ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მომაწოდეთ ინფორმაცია ტრიქოფიტოზის შესახებ?
პასუხი: ტრიქოფიტოზი ძაღლებში ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არაა თმის საფარველი, ან არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. კლინიკური ნიშნებიდან, მიკოსპოროზისგან განმასხვავებელი ისაა, რომ ხასიათდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშვება ფუფხის საკმაოდ სქელი შრე, რის გამოც ღრმად ზიანდება კანის საფარველი, გამოჯანმრთელების შემდეგ კი საერთოდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან, რომელიც კლინიკური ნიშნების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. სამკურნალოდ გამოიყენება: დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები. მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან აღნიშნული პრეპარატები გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით და ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები. დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ძაღლს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია; გარდა ამისა, უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით; ასევე, მკაცრად უნდა დაიცვათ სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები მოვლა-შენახვისას და მოარიდოთ თქვენი ძაღლი ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.
კითხვა: ჩემს ძაღლს ბეწვი არ უბზინავს. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ, ცხოველის ბეწვის ბზინვარება პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან. ამიტომ, თუ ძაღლის ბეწვი არ ბზინავს, ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. გარდა ამისა, ცხოველის ბეწვის და თმიანი საფარველის მდგომარეობა დამოკიდებულია დაბალანსებულ კვებაზე. რაციონში რომელიმე საკვები ინგრედიენტის უკმარისობა, იქნება ეს მიკრო თუ მაკროელემენტები, ვიტამინები, პროტეინები და ასე შემდეგ, ადრე თუ გვიან, თავისებურ ზეგავლენას ახდენენ ბეწვის საფარველის საერთო მდგომარეობაზე. ჯანმრთელ და სწორად ნაკვებ ცხოველს ყოველთვის უბზინავს ბეწვი. ძაღლის ბეწვის მდგომარეობის შეფასების ნიშნებია: ბზინვა, სიფაფუკე, მოქნილობა და ცხიმოვანი ნადების რაოდენობა.
კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლის დაბანა ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნით?
პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლისა და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ისეთი, რომელიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ, რომ ძაღლის დასაბანად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის შამპუნის გამოყენება.