ერევა თუ არა მაკა ჩიჩუა საქართველოს პრეზიდენტის გარდერობში და როდის იღებს ის გიორგი მარგველაშვილისგან კომპლიმენტებს
გასული კვირა მოდის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და დატვირთული იყო – ერთწლიანი შესვენების შემდეგ თბილისს მოდის კვირეული დაუბრუნდა. წელს მოდის კვირეულს, რომელიც 6 მაისს გაიხსნა, „ვარდების ბაღი” მასპინძლობდა და მასში როგორც გამოცდილი, ასევე, დამწყები დიზაინერები მონაწილეობდნენ. თბილისის ყველაზე მოდური ღონისძიება „ატელიე კიკალამ“ იმ კოლექციით გახსნა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარიზში „ტრანოის“ შოუ-რუმში იმყოფებოდა და ახალბედა ბრენდს საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა. „ატელიე კიკალას” შემდეგ კი გოლა დამიანის („დალოოდ ჯგუფი“) ჩვენება გაიმართა: ფერადი კოლექცია, გაწყობილი ქვებით, პრინტებით, ქალური, სპორტული სილუეტით. „ფეშენ-ვიქის“ გახსნის პარალელურად გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის, ირაკლი ღუღუნიშვილის ფოტოების გამოფენა – ირაკლი „თბილისის ფეშენ-ვიქს“ (და არა მხოლოდ მას) ნამდვილად აკლდა...
ასევე, სასიამოვნოდ დატვირთული იყო მეორე დღე მასტერკლასებით, პრეზენტაციებითა და ჩვენებებით. საღამო დიზაინერ მარიამ გვასალიას ჩვენებით დაიწყო, რასაც აკა ნანიტაშვილის ნაზი, ლამაზი, ნათელი, ფერადი სამოსის ჩვენება მოჰყვა – ნაქარგებით, მარგალიტებით გაწყობილი კოლექციის თემა ოპერის თეატრი იყო, აკას არაჩვეულებრივი ხელწერით. ამ დღის კულმინაცია კი დიანა ქვარიანის ჩვენება აღმოჩნდა. მისმა დებიუტმა და ჯეი.ბისთან კოლაბორაციამ ნამდვილად გაამართლა – „ლედი-დენდმა”, მკაცრმა, დახვეწილმა, მოწესრიგებულმა ქალმა, ჯეი.ბის არაჩვეულებრივი ქუდებით, რომელიც თავდაჯერებულად დააბიჯებდა კონსერვატორიის კიბეებზე, დამსწრე საზოგადოებაზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა...
მაკა ჩიჩუა: ძალიან მომწონს „თბილისის ფეშენ-ვიქი“, ბევრად უფრო დახვეწილია. დიდი ხნის წინ ყოველთვის ვესწრებოდი და ვიღებდი ჩვენებებში მონაწილეობას – შეიძლება ითქვას, ყოფილი მოდელი ვარ. ახლა ვგრძნობ, რომ ეს სფერო ყოველ წელს იზრდება, იხვეწება. ქართველი ყოველთვის იყო გემოვნებიანი ჩამცმელი – ეს უდავოა. ამიტომ, მიხარია, მოდის სამყარო, ტენდენციები რომ არ კვდება და ვითარდება. ამ პროგრესსაც ყველა აშკარად გრძნობს. ის სივრცე, სადაც მოდის კვირეული ჩატარდა, „ვარდების ბაღს” ვგულისხმობ, აბსოლუტურად ჰარმონიულია, კარგად შეეწყო მოდის კვირეულს. კონსერვატორიაში ჩატარდა ახლა ჩვენება და ესეც მომეწონა. ვფიქრობ, დიზაინერებიც გაზრდილები არიან და, რაც მთავარია, ჩემთვის ახალი, ნიჭიერი ადამიანები ჩდებიან. მაგალითად, „კიკალა სტუდიოდან“ გამოჩნდა ძალიან საინტერესო დიზაინერი, დიანა ქვარიანიც არ ვიცოდი – ესეც ახალია.
– რამეს ჩაიცვამდით ამ კოლექციებიდან?
– დიანას კოლექცია მომეწონა, კი ჩავიცვამდი. თუმცა, აკა ნანიტაშვილის კოლექციიდან უფრო ავირჩევდი – უფრო ჩემებურია, მსუბუქი, „ხულიგნური“, ანუ, ჩემი სტილია.
– ძველი მოდელი ვიყავიო, თქვით. პოდიუმზე ხომ არ მოგინდათ გამოსვლა, ან, ძველი ემოციები ხომ არ გაგახსენდათ?
– აღარ მომდომებია. გარკვეულ დონეზე კი გამახსენდა ის ემოციები, მაგრამ ამაზე აღარც მიფიქრია. თუმცა, ხომ იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
– როგორც ვიცი, ქართველი დიზაინერების სამოსი გაცვიათ.
– დიახ, ინაუგურაციაზე დათუნა სულიკაშვილმა ჩამაცვა. მგონია, რომ ძალიან დახვეწილი იყო, ზუსტად მომარგო ის, რაც მე მიხდება. მიმაჩნია, რომ პერსპექტეული დიზაინერია.
– ხშირად ერევით პრეზიდენტის გარდერობში?
– სხვათა შორის, არა. რამდენჯერმე უკითხავს, ეს ჰალსტუხი უხდება თუ არა ამ პერანგსო. ძირითადად, არ ვერევი, თვითონაც კარგი გემოვნება აქვს.
– თქვენ თუ გეუბნებათ კომპლიმენტებს?
– კი, როგორ არა. კარგი გემოვნება აქვს და ეს ყოველთვის აინტერესებს, თუმცა, განსაკუთრებულად – არა. ამაშიც ზომიერია, როგორც ყველაფერში.
– ყველა ჩვენებაზე აპირებთ დასწრებას?
– მინდა, რომ დავესწრო, ვნახოთ როგორ მოვახერხებთ. მიხარია, რომ ამ დარგის განვითარებას ვხედავ. საქართველოს ნამდვილად სჭირდება გემოვნებიანი ადამიანები ამ სფეროში.
8 მაისს თავისი პირველი სრული ჩვენება გამართა დიზაინერმა მარიამ მახარაძემ, რასაც ქეთი ჩხიკვაძის ნაზი, დახვეწილი, ქალური კოლექცია მოჰყვა. საღამოს კულმინაცია იყო მოდის სახლ „მატერიის“ დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის პირველი კოლექცია, თემით: საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მავთულხლართები, ოკუპირებული ტერიტორიები. თითოეულმა სამოსმა, აქსესუარმა და მუსიკამ მაყურებელში ერთდროულად ბევრი ემოცია აღძრა და დიზაინერის დებიუტი დიდი ოვაციებით შეაფასა. თუმცა, მოდის კვირეული ამით არ დამთავრებულა, წინ კიდევ ორი დღე – 9 და 10 მაისი გველოდა (სტატია მომზადებულია 8 მაისს, – ავტორი): ლელა ელოშვილის, Mach & Mach-ის, Salle De Mode-ის, გიორგი შაღაშვილის, დათუნა სულიკაშვილის, რამაზო რომასა და ავთანდილის შთამბეჭდავი ჩვენებებით.
თაკო ჩხეიძე (თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი): ვფიქრობ, ასეთი ღონისძიება აუცილებელია თბილისისთვის. არასწორია იმის თქმა, რომ „ფეშენ-ვიქი“ დაბრუნდა, უბრალოდ, ერთი სეზონი გაუქმდა და ახლა, ჩვეულებრივ, აღდგა. ყოველთვის ვცდილობთ, ეს ღონისძიება სხვადასხვა ადგილას ჩავატაროთ, წელს „ვარდების ბაღში“ ვატარებთ და ვფიქრობ, ძალიან გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, დიდი კომპლიმენტები მივიღეთ მოსული ხალხისგან, სტუმრებისგან, გვითხრეს, რომ ფანტასტიკური გარემოა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლოკაციით – გაზაფხულია, მაისი, ბაღია... მოკლედ, ძალიან კარგია.
– როგორც წინა სეზონებზე, ახლაც, ყოველ დღეს იმ დიზაინერის სამოსი გაცვია, ვისი ჩვენებაც ტარდება.
– ყოველდღე ქართველი დიზაინერის სამოსი მაცვია. პირველ დღეს მეცვა „ატელიე კიკალა“, მეორე დღეს – გოლა დამიანის, შემდეგ კი – დიანა ქვარიანის კოსტიუმები, ხოლო დღეს მაცვია „მატერიის“ სამოსი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის, ძალიან კარგი კოლექციები ვნახეთ. ბევრი სტუმარი გვყავს – ოცი სტუმარია უცხოეთიდან, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ჟურნალებიდან: L’officiel, Style Du Monde, Buro 24/7, Vogue Russia, Fashion Collection, NARGIS Magazine, Esquire (USA), ასევე, ბაიერები. იმართება ძალიან კარგი მასტერკლასები და კონკურსი დამწყები დიზაინერებისთვის. წინ კიდევ ორი მძიმე, დატვირთული დღე გვაქვს. 10 მაისს რიტუალების სასახლეში ჩატარდება ავთანდილის ჩვენება – საოცარ ბაღში მოხვდებით, სადაც ფარშევანგები ივლიან; მოკლედ, მნახველს ზღაპარში ეგონება თავი, ძალიან ლამაზი ჩვენება გელით წინ.
– შენი მეუღლე დავინახე გუშინ. როგორც სხვა წლებში, ახლაც შენ გვერდით არის ამ მნიშვნელოვან დღეებში.
– დიახ, გვერდში მიდგას, რადგან, ძალიან დამღლელი კვირა მაქვს.
– ეს შენს ხასიათზე აისახება ხოლმე?
– ახლა ისე ვარ, არავისთან არ მინდა კონტაქტი. მერე რაღაც პერიოდი მჭირდება იმისთვის, რომ დავისვენო. რა თქმა უნდა, მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. რომ დამთავრდება, მალევე დავიწყებთ შემდეგი სეზონისთვის მზადებას, რომლის ჩატარებასაც ზაფხულში ვგეგმავთ.
თიკა ალავიძე: პირველად წელს მომიწია ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ზაზას გუნდი „ფლეი-ოფებში“ ვერ მოხვდა. მიხარია, რომ ვესწრები „თბილისის მოდის კვირეულს“, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, ძალიან ლამაზი კოლექცია აჩვენეს. გუშინაც ვიყავი და გუშინაც მომეწონა, მიხარია, რომ ასეთი წარმატებული დიზაინერები გვყავს. ვფიქრობ, ნებისმიერ დიზაინერს აქვს იმის შანსი, რომ უფრო მასებმა გაიცნონ და უპირველეს ყოვლისა, მსოფლიომ.
– ამერიკაში თუ ახერხებ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე წასვლას?
– ზაზას განრიგიდან გამომდინარე იშვიათად ვახერხებ. ხშირად გვიგზავნიან მოსაწვევებს, მაგრამ იმ პერიოდში ზაზას აქვს ხოლმე თამაშები და ვერ მივდივართ.
– თუ იცვამ ქართველი დიზაინერების სამოსს?
– სხვათა შორის, ახლა მაცვია „ლალოს“ ტანსაცმელი, რომელიც ჩემი მეგობარია და მისი შექმნილი კოსტიუმები ძალიან მომწონს. აკეთებს ძალიან ლამაზ ჟაკეტებს, რაც ძალიან მაწყობს, რადგან, ჩრდილოეთში ვცხოვრობ და ჩემთვის მათი ტარება ყველაზე აქტუალურია.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები. როგორ ახერხებ, იყო კარგი მეუღლე, სამი შვილის დედა და, თან, ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში?
– აქტიურად ვვარჯიშობ – სპორტი, კრივი... პირადი მწვრთნელი მყავს. თბილისშიც განვაგრძე ვარჯიში, არ ვჩერდები. რადგან, ერთხელ რომ დაიწყებ ვარჯიშს, მერე ვეღარ გაჩერდები. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ვარ დედა და მეუღლე, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი.
ლელა მებურიშვილი: ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ტარდება „თბილისი ფეშენ-ვიქი“ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა იმართებოდეს ხოლმე. რაც უფრო ხშირად მოეწყობა ასეთი ღონისძიება, მით უფრო კარგი და სასიამოვნო იქნება ყველასთვის. მეც სულ ვცდილობ, დავესწრო ხოლმე „ფეშენ-ვიქს“, თან, მაინტერესებს, რადგან, ბევრი ჩემი მეგობარი დიზაინერი იღებს მონაწილეობას. მე ხშირად ვიცვამ ქართველი დიზაინერების სამოსს, რადგან მომწონს. წელსაც არ დავუშვი გამონაკლისი და მოვედი მათი ჩვენებების სანახავად.
– ორსულობამ შენი გარდერობი შეცვალა.
– კი, ნელ-ნელა დამჭირდა ცვილებების შეტანა.
– ალბათ, ერიდები ხმაურიან ადგილებში სიარულს.
– მთავარია, სიგარეტის ბუღი არ იყოს. 15 წუთი ხმაური არაფერია, უსიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ მაქვს.
– რაც ორსულად ხარ, ხასიათი ხომ არ შეგეცვალა, მეუღლეს უჩვეულო მოთხოვნებით ხომ არ აწუხებ?
– არა, სიგარეტის სუნი ისედაც არ მსიამოვნებდა და ახლაც არ მსიამოვნებს. პრეტენზიული არ გავმხდარვარ, ჯერჯერობით არაფერი მინდება და არავის ვაწუხებ, მათ შორის, არც ჩემს ქმარს. ყველაფერი კარგად მიდის. ბავშვს ივლისში ველოდებით.