საბედისწერო ქალი
საბედისწერო ქალი
იულიუს ცეზარი კლეოპატრას ბრძანებით მოკლეს. დიდებული კეისრის ცხოვრებაში მრავლად იყო გაუთვალისწინებელი „გადახვევები“. ის რამდენჯერმე რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. თუმცა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წლის 15 მარტს, მისი აღსასრული მაინც დადგა. მთავარი და ყველაზე საბედისწერო როლი კეისრის წინააღმდეგ შეთქმულებაში ითამაშა ქალმა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.
ფილმებსა და ნაწარმოებებში ცეზარისა და კლეოპატრას სიყვარული გაზვიადებული და რომანტიზმის გარსშია შეფუთული. სინამდვილეში, ამ ურთიერთობაში საკმაოდ იყო პოლიტიკური გათვლა, მით უმეტეს, კლეოპატრას მხრიდან.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 48 წლის ივნისში, ეგვიპტის მმართველთან, პტოლემეუს მეცამეტესთან, რომელიც კლეოპატრას უმცროსი ძმა იყო, ჩავიდა რომის სენატორის, გნეუს პომპეუსის ვაჟი და კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში მამისთვის დახმარება სთხოვა. მათ ეს დახმარება მიიღეს, მაგრამ პომპეუსი მაინც დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა. ეგონა, თავშესაფარს მისცემდნენ, მაგრამ, ფარაონის ბრძანებით, მას თავი მოჰკვეთეს. როცა ცეზარი ეგვიპტეში ჩავიდა, მას მტრის თავი მიართვეს. ცეზარი არ აპირებდა ეგვიპტეში დიდხანს დარჩენას, მაგრამ კლეოპატრას გაცნობის სურვილმა და მისი ძმისგან დაპირებულმა ოქრომ შეაყოვნა. კლეოპატრა ძმასთან ნაჩხუბარი იყო და ალექსანდრიაში, სიცილიელი აპოლოდოსის დახმარებით, ჩუმად შეიპარა. ქალი მივიდა ცეზართან, მუხლებში ჩაუვარდა და ტირილით შესჩივლა ძმა-ქმრის საშინელებების შესახებ. ცეზარმა ვერ გაუძლო კლეოპატრას მომხიბვლელობას და მის ინტიმურ ალერსს (ამას ვერც ერთი კაცი ვერ უძლებდა) პტოლემეუსი ტახტიდან ჩამოაგდო და კლეოპატრა გაამეფა. პტოლემეუსი ჯარით შემობრუნდა ეგვიპტეში, მაგრამ დამარცხდა და გაქცევისას ნილოსში დაიხრჩო. ცეზარი რომში დაბრუნდა ისე, რომ არ დაელოდა მისი და კლეოპატრას შვილის, ცეზარიონის დაბადებას. მალე კლეოპატრა ერთი წლის შვილთან და ფორმალურ ძმასთან, პტოლემეოს მეთოთხმეტესთან ერთად, რომში ჩავიდა. ცეზარმა საყვარელი ქალი თავის მოსასვენებელში დააბინავა. ვენერას ახალ ტაძარში ოქროს ქანდაკებაც კი დაუდგა, მაგრამ კლეოპატრას გაცილებით მეტი უნდოდა – ცეზარზე გათხოვება. რომის დიქტატორის მეუღლეობა ხიბლავდა, ცეზარიც არ იყო ამის წინააღმდეგი. მან გადაწყვიტა, გაყროდა უშვილო ცოლს, წარჩინებულ რომაელ ქალს – კალპურნიეს. მაგრამ, რომაელი დიდებულები ასე არ ფიქრობდნენ. ისინი ვერ იტანდნენ კლეოპატრას. ცეზარს ეუბნებოდნენ, საყვარელი ბევრი შეიძლება გყავდეს, მაგრამ ცოლი ერთიაო... მისდა საუბედუროდ, ცეზარმა კლეოპატრას უთხრა, რომ მზად იყო, ბავშვი თავის შვილად და მემკიდრედ ეღიარებინა. კლეოპატრამ გადაწყვიტა, დაეჩქარებინა მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემის პროცესი. საუკეთესო თანამზრახველი ამ საქმეში პრეტორი მარკ ბრუტუსი აღმოჩნდა, რომელსაც კლეოპატრა უყვარდა. თანაც, ცეზარი ბრუტუსის დედის, სერვილას საყვარელიც იყო... კლეოპატრა, ასევე, დაპირდა ბრუტუსს, რომ პატარა ცეზარიონის რეგენტად დანიშნავდა. ძველი წელთაღრიცხვის 44 წლის15 მარტს ბრუტუსმა შეთქმულთა ჯგუფთან ერთად მოკლა ცეზარი. მაგრამ კლეოპატრას ოცნებას ახდენა არ ეწერა. რომაელებმა ცეზარის შვილიშვილი ოქტავიანე გაამეფეს. ხალხმაც ეს მოინდომა. კლეოპატრა ბავშვთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. ორი წლის შემდეგ ბრუტუსმა თავი მოიკლა, როცა მარკუს ანტონიუსის ლეგიონერებთან დამარცხდა.
კლეოპატრამ რომანი მარკუს ანტონიუსთანაც გააჩაღა. სამი შვილიც კი გაუჩინა, მაგრამ, როცა 30 წლის მარკუს ანტონიუსმა ბრძოლა წააგო ოქტავიანესთან, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე კლეოპატრამაც. ცეზარიონი კი ოქტავიანემ მოაკვლევინა.