იკითხა:
– არ გიკვირთ, რომ კანი არა სძვრება ამ ძეხვსაო?
– ეგ არ მიკვირსო, – მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, – ის კი გასაკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.
***
აკაკის ჰკითხეს:
– რას მივაწეროთ, რომ ესა და ეს კაცი, როცა მთვრალია კარგად ლაპარაკობს და სასიამოვნოც არის და თუ ფხიზელია, მაგისი ვერა გაგვიგია-რა?
– უთუოდ, როცა თვრება, რაც თქვენ არ მოგწონთ, იმას ჰკარგავსო.