ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, დეპუტატთა რა ოდენობის ხმა ესაჭიროება პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცებას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პარლამენტში კანონპროექტი მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის მიღების სხვა წესი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დეპუტატთა რა ოდენობის ხმა ესაჭიროება პარლამენტში ორგანული კანონის პროექტის დამტკიცებას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის აქვს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლის უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე და რა სახით ხორციელდება ამგვარი გარიგებები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ შემთხვევაში, ძველი მფლობელი ვალდებულია, ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. ძველი მფლობელი, ასევე, ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს მოთხოვნის დათმობა და როგორ ხორციელდება, რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მოთხოვნის დათმობა მოვალისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოთხოვნის მფლობელს, ანუ კრედიტორს, შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს, რასაც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ეწოდება „მოთხოვნის დათმობა.” მოთხოვნის დათმობით ხდება საკუთრების შეძენა ამ უფლებაზე. მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით და, ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებებით სარგებლობს მოვალე მოთხოვნის დათმობისას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, სანამ მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს, შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე, ანუ, გადაიხადოს ვალი.