ყველა კაცი ერთნაირია
ერთხელ, საღამოს
ნინი ხვდებოდა, რომ ბიჭი მის პასუხს ელოდა. იმასაც ხვდებოდა, ეს პასუხი ლოგიკური და გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო, დამატებითი შეკითხვები რომ არ გასჩენოდა, მაგრამ თავისი შინაგანი მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. თომაც ისეთი შესაბრალისი ღიმილით შესცქეროდა, რომ გული შეეკუმშა.
– მოდი, საღამო მხიარულად და მშვიდად გავატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც არც ერთს არ გვესიამოვნება.
– ეჰ, ნინი... მაწუხებს ის ამბავი, რომ, არ გინდა, ჩემთან გახსნილი იყო. ურთიერთობა, რომელიც ნდობაზე არ არის აგებული, დიდხანს ვერ ქაჩავს.
– შენ მე არ მენდობი? – ეშმაკურად შეუბრუნა შეკითხვა ნინიმ და საკუთარი თავის გაუკვირდა, ეს როგორ მოვახერხეო.
თომას გაეღიმა:
– მე როგორ არ გენდობი...
– აბა, რა გინდა?
– შენ არ მენდობი...
– საიდან მოიტანე?
– არ მეუბნები, რატომ ხარ გაბრაზებული. რა მიზეზია.
– თომა, უმიზეზოდაც შეიძლება, ადამიანი უგუნებოდ იყოს. თუ უარესად ჩამაცივდები, გავბრაზდები, ავდგები, წავალ და ის იქნება. გინდა ეს?
– არა, არ მინდა... – ბიჭი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გადაიფიქრა და ღიმილით გაუწოდა მენიუ, – მოდი, ვჭამოთ. მადა ცოტათი მაინც არ გაგეხსნა?
– არა, მაგრამ, შევუკვეთოთ. „ცეზარი“ მოატანინე, ცოტას შევჭამ, – იძულებული გახდა ნინი, დათანხმებოდა. თომამ სასწრაფოდ მოიხმო ოფიციანტი.
ნინი ჩაფიქრდა. ისევ ის სურათი ედგა თვალწინ, როგორ გულიანად იცინოდნენ გიგი და ის ვიღაც გოგო – ეს კადრი ვერაფრით ვერ ამოიგდო თავიდან და ეს აცოფებდა. ეგონა, უფრო ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ, ფაქტს ვერსად გაექცეოდა. უცხო ქალის საზოგადოებაში გიგის ნახვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეჭვებს დაეტანჯა და მის გვერდით ყოფნის სურვილი გამძაფრებოდა. თომას ხმამ გამოარკვია.
– არ მისმენ? – წყენით ჰკითხა ბიჭმა.
– ჰო, ცოტა ფიქრებში წავედი. რას მეუბნებოდი?
– გკითხე, ის წვეულება ხომ ამ შაბათს არის-მეთქი.
– ჰო. ლიზასთვის კი აღარ მიკითხავს, მაგრამ რამე პრობლემა რომ იყოს, თვითონაც მეტყოდა.
– ჩემთან ერთად წასვლა ხომ არ გადაიფიქრე?
– არა, – ნინი ერთბაშად გამოცოცხლდა და ბიჭი თავიდან ფეხებამდე ისეთი ყურადღებით შეათვალიერა, რომ თომამ უხერხულობა იგრძნო:
– რა იყო?
– არაფერი. უბრალოდ, ახლა შევამჩნიე, როგორ გაცვია.
– რას ნიშნავს – „როგორ მაცვია?” – დაიძაბა ბიჭი, – ანუ, იმის თქმა გინდა, რომ შეუფერებლად ვიცვამ?
– არა, თუმცა, პატარა კორექტივები ურიგო არ იქნებოდა.
– სტილი უნდა შემიცვალო? ოღონდ, ჰალსტუხის გაკეთება არ მაიძულო, ვერ ვიტან, – შეწუხდა თომა.
– საიდან მოიტანე, რატომ უნდა გაიძულო? თუ არ გინდა, რამე გითხრა, საერთოდ გავჩუმდები. რამ დაგაფრთხო, არ მესმის. ჩემ გვერდით იქნები და, მინდა, განსაკუთრებულად გამოიყურებოდე.
– მე რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ?! – სევდიანად ჩაილაპარაკა თომამ, – აშკარად ვერ ვამართლებ, ნინი, შენს იმედებს. მოდი, მარტო წადი იმ წვეულებაზე, კარგი?
ნინი მიხვდა, რომ ბიჭს სერიოზულად აწყენინა.
– ასე რატომ ლაპარაკობ? შენ არ გინდა, რომ მე განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე? – სცადა სიტუაციის გამოსწორება.
– არა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში განსაკუთრებული ხარ, – მოწყენით ჩაილაპარაკა ბიჭმა, – გინდა, ის დღე გავიხსენო, როცა ბანკში პირველად მოხვედი? ისიც კი მახსოვს, რა გეცვა და სად იჯექი... ფანჯარასთან... თმის ფერი უფრო ღია გქონდა და ძალიან საყვარელი, მაქმანებიანი პერანგი გეცვა... სულ სხვანაირი იყავი, მაგრამ, მაშინვე შემიყვარდი.
– არ გინდა, ნუღარ გააგრძელებ... – ნინი განცვიფრებული მისჩერებოდა ბიჭს... თვითონ აშკარად არ ახსოვდა არც ეს დღე და არც ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალები. თომას მიმართ თბილი, თითქოს მშობლიური განცდა გაუჩნდა. გულიც კი აუჩუყდა, ხელზე ხელი დაადო და გაუღიმა.
– არ ვიცოდი, ასე რომანტიკული და სენტიმენტალური თუ იყავი.
– იმიტომ, რომ მაინც ვერ გამიცანი. არა, შენ არ გადანაშაულებ, ეტყობა, მე ვერ წარმოგიდგინე თავი, როგორც საჭირო იყო, რასაც ვნანობ. დროს თუ მომცემ, ყველაფერს გამოვასწორებ.
– რა უნდა გამოასწორო? ამაზე ნუ იფიქრებ. არ მინდა, გაწყენინო. გინდა, კინოშიც წავიდეთ.
– ახლა? – გაიცინა თომამ, – გვიან არ არის?
– ბოლო სეანსს, მგონი, მივუსწრებთ, – ნაძალადევი მხიარულებით წარმოთქვა ნინიმ და ჩანთას სტაცა ხელი...
***
გიგიმ რამდენიმე საათი უაზროდ იბოდიალა ქალაქის ქუჩებში. ვერ გადაეწყვიტა, სად წასულიყო. სახლში მისვლა არ უნდოდა, ბარში მარტო წასვლის სურვილიც არ ხიბლავდა. საკუთარ თავს ვერ ცნობდა – ასეთი უჩვეულო ცვლილებები, ასეთი სევდა ადრე არასოდეს უგრძნია. ერთბაშად გადაწყვიტა, ზუკასთან მისულიყო. გაახსენდა, რომ ორ დღეზე მეტი იყო, არ ენახა და უცებ დაფრთხა – ნეტავი, რას აკეთებს ეს ბიჭი, რაიმე სიურპრიზს ხომ არ გეგმავსო. მანქანა შემოატრიალა და ზუკას სახლში მიადგა. ზარი რამდენჯერმე დარეკა. ბინიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. „ამ შუაღამისას სად უნდა წასულიყო?“ – გაიფიქრა და კარიც გაიღო. ზუკას შეეტყო, რომ არ ესიამოვნა მეგობრის დანახვა.
– სახლიდან გამოგაგდეს? ამ შუაღამისას რამ მოგიყვანა?
– რა იყო, ბიჭო... არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
– გამიხარდა? რომელი შეყვარებული შენ მყავხარ, რომ სიხარულისგან და ბედნიერებისგან გული წამსვლოდა? საქმე გაქვს რამე?
– ჰო, საქმე მაქვს. დიდხანს ვიდგებით სადარბაზოში?
– უკვე ვწვებოდი. მინდოდა, ცოტა ადრე დამეძინა... – შეყოყმანდა ზუკა. გიგი გაცხარდა:
– სახალში არ მიშვებ, ტო?! რა დროს ძილია ათის ნახევარზე. გეუბნები, სალაპარაკო მაქვს და შემომიშვი.
– წამოდი, სამზარეულოში დავსხდეთ. დედაჩემი მაინც არ არის სახლში და ყავასაც მოგიდუღებ.
– არ მინდა შენი მოდუღებული ყავა. არც სამზარეულოში ჯდომა მინდა ჭორიკანა ქალივით, – გიგიმ ზუკას ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია, გეზი პირდაპირ მისი ოთახისკენ აიღო და კარიც უცერემონიოდ შეაღო... შეაღო და გაოგნდა...
– რა არის, ბიჭო, ეს? – ჰკითხა, როცა პირველმა შოკმა გაუარა.
– გიგი, ახლა არ დამიწყო... ეს ჩემი პირადი, კერძო ტერიტორიაა. ჯერ შემომეჭერი და, ახლა ჭკუის დარიგებასაც თუ დამიწყებ, აჯობებს, წახვიდე. სერიოზულად გეუბნები, ჩხუბი არ მინდა, მით უმეტეს – საკუთარ სახლში.
– ზუკა... – ამოიოხრა გიგიმ, – უკვე რეალურად მგონია, რომ ნორმალური არ ხარ... არც კი ვიცი, ამას რა დავარქვა, – გიგიმ ხელი გაიშვირა და კედლებზე გაკრულ, ლიზას უამრავ პორტრეტზე მიუთითა, – გააფრინე?
– შენ რა გადარდებს და გაწუხებს? ეს ჩემი ჰობია.
– რა არის, ბიჭო, ჰობი? დიდი ხანია, ფოტოგრაფიამ გაგიტაცა? თანაც, პორტრეტულმა, და, ისიც, ერთი კონკრეტული ქალის ფოტოგრაფიამ?! უკან დასდევ და სურათებს უღებ? ეს კიდევ რა არის?!. – გიგი გაშტერდა: მაგიდაზე იდგა ჭიქა ლიზას ფოტოთი, მაისური – ლიზას გამოსახულებით და ისევ უამრავი ფოტო...
ზუკა დივანზე ჩამოჯდა, გულზე ხელები დაიკრიფა და, საბრძოლველად შემართული, ჯიქურ მიაშტერდა მეგობარს.
გიგიმ ამოიოხრა:
– ზუკა, შენ, მგონი, ვერაფერი გაიგე. შაბათს იმ წვეულებაზე ხომ მივდივართ?
– მერე? – აიქოჩრა ზუკა.
– ბიჭო, ნუ გიჟდები. ეს ამბავი კარგს არაფერს მოგიტანს. მაშინებ უკვე, ძალიან მაშინებ.
– ფოტოგრაფიაში საშიში რა ნახე?
– ის, რომ არაადეკვატურს გხდის. თანაც, აქ პეიზაჟებს, რაღაც, ვერ ვხედავ.
– მე რაც მომწონს, იმას ვიღებ და ეს არავისი საქმე არ არის.
– გასაგებია, რომ ეს შენი პირადი საქმეა, მაგრამ, მარტო ხომ არ ხარ?
– რას ნიშნავს – „მარტო არ ვარ”?
– იმას, რომ არსებობს სამეგობრო, სამსახური, სოციუმი, ბოლოს და ბოლოს.
– კარგი, რა, შენ მაინც როგორ მელაპარაკები ამაზე.
– ვითომ, მე რა ვარ? – ჩაეცინა გიგის.
– ის ხარ, რომ არასდროს გაგიწევია ანგარიში არც სოციუმისთვის, არც სამსახურისთვის და არც მეგობრებისთვის, როცა საქმე შენს პირადულს შეხებია. არ ვარ მართალი?
– არ ხარ მართალი, და გეტყვი, რატომ: ჩემი პირადულით პრობლემა არავის შექმნია.
– მე ვის ვუქმნი პრობლემას, შენ?
– მარტო მე რომ ვიყო, ხმას როგორ ამოვიღებდი, მაგრამ, ვახო? მასზე საერთოდ არ ფიქრობ?
– რა გინდა, გიგი? იმიტომ მოხვედი, რომ შაბათს წვეულებაზე წამოსვლა გადამაფიქრებინო?
– არა, მაგრამ, უნდა ვიცოდე, რომ იქ ისეთს არაფერს მოიმოქმედებ, რაც შენ და ჩვენ დაგვაზარალებს.
– ხელწერილი ხომ არ დაგიწერო? – დაცინვით ჩაილაპარაკა ზუკამ. იცი, რას მივხვდი? შენ გშურს ჩემი.
გიგის ჯერ გაეღიმა, მერე სიცილი აუტყდა, სული რომ მოითქვა სერიოზულად ჰკითხა:
– შენ ეს მართლა გგონია?
– დიახ, მართლა და ამის სრული საფუძველიც გამაჩნია.
– რა საფუძველი, ბიჭო, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
– აბსოლუტურად. თავი მაგარი ტიპი გეგონა, მაგრამ, შეყვარებულმა „დაგადო“. ახლა პირადი ცხოვრება აღარ გაქვს, შენ თვითონ არ იცი, რა გინდა და ჩემზე დაიბოღმე.
– გათხოვილი ქალი რომ გიყვარს, ამაზე ვარ, შენი მოკლე ჭკუით, დაბოღმილი?
– რატომაც არა! მე მიყვარს და ბედნიერი ვარ ამით, შენ კი უაზროდ დახეტიალობ და ნინის შემდეგ ერთი რომანიც არ გქონია.
– არ მინდა და იმიტომაც არ მაქვს.
– თავს ნუ იმართლებ, უფრო საცოდავი ხარ ამით.
– მაგარი საცემი ხარ, მაგრამ, რა აზრი აქვს, – ხელი ჩაიქნია გიგიმ, – მოკლედ, მითხარი, რას აპირებ.
– არაფერს. შეგიძლია, მშვიდად იყოთ შენც და ვახოც. თუმცა, მეეჭვება, ვახოს ასეთი ფობია გასჩენოდა. შენი ინტერპრეტაციებია ეს ყველაფერი.
– ანუ, მოდიხარ შაბათს?
– ეგ უკვე შენ არ გეხება. მეც ისევე დამპატიჟეს, როგორც ყველა სხვა და, გადაწყვეტილებასაც თავად მივიღებ.
– კარგი. მე წავედი, მაგრამ, იცოდე, თუ იქ რამე მოხდება, მე შენ ვერ დაგიცავ.
– არც მჭირდება, როგორმე თვითონ ვიზრუნებ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
გიგიმ ხელები გაშალა და სიტყვის უთქმელად გაემართა კარისკენ...
***
ვახომ ცოლი შემფასებლის თვალით შეათვალიერა.
– მაგრად გიხდება, იცი?
ქეთი გაიბადრა:
– მართლა?
– ჰო. ცოტა ძვირი კი დამიჯდა ეს სილამაზე, მაგრამ, ღირდა.
– ახლა, არ იწუწუნო, – ყასიდად გაბრაზდა ქალი.
– არა, არა, პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ. თვალისმომჭრელად გამოიყურები.
ქეთი შემობრუნდა და ქმარს კისერზე ჩამოეკიდა:
– ისეთი საყვარელი ხარ, ისეთი... როგორ შეიძლებოდა, შენთან მეჩხუბა?
– აუჰ, ძლივს არ მიხვდი? გეუბნებოდი, კარგი ქმარი გყავს-მეთქი და არ მიჯერებდი, – შეიფერა ვახომ.
– ახლა, თავში ნუ აგივარდება. რამდენ ხანში გავდივართ?
– რა ვიცი, ოთხზე ვართ დაპატიჟებული. დავაგვიანოთ?
– არა, რატომ?
– მაშინ, მეც ჩავიცვამ. შენ ლიზას დაურეკე?
ქეთის გაუკვირდა.
– უნდა დამერეკა?
– რა ვიცი, მეგონა, დაურეკავდი. დიასახლისი ხომ ლიზაა.
– მე ჩემს ქმარს უნდა ვახლდე წვეულებაზე, ასე უფრო მომწონს.
– მეც მომწონს... – გაეღიმა ვახოს, – როგორც მივხვდი, ნატოც აღარ მოდის.
ნატოს ხსენებაზე ქეთი მოიღუშა:
– არა, არ მოდის.
– გადაიფიქრა თუ შენ აღარ შეგითავაზებია?
– ნატოსთან აღარ ვმეგობრობ, – თქვა ქეთიმ და მაშინვე ინანა. ვახო აუცილებლად ჰკითხავდა მიზეზს და არც შემცდარა.
– იჩხუბეთ? მაშინდელი ჩემი ნათქვამის გამო ხომ არა?
– არა... – ქეთის ენა დაება და ერთბაშად ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეპასუხა, – სამსახურში გვქონდა რაღაც პრობლემა და კარგად არ მოიქცა.
– პაციენტი ვერ გაიყავით? – ღიმილით ჰკითხა ვახომ.
– შენ არ გეწყინოს, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მარტო მე არ მეხება და იმიტომ.
– კარგი, ბატონო, არ მწყინს, – მხრები აიჩეჩა ვახომ, – იმედია, კარგად გავერთობით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში