კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოლოლაკის რომელი სახლის სარდაფში აღმოაჩინა „კაგებემ“ დახვრეტილი კულაკის ქონება

დივერსანტი

1942 წლის 22 ივნისს, ანუ, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, თბილისში, სოლოლაკში, ღამის 3 საათზე, სამხედრო კომენდატურის პატრულმა ოცდახუთიოდე წლის მამაკაცი დააკავა. ის ვიწრო ჩიხში იმ დროს აიყვანეს, როდესაც პატრულის დანახვაზე გაქცევა სცადა. მას კარლო ჯელიძის სახელზე დამზადებული ყალბი საბუთი აღმოაჩნდა. ყველაზე საეჭვო კი ის იყო, რომ დაკავებულს ძველი თბილისის რაიონის რუკა უპოვეს. რუკა უმაღლესი სიზუსტით იყო შესრულებული, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ის პროფესიონალის მიერ იყო დამზადებული. თავის ახსნა-განმარტებაში დაკავებულმა დაწერა, რომ არ ახსოვდა, საიდან და როგორ ჩამოვიდა თბილისში, რუკა კი ქუჩაში იპოვა. საეჭვო მამაკაცი „ენკავედეში“ გადაიყვანეს. იქ ის სათანადოდ დაამუშავეს, რის შემდეგაც აღიარა, რომ წარმოშობით ქუთაისიდან იყო და თბილისში ფაშისტური გერმანიის დაზვერვის დავალებით გამოგზავნეს, რათა სტრატეგიული ობიექტები აეფექთებინა. დაკავებულის თქმით, სინამდვილეში ის ივანე ჩხეიძე იყო, თავად ბეკინა ჩხეიძის ძმისშვილი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯერ საფრანგეთში გაიქცა, შემდეგ კი – გერმანიაში. ეს ვერსია უფრო დამაჯერებელი ჩანდა, მაგრამ, დიდ ნდობას არც ის იმსახურებდა. ამიტომ, ის შინაგან ციხეში მოათავსეს, მისი მონათხრობის გადამოწმებას შეუდგნენ და სისხლის სამართლის საქმე დივერსიის მუხლით აღძრეს. ამ საქმეს კაპიტანი იური მუმლაძე იძიებდა. ის თითქმის ყოველდღე აკითხავდა პატიმარს ციხეში და საათობით ესაუბრებოდა. 

1942 წლის 6 ივლისს კაპიტანი მუმლაძე დაკავებულს საკანში ღამის პირველ საათზე ეწვია.  ერთი საათის შემდეგ კი უკან გაბრუნდა. დილით, როდესაც ბადრაგი შეიცვალა, დაკავებული დივერსანტის საკანში გაკოჭილი ზედამხედველი აღმოაჩინეს, თავად პატიმარი კი არსად ჩანდა. მოიკითხეს კაპიტანი მუმლაძეც, რომელიც ვერსად იპოვეს და დაასკვნეს, რომ ივანე ჩხეიძე მან გააქცია ციხიდან და თვითონაც მასთან ერთად გაუჩინარდა. მუმლაძის კოლეგებს ძალიან უკვირდათ, რამ აიძულა ის, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. აღიძრა საქმე მუმლაძის წინააღმდეგაც, თუმცა ის მალევე დახურეს და საქმე არქივში გაგზავნეს.

განახლებული საქმე

მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, ოკუპირებული გერმანიის ტერიტორიიდან საბჭოთა უშიშროებამ უამრავი საიდუმლო დოკუმენტი გამოიტანა. მათ შორის იყო საბჭოეთის ტერიტორიაზე შეგზავნილ აგენტთა სია და მათთვის მიცემული დავალების აღწერა, რომლებსაც აგენტების ფოტოებიც თან ერთვოდა, რომელთა შორის ვინმე ანტონ ვასაძის ფოტოც იყო. იქვე ეწერა, რომ კულაკ ვასილ ვასაძის შვილი, ანტონი, საქართველოში იქნა გამოგზავნილი, ეგრეთ წოდებული 31-ე ქარხნის მოსაძებნად და მასზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. ფაშისტებს სმენოდათ, რომ თბილისში 31-ე ქარხანა ფუნქციონირებდა და, სურდათ, გაეგოთ, თუ რა სამხედრო დანიშნულება ჰქონდა ამ ობიექტს. ეს საქმე თბილისში გადმოგზავნეს და „ენკავედეს“ დავალება მიეცა, რომ გაუჩინარებული კაპიტან მუმლაძისა და ჯელიძე-ჩხეიძის, სინამდვილეში კი, ანტონ ვასაძის საქმის გამოძიება განეახლებინათ. ეს საქმე არქივიდან ამოიღეს, მაიორ ნოე გუმბერიძეს გადასცეს და 1945 წლის 19 ნოემბერს საქმის წარმოება განახლდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუმბერიძე გამოცდილი ჩეკისტი იყო და არაერთი სერიოზული საქმე ჰქონდა გახსნილი, დივერსანტის საქმეში დიდი ვერაფერი პროგრესი ჰქონდა. მან მისხალ-მისხალ შეისწავლა როგორც გერმანული დაზვერვის საბუთები, ისე დივერსანტის საქმე და დაასკვნა, რომ ვასაძე თბილისში სულ სხვა მიზნით იყო ჩამოსული, რაც გერმანიის დაზვერვამაც კი არ იცოდა და რომ ის პირადი მოსაზრებებით მოქმედებდა. გუმბერიძემ შესაბამისი პატაკი დაუწერა თავის უფროსს, გენერალ მოხინს, რომელმაც ის გამოიძახა და ჰკითხა:

– ნოე პეტროვიჩ, მაინც, რას ფიქრობთ, რა პირადი მიზნებისთვის ჩამოვიდა ვასაძე თბილისში 1942 წელს?

– ამხანაგო გენერალო, მე ამ საკითხზე რამდენიმე ვერსია მაქვს, რომლებიც უნდა გადამოწმდეს. ყველაზე სწორი კი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ვასაძე თბილისში რაღაც დამალულ ნივთს ეძებდა.

– დამალულს?

– დიახ, ამხანაგო გენერალო და, ვფიქრობ, რომ ეს  ქონება უნდა იყოს. მან, უბრალოდ, გერმანელები თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და, რადგან ასე გარისკა და თავის სამშობლოში დივერსანტად დაბრუნდა, ამის სერიოზული მიზეზიც გააჩნდა. მას ძველი თბილისის რუკა აღმოაჩნდა, რომელიც სრულიად უსარგებლო იყო მისი დავალების შესასრულებლად, რაც 31-ე ქარხნის აღმოჩენას ითვალისწინებდა, თანაც, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის შინაგანი ციხიდან კაპიტანმა მუმლაძემ გამოიყვანა, კაპიტანი კი შემოწმებული თანამშრომელი იყო. როგორც ჩანს, ვასაძე მას დიდ ქონებას დაჰპირდა და ისინი გამდიდრების მიზნით გაიქცნენ.

– ჭკვიანურია. იმოქმედეთ!

ნოე გუმბერიძემ „კულაკ“ ვასილ ვასაძის საქმე შეისწავლა, რომელიც 1934 წელს დახვრიტეს და დაადგინა, რომ მას „ენკავედე“ საგვარეულო ძვირფასეულობასა და მოგვიანებით შეძენილ ალმასებს სთხოვდა, ვასილი კი ამას უარყოფდა და ამიტომაც დახვრიტეს.

საბუთების მიხედვით, კულაკი ვასაძე სოლოლაკში ცხოვრობდა, თუმცა, საცხოვრებლის მისამართი საქმეში არ იყო აღნიშნული.

– აი, რას ეძებდა ანტონ ვასაძე თბილისში და რატომ ჰქონდა მას ძველი ქალაქის რუკა, – თქვა გუმბერიძემ და დივერსანტის საქმიდან ამოღებულ რუკას დახედა, რომელზეც არანაირი საგანგებო აღნიშვნები არ იყო...

ოცი წლის შემდეგ

„დივერსანტის საქმე“ უკვე მეორედ გაგზავნეს არქივში, რადგან, ვერ მოხერხდა მისი ბოლომდე გამოძიება, თუმცა, გაქცეულ ვასაძესა და მუმლაძეზე გამოცხადებული ძებნა ძალაში იყო... 1965 წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კალინინის (მთაწმინდის) რაიონის მილიციაში მაწანწალა მოიყვანეს, რომელიც სოლოლაკში, მაჩაბლისა და ენგელსის ქუჩების კუთხეში დააკავა მილიციამ. „ბასიაკობა“ იმ პერიოდში არავის უკვირდა და თუკი არაფერს აშავებდნენ, მათ ხელს არავინ ახლებდა. ყველა უბანს თავისი მაწანწალა ჰყავდა, მათ უბნის მილიციელები კარგად იცნობდნენ და მწვანეპალტოიანი მაწანწალა სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ ის უცნობი იყო. უბნის ინსპექტორმა ჯონდო კირვალიძემ თმა და წვერგაბურძგნილი უცნობი „ბომჟი“ მილიციის სამორიგეოში მიიყვანა. როცა გაჩხრიკეს,  მას მათემატიკის რვეულის ფურცელზე დახატული რუკა აღმოუჩინეს, რომელზეც მთაწმინდისა და სოლოლაკის ქუჩები იყო აღნიშნული. მილიციელებმა „ბომჟის“ გაშვება დააპირეს, მაგრამ, კუსტარულმა რუკამ ისინი დააეჭვა, ამიტომ, დაკავებული დაკითხეს. მან თქვა, რომ ფურცელი ქუჩაში იპოვა და იმიტომ აიღო, რომ ტუალეტის ქაღალდად გამოეყენებინა. დაკავებული სამორიგეოში გააჩერეს, რუკა კი შეინახეს, შემდეგ მას სურათი გადაუღეს და მისი ფოტო უშიშროების კომიტეტში გაგზავნეს. მაშინ ასეთი წესი იყო: თუ ნებისმიერ დაკავებულს რამე ტოპოგრაფიულ ან აღნიშვნის მქონე ნივთს უპოვნიდნენ, მისი მონაცემები „კაგებეში“ მოწმდებოდა.  

მეორე დილით კალინინის მილიციის განყოფილებაში „კაგებეს“ მაიორი მერაბ კოროშინაძე მოვიდა და მორიგე ლობჟანიძეს წინა დღით დაკავებული „ბომჟის“ წარდგენა მოსთხოვა. ლობჟანიძე გაფითრდა და მაიორს ენის ბორძიკით მიუგო:

– ის გავუშვი. ისე ყარდა, კინაღამ გავიგუდე.

 მორიგე ლობჟანიძე გამოუცდელი მილიციელი იყო, თავის ცხოვრებაში მესამე მორიგეობას იმ დილით შეუდგა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ბომჟმა“ მას თავი შეაცოდა...

– კრეტინო! – აღშფოთებას ვერ მალავდა კოროშინაძე, – ის ხომ ძებნილი ჯაშუში-დივერსანტი იყო!

„კაგებეში“ წინა დღით გაგზავნილმა სურათმა შედეგი გამოიღო – „ბომჟში“ ძებნილი ვასაძე ამოიცნეს.

იმავე დღეს ფეხზე დადგა მილიციისა და „კაგებეს“ მთელი ოპერატიული შემადგენლობა და, 3 დეკემბერს, დილით, ძებნილი ანტონ ვასაძე თბილისში, მთაწმინდის ტყეში დააკავეს. მას „ბომჟის“ სამოსი აღარ ეცვა, სუფთა ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და წვერიც გაპარსული ჰქონდა. ის „კაგებეში“ მიიყვანეს და ვასაძემ აღიარა, რომ მამამისის ქონებას ეძებდა, რომელიც სოლოლაკში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში იყო გადამალული. ვასაძესთან ერთად ძებნაში „კაგებეც“ ჩაერთო და, ჭონქაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის ქვეშ, დაჟანგული რკინის კასრში კულაკ ვასილ ვასაძის საგვარეულო ძვირფასეულობა და 15 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინეს.

ანტონ ვასაძემ აღიარა, რომ კაპიტანი მუმლაძე მან მოკლა და ავლაბარში, ერთ-ერთ ეზოში დამარხა, სადაც ისინი დროებით ცხოვრობდნენ. ვასაძე დახვრიტეს, მამამისის ქონება კი სახელმწიფო ბანკს ჩააბარეს.

 

скачать dle 11.3