რძის ნაწარმის დიეტა
ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგში რძის ნაწარმი უპირობოდ იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს. ამიტომ, ხშირად ჩართეთ მენიუში რძე, ყველი, მაწონი, იოგურტი და ხაჭო, მით უფრო, თუ მკაცრად იცავდით მარხვას.
ყველი აბსოლუტური რეკორდსმენია კალციუმის შემცველობის თვალსაზრისით. ამ მინერალის სადღეღამისო ნორმა 150 გრამია. კალციუმის გარდა, ყველი შეიცავს: A, B, E, PP ვიტამინებს; ამინომჟავებს, ცხიმმჟავებს, ფოსფორს, კალიუმს, სელენსა და თუთიას. ცილები კი მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცსა და თევზში – დაახლოებით 20 პროცენტი. ამასთან ცილებს ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს ყველიდან, ვიდრე უშუალოდ რძიდან. ოღონდ, უნდა გახსოვდეთ, რომ მოუხდელი ყველი საკმაოდ კალორიული პროდუქტია – 100 გრამში 300-400 კილოკალორიაა. ამიტომ, დიეტის დროს მიირთვით უცხიმო და უმარილო ყველი.
ექიმებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის კალციუმის სადღეღამისო ნორმა 1 200 მილიგრამია. ამ რაოდენობით მისი მიღება კი შესაძლებელია, თუ ყოველდღე შემდეგი რაოდენობით მიირთმევთ რძის პროდუქტებს დილით, საუზმეზე – 1 ნაჭერი ყველი; სადილზე – 1 ჩაის ჭიქა რძე ან მაწონი (უცხიმო კეფირი), ვახშამზე კი 1 ჩაის ჭიქა იოგურტი.
ცნობისთვის, დღეში 1 ჩაის ჭიქა რძის მიღება 37 პროცენტით ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
იოგურტი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისი ორგანიზმიც ვერ იტანს ლაქტოზას. იოგურტის ფერმანტაციის პროცესში ლაქტოზის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, ამიტომ, შედეგების ნუ შეგეშინდებათ. იოგურტში შემავალი აქტიური კულტურები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე, ანელებენ დაბერების პროცესს, ამცირებენ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ შეარჩიოს ყველაზე სასარგებლო იოგურტი. გახსოვდეთ, რომ შეფუთვაზე ხაზგასმით უნდა იყოს მითითებელი ბიფიდო და ლაქტობაქტერიების შემცველობის რაოდენობა. ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას: რაც უფრო ხანგრძლივია ის, მით ნაკლებია მასში სასარგებლო აქტიური მიკროფლორა. იდეალური ვარიანტია, თუ პროდუქტზე მითითებული შენახვის ვადა 5-7 დღეა, მაგრამ, ვარგისიანობის ასეთი ხანგრძლივობის მქონე იოგურტს, შესაძლოა, იშვიათად წააწყდეთ. ამიტომ, არ შეიძინოთ ის, თუ ეს ვადა 30 დღეს აღემატება. ძვლების გასამაგრებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად ხილიანი იოგურტი ასევე სასარგებლოა, როგორც ჩვეულებრივი.
თუ შენახვის ხანგრძლივობა გარკვეულ უნდობლობას იწვევს თქვენში, შეგიძლიათ, იოგურტიც და კეფირიც ჩვეულებრივი შინაური მაწვნით ჩაანაცვლოთ, ოღონდ, ნაღები აუცილებლად მოხადეთ. კარგი ვარიანტია, თუ მაწონში ჩაყრით თქვენთვის სასურველ ხილს ან კენკრას და დააბლენდერებთ ან აუთქვეფავს მიირთმევთ (ცხადია, უშაქროდ).
ხაჭოც, ასევე, დიეტური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გარდა იმისა, რომ სავსეა უამრავი ვიტამინითა და მიკროელემენტრით, ხაჭო აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, ამაგრებს ძველებს და კბილებს, აუმჯობესებს თმის ხარისხს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.
რძის პროდუქტის შემადგენლობაში შედის 250 სასარგებლო ელემენტი. რძის ნაწარმი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის უჯრედებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს რძეს (მაწონს, კეფირს, იოგურტს), შესამჩნევად უუმჯობესდებათ მეხსიერება და ლოგიკური აზროვნება.
ამიტომ, გარდა იმისა, რომ აუცილებელია რძის ნაწარმის თუნდაც მცირე რაოდენობით მიღება, გირჩევთ, შეარჩიოთ რძის პროდუქტებიდან თქვენთვის ყველაზე სასურველი და კვირაში ერთხელ მოაწყოთ განტვირთვის დღე. სასურველია, თუ ყოველ მომდევნო კვირას ჩანაცვლების პრინციპს გამოიყენებთ, მაგალითად, თუ ამ კვირაში განტვირთვის დღეს მხოლოდ რძე სვით, შემდეგ კვირას ის მაწვნით შეცვალეთ, მომდევნო კვირას – ხაჭოთი, შემდეგ – იოგურტით ან კეფირით და ასე შემდეგ.