კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა ვახტანგ რაზმაძემ ცნობილი „შამპანურის ბოთლებისა” და „თაგვების” საქმეები

„...საერთოდ მკაცრი ვარ, მაგრამ არაჩვეულებრივად ლმობიერი, როცა სიმკაცრე გამივლის. მომენტალურად მიყვარს რეაგირება დარღვევაზე. შეიძლება, რეაქცია გადაჭარბებული იყოს, მაგრამ არა მრცხვენია, რომ ჩემ მიერ შერისხული ადამიანი რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიყვანო, მოვეფერო და მასთან ადამიანური ურთიერთობა გავაგრძელო... ის, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, თითქოს ვიღაც ძალიან მკაცრად დავსაჯე, რაზმაძე სადისტია და სხვა, ეს ყველაფერი ჭორია... დესპოტი არა ვარ!.. პროკურატურის ორგანოებში 33 წელი ვიმუშავე და პროფესიონალიზმისთვის არასოდეს მიღალატია!..”

ყველა დროის საუკეთესო პროკურორი, პროკურატურის პატრიარქი... ასეთად მოიხსენიებს ვახტანგ რაზმაძეს საზოგადოების, ძველი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ერთი ნაწილი, როცა კი ლაპარაკი მასზე ჩამოვარდება, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ყველაზე უხეში, საბჭოთა კავშირის უბეში გამოწვრთნილი, ბერიას ანალოგი გენპროკურორი იყო – მან ქვეყნისა თუ ცალკეული პიროვნებების ცხოვრებაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა და უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო. ასეა თუ ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანის ცხოვრება, როგორც პროკურორის, უდავოდ საინტერესო ეპიზოდებით არის სავსე და ჩვენც ამ დღიურებს აქედან ვიწყებთ. მაშ ასე, „რაც მითქვამს და დამიწერია”               

„თუ რაიმე შეცდომას უშვებდნენ მართლმსაჯულების ორგანოები, ყველაფერს პროკურატურას აბრალებდნენ” 

...დავიწყოთ რეფორმით, რომელიც გატარდა პროკურატურის ორგანოებში. ჩემის აზრით, ეს რეფორმა (მისი ნაწილი მაინც) აუცილებლად გასატარებელი იყო, რომ პროკურატურა გათავისუფლებულიყო იმ ზედმეტი ტვირთისა და მოვალეობისგან, რომელიც პოლიციასა და სასამართლოს საშუალებას აძლევდა, თავიანთი ყველა ცოდვა პროკურატურისთვის  გადაებრალებინათ... მაგალითისთვის: იყო ერთი ცნობილი ბანდიტი, არაადამიანური ძალის მქონე დურუ ხურცილავა. მას ჩადენილი ჰქონდა მრავალი ძარცვა, მკვლელობა, ყაჩაღობა. გამოძიების პროცესში ის მოთავსებული იყო თბილისის იზოლატორში, მაგრამ იზოლატორის ადმინისტრაციამ და შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ ვერ მოუარეს. ხან კამერის კარებს ჩამოხსნიდა, ხან ონკანებს მოუშვებდა და კამერებს წყლით აავსებდა, დაბადების დღე გადაიხადა ციხეში და შემწვარი გოჭები და ნაძვის ხე მიართვეს. ერთხელაც თავისი სხეულის ერთი უხერხული ადგილი მაგიდაზე ლურსმნით მიაჭედა. შს სამინისტრომ სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, ფოთის ციხეში გადაიყვანა, სადაც ციხის ადმინისტრაციამ, მისი გული რომ მოეგოთ, ყველა კამერის გასაღები ჩააბარა და რასაც  უნდოდა იმას აკეთებდა. როცა სურვილი ჰქონდა, ქალაქში გამოდიოდა სასეირნოდ და საქეიფოდ. ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე პატიმარი ქალი გააუპატიურა. ციხის უფროსს ტაბელური „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი წაართვა და წავიდა ციხიდან... შს სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის თითქმის არაფერი უთქვამთ იმ უმწეობისთვის, რასაც მის მიმართ ციხეებში იჩენდნენ. რესპუბლიკის პროკურორი ტაკიძე და მისი მოადგილე ჯიბლაძე კი დასაჯეს იმისთვის, რომ მისი საქმის გამოძიება გაჭიანურდა...

*** 

...ფაქტები ასეთია და დაინტერესებულ პირებს მისი სინამდვილის გადამოწმება ყოველთვის შეუძლიათ. მე არ ვარ ის კაცი, რომ თავის მართლება დავიწყო, თუ შეცდომა მაქვს დაშვებული. მაგრამ, არც ისეთი ვარ, ვინმეს რაიმე ვაპატიო თუ დაუმსახურებლად შეეცდება ჩემი სახელის გატეხვას!.. 

...ჩემი მუშაობის პერიოდში არასოდეს მიცდია, ვინმესთვის ფეხი ამეწყო. ვიყავი კანონიერების განხორციელებაზე ზედამხედველი-პროკურორი, ვიცავდი კანონის მოთხოვნას და ეს რამდენად აწყობდათ ხელმძღვანელებს, მათი გადასაწყვეტი იყო... პრობლემები, როგორც პროკურორს, ხელმძღვანელობის მხრიდან, კომუნისტების დროს, გამსახურიდას დროს და მის შემდეგაც ერთნაირი მქონდა. კანონი და მისი დაცვა არც ერთ ხელმძღვანელს არ უყვარს... ამიტომ, ჩემი როლი ძალიან მძიმე გახლდათ. ხშირად იყო იმის მცდელობა, უდანაშაულო ადამიანები დაეპატიმრებინათ, ამიტომაც მიძნელდებოდა მუშაობა. ყოველთვის მზად ვიყავი, თუ ჩემს პრინიცპებს ვერ გავიტანდი, უარი მეთქვა თანამდებობაზე, მაგრამ ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და 99 პროცენტი ყოველთვის გამქონდა. როცა ვეღარ შევძელი ჩემი პრინციპების გატანა, მუშაობასაც თავი დავანებე. გამსახურდია თავის მოწოდებით, ყველაზე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ადამიანის უფლებების დამცველი. ხელისუფლებაში მისი მოსვლით იმიტომ იყო აღფრთოვანებული ხალხი, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, სამართლიანობა გაიმარჯვებდა... მას არავის აზრის გაზიარება არ სურდა და რასაც თვითონ აკეთებდა, მხოლოდ ის მიაჩნდა სიმართლედ... როცა კომუნისტების დროს პროკურორი ვიყავი, ის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. გვქონდა შეხვედრები და მან იცოდა ჩემი დამოკიდებულება კანონის დაცვისადმი... ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო, თითქმის ყოველდღიური შეხვედრები მქონდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და მის აქტიურ მონაწილეებთან... ეს ის პერიოდია, როცა რესპუბლიკის პარტიული, საბჭოთა და სამართლადამცავი ორგანოები უდიდეს ზეწოლას განვიცდიდით ამ პირებისგან... 

...საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ ოსაძემ მთხოვა გადამეცა მისთვის იმ პირთა სია, ვის დაპატიმრებასაც ითხოვდა ჩემგან გამსახურდია, თუ ასეთი გამაჩნდა. ეს სია ჩემთან იყო და გადავეცი ბატონ მიხეილს. გაზეთმა „საქართველომ” 1997 წლის 2-5 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა ეს სია, ხოლო ამავე გაზეთის მომდევნო ნომერში გამოქვეყნდა ნოდარ ნათაძის კომენტარი ამ სიასთან დაკავშირებით, სადაც ის წერს: „მე ამ სიის შესახებ დამატებითი მასალა მაქვს. ეს სიყალბე შეთხზულია საქართველოს პროკურატურაში ან გადაცემულია საქართველოს პროკურატურისთვის იმ მიზნით, რომ იმდროინდელი ხელისუფლების არადემოკრატიული ბუნება დაამტკიცოს... რაზმაძე, მართალია, პრეზიდენტ გამსახურდიას ხელქვეითი იყო, როგორც გენერალური პროკურორი, მაგრამ როგორც გაირკვა შემდგომ, მალულად მუშაობდა მის წინააღმდეგ...” საკუთარი ღირსების დამცირებად  მიმაჩნია ვამტკიცო, რომ ეს სია ნამდვილად  მიკარნახა გამსახურდიამ... ამას აკეთებს კაცი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან ოპოზიციაში ედგა მას. მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ წასვლას ურჩევდნენ ერთმანეთს... გარკვეული დროის განმავლობაში უზენაესი საბჭოს სხდომაზე არ უშვებდნენ, ხოლო რამდენჯერმე, როცა ის მაინც ცდილობდა, შესულიყო მთავრობის სასახლეში სესიის სდომაზე მონაწილეობის მისაღებად, ეზოში, შესასვლელ ჭიშკართან ზვიადისტი ქალები შეეცადნენ გასალახად წასწვდომოდნენ... ქალები ცდილობდნენ, სხეულის დაზიანება მიეყენებინათ ერთობ უხერხულ ადგილებში... შევედი პრეზიდენტთან და მოვახსენე, რომ კიტოვანის და სიგუას დაკითხვა ვერ ხერხდება. დაკითხვის შემდეგ მიღებული იქნება  გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში არავითარი მასალა არ არსებობს და ამიტომ სანქციას ვერავიზე ვერ გავცემ-მეთქი... მან აგდებულად მითხრა: მე შენი კანონი არ ვიცი, მაგ სიას უნდა დაემატოს შევარდნაძე, მგელაძე და ფოფხაძე... და გადავიდა მუქარაზე: თუ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებ, მაშინ ჩვენ გვექნება სხვანაირი საუბარიო... 

„როცა თვითმფრინავის გატაცებაზე ლაპარაკობენ, მე არავითარ უხერხულობას არ განვიცდი, რადგან თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გამოძიებულია მაღალკვალიფიციურად”

 გამოძიებით ფარდა აეხადა მათ ავანტურისტულ განწყობას – სამშობლო დაეტოვებინათ პოპულისტური გზით, რათა საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. ამასთან, არაფრად ჩააგდეს 57 მგზავრის სიცოცხლე, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და ყველაფერი ეს ხდება იმ დროს, როცა მათ თავისი ქევყნის დატოვება, თუ ამის სურვილი ჰქონდათ, შეეძლოთ სრულიად უმტკივნეულოდ, ისე რომ, სხვისი და საკუთარი სიცოცხლისათვის საფრთხე არ შეექმნათ... 

***

რადგან ჩემს ოპონენტებს აინტერესებთ ჩემი როლი ამ საქმეში, მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აღვნიშნავ, რომ 18 მაისს საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა და ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი გავათავისუფლე პატიმრობიდან, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილი საქმე იყო.   

აპრილის დასაწყისში თბილისში არ ვიყავი, ამიტომ იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით. საავადმყოფოდან გამოვეწერე და თბილისში დავბრუნდი 8 აპრილის საღამოს. მეორე დილით კი 9 აპრილს, ეს ტრაგედია მოხდა. საქმე იმავე დღეს აღძრა გენერალურმა პროკურატურამ  – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დავაპატიმრეთ მთავრობის სახლის წინ მოწყობილი არასანქცირებული მიტინგის ხელმძღვანელები – ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, მერაბ კოსტავა და ირაკლი წერეთელი. დავიწყეთ საქმის გამოძიება. ვსაწვლობდით როგორც საბჭოთა ჯარების, ისე მიტინგის ორგანიზატორების მიერ დაშვებულ შეცდომებს... 9 აპრილის საქმე  მოსკოვისთვის რომ გადაგვეგზავნა, ეს ნიშნავდა მომხდარი დანაშაულის საქართველოსთვის დაბრალებას. ამიტომ, უზარმაზარი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა, რათა გამოძიების უფლება ჩვენთვის მოეცათ. დავიწყეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა უკვე მივადექით ჯარის ნაწილების სამხედრო მოქმედებებს, მოსკოვმა მთლიანი საქმე მოითხოვა. სხვა გზა აღარ გვქონდა, მასალები უნდა გადაგვეგზავნა... ბოლოს, საქმე გავყავი ორად და გადავაგზავნე მხოლოდ სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე მოკვლეული მასალები... საქმის ძიება თბილისში სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა. ამასობაში მოვიდა 1990 წელიც. გაიმართა არჩევნები და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა. როგორ გაგვეგრძელებინა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება? საქმე გარემოების შეცვლის მოტივით შევწყვიტეთ. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიამ მოიკითხა ეს საქმე და მე ვუპასუხე, საიმედოდ მაქვს შენახული-მეთქი. მას სურდა, საქმე შეწყვეტილიყო უდანაშაულობის მოტივით. 

„იმ დროისთვის რუსეთის იმპერიაში შემავალ არც ერთ რესპუბლიკაში დამნაშავეთაგან ასეთი რაოდენობის ფული და ქონება, არც ერთ ორგანოს არ ამოუღია”  

ვის არ ახსოვს შამპანურის ღვინის ცარიელი ბოთლების კომბინაციებით მილიონობით მანეთის დატაცების საქმე. ეს საქმე ქალაქის პროკურატურამ გახსნა... ამ საქმის გამოძიებაში ჩაბმული იყო დედაქალაქის ყველა რაიონის პროკურატურის  მუშაკი... სოფელ ნორიოში ერთ-ერთი ოჯახიდან ამოღებული იქნა დამნაშავეთა მიერ მითვისებული და გადამალული 762 ათასი მანეთი და 565 ათასი მანეთის ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობანი. ეს იყო მაშინ რეკორდული თანხა... რამდენიმე ათეული კაცი იქნა ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული და დაისაჯა სასამართლოს მიერ... საქართველოში მჟაუნმჟავის გამოყენებით ხილის წვენებს ამზადებდნენ და ასეთი წვენებით პენზასა და რუსეთის სხვა ქალაქებში რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა. ეს საქმეც ქალაქის პროკურატურამ გახსნა და თბილისში რამდენიმე ცნობილი პიროვნება დააპატიმრა... რამდენი საქმის ჩამოთვლა შეიძლება, თუნდაც თბილისის სანეპიდსადგურის ეგრეთ წოდებული „თაგვების საქმე” და სხვა... მე ამით სრულებითაც არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნაკლი არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობა შორს იყო იდეალურისაგან, მაგრამ სხვა ორგანოების საქმიანობის ფონზე, საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებოდით... 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ეს ფაქტი უდავოდ დადგენილია და არც არავითარ ეჭვს არ იწვევს”

 ...არავითარი მასალა არ მოიპოვება და არც არავითარი სიგნალი არ შემოსულა, რომ მერაბ კოსტავას სიკვდილის მიზეზი სხვა რამ იყო, ან ვინმეს მის მკვლელობაში ამხელდეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ავტომანქანა „ნივა”, რომელსაც თამარ ჩხეიძე მართავდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, მანქანის სავალ ნაწილზე ცხოველის მოულოდნელი გამოვარდნის გამო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, მანქანა მოცურდა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და ნახევრად გადაბრუნდა, რის შემდეგ შემხვედრი მხრიდან მომავალ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოსტავა ადგილზე გარდაიცვალა... თამარ ჩხეიძე პასუხისგებაში იყო მიცემული, რადგან მისი გაუფრთხილებლობის გამო მოხდა დანაშაული, როგორც ქალი, ის არ ყოფილა აყვანილი წინასწარ პატიმრობაში და საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ შეწყდა სასამართლოს მიერ ამნისტიის გამო...

(მასალა წიგნისთვის შეკრიბა ირაკლი დვალმა)  

скачать dle 11.3