მოქმედებს თუ არა ბედზე უარყოფითად არასწორ დროს შეცვლილი იმიჯი და რაზე აგებს პასუხს ადამიანის თმის ვარცხნილობა
წინასწარმეტყველების უნარი და გამძაფრებული ინტუიცია, ზოგადად, ყველა ადამიანს გააჩნია. თუმცა, ეს ორივე, გარკვეულ დღეებში იმატებს და თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ თავს, მიხვდებით, როგორ გადადგათ მისი წყალობით სწორი ნაბიჯები. ასე რომ, ინტუიციასა და წინასწარმეტყველებაზე ორიენტირება ჩვენთვის ერთგვარი წარმატების გარანტია. როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი ნია ამბობს, არ არის გამორიცხული, ადამიანმა ერთ დღეს შეამჩნიოს, რომ განსაკუთრებულად უმართლებს, გამორჩეული ნიჭი აქვს და წინასწარ ხვდება რა მოელის ცხოვრებაში. ამაში კი საკუთარი იმიჯიც გეხმარებათ და თუ მას სწორად შერჩეულ დროში შეიცვლით, ჩათვალეთ, გამართლების წინაშე დგახართ.
ნია: სამწუხაროდ, ადამიანები ვერ ერკვევიან საკუთარ შესაძლებლობებში. არადა, მთავარია, ყველაფერს კარგად დააკვირდეთ, ყველა მოვლენა გააანალიზოთ, გარემოებებზე მეტად იყოთ ორიენტირებული და მიხვდებით, იმაზე მეტი შეგიძლიათ გააკეთოთ, ვიდრე დღეს აკეთებთ.
– ის, რომ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს წინასწარმეტყველების უნარი და ამის წყალობით, შეგვიძლია, წინასწარ განვჭვრიტოთ შესაძლო მოვლენები ცხოვრებაში, რეალობაა?
– დიახ, დამიჯერეთ, წინასწარმეტყველების უნარი ყველას აქვს, რასაკვირველია, ზოგს გამძაფრებულად, ზოგს კი – შედარებით ნაკლებად. ზემოდან, ანუ სამყაროს ზედა ფენიდან, ადამიანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებს. თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ და შეგრძნებებსაც ყურს დაუგდებთ, მეტად დაძაბავთ გონებას, მაშინ მოსალოდნელი საფრთხის წინასწარგანჭვრეტა, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შესაბამისად, ამ დროს უფრო ფრთხილად იქნებით და ასე, ბევრ უსიამოვნებასაც აირიდებთ თავიდან.
– გავრცელებული მოსაზრების თანახმად, წინასწარმეტყველური შეგრძნებები და გამძაფრებული ინტუიცია ადამიანს გენეტიკურად დაჰყვება. რეალურია ეს მოსაზრება, თქვენი აზრით?
– გამძაფრებული ინტუიცია თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები, სწორედაც რომ, გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. თუ თქვენს რომელიმე წინაპარს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, არ არის გამორიცხული, გენეტიკური კოდის წყალობით, ის თქვენშიც ამოქმედდეს და ერთ დღესაც ეს ნიჭი საკუთარ თავშიც აღმოაჩინოთ. ასევე, მოსალოდნელი საშიშროების დროს, დედას შვილის მიმართ უმძაფრდება ინტუიცია და წინასწარ გრძნობს საფრთხის მოახლოებას. გამძაფრებული დედობრივი ინტუიცია ისეთი ფენომენია, რომელზე საუბარიც კი, ზედმეტია. ანუ, როცა შვილს საფრთხე ელის, ამას დედა ქვეცნობიერად გრძნობს, ორგანიზმი მინიშნებებს აძლევს. შეიძლება, უეცრად გული აუჩქარდეს, წნევა დაეცეს, თავის საშინელი ტკივილი დაეწყოს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, დედამ შვილის შესაძლო საფრთხე არა ტკივილით, არამედ მოუსვენრობით იგრძნოს – აფორიაქდეს, ან რომ იტყვიან, ადგილი ვერ იპოვოს.
– დადგა გაზაფხული, დათბა და ყველა ცდილობს, ფორმაში იყოს, შეიცვალოს იმიჯი, თმის ვარცხნილობა. თუმცა, არსებობს დღეები, როცა იმიჯის შეცვლა სარისკოა. მიუხედავად ამისა, არასდროს ვაკვირდებით – რა დღე, რომელი საათი და დღის რომელი მონაკვეთია. ეს თუ მოქმედებს ადამიანის ბედზე და მართალია, რომ ამბობენ, იმიჯის შეცვლა შესაფერის დროს უნდა დაამთხვიოო?
– დიახ, უნდა მოერიდოთ თმის შეჭრას არასასურველ პერიოდში, რადგან ამას ზიანის მოყენება მართლაც შეუძლია. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სტილისტთან წასვლა თქვენთვის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა და რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. ასევე, არც კვირას ვარგა თმის შეჭრა. პარასკევსა და კვირა დღეს თმის შეჭრა იმიტომ არ ვარგა, ამით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ბედ-იღბალსა და კარიერას უქმნით გარკვეულ საფრთხეს. ამ დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც. თუ თმას მზარდი მთვარის პერიოდში შეიჭრით, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში – მაშინ შედარებით გვიან. მაგალითად, თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს, ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ, წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში. ასევე, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს და ფრიად მომხიბვლელს გაგხდით. პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. თანაც, ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. კვირის დღეებიდან კარგია თმის შეჭრა შაბათს. ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ მარტოობა, დეპრესია და გაიჩინოთ თანამოაზრეები. შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ, გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. თუ დამიჯერებთ და კვირას არ შეიჭრით თმას, მაშინ უახლოეს მომავალში აცდებით მთელ რიგ უსიამოვნებებს. კვირა დღეს თქვენი და თქვენი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ამის გაწყვეტა და შესუსტება თმის მოჭრით, სწორედ კვირას ხდება და ამას კატეგორიულად არ გირჩევთ. მაგრამ, თუ არ გაითვალისწინებთ და კვირას მაინც შეიჭრით თმას, შეიცვლით ვარცხნილობას, მაშინ იცოდეთ, ამით კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. ასე რომ, თუ ზედმეტი პრობლემა და ბარიერი არ გსურთ ცხოვრებაში, კვირა დღეს არ უნდა დაგეგმოთ თმის შეჭრა.
– მსმენია, თითქოს, საკუთარი ხელით მოჭრილ თმას უბედურება მოაქვს. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება, რადგან, მას უბედობა და პრობლემები ახლავს თან. ეს სიცოცხლის შემოკლებასაც კი უწყობს ხელს და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. არც მზის ჩასვლის შემდეგ ვარგა თმისა და ფრჩხილის მოჭრა-დამოკლება. ასევე, კვირა დღეს არ ვარგა ფრჩხილის მოჭრა და არც იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოევლინეთ.
– რომელ დღესაც დავიბადეთ, იმ დღეს რატომ არ ღირს ფრჩხილის მოჭრა?
– ამით თქვენსავე ბედნიერებას შეებრძოლებით და ხელს შეუშლით საკუთარ კეთილდღეობას. სხვათა შორის, კონკრეტული თმის ვარცხნილობაც აგებს პასუხს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობაზე. მაგალითად, უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარე სამყაროსთან, მარცხნივ და უკან გადავარცხნილი – ლოგიკურ აზროვნებაში გვეხმარება, გაშლილი – უდარდელობის ნიშანია და გოგონა ან ქალბატონი საპირისპირო სქესის მეტ დაინტერესებას იწვევს. ხვეული და გაშლილი თმა ადამიანს წარმატებას ჰპირდება საქმიან სფეროში. ზოგადად, თმა ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ის ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და მოწესრიგებაში გვეხმარება. თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას და ინახავს ჩვენს წარსულსა და აწმყოს. ეს ყოველივე კი ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას.