რატომ შენატროდა ვლადიმირ პუტინი ქართველ ძიუდოისტებს და რა თქვა მან ვარლამ ლიპარტელიანზე
სულ ახლახან საფრანგეთიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ ქართველი ძიუდოსტები. ჩამოიტანეს 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და ჩემპიონები გახდნენ გუნდურ შეჯიბრებაში. მათ კიდევ ერთხელ გაამართლეს ქართველი გულშემატკივრების იმედები და კიდევ ერთხელ გაუცრუეს „ნადეჟდა” რუს ძიუდოსტებსა და მათ ფავორიტს, ვლადიმირ პუტინს. გამაჯვებულებს შორის ერთ-ერთი ოქროსმედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი გახლავთ. ჩვენ მას ოჯახში ვეწვიეთ და მის მეუღლესთან, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილთან, გიული ჭკუასელთან ერთად ვესაუბრეთ.
– ვარლამ, უპირველესად, გილოცავთ, თქვენ და სრულიად საქართველოს, ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვარლამი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენს ქვეყანას ასახელებ უპირველესად და მერე შენი ოჯახი და მთელი სანათესაო ხარობს. ასევე, მინდა, ყველა გულშემატკივარს მივულოცო.
– ეს გამარჯვება, მეუღლეს მიუძღვნაო, გავიგე?
– ისევე, როგორც ყველა დანარჩენი (იცინის). ის ყოველთვის ხელს მიწყობს.
– რასაც ვერ ვიტყვით პატარა დემეტრეზე.
– პატარა კაცია... ყველაფერი ეპატიება (იცინის).
გიული: დემეტრე, შეჯიბრების წინა პერიოდში, როდესაც რეჟიმი აქვს ლიპოს დასაცავი, ძილს არ აცლის. ცოტათი მართლა უშლის ხელს, მაგრამ მაინც ვუმკლავდებით. იმიტომ რომ, ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამაა. ასეთ დღეებში ვთავაზობ, მე და დემეტრე სხვა ოთახში დავიძინებთ-მეთქი, მაგრამ ლიპო უარს ამბობს. თქვენ ხელს როგორ შემიშლითო?!
– დემეტრეს ვინ შეურჩია სახელი?
ვარლამი: მე ბაბუას სახელი მქვია, გიულის – ბებიის და გადავწყვიტეთ, შვილისთვის არავის სახელი არ დაგვერქმია. დემეტრე მოგვწონდა ორივეს და დავარქვით კიდეც.
– გიული, ლიპოო, წეღან ასე მიმართე ვარლამს, თუ მომესმა?
გიული: არ მოგესმათ (იცინის). მეც ისე ვეძახი, როგორც მეგობრები. ასე მივეჩვიე, ვარლამი არასდროს დამიძახია მისთვის.
– როგორც შევიტყვე, თქვენი ნაცნობობა ბავშვობიდან მოდის.
ვარლამი: მე და გიული ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვწავლობდით მეხუთე კლასიდან. მე მაშინვე მომეწონა, მაგრამ არ გამიმხელია, „ვმეგობრობდი”.
გიული: სვანებს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მე, დედა სვანი მყავდა და სულ მახსოვს მისგან, ვინმეს ღირსებებზე რომ საუბრობდა და აქებდა, დააყოლებდა ხოლმე – „თან სვანია”. ჰოდა, ლიპო რომ ჩვენს კლასში გადმოვიდა და გავიგე, „თან სვანი” იყო, მივედი და გავეცანი: მეც ნახევრად სვანი ვარ-მეთქი. მე ის ზემო სვანი მეგონა, მაგრამ თურმე ერთ რაიონში გვქონია სოფელი და აღმოჩნდა, რომ იქაც ახლო-ახლო ვცხოვრობდით ერთმანეთთან.
– გამოდის, რომ სწავლის პერიოდშიც დიდ დროს ატარებდით ერთად და არდადეგების დროსაც.
– დიახ, როგორ მახსოვს, სვანეთში „დამკის” ჩემპიონატებს ვაწყობდით ხოლმე. მე და ლიპო სულ ფინალში გავდიოდით და საბოლოოდ, მაინც მე რომ ვიმარჯვებდი, ძალიან მიხაროდა. ახლახან გამომიტყდა, ლიპო, რომ თურმე ძალით აგებდა.
– ვარლამ, სიყვარულში როდის გამოუტყდი?
ვარლამი: მერვე კლასიდან. მე იმ დროიდან სპეცსკოლაში გადავედი და ტელეფონით სულ ვეხმიანებოდი. გიული მელაპარაკებოდა, მაგრამ შეხვედრას თავს ყოველთვის არიდებდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს. მერე, პირველად რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, დამირეკა და მომილოცა.
გიული: გულწრფელად გეტყვით, მეგონა, უკვე დავიწყებული ექნებოდა ეს გრძნობა, რადგაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ შევცდი.
ვარლამი: მერე დადგა ის პერიოდიც, როცა გიულიც გამომიტყდა სიყვარულში.
– ქორწინება როგორ მოხდა – ხელი სთხოვეთ გიულის მშობლებს, თუ გაიპარეთ?
– მე ევროპის ჩემპიონატზე მივდიოდი ჩელიაბინსკში და გიულის გამოვუცხადე, თუ არ გამომყვები, საერთოდ აღარც მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. ორივემ ვიცოდით, რომ გიულის მამა თანახმა არ იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა გაოფიციალურებულიყო. მოვილაპარაკეთ და მე მამამისს შევხვდი. ვუთხარი: თქვენი გოგო მიყვარს და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სტიმული იქნება ჩემთვის გიულის იქ ყოფნა, გთხოვთ, გამოუშვათ-მეთქი.
– რაო მერე, გამოგაყოლათ?
– ჯემალი ბაბუ დაგვეხმარა, სიტყვა შეგვაწია და მართლაც გამოუშვეს გიული, ოღონდ იმ პირობით, რომ უკან ოქროს მედლით უნდა ჩამოვსულიყავი. მოხდა ისე, რომ 2 ოქროს მედლით ჩამოვედი – ერთი გუნდურში ავიღე და ერთიც პირადულში. ეს იყო ჩემი პირველი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე.
გიული: რომ ჩამოვედით, აეროპორტში ჩვენები, ყველანი დაგვხვდნენ და ლიპოს დედამ მითხრა: სად იყავი აქამდე, რამდენი ოქრო დაგვაკარგვინეო (იცინის). იქამდე ლიპოს ორჯერ ჰქონდა ვერცხლის მედალი აღებული.
– ო, რა სანახაობრივი იქნებოდა თქვენი ქორწილი, წარმომიდგენია.
ვარლამი: ამის ორგანიზება გიულიმ ითავა. მე საგანგებოდ, ცეკვაც შემასწავლეს. თან, მოყვარულის დონეზე კი არა – თავის გასმებით.
გიული: ცეკვაც დავდგით – „ყარაჩოღელი”, რომელსაც ერთი გოგო, ანუ მე და დანარჩენი ბიჭები ასრულებენ. ბიჭების პარტია ლიპოს მეგობარ ძიუდოიტებს შევასრულებინეთ. ამან ისეთი რეაქცია გამოიწვია და ისე მაგრად შეასრულეს, მეტი რომ არ შეიძლება. თან, ჩოხები ისე უხდებოდათ.
– გააცვლევინე ხომ კიმონოები ჩოხაზე?
– კი.
– ახლა, რაც შეეხება, ვარლამის ბოლო გამარჯვებას, ყველაფერი მიამბეთ მის შესახებ.
ვარლამი: შეჯიბრება ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში. 50 ქვეყნამდე მონაწილეობდა მასში.
– ამ ორმოცდაათიდან რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ხედავდით უფრო კონკურენტს?
– ფრანგებსა და რუსებს შორის. ფრანგებს ძლიერი გუნდი ჰყავთ. თან, დარბაზში უამრავი გულშემატკივარი ჰყავდათ და მსაჯებსაც, რა თქმა უნდა, მათ მიმართ გარკვეული სიმპათია ჰქონდათ. რუსეთის გუნდს რაც შეეხება, ის რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტია. ყველას მოეხსენება, როგორ ყურადღებას აქცევს და გულშემატკივრობს პუტინი ძიუდოს და რუს ძიუდოიტებს. ახლაც გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდნენ.
გიული: სოჭის ოლიმპიადის დროს პუტინმა თქვა, რომ ქართველებს ძლიერი სპორტსმენები ჰყავთ, განსაკუთრებით ძიუდოისტებიო. ვფიქრობ, პატარა საქმე არ არის, ასე დაამახსოვრო თავი ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს. მეტსაც გეტყვით, პირადად ლიპარტელიანზე აქვს ნათქვამი, კარგი იქნებოდა, ეს ბიჭი ჩემს გუნდში მყავდესო.
– ეს საიდან შეიტყვეთ?
– ბუნებრივია, როდესაც პრეზიდენტი ესწრება თავისი გუნდის შეჯიბრებას, გამარჯვების იმედიც აქვს. 2008 წელს პუტინი საგანგებოდ მისი ფავორიტი სპორტსმენის საგულშემატკივროდ იყო მოსკოვის „გრანდ სლემზე” მისული. ლიპომ ის ძიუდოისტი დაამარცხა, თან მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდებში ასპარეზობდა და უკვე დიდების ტურნირებს იგებდა. პუტინის გარშემო ხომ სხედან დარბაზში ძიუდოს ფედერაციის მესვეურნი, სწორედ მათგანაც გამოვიდა ეს ამბავი. შემდეგ რუსეთის რამდენიმე არხმა ეს ციტატა თავის გადაცემაშიც მოიყვანა.
– ასწავლეთ ხომ, პუტინს საკუთარი სახელი და გვარი... ამჯერად რომელი შერკინება გელით წინ?
ვარლამი: წინ მრავალი შეჯიბრება გვაქვს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც რუსეთში გაიმართება აგვისტოში. ძიუდოს ფედერაცია და მწვრთნელთა საბჭო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატს. დაგეგმილია მრავალი შეკრება საზღვრებს გარეთაც და საქართველოშიც. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირადი შედეგები გავაუმჯობესოთ და გუნდურში მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული შევინარჩუნოთ.
– ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება გელით.