ქურდული ცხოვრება
ლენინგრადში სამი კვირა გავჩერდით და ისეთი საუცხოო დრო ვატარეთ, ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. თავდაპირველად, ეგრეთ წოდებულ „ტალკუჩკაზე“ წავედით, სადაც ბარიგები იკრიბებოდნენ და ორ-ორი ხელი ტანისამოსი შევიძინეთ, კოხტად გამოვეწყვეთ და საუკეთესო რესტორნები და ერთმანეთზე უკეთესი ტანწერწეტა რუსი გოგონები არ დაგვიკლია. მე და სევა ერთმანეთს პულკოვოს აეროპორტში დავშორდით. ის სოჭში მიფრინავდა, მე – თბილისში და გამომშვიდობებისას მითხრა:
– აი, ჩასხდომა გამოაცხადეს. ნახვამდის, კობრა, შეხვედრამდე.
– ნახვამდის სევა, აბა, შენ იცი, – მივუგე ძმაკაცს და გადავეხვიე.
ერთი საათის შემდეგ ჩემი თვითმფრინავიც აფრინდა, სამ საათში უკვე თბილისში ვიყავი და კერძო ტაქსით მთაწმინდაზე მივდიოდი.
– ლენინგრადიდან ჩამოფრინდი, ძმაკაც? – მითხრა შუა ხნის ულვაშა ტაქსისტმა და „პობედა“ ადგილიდან დაძრა.
– დიახ, – მოკლედ ვუპასუხე ტაქსისტს.
– საგულაოდ იყავი, ჯიგარ?
– ვსწავლობ.
– რა სპეციალობაზე, ბრატ?
– იურიდიულზე.
– საღოლ, ძმაკაც, საღოლ. ადვოკატი უნდა გამოხვიდე თუ მოსამართლე? – არ მეშვებოდა აბეზარი ტაქსისტი, რომელსაც მივუგე:
– პროკურორი ან გამომძიებელი.
გვერდით „ჟიგულიმ“ ჩაგვიქროლა. მძღოლმა ხელი გადმოყო და ტაქსისტს ანიშნა, გაჩერდიო.
– მგონი, შენი კოლეგები არიან. უგროზისკია, – მითხრა მძღოლმა და მანქანა ტრასის ნაპირზე გააჩერა. „ჟიგულიდან“ მილიციის სამმართველოს ოთხი „ოპერი” გადმოვიდა, რომლებსაც სახეზე ვიცნობდი, „პობედასთან“ მოცვივდნენ, კარები გააღეს და ერთ-ერთმა მათგანმა გვიბრძანა:
– ჩქარა, მანქანიდან გადმოდით!
– რა ხდება, უფროსო, ხომ არაფერი დაგვიშავებია? თქვენი კოლეგა მიმყავს სახლში, – უთხრა ტაქსისტმა ოპერს და ჩემზე მიანიშნა.
– ვინ ჩვენმი კოლეგა? – ჩაეცინა „ოპერს”.
– აი, ეს ახალგაზრდა კაცი, – თქვა ტაქსისტმა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
– კობრა, ძაღლობაში დაიწყე მუშაობა? – ირონიულად მკითხა ოპერმა, – ჩანთაში რა გაქვს?
ჩემი წილი ნაქურდალი ნივთებით სავსე პატარა ჩანთა აეროპორტის შემნახველ საკანში მქონდა ჩაკეტილი. თბილისში რომ ჩამოვფრინდი, გულმა მიკარნახა, ასე მოვქცეულიყავი და არც შევმცდარვარ. სპორტულ ჩანთაში კი „ტალკუჩკაზე“ შეძენილი ტანსაცმელი და დედ-მამისთვის ნაყიდი საჩუქრები მელაგა. ამიტომ, ოპერს მშვიდად ვუთხარი:
– შმოტკები და სუვენირები.
– აბა, ერთი შენი ჩანთიანად გადმოდი მანქანიდან, – მითხრა ოპერმა და რომ გადავედი, დაამატა: – ჩანთა მომეცი.
– აი, ნახე, მაგრამ, გაფრთხილებ, არაფერი ჩამიგდო, – ვუთხარი ოპერს და ჩანთა მივაწოდე.
ოპერმა გულდასმით გაჩხრიკა ჩანთა და უკან რომ დამიბრუნა, მითხრა:
– ლენინგრადში ვერაფერი იჩალიჩე თუ ნაჩალიჩარი უკვე გაასუხარე?
– რა ნაჩალიჩარი, რის ნაჩალიჩარი, – მხრები ავიჩეჩე მე, – ლენინგრადში ექსკურსიაზე ვიყავი ქალაქის დასთვალიერებლად.
– ექსკურსიაზე თუ გასტროლებზე? – ჩაეცინა ოპერს.
– რომელი მსახიობი ან მომღერალი მე ვარ, რომ გასტროლებზე ვიარო?
– ქურდულ გასტროლებზე, კობრა... ქურდი ხომ ხარ? მამა გიცხონდა, ჯერ არაფერი მოგიპარავს და არაფერი დაგიშავებია.
– რაც დავაშავე, იმის გამო სროკიც მოვიხადე. ეგ სიტყვები კი ცილისწამებაა და მეტი არაფერი.
– ერთი ამას უყურე, ცილისწამებაო, – თქვა ოპერმა, კოლეგებს გადახედა, შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა და დაამატა: – ახლა სამმართველოში წაგიყვანთ და იქ გაჩვენებთ, რა არის ცილისწამება. აბა ერთი ჩვენს მანქანაში ჩაჯექი.
– მე კი ჩავჯდები და წამოვალ, მაგრამ, არა მგონია, თქვენი საქციელი ძია ბესოს მოეწონოს.
– ეგ ვიღა ოხერია? – გაეცინა ოპერს.
– ვისზე მეკითხები? – ვკითხე ოპერს.
– ვიღაც ძია ბესოზე, – დააზუსტა ოპერმა.
– ვინაა და პოლკოვნიკი ბესარიონ აბრალავა. ქალაქ თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი, – განვუმარტე ოპერს, რომელსაც სახეზე მწვანე ფერმა გადაჰკრა, მაგრამ, შეეცადა, არ შეემჩნია და მითხრა:
– ამხანაგი პოლკოვნიკი რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ, არა მგონია, თქვენი უკანონო საქციელი მოეწონოს.
– შენი ახლობელია?
– ეგ სამმართველოში გავარკვიოთ. წავედით, – მივუგე „ოპერს” და „ჟიგულისკენ“ გავემართე, მან კი ხელით შემაჩერა და მითხრა:
– არა, ძმაო, რა საჭიროა. სუფთა ხარ და შენი გზით იარე. ჩვენ კი წავედით.
ოპერები „ჟიგულიში“ ჩასხდნენ, კარები მიიხურეს და მანქანა ადგილიდან მოწყვიტეს. მე კი „პობედაში“ დავბრუნდი და მძღოლს ვუთხარი:
– წავედით!
ტაქსისტი, რომელიც მანამდე უხმოდ ადევნებდა თვალყურს ჩემსა და ოპერებს შორის დიალოგს, უცებ მოეგო გონს, საჭეს მიუჯდა, მანქანა ადგილიდან დაძრა და მითხრა:
– ჩვენიანი ყოფილხარ, ძმაო. საღოლ, „ძაღლები” რა მაგრად მოიშორე! „ძაღლების” დედაც... ლენინგრადში საჩალიჩოდ იყავი?
– ექსკურსიაზე, – მოკლედ მოვუჭერი ტაქსისტს, რომელსაც დანარჩენი მგზავრობის განმავლობაში ხმა არ ამოუღია და ფული რომ მივეცი, მხოლოდ მადლობა გადამიხადა.
სახლში არავინ დამხვდა, რადგან ჩემები სამსახურში იყვნენ. მე ტანსაცმელი გამოვიცვალე, უბრალოდ ჩავიცვი და აეროპორში ტაქსით წავედი. შემნახველი საკნიდან ნაქურდალი ნივთებით სავსე ჩანთა გამოვიღე და უკან ავტობუსით დავბრუნდი, რათა ისევ „ოპერებს” არ გავეჩერებინე გზაში. მიუხედავად ამისა, ინციდენტს ისევ ვერ ავცდი: ორიოდე კილომეტრი რომ გავიარეთ, ჩვენი „იკარუსი“ გაჩერდა, ავტობუსში ავტომატით შეიარაღებული რიგითი ჯარისკაცი ამოვიდა და გვიბრძანა:
– ყველანი ქვემოთ ჩამოდით და ერთ მწკრივში მოეწყვეთ!
„წუხელ ციხიდან პატიმრები გაიქცნენ და, ალბათ, იმათ ეძებენ“, – მომესმა ზურგსუკან მამაკაცის სიტყვები, რომელიც თავის მეზობელს ელაპარაკებოდა.
„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ნაქურდალი ნივთებით სავსე ჩანთა იღლიაში ამოვიდე, ავტობუსიდან ჩავედი და მწკრივში ჩავდექი, უცებ ვიღაცამ ყელზე მომხვია ხელი, ხერხემალზე იარაღი მომადო და შეიარაღებულ სამხედროებს უღრიალა:
– გამატარეთ, თორემ, ამ ბიჭს მოვკლავ!
სამხედროებმა ავტომატი მოგვიშვირეს. შინაგანი ჯარის ოფიცერმა კი ისინი გააჩერა და ჩემს ზურგს ამოფარებულ მამაკაცს დაუძახა:
– დამშვიდდი! მძევალი არ მოკლა, არ გესვრით!
– გამატარეთ, თორემ, კეფას გავუხვრეტ! – იღრიალა მამაკაცმა და იარაღი კეფაზე მომაჭირა, თან დაამატა, – მილიციის მანქანით წავალ და ხელი არ შემიშალოთ!
– კარგი, წადი, – გამოსძახა ოფიცერმა მამაკაცს და ჯარისკაცს უბრძანა:
– იარაღები დაუშვით და გაატარეთ!
ჯარისკაცებმა ოფიცრის ბრძანება შეასრულეს. ჩვენ მილიციის „ჟიგულისთან“ მივედით და მამაკაცმა მითხრა:
– საჭესთან დაჯექი და წადი!
მე საჭეს მივუჯექი, მამაკაცი უკან ჩაჯდა, იარაღი სკამის ზურგს მიადო და მითხრა:
– რამე არ მიჰქარო, თორემ, დაგბრიდავ.
მე მანქანა ადგილიდან დავძარი და ქალაქისკენ წავიყვანე, ჩანთა კი ფეხებს შუა ჩავიდე, თან მარცხენა სარკეში ჩავიხედე, რომელშიც სამხედროებისა და მილიციელების მდევარი მანქანები მოჩანდნენ.
– სად მიგიყვანო? – ვკითხე მამაკაცს, მან კი კბილებში გამოცრა:
– დამცინი?
მე, რა თქმა უნდა, ირონიული კითხვა დავუსვი ციხიდან გაქცეულს, მაგრამ მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი:
– საიდან მოიტანე, რომ დაგცინი?
– აბა, რა ტაქსისტივით მეკითხები?
– ჰო, მაგრამ, სადღაც ხომ უნდა ჩამოხვიდე?
– აბა, მე რა ვიცი, სად უნდა ჩამოვიდე! მთავარია, ამ ბოზებს გავექცე! – ღრიალებდა მამაკაცი, თან პისტოლეტიან ხელს აქეთ-იქით ძალიან ნერვიულად იქნევდა.
– ძმაო, ეგ სათამაშო არ გაგივარდეს, თორემ თუ მომარტყი, „ძაღლები” ან აგვაგდებენ, ან დაგბრიდავენ. ამიტომ, დამშვიდდი, პუშკა შეინახე და მომენდე.
– სათამაშოს გაჩვენებ, კეფას რომ გაგიხვრეტ! – აყვირდა მამაკაცი და იარაღი კეფაზე მომადო.
მე სვლა შევანელე და მამაკაცს ვუთხარი:
– იარაღი შეინახე და მოკეტე! ახლა „ძაღლებს” მოვუტყდებით...
მანქანა ადგილიდან მოვწყვიტე, მდევრებს მოვწყდი და მანევრირება დავიწყე. მივქროდი, თან თვალწინ სევა მედგა, რომელიც სოჭის ტრასაზე და ქუჩებში დიდი ოსტატობით გაექცა მილიციას. უკვე საკმაოდ ბნელოდა და გიჟური რბოლა ლამპიონებით განათებულ თბილისის ქუჩებში მიწევდა. მდევარს ჯერ კიდევ ავლაბარში დავუსხლტი ხელიდან. „ჟიგული” ერთ-ერთ ჩიხში მივატოვეთ და მამაკაცს ვუთხარი:
– ახლა შენ შენი გზით წადი, მე კი ჩემი გზით წავალ.
– მადლობა, ძმაო, რომ გამომიყვანე და ბოდიშს გიხდი, – მითხრა მამაკაცმა და მკითხა, – ისეთი რა გიდევს მაგ ჩანთაში, რომ მთელი გზა ხელიდან არ გაგიშვია?
– მოპარული ძვირფასეულობა, – მივუგე მამაკაცს, მას კი გაეცინა და მითხრა:
– შაყირობ?
– აი, ნახე, – ვუთხარი მას, ჩანთა გავხსენი და ძვირფასეულობა დავანახვე.
– წავედი, – მითხრა მამაკაცმა და შეტრიალდა, მე კი ათმანეთიანების დასტა ამოვიღე, დავუძახე და გავუწოდე.
– აი, გამომართვი, აქ ათასი მანეთია და გამოგადგება!
მამაკაცს ფული გადავუგდე, შემდეგ შევტრიალდი და ჩემი გზით წავედი. სახლში შუაღამეზე მივედი, მაგრამ პირდაპირ არ შევსულვარ. მოპარული ნივთებით სავსე ჩანთა სკვერში, ბუჩქებში დავმალე და ეზოსკენ მერე გავემართე. გავაღე თუ არა კარი, ორი ახალგაზრდა აქეთ-იქიდან ამომიდგა და ხელები მაგრად ჩამავლეს მკლავებში.
– რაშია საქმე? – ვიკითხე მე. თუმცა მივხვდი, რომ მილიციის „ოპერებთან” მქონდა საქმე.
– მალე გაიგებ, – მიპასუხეს მათ, მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს.
„კიდევ კარგი, ჩანთა დავმალე“, – გავიფიქრე გუნებაში, „ოპერებს” კი ვუთხარი:
– დღეს ერთხელ უკვე გამიტაცეს, ეს უკვე მეორეა.
„ოპერებმა” მილიციის სამმართველოში მიმიყვანეს და პირდაპირ აბრალავასთან შემიყვანეს, რომელმაც ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:
– როგორ ხარ?
– ძია ბესო, დღეს უკვე ორჯერ მომიტაცეს და როგორ ვიქნები?
– ზუსტად რომ არ ვიცოდე, რაც მოხდა, ალბათ წარტყმა-წამორტყმა და სროკი არ აგცდებოდა, – მითხრა აბრალავამ, – ასეთი ტარება თუ შეგიძლია, შე დალოცვილო, მიდი და ავტორალისტი გახდი, ფულიც გექნება და სახელიც. ბიჭო, ცოტა ნელა ვერ იარე? ან, სულაც, ვეტყოდი, ტარება არ ვიციო და თავს დაგანებებდა, შენ კი გააქციე.
– თავიდან მასე ვუთხარი, მაგრამ, დამემუქრა, მოგკლავო და, რა უნდა მექნა?
– ბიჭო, მართლა რომ არ გცოდნოდა მანქანის ტარება, მაშინ?
– მაშინ მომკლავდა და ახლა მორგში ვეგდებოდი.
– მანქანა ავლაბარში ვიპოვეთ. საით გაიქცა?
– აბა, მე რა ვიცი, ძია ბესო. ჯერ შენ წადიო, მითხრა და, თვითონ სად წავიდა, რა ვიცი?
– მარშრუტი შენ აირჩიე?
– არა, თვითონ მკარნახობდა.
– დღეს ლენინგრადიდან ჩამოფრინდი, ხომ?
– დიახ.
– საჩალიჩოდ იყავი?
– არა.
აბრალავას ჩაეცინა და მითხრა:
– მეც უცებ არ დაგიჯერო.
– ძია ბესო, დედას გეფიცები, ლენინგრადში არაფერი მიჩალიჩია და საგულაოდ ვიყავი.
– აბა, სად ჩალიჩობდი?
– რაც ციხიდან გამოვედი, არსად.
– კარგი. ახლა ის მითხარი, აეროპორტში მეორედ რატომ წახვედი?
მე ველოდი ამ კითხვას და აბრალავას მშვიდად მივუგე:
– ჩანთა დამრჩა და იმის მოსაძებნად ვიყავი.
– მერე, იპოვე?
– ვიპოვე.
– ისეთი რა გქონდა შიგნით?
– საჩუქრები ჩემი საცოლისთვის, – ვუთხარი აბრალავას და მორიგი კითხვა რომ ამერიდებინა თავიდან, დავამატე: – მაგრამ, რად გინდა? იმ კრეტინმა რომ ამიყვანა მძევლად, მაშინ დავკარგე.
აბრალავამ ყურადღებით შემათვალიერა, თავი გააქნია და მითხრა:
– კარგად აწყობილი ზღაპარია, ვერაფერში შამოგედავები. ისე კი, ნამდვილად არ მჯერა შენი სიტყვების, ვიცი, რომ მატყუებ.
– არ გატყუებ, ძია ბესო, სიმართლეს გეუბნები. თუ აღარ გჭირდები, წავალ, რა...
აბრალავამ საათს დახედა და მითხრა:
– ღამის სამის ნახევარია. ტრანსპორტი არ მუშაობს და ტაქსის ფული გაქვს?
– არა.
– ბიჭები გაგიყვანენ. წადი.
პოლიციის სამმართველოს ოპერებმა ღამის 3 საათზე მიმიყვანეს სახლში, ჩემს ეზოსთან დამტოვეს და წავიდნენ. დედაჩემი აივანზე შემეგება, ჩამეხუტა და მითხრა:
– ამდენი ხანი სად იყავი?
– მძევლად ამიყვანეს, დედი, – მივუგე დედაჩემს.
– მძევლად?
– ჰო, დედი, მაგრამ, არა უშავს. სახლში შევიდეთ, მშია.
უკვე თენდებოდა, როცა ბუჩქებში დამალული, ძვირფასეულობით სავსე ჩანთა მოვძებნე და სახლში შევიტანე. შემდეგ მთელი ტავარი ვერცხლისქუჩელ ანზორას ჩავაბარე და კარგი მაყუთიც ავიღე. თუმცა, ანზორა, მინიმუმ ოთხჯერ მეტ „კუშს მოარტყამდა“...
– კობრა-ჯან, ალალი იყოს და მშვიდობაში მოიხმარე ეს ფული, – მითხრა ანზორამ, როდესაც ტავარის ფული მომცა. აშკარად ეტყობოდა, რომ დიდი სარგებელი მიიღო.
– შენ კი ბარაქა მოგცეს ღმერთმა, – მივუგე ანზორას და წამოვედი.
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნის სეიფის საქმიდან მე და სევამ რამდენიმე მსხვილი წილი დავარიგეთ, ბევრი ხარჯიც გვქონდა და, თანაც, დარჩენილი ნივთები ძალიან იაფად გავყიდე, მაინც იმდენი ფული დამრჩა, მინიმუმ სამ ფეშენებელურ ბინას ვიყიდდი თბილისის ცენტრში, ზემოდან კი ორ ახალ ავტომობილსაც დავამატებდი. თუმცა, მსგავსი რამ ფიქრადაც არ გამივლია თავში და მთელი ფული გაჭირვებულების დახმარებასა და „გულაობაში“ დაიხარჯა, რომ არაფერი ვთქვა ზონებსა და ციხეებში შეგზავნილ „გრევებზე“. მთელი ჩემი ცხოვრება ასე გავატარე და პირადად ჩემთვის არც ბინა მიყიდია, არც აგარაკი, არც მანქანა, არც სხვა ძვირფასი ნივთი და, მით უმეტეს, არასოდეს ჩამიდევს ფული ბიზნესში. მე იმას არ ვამბობ, რომ უცოდველი და ფრთიანი ანგელოზი ვარ-მეთქი, მაგრამ, ქურდულ საქმეში არასოდეს ჩავჭრილვარ და არაქურდული არასოდეს ჩამიდენია. ბოლო სროკზე წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძველი კოლეგა და მეგობარი შემხვდა მოსკოვში, რომელსაც ქურდის ტიტული ჰქონდა, პარალელურად კი მსხვილი ბიზნესის მეწილე იყო. მან რესტორანში დამპატიჟა, პოლნი წილი შემომთვაზა და მთხოვა, რომ მასთან ერთად მეჩალიჩა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო ჩემგან.
– კარგი, რა, კობრა, რომელ საუკუნეში ცხოვრობ, – მითხრა გაწბილებულმა კოლეგამ, – რა დროს ნეპმანელობა და იდეინობაა? ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველაფერს ახლებურად უნდა შეხედო.
– მაინც, რას? – ვკითხე მე, მან კი მიპასუხა:
– რას და, ქურდობას.
– დააკონკრეტე.
– ძმაო, ის დრო წავიდა, როცა ოჯახის შექმნისა და სახლ-კარის ყიდვის უფლება არ გვქონდა. რითი ვართ სხვებზე ნაკლები? თუკი ჩვენი პროფესიული მოღვაწეობის გამო მკაცრად ვისჯებით, ჯილდოც ხომ უნდა გვერგოს?
– მაინც, რა ჯილდოს ითხოვ?
– რას და, ჩემი ოფლით მონაპოვარს. თუკი ვიპარავ, ვრისკავ და თავს საფრთხეში ვიგდებ, იმის უფლება მაინც ხომ უნდა მქონდეს, რომ ჩემი მონაგარი რაშიც მინდა, იმაში დავაბანდო? რა, სწორი არ ვარ?
– არა! – მოკლედ მივუგე მე, მან კი მითხრა:
– ამიხსენი, რატომ?
– იმიტომ, რომ ქურდული იდეა მოპარვაა და ამ ფულით თანამოძმეებისა და პატიოსანი გაჭირვებული ხალხის დახმარება, მაგრამ, შენ წურბელობა გსურს, წურბელა კი ქურდი ვერ იქნება. კი ბატონო, უარი თქვი ქურდობაზე და იბიზნესმენე, რამდენიც გინდა. ან ქურდობა და ქურდული კანონების სრული მორჩილება, ან – დანარჩენი სხვა.
– ბევრს იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც სუფთა ქურდულად, იდეინად ცხოვრობს?
– ჩემთან რამე პრეტენზია გაქვს ამ კუთხით? – კითხვითვე ვუპასუხე მე.
– შენ გარდა.
– ჩვენნაირი ბევრი არაა და მეც სწორედ მანდ ვარ. თუ ასე გაგრძელდა, ნაღდი, იდეინი ქურდი აღარ დარჩება.
– ჩემი აზრით კი, იდეა უნდა შეიცვალოს და მეტი თავისუფლება მოგვეცეს.
– ქურდული საქმე ქურდულ იდეაზე დგას და ის რომ შეიცვალოს ჩვენს სახეს დავკარგავთ. იდეის შეცვლა არ შეიძლება და სწორედ იდეინებზე დგას ეს ქვეყანა. უიდეო არც ქურდი ვარგა, არც „ძაღლი” და არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი. თუ გინდა, რომ დიდი საქმეები აკეთო, პიროვნება უნდა იყო, ხოლო, პიროვნება რომ იყო, უნდა იყო „იდეინი“. ანუ, საქმისთვის თავდადებული და მისთვის თავის გაწირვა უნდა შეგეძლოს.
– ასეთები ძველი კომუნისტები იყვნენ.
– გეთანხმები და სწორედ ამიტომ შექმნეს მათ მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო, – ვუთხარი ჩემს ოპონენტს. მას კი თვალები გაუბრწყინდა და მითხრა:
– რომელმაც სამოცდაათი წელი იცოცხლა და დაიშალა – აი, შენი „იდეინების” გაკეთებული საქმე. მათ რომ დროზე შეეცვალათ იდეა და დროს მორგებოდნენ, ეს ქვეყანა თავზე არ დაემხობოდათ.
– ტყუილია. ეს ქვეყანა, სწორედაც რომ, ყოვლად უიდეო ადამიანებმა დაანგრიეს. ასეა ჩვენთანაც. როდესაც ჩვენ ჩვენი ნებით ვიტყვით უარს ქურდულ იდეაზე და, შენი თქმის არ იყოს, „დროს ავყვებით“, სწორედ მაშინ გვეტირება დედა. ამიტომ, ძმაო, პიროვნება უნდა იყო და არა ქათამი. მეტსაც გეტყვი: მე იდეინი „ძაღლს” უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე გადაკეთებულ ქურდს.
ჩემი ნაცნობი დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი მითხრა:
– პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა, შენ ის მითხარი, თანახმა ხარ თუ არა ჩემს წინადადებაზე და იჩალიჩებ თუ არა ჩემთან ერთად?
– ხომ გითხარი, არა-მეთქი. ეს ქურდულ იდეას ეწინააღმდეგება და არაქურდული საქციელია.
ნაცნობმა თავი გააქნია და მითხრა:
– შენზე მითხრეს, დროს ჩამორჩაო, მაგრამ, თუ მართლა ასეთი ძველმოდური იყავი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
– მე ქურდი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. კარგად იყავი, – ვუთხარი და რესტორნიდან წამოვედი.
იმ ჩემს ნაცნობსაც იგივე ბედი ეწია, რაც გამაფიოზებული ქურდების უმეტესობას – ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქში, მანქანაში ჩაცხრილეს და იმქვეყნად გაისტუმრეს, არადა, თავის დროზე საკმაოდ წარმატებული ქურდი იყო. თავისი პროფესიაც კარგად იცოდა და იდეინიც იყო. თუმცა, სიხარბემ და მომხვეჭელობამ მაინც თავისი ქნა და ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა. ასეთი რამ, შეიძლება, ბოლომდე პატიოსან და იდეურ ქურდსაც კი შეემთხვას, მაგრამ, ის ბოლომდე ინარჩუნებს თავის შეუბღალავ სახელს; სახელი კი ქურდისთვის ბევრს ნიშნავს და მის შებღალვას არ დაუშვებს. სწორედ სახელის შებღალვა და პიროვნული ცილისწამებაა ქურდებთან მებრძოლი სტრუქტურების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდი და ბევრჯერ დადებითი შედეგიც კი მოუტანია ჩვენი მტრებისთვის. არაერთხელ მსმენია ჩემს კოლეგებზე გავრცელებული ჭორები და შევძრწუნებულვარ. მე და ჩემნაირები, რა თქმა უნდა, არასდროს წამოვგებულვართ მსგავს პროვოკაციაზე, მაგრამ, ასეთ ხმებს ჩვენთვის კი არა, ფართო მასებისთვის ავრცელებდნენ და იმაზე იყო გათვლილი, რომ ქურდული იდეის დისკრეტიზაცია მოეხდინათ და ქურდებისთვის ნიადაგი გამოეცალათ ფეხქვეშ.
ერთხელ ჩემთან ბერძენა მოვიდა და მითხრა:
– აზრზე ხარ, კობრა? თხუთმეტი წუთის წინ ვიღაც ნაბოზარმა დამირეკა და მითხრა, კობრამ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა და მილიცია ეძებსო.
– ეს ბოზები ხმებს გვივრცელებენ. უნდათ, რომ ჩირქი მოგვცხონ და ხალხში სახელი გაგვიტეხონ, – ვუთხარი ბერძენას. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მე ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:
– გისმენთ!
– კობრა ხარ? – მკითხა მამაკაცის ბლატნოი ხმამ.
– კი. მე ვარ. შენ ვინ ხარ?
– ბიჭო, თუ ქურდი ხარ, მაშინ ქურდულად მოიქეცი და არა ბოზურად.
ასეთი სიტყვებისთვის, შემეძლო, უცნობისთვის შემეგინებინა და ყურმილი გამეთიშა, მაგრამ, მაინტერესებდა, რა უნდოდა და ვუთხარი:
– მაინც, რა პრეტენზია გაქვს ჩემთან?
– ის პრეტენზია მაქვს, რომ შენი ძმაკაცი ბერძენა პიდარასტია, კაცებს უწვება ლოგინში, შენ ეს იცი და ხელს აფარებ.
– შენ გიქნა რამე?
– მე კი არ მიქნა, მე ვუქენი.
– მაშინ, შენც პიდარასტი ყოფილხარ, შენი დედაც! – ვუთხარი უცნობს და ყურმილი გავთიშე.
– რა მოხდა? – მკითხა ბერძენამ, რომელსაც ყველაფერი მოვუყევი და დავამატე:
– ხედავ? მორიგი ანტიქურდული კამპანია დაიწყო.
ამ დროს ისევ ტელეფონმა დარეკა, განუწყვეტლივ რეკავდა და არ ჩერდებოდა, მაგრამ, ყურმილს არ ვიღებდი, რადგან, ვფიქრობდი, რომ ისევ ის პროვოკატორი მირეკავდა და ნერვების მოშლა არ მინდოდა.
– ღირსი არაა, რომ ამ ნაბოზარს თავი მოვაჭრა? – მითხრა ბერძენამ და აზრიალებულ ტელეფონზე მიმანიშნა.
თითქმის თხუთმეტწუთიანი განუწყვეტელი რეკვის შემდეგ ტელეფონი დადუმდა. ათი წუთის შემდეგ კი ჩემს კარზე ბრაგუნის ხმა გაისმა. კარი რომ გავაღე, ოთახში ჩვენი კოლეგა და მეგობარი ოთარ მესხი, მეტსახელად „მიშკა“ შემოვარდა და თქვა:
– ვაა, ორივე აქ ხართ?
– ჰო, რა მერე? რა მოხდა? – ჰკითხა ბერძენამ.
– დიდი ხანია, აქ ხართ?
– დილიდან. რა იყო, არ იტყვი? – ვუთხარი მე.
– თუ სახლში ხართ, ყურმილს რატომ არ იღებთ? მოვკვდი რეკვით და ტაქსით გამოვვარდი.
– შენ რეკავდი? – თქვა ბერძენამ, მე კი დავამტე:
– ტაქსით რატომ გამოვარდი? არ იტყვი, რა მოხდა?
– რაღა რა მოხდა, – თქვა მიშკამ, – ვიღაც ნაბოზარმა დამირეკა და მითხრა, კობრა და ბერძენა ძაღლებმა ბავშვის გაუპატიურების გამო ააგდესო.
– და, შენც დაიჯერე, არა? – გაეცინა ბერძენას.
– კი არ დავიჯერე, მაინტერესებდა, რა მოხდა და იმიტომ გირეკავდით, – თქვა მიშკამ.
– ის მოხდა, რომ ანტიქურდული კამპანია დაიწყო, ცუდ ხმებს გვივრცელებენ და ჩვენთვის სახელის გატეხა უნდათ, – ვუთხარი მიშკას და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ხედავ შენ?! ამათი ბოზი დედაც... – თქვა მიშკამ, – რა უნდა ვქნათ?
– რა და, ტელევიზიით უნდა გამოხვიდე და თქვა, „ძაღლები” ბოზურ ხმებს გვივრცელებენ-თქო, – იხუმრა ბერძენამ.
– შენ შაყირობ და, ეს ბოზები უარესს იზამენ, – თქვა მიშკამ.
– ვერც ვერაფერს იზამ, – ვთქვი მე, – თავის მართლება რომ დაიწყო, ხალხი უფრო დაიჯერებს ტყუილს.
– მაშინ, აქედან უნდა ავახვიოთ, – თქვა მიშკამ.
– „ძაღლებსაც” სწორედ ეგ უნდათ, რომ აქედან გაგვყარონ და ქურდული პალაჟენია მოსპონ, – თქვა ბერძენამ.
– აბა, რა ვქნათ, ვისმინოთ ჩვენზე ბინძური ჭორები? – თქვა მიშკამ.
– პირში ამას ვერავინ გვეტყვის – გვეტყვის და, პასუხსაც გავცემთ; ლაპარაკით კი, ისედაც ილაპარაკებენ, თუ უნდათ. რუსეთში რომ წავიდეთ, ხალხი მაშინ უფრო დაიჯერებს ამ ჭორებს და იტყვიან, დამნაშავეები იყვნენ, აქ არ დაედგომებოდათ და გაიქცნენო, – ვთქვი მე.
– კობრა მართალია, აქ უნდა დავრჩეთ. „ძაღლების” დედაც და იმათიც, ვისაც ეს ჭორები სჯერა, – თქვა ბერძენამ.
იმ დღეს თბილისში მყოფი ყველა ქურდისთვის დაურეკავთ, მათთვის სხვადასხვა ბინძური ჭორი უთქვამთ და საღამოს სპონტანური ქურდული სხოდკა შეიკრიბა ჩემს სახლში. გადავწყვიტეთ, რომ ჭორებისთვის ყურადღება არ მიგვექცია. ბოლოს ვიქეიფეთ და ჩემი კოლეგები წავიდ-წამოვიდნენ, სახლში წავიდა ბერძენაც, მე კი მარტო დავრჩი და დაძინება დავაპირე, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. „ალბათ, ისევ ის პროვოკატორია“, – გავიფიქრე გულში და გადავწყვიტე, ტელეფონი დილამდე გამომერთო, მაგრამ, მაინც ავიღე ყურმილი და ვუპასუხე:
– გისმენთ.
– კობრა, მარტო ხარ? – მკითხა ბესარიონ აბრალავამ.
– დიახ. რაშია საქმე?
– არ დაიძინო. შენთან საქმე მაქვს და თხუთმეტ წუთში მოვალ, – მითხრა მილიციის სამმართველოს უფროსმა და ყურმილი დაკიდა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ აბრალავა უკვე ჩემ წინ, სავარძელში იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. საათმა სამჯერ დარეკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის 3 საათი იყო და პოლკოვნიკს ვკითხე:
– ხომ მშვიდობაა, ძია ბესო, მოხდა რამე?
– შენ მე ბავშვობიდან მიცნობ და, შეგიძლია, თქვა, რომ როდესმე უსამართლოდ მოვქცეულვარ? ან, საერთოდ, თუ გსმენია, რომ ბესარიონ აბრალავა ვინმეს უსამართლოდ მოჰქცევია?
– ნამდვილად არა, მაგრამ, ამას რატომ მეითხები, ძია ბესო?
– იმიტომ, კობრა, რომ, მინდა იცოდე, ამ საქმეში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის.
– რა საქმეში, ძია ბესო?
– რაში და, ქურდების წინააღმდეგ ხმების გავრცელებაში. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობდა ქურდული სხოდკა, რომელიც ერთი საათის წინ დაიშალა შენს სახლში.
– მე არც მიფიქრია, რომ ეს თქვენ მოიფიქრეთ.
– არც მომიფიქრებია და მისი განხორციელების წინააღმდეგიც ვიყავი, მაგრამ, ვინ დაგიჯერა? – ხელი ჩაიქნია აბრალავამ, – დაწვრილებით ვერ გეტყვი, ვინ და რა, მაგრამ, ვინც ეს სისულელე მოიფიქრა, იმას ვუთხარი, რომ, ეს ყველაფერი, შეიძლება, ჩვენვე შემოგვიბრუნდეს ცუდად-მეთქი.
– მოკლედ, ასე, ჩემო კობრა, – მითხრა აბრალავამ, – მართალია, შენ ქურდი ხარ, მე კი მილიციის პოლკოვნიკი, მაგრამ, წოდებების გარდა, კაცობაც არსებობს და, კაცურად გირჩევ, ცოტა ხნით მაინც წახვიდე საქართველოდან და ამ უბედურებას თავი გაარიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხე არ აგცდება და, რომც არაფერი დააშავო, მაინც გაგიჩალიჩებენ.
– მადლობელი ვარ, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას, რომელიც კარამდე მივაცილე და გავისტუმრე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში