ვინ ახერხებს იდეალურად ნინო ძოწენიძის ტრანსფორმირებას და რატომ არ ესწრება პროექტის – „ერთი ერთში“ – კონცერტებს მისი მეუღლე
პროექტის – „ერთი ერთში“ დაწყების დღიდან, ნინო ძოწენიძეს ყველაზე განსხვავებული, ძლიერი და ინდივიდუალური ქალების განსახიერება უწევს. გზა შაკირადან ლაიზა მინელიმდე რთული და საინტერესო იყო. თუ როგორი იქნება ნინოს მიერ შესრულებელი კინოსა და მუსიკის ლეგენდა – ლაიზა მინელი, ამას ოთხშაბათს ვნახავთ. მისი ხმის უკიდეგანო შესაძლებლობები ბევრის საშუალებას აძლევს და, ალბათ, ამიტომ, სცენაზე ის, პირველ ყოვლისა, მღერის. ნინო ჟიურის წევრების შეფასებებით ცოტა გულდაწყვეტილია, რის შესახებაც ქვემოთ თავად ისაუბრებს.
ნინო ძოწენიძე: ალბათ, ნამდვილად მიმართლებს ამ შოუში, რადგან არაჩვეულებრივი ქალები მხვდებიან. პრინციპში, ყველათი კმაყოფილი ვარ.
– დაახლოებით ასეთივე სურვილები გქონდა დასაწყისში, თუ, გინდოდა რადიკალური ცვლილებები – ვთქვათ, გარდასახულიყავი მამაკაცად?
– რადიკალური ცვლილებები უკვე იყო, რადგან, შაკირა ჩემი ვოკალისგან აბსოლუტურად განსხვავებული შემსრულებელია; იგივეა ბიონსე, ალეგროვა და სხვები. შევეცადე, ოთხივე განმესახიარებინა და ვყოფილიყავი ერთი ერთში როგორც შესრულების მანერითა და ხმით, ისე ვიზუალურად. თან, ეს ხდება ნიღბებისა და დამატებითი რაღაცეების გარეშე, პირდაპირ ჩემს სახეზე. ჩემი სახის ტრანსფორმირებას ახერხებენ და ამისთვის გრიმიორებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. არაფერს იშურებენ ჩვენთვის. ნიღბით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, მაგრამ, მათთან ერთად შევძელი, რომ ერთდროულად შაკირასაც დავმსგავსებოდი, ბიონსესაც, ალეგროვასაც და ჰიუსტონსაც, მათ კი საერთოდ არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო.
– ამოდის ვარსკვლავი და, პირველად რას აკეთებთ, რა არის ის, რაც თქვენი მომზადების შესახებ ნაჩვენებ სიუჟეტებში არ ჩანს?
– მთავარი არ ჩანს – ამა თუ იმ ადამიანის ტყავში შეძრომა, იმად გადაქცევა, მიმიკების მოშლა, ისე ფიქრი, როგორც ის ფიქრობს, ინსტინქტების დონეზეც კი. ასეთი რთული პროექტი საქართველოში არ ყოფილა. ყველაზე მეტად გამიჭირდა უიტნი ჰიუსტონი. საშინლად გაციებული ვიყავი, ყელი ფორმაში არ მქონდა და ამის შესახებ იქ კარგად იცოდნენ. დღეს რომ გადავხედე ნამღერს, მართლა არ მიმღერია ცუდად. იყო იქ რაღაც შეცდომები, რაც ნამდვილად არ მეპატიება და ჩემს თავს არ ვაპატიებ, მაგრამ, ისეთიც არაფერი იყო, რის გამოც შეიძლება ვინმემ თქვას, გაციება დაეტყოო. ურთულესია ამ სიმღერის შესრულება. თან, უკვე მეორედ, პირველს მომიწია ამ პროექტში გამოსვლა – თავიდან შაკირათი გავხსენი. პირველი გაცილებით სანერვიულოა, ვიდრე მეორე, მეხუთე თუ ბოლო გამოსვლა. რაც შეეხება იმას, თუ პირველად რას ვაკეთებ: მოვდივარ სახლში, ვრთავ მუსიკას და ყურში „მყავს” ეს ადამიანი. ვუყურებ მის ძალიან ბევრ გამოსვლას. ყველაზე რთული მიმიკებთან ბრძოლაა. ალეგროვაში ეს უფრო კარგად შევძელი, რადგან, ის უნდა მეთამაშა. იქ არაფერი იყო ისეთი სამღერი, რაზეც შეიძლებოდა აქცენტის გაკეთება და ნერვიულობა. კიდევ ერთხელ უნდა შევეხო უიტნის: რა თქმა უნდა, აუცილებელია, ერთნაირად იფიქრო მიმიკაზეც, ჟესტებზეც, შესრულებაზეც. ამ შემთხვევაში უფრო შესრულებაზე ვფიქრობდი. ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ ხმა არ ჩამვარდნოდა. აბსოლუტურად ორიგინალურ ტონალობაში ვიმღერე, რაშიც თვითონ უიტნიც არ მღეროდა ლაივში. კლიპში რაც იყო ის გაკეთდა, ძალიან მოვინდომე. არა, ხმამ პატივი მცა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, არ იყო ისეთი ჯანსაღი ბგერა, რაც შეატყო ჩემმა მეუღლემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
– შემდეგი ლაიზა მინელია, ხომ?
– დიახ, კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული ვარსკვლავი. აქ უკვე, ალბათ, ნიღბით დამჭირდება რაღაცეების გაკეთება, რადგან, ძალიან რთულია ჩემი სახიდან მინელი მივიღოთ. ვოკალურადაც სხვაა, ბევრად უფრო გახსნილი ბგერა აქვს. ძალიან საინტერესო ქალია და, მინდა, გამოვიდე კარგი ლაიზა მინელი.
– პედაგოგებზე რას იტყვი? მსოფლიო დონის პედაგოგებთან მუშაობთ, რაც დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი მომღერლისთვის. მესმის, რომ შენ სხვა სიტუაცია გაქვს – პირიქით, თქვენ ასწავლით ბავშვებს...
– ჩემი მეუღლე საერთოდ არ ერევა ამ პროექტში ჩემს მომზადებაში. მხოლოდ პედაგოგებშიც არ არის საქმე, ამ პროექტში თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. კი ისინი გირჩევენ, გეუბნებიან, მაგრამ, მერე რჩები მარტო და ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. უნდა აღვნიშნო შოუ, რომელიც, ასევე, მთავარი დეტალია ამ პროექტში და თავდაუზოგავად შრომობენ ახალგაზრდები, რომ მაგარი შოუ გამოვიდეს, ერთიანობაში კი ეს ქმნის ნომრის საბოლოო სახეს. მაინც ვფიქრობ, რომ ჟიურის მხრიდან ამ პროექტში შოუ უფრო ფასდება. მგონია, რომ ზაკი, ქორეოგრაფი, აფასებს შოუს – არა იმას, როგორ იმღერა, არამედ, როგორ იცეკვეს მისმა მოცეკვავეებმა. შეიძლება, არასწორად ვამბობ, მაგრამ, ეს ჩემი აზრია. არასდროს მიმიღია ზაკისგან და სისისგან მაღალი ქულა. შეიძლება, იმის ბრალიცაა, რომ, საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ალეგროვა. შეიძლება, ესეც შოუს ნაწილია და მერე და მერე ამიწევენ ქულებს. ყოველდღიურად ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– შენი მეუღლე ჩართულია პროცესში?
– ყოველთვის ვერ ახერხებს მოსვლას. ახლა გადაღებები და ძალიან ბევრი საქმე აქვს და მოგვიანებით, გადახვევით უყურებს ხოლმე შოუს. ცოტა ეცინება ხოლმე. ის პროდიუსერია და ძალიან კარგად იცის, როგორ ლაგდება ეს რაღაცეები და, მეუბნება, ყველაფერზე ნერვებს ნუ იშლიო. ძალიან ემოციური ვარ და ზოგჯერ რაღაცეებზე ვბრაზდები, ის კი სულ მიმეორებს: ეს არის შოუ და, აქ შენი მოვალეობა ისაა, რომ საკუთარი თავი აჩვენოო.
– ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული, რაზე ბრაზდები?
– სიმართლე გითხრათ, ვბრაზდები ცოტა არაობიექტურ ქულებზე. ვბრაზდები, ოღონდ არ ვიმჩნევ. თან, ჯერ მეოთხე ტურია, წინ კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი და, იმედი მაქვს, ისეთი ვიღაცა შემხვდება ლოტოტრონზე, რომ გარდავისახო, გავაკეთო შოუ და არ ვიყო მომღერალი. შევეცდები, რომ ვიყო ყრუ, მაგრამ გავაკეთო შოუ...
– მგონი, ეგ არ გამოგივა.
– (იცინის) არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ, რადგან ასეთი პროექტია, რადგან, უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია შოუს გაკეთება, მეც უფრო ამ მიმართულებით ვიმუშავებ. ჟიურის წევრებს თავიანთი აზრი აქვთ და თავიანთი შეხედულებისამებრ წყვეტენ, ვის რა ქულა დაუწერონ. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ რაღაცით უკმაყოფილო ვარ, მათ ბევრჯერ აღნიშნეს, კარგი ხმა გაქვსო, მაგრამ, უიტნი იყო ერთი და, როდესაც ასეთ რთულ სიმღერას იმღერებ, რაღაცნაირად, თუნდაც კოლეგიალურად, უფრო სხვანაირი შეფასება შეიძლებოდა. თუმცა, ამაზეც წუთიერად ვბრაზდები და მერე განვაგრძობ მუშაობას. მოკლედ, რაღაცეებზე დამწყდა გული.
– ვინ არის ის, ვინც შენს გამოსვლებზე ყველაზე მეტად ნერვიულობს?
– ჩემი შვილი, რომელიც სულ დადის ლაივებზე და ისე ნერვიულობს, რომ ჩემი თავი აღარ მახსოვს და მას ვაწყნარებ ხოლმე. სანდრო ვერ ეგუება დაბალ ქულებს. გაბრაზდა, თან ჩხუბობდა, რატომ დაგიწერეს ასეთი დაბალი ქულა, ძალიან მაგრად იმღერეო – ასჯერ აქვს მოსმენილი უიტნის ეს სიმღერა. მეც ვაწყნარებ და ვეუბნები: დამშვიდდი, დედიკო, ის პედაგოგია, ჩემგან მეტს ითხოვს-მეთქი. 10 წლისაა და საშინლად ემოციურია. მე მაჯობა ემოციურობაში და სულ მას ვაწყნარებ.