კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

***

გიორგი კარგ ხასიათზე დაბრუნდა სახლში. ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, უფრო სწორად, საკუთარი საქციელით. დიდი ხანია, ასეთი ბედნიერების შეგრძნება არ ჰქონია. მხოლოდ მაშინ, როცა ფული გადარიცხა და გამომძიებლისგან გაიგო, რომ გუგას ერთ-ორ დღეში გამოუშვებდნენ, ისეთმა სიხარულმა შეიპყრო, მიხვდა, რა დიდი ძალა ჰქონია სიკეთეს. განსაკუთრებით გამომძიებლის სიტყვებმა ააღელვა – როდესაც გიორგიმ თანხის გადახდის სურვილი გამოთქვა და ამ საკითხში დაკვალიანება სთხოვა, გამომძიებელმა გაკვირვებულმა შეხედა უცნობ მამაკაცს და უთხრა:

– სიმართლე გითხრათ, რაც გუგა სანებლიძის საქმე გადმომეცა, უკვე სათვალავი ამერია, რამდენჯერ დავრჩი გაოცებული, დაწყებული ეჭვმიტანილის ახლოს გაცნობით, დამთავრებული მისი უცნაური გულშემატკივრების დაუჯერებელი თანადგომით.

– სხვათა შორის, ბატონო გამომძიებელო, მეც ვერ წარმოვიდგენდი, ჩვენს სამართალდამცველებს ასეთი ჰუმანურობის გამოჩენა თუ შეეძლოთ და, სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

– რას გულისხმობთ?

– სანებლიძესთან საპროცესო შეთანხმებას. როგორც ვიცი, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის სხვა შედეგით მთავრდება ხოლმე. ჩანს, თქვენც ერთ-ერთი იმ „უცნაური გულშემატკივართაგანი“ აღმოჩნდით, წეღან რომ ახსენეთ.

– დიახ, ვერ დაგიმალავთ, რომ მის მიმართ საოცარი თანაგრძნობით განვეწყვე. უფრო მეტსაც გეტყვით – არა მარტო თანაგრძნობით, არამედ, პატივისცემითაც, მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზი ნამდვილად არ უნდა იყოს. თანაც, მისი ყოველი სიტყვის მჯერა. რაც შეეხება ჩვენი სისტემის ჰუმანურობას, აქაც ადამიანები მუშაობენ და...

– ბატონო გამომძიებელო, რაც არ უნდა თქვათ, ზუსტად ვიცი, რომ ეს პირადად თქვენი დამსახურებაა.

– არა მარტო ჩემი.

– შესაძლოა, მაგრამ თქვენ გადაწონეთ სასწორი სანებლიძის სასარგებლოდ. ამიტომ, მის თუნდაც უცნაურ, მაგრამ მთავარ გულშემატკივრად მაინც თქვენ ითვლებით და ძალიან მიხარია, რომ თქვენს სისტემაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნამდვილი ადამიანი.

გამომძიებელს გაეცინა:

– სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, გვლანძღავთ თუ გვაქებთ.

გიორგიმ იუხერხულა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა:

– მე მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინე.

– მაინც გმადლობთ, მაგრამ, იმის შემდეგ, რაც ირაკლი ქებაძემ და თქვენ გააკეთეთ, ჩვენი სისტემის ჰუმანურობა აღარ უნდა გაგკვირვებოდათ.

– მე და ქებაძემ?! – ვერ მიხვდა გიორგი.

– დიახ.

– რას გულისხმობთ?

– თქვენ მიერ სანებლიძის სასარგებლოდ გადახდილ თანხას. არ იცოდით, რომ სამი ათასი პროფესორმა გადარიცხა?

– პირველად მესმის...

– იცით, რა მიკვირს? კარგი, ქებაძე ექიმია და, შეიძლება, სხვანაირად აზროვნებს, მაგრამ, თქვენ რამ გაიძულათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა თქვენი ძმის ინტერესების საწინააღმდეგოდ? მით უმეტეს, რომ დღეს გადასაყრელი ფული არავის აქვს.

– ჩემი ძმის ინტერესები არაფერ შუაშია. უფრო სწორად, ჩემი საქციელით, შეიძლება, ცოტათი მაინც გამოვისყიდე მისი ცოდვები. თანაც, ძალიან დიდი აღმოჩენა გავაკეთე – სიკეთის ჩადენა მართლაც გადამდები ყოფილა.

– დიახ, ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა გამომძიებელი, – ეს მხოლოდ წაკითხული მქონდა და ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ, ახლა თავად გავხდი ამის მოწმე. მიხარია, ბატონო გიორგი, თქვენნაირი ადამიანები კიდევ რომ არსებობენ.

– მეც იგივე მინდა გითხრათ, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამ ნაბიჯამდე ირაკლი ქებაძემ მიმიყვანა, ოღონდ, სრულიად შემთხვევით. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო გამომძიებელო, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.

– მეც ასევე. კარგად ბრძანდებოდეთ.

მიუხედავად ასეთი ამაღლებული განწყობისა, გიორგი შეეცადა, ემოციები შეეკავებინა და არ გაემხილა მზიასთვის და დიმიტრისთვის, რაც გააკეთა, მაგრამ მათ მაინც შენიშნეს, რომ თვალები სხვანაირად უბრწყინავდა და მიზეზი ჰკითხეს, უფრო სწორად, დიმიტრი დააინტირიგა ძმის მოღიმარმა სახემ და გამოკითხვა დაუწყო:

– რამე განსაკუთრებული მოხდა?

– პრინციპში, ჰო, – დაეთანხმა გიორგი და შეეცადა, გრძნობები მოეთოკა.

– ეტყობა, რაღაც ძალიან კარგი ამბავი გაიგე, – არ მოეშვა დიმიტრი.

– მართლაც ასეა, – ისევ დაეთანხმა გიორგი და სავარძელში მოკალათდა, – ძალიან გახარებული დავბრუნდი სახლში.

– ჩვენ არ გვეტყვი? იქნებ, ჩვენც გაგვიხარდეს, – ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო დიმიტრი.

– როგორ არა, გეტყვით, ოღონდ, ცოტა სული მომათქმევინეთ. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ შენც გაგიხარდეს.

– ბატონო გიორგი, ცივი მინერალური ხომ არ გნებავთ? – შესთავაზეა მზიამ.

– რა მიხვედრილი და ყურადღებიანი გოგო ხარ. მართლაც სიამოვნებით დავლევ ერთ ჭიქას, მადლობის ტონით უთხრა გიორგიმ.

მზიამ ცივი „ბორჯომით“ სავსე, დაორთქლილი ჭიქა მიუტანა, დაუცადა, სანამ დალევდა და მორიდებით ჰკითხა:

– ხომ არ ისაუზმებთ? ყველაფერი მზად მაქვს. თან, დილას ისე გახვედით სახლიდან, თითქმის არაფერი გიჭამიათ.

– საუზმე არა, მაგრამ, ერთ ფინჯან მაგარ, უშაქრო ყავაში ნახევარ სამეფოს ვიძლევი, – უპასუხა ყურადღებით ნასიამოვნებმა მასპინძელმა და ექთანს ღიმილით შეხედა. მზია მაშინვე სამზარეულოში გაიქცა და ხუთ წუთში ქაფქაფა ყავა და შავი შოკოლადის ფილა შემოიტანა პატარა სინით.

გიორგიმ კმაყოფილმა მოსვა ცხელი ყავა და შოკოლადის პატარა ნატეხი მიაყოლა. დიმიტრი უცდიდა, როდის დაამთავრებდა მისი ძმა ამ რიტუალს და თან თვალებში შეჰყურებდა.

გიორგის რაღაცნაირად სიამოვნებდა, ძმის მოუთმენლობას რომ ხედავდა და, ცდილობდა, ეს სიამოვნება გაეხანგრძლივებინა – მზიას ცარიელი ფინჯანი მიაწოდა, ყავა შეუქო და მადლობის ნიშნად ხელზე აკოცა. მზია არ იყო მიჩვეული ასეთ მოპყრობას, გაწითლდა და  ჭიქა კინაღამ ხელიდან გაუვარდა. უხერხულობიდან რომ გამოეყვანა თავი, ჭურჭელი სამზარეულოში გაიტანა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა ოთახში.

გიორგიმ ისევ ღიმილით შეხედა ექთანს და ხუმრობით უთხრა:

– ძალიანაც ნუ მიმაჩვევ ასეთ ზრუნვას, თორემ, შევეჩვევი და, საერთოდაც, ზედმეტად ნუ იტვირთავ თავს, რაც გევალება, მხოლოდ ის გააკეთე.

– არ ვიტყვირთავ, უბრალოდ, მსიამოვნებს ამის გაკეთება, – ისევ გაწითლდა მზია.

– ბოლოს და ბოლოს, როდის დაანებებ თავს ამ გოგოსთან არშიყს და როდის მეტყვი, რატომ მოხვედი ასეთი გახარებული?

სიტყვა „არშიყის“ გაგონებაზე მზია შეკრთა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა, გიორგის კი დიდად არ სწყენია, დინჯად გახედა ძმას და უთხრა:

– როგორ არ გეტყვი. გახარებული იმიტომ მოვედი, რომ, როგორც ამ დილით გამომძიებელმა მითხრა, გუგას ხვალ-ზეგ გამოუშვებენ.

– შენ რა საქმე გქონდა გამომძიებელთან?

– მინდოდა, ზუსტად გამეგო, როდის უშვებენ და მასთან მზიას შეხვედრა დამეგეგმა, – იცრუა გიორგიმ და ძმას თვალი აარიდა.

– შენ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები, – დაეჭვდა დიმიტრი, – მინდა, ყველაფერი ვიცოდე, მე მგონი, მაქვს ამის უფლება.

გიორგი დაფიქრდა. არ იცოდა, როგორ მიიღებდა დიმიტრი იმას, რაც მოხდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ეთქვა სიმართლე, ოღონდ, ისეთი ფორმით, რომ ავადმყოფისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელი ყოფილიყო. ამიტომ, ცოტა შორიდან დაიწყო:

– ყურადღებით მომისმინე, რასაც ახლა გეტყვი და ყველაფერი კარგად გააანალიზე. მინდა, სწორად გაიგო ჩემი საქციელი, საღი გონებით და ზედმეტი ემოციების გარეშე შეხედო.

– ეს გუგას ეხება? – მიხვდა დიმიტრი.

– ჰო, გუგასაც, მაგრამ, სინამდვილეში, შენ უფრო მეტად. მზად ხარ მოსასმენად?

– განაგრძე, – მოკლედ უთხრა დიმიტრიმ და საწოლში მოხერხებულად მოთავსდა.

– მოკლედ, იმ თანხის დიდი ნაწილი, რაც გუგას საპროცესოზე დააკისრეს, ირაკლი ქებაძემ გადაიხადა.

– ირაკლი ექიმმა? – სახე გაუბრწყინდა მზიას, – ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო.

– ძალიან გაგიხარდა? – დაიბოღმა დიმიტრი, – გადასარევი ამბავია: ჩემი მკურნალი ექიმი ჩემი მოსისხლე მტრის გამოსახსნელად უამრავ ფულს იხდის... მაინც, რამდენი გაიმეტა?

– აქ გამეტებაში არ არის საქმე, საქმე ადამიანობაშია, – თავი ვერ შეიკავა მზიამ.

– მერე? – დიმიტრიმ ყურადღება არ მიაქცია მზიას რეპლიკას და ძმას გამომცდელად შეხედა, – როგორც ვხვდები, მთავარი სათქმელი არ გითქვამს.

– ჰო, ასეა, – გამოტყდა გიორგი, – მთავარს ახლა გეტყვი: ჩანს, როგორც შენ გუშინ თქვი, სულელები კიდევ არსებობენ ამქვეყნად. ბოდიშს ვიხდი პროფესორის წინაშე და, ერთი „სულელი“ ის აღმოჩნდა...

– მეორე სულელი კი შენ ხარ, ასეა? – მიუხვდა დიმიტრი.

– ჰო, ასეა და, ცოდვა გამხელილი ჯობს, ვამაყობ ჩემი სისულელით. რომ მცოდნოდა, ასეთ სისულელეს ამხელა ბედნიერების შეგრძნება მოჰყვებოდა, აქამდეც არაერთხელ ჩავიდენდი, მით უფრო, რომ ამით, შეიძლება ითქვას, ორი კურდღელი ერთად დავიჭირე – ერთი საცოდავი ადამიანი ფიზიკურ დაღუპვას გადავარჩინე, მეორეს კი ცოდვები შევუმსუბუქე.

– ის მეორე მე ვარ? – გიორგის გასაკვირად, მშვიდად იკითხა დიმიტრიმ.

– ჰო, შენ ხარ. რომ არა შენ, გუგა არც ნარკომანი გახდებოდა და, შესაბამისად, არც ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებოდა.

– გამოდის, რომ ერთი ძმა სამყაროს დამაქცევარია, მეორე კი – კაცობრიობის მხსნელი, – ირონიულად თქვა დიმიტრიმ და მწარედ ჩაეცინა,  – კარგი, იყოს ასე, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მე ამას არასდროს გავაკეთებდი.

გიორგის ნამდვილად არ ეგონა, ასე ადვილად თუ გადაიტანდა დიმიტრი ამ ინფორმაციას და კმაყოფილმა გაიფიქრა, რომ მისი ძმის გულსა და ტვინში, მართალია, ძალიან მცირე დოზით და ნელი ტემპით, მაგრამ, უკვე დაწყებული იყო კათარზისის მაგვარი პროცესი.

მომხდარით გახარებულმა მზიამ, დაძაბულობის განსამუხტავად, გადაწყვიტა, რაღაც მოემოქმედებინა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სადილი სამზარეულოში გააწყო, მერე კაცები სუფრასთან მიიწვია და უთხრა:

– გვეყოფა ემოციები. ახლა ვისადილოთ, ცოტა განვიმუხტოთ და საქმეზე დავილაპარაკოთ.

– რა საქმეზე? – ამრეზით ჰკითხა დიმიტრიმ.

– შენი წერილის საქმეზე.

– ჩემი ადგომა არ შეიძლება, თან, საერთოდ არ მშია.

– ძალიან კარგადაც შეიძლება. წეღან რამდენ ხანს იარე ოთახებში, დაგავიწყდა? მე მოგეხმარები, ნუ გეშინია. სადილი კი აუცილებლად უნდა მიირთვა, ბატონო დიმიტრი, წამლები გაქვს დასალევი.

დიმიტრი ოხვრით დაეთანხმა და საწოლზე წამოჯდა, მერე თვითონვე მივიდა მაგიდასთან, დაჯდა და ძმას შეხედა:

– ახლა რა უნდა ვქნა, განსხვავებული სასმისი მოვითხოვო და ამით შევსვა ჩემი ჰუმანისტი ძმის სადღეგრძელო?!

– არ გინდა ირონიები, დიმიტრი. მე მოვიქეცი ისე, როგორც სინდისმა მიკარნახა და ამით დამთავრდა ყველაფერი. სიმართლე გითხრა, არც კი ვაპირებდი, შენთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, მაგრამ, არ გამომივიდა.

– რატომ არ უნდა მოგეყოლა?

– რა ვიცი, შემეშინდა, ტრაბახში არ ჩამომართვას-მეთქი.

– არა, ტრაბახად არ ჩაგითვლი, ეს შენი სტილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, შენ ორი კურდღელი კი არა, სამი კურდღელი დაიჭირე ერთად.

– მესამე რომელია? – ვერ მიუხვდა გიორგი.

– შეხედე ჩვენს დიასახლისს, როგორი გაბრწყინებული სახით შემოგციცინებს და მიხვდები, – გაეღიმა დიმიტრის, მერე კი ვითომ ხუმრობით თქვა: – ამანაც მიღალატა.

– პირიქით, ყველანი შენზე ვზრუნავთ, – დაყვავებით უთხრა გიორგიმ.

– ჰო, ალბათ, ასეა, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, ცოტა მიჭირს ამის ბოლომდე გაცნობიერება.

– არა უშავს, მთავარია, რომ ეს გაცნობიერება დაწყებულია.

– კარგი, გეყოფათ ამ თემაზე ლაპარაკი, ვისადილოთ და საქმეს მივხედოთ, – ჩაერია მზია და მამაკაცებს წვნიანი დაუსხა.

ემოციების მიუხედავად, ან, შესაძლოა, სწორედ ემოციების გამო, სამივემ გემრიელად მიირთვა მზიას მომზადებული კერძი, მერე დესერტიც დააყოლეს და სავარძლებში გადაინაცვლეს, რომ საქმეზე საუბარი უფრო კომფორტულად განეგრძოთ.

– ესე იგი, – დაიწყო მზიამ, – რადგან გუგასთან ჩემი შეხვედრა მინიმუმ ერთ კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება, ან თორნიკეს უნდა შევხვდე, ან ნუცას, ან – ქალბატონ ნანიტას.

– ერთი კვირა რა ამბავია, აკი ერთ-ორ დღეში უშვებენო? – გააპროტესტა დიმიტრიმ.

– ორ დღეში თუ გამოუშვებენ, მაშინვე ხომ არ ვეცემი, გონზე მოსვლა და ამოსუნთქვა ხომ უნდა ვაცადო? – თქვა მზიამ და დიმიტრის წამალი მიაწოდა, – დალიე, ბატონო დიმიტრი, თორემ, ამ ლაპარაკში კინაღამ დაგვავიწყდა.

 დიმიტრიმ აბი გადაყლაპა, ერთი ყლუპი წყალი დააყოლა და ძმას შეხედა:

– მართალია. შენ რას იტყვი, გიორგი, ჯერ რომლის ნახვა ჯობია?

– სიმართლე გითხრა, არ ვიცი. თუმცა, ალბათ, ჯერ ნანიტასთან დალაპარაკება მეჩვენება უმჯობესი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ, რაც იმ წერილში წერია, ასე პირდაპირ ვერ ვაჯახებთ შენს შვილებს. ჯერ ერთი, ახალგაზრდები არიან და, კაცმა არ იცის, როგორი რეაქცია ექნებათ, როცა იმ წერილის შინაარს გაიგებენ. განსაკუთრებით წინააღმდეგი ვარ, თორნიკემ გაიგოს ეს. როგორია ახალგაზრდა კაცისთვის იმის მოსმენა, რომ დედამ ის სხვა კაცისგან გააჩინა, თუნდაც ეს მტკნარი სიცრუე იყოს?!

– ჰო, მართალი ხარ, ბავშვებმა ეს არ უნდა გაიგონ. მაგრამ, ნანიტასთან დალაპარაკება რა შედეგს მოგვიტანს? რა, აღიარებს, რომ თავიდანვე მღალატობდა და მთელი ცხოვრება თვალში ნაცარს მაყრიდა? – დიმიტრი ამის გაფიქრებაზეც კი ისე აღელდა, რომ სახე წამოუჭარხლდა.

– ერთი რამე მაინტერესებს და გულწრფელად გვიპასუხე: შენ თვითონ, თეორიულად მაინც თუ უშვებ იმ ფაქტს, რომ ნანიტას ღალატი შეეძლო?

– ღალატი ყველა ქალს შეუძლია, ყველაზე წესიერსა და პატიოსანსაც კი, – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.

– მე „ჩვეულებრივ“ ღალატს არ ვგულისხმობ.

– რას ნიშნავს „ჩვეულებრივი“ ან „არაჩვეულებრივი“ ღალატი? – ხელები გაშალა დიმიტრიმ, – ღალატი – ღალატია.

– არა, ღალატსაც აქვს კატეგორიები. არსებობს „რიგითი“, შედარებით მარტივი სახის ღალატი და არსებობს მძიმე, ცხოვრების დამანგრეველი ღალატი.

– და, ყველა ეს კატეგორია, ცხადია, ქალის მხრიდან ღალატის შემთხვევაში განიხილება, – ირონიით შენიშნა მზიამ.

– დიახ, – დაეთანხმა გიორგი, – სამწუხაროდ, ასეა.

– მაშინ, თუ არ შეწუხდებით, დაგვიკონკრეტეთ, ბატონო გიორგი, – გათამამდა ექთანი, – ეს თეორია არასდროს მომისმენია და ძალიან მაინტერესებს.

მზიას თამამმა ცნობისმოყვარეობამ გიორგის შემწყნარებლური ღიმილი მოჰგვარა:

– კი ბატონო, არ დაგზარდებით, რადგან, ამ თემის განხილვამ, შესაძლოა, უფრო მალე მიგვიყვანოს ჭეშმარიტებამდე. მოკლედ, ჩემი აზრით, „რიგითი“, ანუ, შედარებით მარტივ ღალატად გათხოვილ ქალს უთვლიან სხვა მამაკაცთან ფლირტს, ვნებიან მზერას ან კოცნას. გაცილებით უფრო მძიმე კატეგორიაა სხვა კაცთან სექსი, ღალატის „მწვერვალი“ კი, რასაც, სექსთან ერთად, ახლავს თავხედობა, ამაზრზენი სიცრუე და ვერაგობა, არის ის, როცა ქალი ბავშვს აჩენს სხვა კაცისგან, ქმარს კი მთელი ცხოვრება ატყუებს, ანუ, კაცს ეჭვიც კი არ ეპარება, რომ თავისი შვილია. ასეთი საქციელი არის მეძავობა, მრუშობა და უნამუსობა – ერთად აღებული.

– რა გინდა ჩემგან, რატომ მიშლი ნერვებს და რატომ მიხეთქავ გულს? – გაბრაზდა დიმიტრი.

– პირიქით, მინდა ბოლომდე გავაშიშვლო სიტუაცია და ამის შემდეგ გკითხო: შენ ნანიტასთან ერთად დაახლოებით თხუთმეტი წელი ცხოვრობდი და, წესით, კარგად უნდა იცნობდე შენს ყოფილ ცოლს. იყო ის ოდესმე ასეთი რამის ჩამდენი? ოღონდ, კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, უფრო სწორად, მართალი მიპასუხე, ანუ, რასაც სინამდვილეში ფიქრობ. შენს პასუხზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დიმიტრი მართლაც დააფიქრა ძმის სიტყვებმა. შეძლებისდაგვარად გაიხსენა ცოლთან დაკავშირებული ყველა ეპიზოდი, მაგრამ, ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც მის მორალში ეჭვის გაჩენის საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო. თვალდახუჭული იწვა და კარგა ხანს ფიქრობდა, ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაახილა და თქვა:

– ვერაფერი აღმოვაჩინე.

– არასდროს გიეჭვიანია ცოლზე? – ჩაეკითხა ძმა.

– კონკრეტულად არასდროს. მხოლოდ სიმთვრალეში მახსენდებოდა ხოლმე გუგას არსებობა და მაშინ გამკრავდა ხოლმე გულში, ისევ თავის ყოფილ საქმროზე ხომ არ ფიქრობს-მეთქი.

– ფიქრს ვერავის აუკრძალავ, – აღშფოთდა მზია, – თვითონ ლამის ყოველდღე ღალატობდი ვიღაც ქუჩის ქალებთან და იმაზე ბრაზდებოდი, ყოფილ საქმროზე ხომ არ ფიქრობსო?

– მზია, დაწყნარდი, – შენიშვნა მისცა გიორგიმ, – ჩვენ აქ ქალთა უფლებებს კი არ ვიცავთ, სერიოზულ საკითხს განვიხილავთ.

– ბოდიშს ვიხდი, – გაწითლდა მზია და გაჩუმდა, მაგრამ, ძლივს იკავებდა თავს მწარე კომენტარებისგან.

– მერე, რა დასკვნა გამოგქონდა, ფიქრობდა მასზე? ან, რა „დოზით“ ფიქრობდა? – განაგრძო კითხვების დასმა გიორგიმ.

– არანაირი დასკვნის გამოტანა არ დამჭირვებია. ერთხელ პირდაპირ ვკითხე, ფიქრობ თუ არა გუგაზე და ნანობ თუ არა, მე რომ გამომყევი-მეთქი.

– მერე?

– მშვიდად მიპასუხა, გუგაზე ხანდახან ვფიქრობ და ვწუხვარ, რომ ჩემ გამო გაუბედურდა, მაგრამ, არაფერს ვნანობო.

– დაიჯერე მისი სიტყვები?

– მაშინვე.

– თორნიკე დაქორწინებიდან რამდენ ხანში გაგიჩნდათ?

– გიორგი, არ მინდა ინტიმურ წვრილმანებზე სხვების და, თუნდაც, შენი თანდასწრებით ლაპარაკი. წესით, თორნიკე ჩემი შვილია, მაგრამ, ის წერილიც არ მასვენებს...

– საქმე საქმეზე თუ მიდგა, დნმ-ის ანალიზით მარტივად გადაიჭრება ეს საკითხი.

– მართალია, მაგრამ, თორნიკეს რა უნდა ვუთხრა, რატომ მჭირდება ამ ანალიზის გაკეთება-მეთქი?

– ჰო, მართალია, ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით.

– თან, აფანატებს დედამისზე და, ნანიტაზე ოდნავ გადახრილ სიტყვასაც ვერ ვეტყვი.

– კარგი, ეგ სამომავლოდ გადავდოთ, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება გარდაუვალი გახდება. ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს.

– რა მხრიდან? – ვერ მიხვდა დიმიტრი.

– დავუშვათ, ზუსტად იცი, რომ თორნიკე შენი შვილია. ვის უნდა დასჭირვებოდა ასეთი საშინელი ტყუილის თქმა?

– წარმოდგენა არ მაქვს... უფრო სწორად, მე მაინც მგონია, რომ ამაში გუგას ხელი ურევია, – დაფიქრებით თქვა დიმიტრიმ.

– გამორიცხულია, ის წერილი ქალის დაწერილია და ამას მალე დავამტკიცებ, – ჩაერია საუბარში მზია, – ხომ გითხარი, ბატონო დიმიტრი, რომ კაცი ამისთანა ტექსტს არ დაწერდა.

– მაგრამ, ხომ შეიძლება, გუგამ ვინმე ქალს გაანდო თავისი სურვილი და იმანაც „მეგობრული“ დახმარება გაუწია? – თავისას „აწვებოდა“ დიმიტრი.

– მეც ეჭვი მეპარება, რომ იმ წერილის გამოგზავნის თუნდაც ინიციატორი გუგა იყოს, – დაეთანხმა გიორგი მზიას.

– რატომ, გვარიშვილობა შეუშლიდა ხელს? – გაბრაზდა დიმიტრი.

– არა, სხვა რამეშია საქმე.

– მაინც, რაში, რა გამამართლებელი მიზეზი აღმოაჩინე?

– ჯერ ერთი, როგორც გავიგე, გუგა ყველა თვალსაზრისით მარტოხელა და მარტოსული კაცია, ამიტომ, ძალიან საეჭვოა, ჰყავდეს თუნდაც ერთი ისეთი ერთგული ადამიანი, რომელსაც ასეთ რამეს გაანდობდა და, მით უმეტეს – ანდობდა. მეორეც... – გიორგიმ თვალები მოჭუტა და გაჩუმდა.

– რა – „მეორეც“? კიდევ რა „საპატიო მიზეზი” გამოძებნე?

– კი არ გამოვძებნე, ეს მიზეზი ნამდვილად არსებობს.

– თქვი, მერე, რას გადაგვაყოლე ამ გუგას გამართლებას! – ვეღარ მოითმინა დიმიტრიმ.

– საქმე ისაა, რომ, როგორც ირაკლი ქებაძემ მიამბო, დაკითხვაზე გუგა კატეგორიულ უარს ამბობდა, ეხსენებინა ქალი, ვის გამოც მას შენთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ურთიერთობა გაუფუჭდა.

– მერე, რა არის ამაში განსაკუთრებული?

– მაცადე. გარდა იმისა, რომ თვითონ თქვა უარი, თუნდაც თავის გასამართლებლად ეხსენებინა ეს ქალი, გამოძიებასაც კატეგორიულად აუკრძალა მასზე ხმის ამოღება და ეს ისეთი ფორმით გააკეთა, რომ მართლაც ვეღარავინ გაბედა მასთან ქალის თემის წამოჭრა.

– ამით რისი თქმა გინდა? რომ გუგა კარგი ტიპია? თუ, მის რაინდობას უსვამ ხაზს? გამაგებინე, რატომ იცავ, ის არის შენი ძმა თუ მე?

– ნუ მეიაზვები და მომისმინე! – შეუტია გიორგიმ, – არავის არ ვიცავ, უბრალოდ, მომხდარი ფაქტებიდან მინდა დასკვნების გამოტანა.

– მერე, რა დასკვნა გამოიტანე? – ისევ ირონია გაურია ხმაში დიმიტრიმ.

– ის დასკვნა გამოვიტანე, რომ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელიც ასე იცავს ქალს, მეეჭვება... მეეჭვება კი არა, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ იმავე ქალს ჩირქს არ მოსცხებდა, მით უფრო – სხვის გასაგონად.

– ვინ – სხვის?

– თუნდაც შენი, ან, იმ არარსებული „ახლობლის“, ვისაც, ვითომდაც, იმ წერილის დაწერა დაავალა.

ძმის სიტყვებმა დიმიტრი ჩააფიქრა, კარგა ხნის დუმილის შემდეგ კი მზიას მიუბრუნდა და ჰკითხა:

– შენც ეთანხმები გიორგის?

– მე ასეთი ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ, თავიდანვე უარვყავი ეგ მოსაზრება, თუმცა...

– რა – „თუმცა“? – ჩაეჭიდა ბოლო სიტყვას დიმიტრი.

– ის, რომ, შენს დასაწყნარებლად, ბატონო დიმიტრი, გუგასაც და ქალბატონ ნანიტასაც ისეთ კითხვებს დავუსვამ, რომ, უნდათ თუ არ უნდათ, სიმართლეს მეტყვიან.

– ამას როგორ მოახერხებ?

– ეს უკვე ჩემი საიდუმლოა, ამას ვერც ერთს ვერ გეტყვით, – ამაყად თქვა მზიამ.

კაცებს გაეცინათ, მაგრამ მზია არ აჰყვა სიცილში და საქმიანი ხმით იკითხა:

– ანუ, რა გადაწყდა, პირველად ვის ვხვდები?

ძმები გაჩუმნდნენ, ვერ გადაეწყვიტათ, ვისზე გაეკეთებინათ არჩევანი.

– შენ როგორ ფიქრობ, რას გკარნახობს ქალური ალღო, ჯერ ვისთან შეხვედრა ჯობია?

– საერთოდ, ჯობდა, ჯერ გუგას შევხვედროდი, მაგრამ, ერთი კვირის დაკარგვა მენანება, თან, ასე რომ ვისხდეთ, შეიძლება, ერთმანეთს შევასკდეთ ნერვიულობით. ამიტომ, დედა-შვილებს შორის, უმჯობესია, პირველს ქალბატონ ნანიტას შევხვდე.

– მეც ასე მგონია, – დაეთანხმა გიორგი.

– მეც, – თქვა დიმიტრიმ და ძმას ნაძალადევად გაუღიმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3