რატომ აღნიშნავენ ქართველები დღესასწაულებს წარმართული ტრადიციებით და რა მსხვერპლის შეწირვას ითხოვს ღმერთი ადამიანებისგან
წლების განმავლობაში, ქართველები ბევრ საეკლესიო დღესასწაულს მონასტრებში ცხვრებისა და ქათმების შეწირვით აღნიშნავდნენ, განსაკუთრებით კი ისეთ დღესასწაულს, როგორიც გიორგობაა. ეს ტრადიცია დღესაც არსებობს, თუმცა, არა ისეთი სიხშირით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხები, მინდა გითხრათ, რომ, როდესაც ხატი იქმნება, ის არის მსგავსი, ანარეკლი პირველი საწყისისა. მაგალითად, იესო ქრისტეს ხატი არის ანარეკლი, ღვთის ხორციელი ბუნების გადმოცემა. როდესაც ამბობენ, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არის უკვდავი, მარადიული, მას გააჩნია სიცოცხლე და თავისუფალი ნება და, ასევე, ადამიანიც არის მარადიული, თავისუფალი და გონიერი არსება. ეს ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც უფალმა აჩუქა ადამიანს – გონიერება, თავისუფალი ნება, მარადისობა. ადამიანი შეიქმნა მარადისობისთვის, მარადიული ცხოვრებისთვის, ხოლო ხატება მოწოდებული იყო იმისთვის, რომ ბოლომდე მიმსგავსებოდა ღმერთს. ხატება გვაჩუქა, ლანგრით მოგვართვა უფალმა, მაგრამ, ეს ხატება მას უნდა მიმსგავსებოდა სიკეთეში, სიყვარულში, სრულყოფილებაში. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს და საკუთარი თავისუფალი ნება მიმსგავსებით უნდა მიაახლოვოს ღმერთს. როდესაც ადამიანი ეცემა, ცოდვილად იწყებს ცხოვრებას, მას ღვთის ხატება უნარჩუნდება, მაგრამ, მსგავსება ეკარგება. როგორი ბოროტი, ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას მაინც აქვს თავისუფალი ნება, მაინც მარადისობისთვის არის, მაინც ხატებაა ღმერთის, ოღონდ, ჭუჭყში ამოსვრილი და გათელილი. ასეთი ადამიანი, შეიძლება, მივამსგავსოთ ტალახში ამოსვრილ მარგალიტს და თუ მას ტალახს მოვაშორებთ, ის იგივე ხატება იქნება, რომელიც დაიწყებს განღმრთობას და დაუბრუნდება ღმერთს. ამიტომ გვასწავლის ეკლესია, რომ, რაც დავკარგეთ, ანუ – მსგავსება, ეს ჩვენში უნდა აღდგეს ეკლესიური, მისტიკური ცხოვრებით, უფალთან ურთიერთობით. თუ ადამიანში ღმერთის მსგავსება არ აღდგება, სხვანაირად ის ბედნიერი ვერ იქნება და მისი მარადისობა იქნება უკუნეთში, სიბნელეში, სადაც არის „კბილთა ღრჭენა“.
– დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ადამიანის დანიშნულების, მისი ცხონების შესახებ, თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს და რაში მდგომარეობს ადამიანის განღმრთობის საიდუმლო.
– ღმერთი ხუთ დღეში შექმნის მთელ კაცობრიობას, ყოველივე არსებულს, ხილულსა და უხილავს და მეექვსე დღეს კი შექმნის ყველა ქმნილებაზე აღმატებულს – ადამიანს. იოანე ოქროპირი და სხვა წმიდა მამები სვამენ კითხვას: რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი მეექვსე დღეს, მთელი ხილული სამყაროს შექმნის შემდეგ და არა პირველ დღეს? ვფიქრობ, ამის მიხვედრა არ არის რთული. როდესაც ოჯახში ველოდებით ბავშვის დაბადებას, ბუნებრივია, მას ყველაფერს ვუყიდით, წინასწარ მოვემზადებით. შეგვიძლია, ასეთ მდგომარეობას შევადაროთ ადამიანის შექმნაც. ანუ, ღმერთმა ადამიანს ყველაფერი გაუმზადა და დაადგინა ხილული სამყაროს მეუფედ, მისცა ხელმწიფება, კურთხევა, რომ ის იყოს გვირგვინი სამყაროს შექმნისა და მან უნდა იმეფოს უფლის სახელით ხილულ სამყაროზე. როდესაც იქმნება სამყარო, წერია: თქვა ღმერთმა და შეიქმნა, თქვა ღმერთმა და აღმოცენდა. მაგრამ, როდესაც მივდივართ მეექვსე დღემდე, აქ წერია, რომ უფალი ბჭობს და ამბობს მრავლობითში: „ვქმნათ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენდა“. აქ არის ებრაული სიტყვა „ელოჰიმი“ – „ღმერთები,” მაგრამ, აქ საუბარია არა მრავალ ღმერთზე, არამედ, ერთარსება, სამპიროვანი ღმერთის – მამის, ძისა და სულიწმიდის ბჭობაზე საკუთარ თავში, როგორ შექმნან ადამიანი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ თვისისა.
– მამაო, მინდა, ერთ ტრადიციას შევეხო, რომელიც დღემდე გრძელდება. ხშირად ქრისტიანები ეკლესიას, ღმერთს სწირავენ ცხვრებს, ქათმებს... რამდენად მიზანშეწონილია ეს?
– ქართველები ერთადერთი ერია, რომელმაც წარმართული ტრადიციები კარგად შეუხამა ქრისტიანობას და დღეს ხშირად ქვეცნობიერად, გაუაზრებლად ვზეიმობთ დღესასწაულებს წარმართული ტრადიციებით, რაც ნამდვილად არ არის უფლისთვის მოსაწონი, მაგალითად, გიორგობის დღესასწაული. სვანეთში წმიდა გიორგის სახელი შერწყმულია გუდანის, ხახმატის ჯვართან, მთვარის კულტთან. სვანებისთვის, მთიულებისთვის წმიდა გიორგი უფრო მეტია, ვიდრე ყოვლადწმიდა სამება, იესო ქრისტე. ასეთი ცნობიერება არ არის ღვთისათვის მოსაწონი. ქრისტიანმა უნდა გაარჩიოს, ვის ადიდებს და როგორ ადიდებს. ძველ აღთქმაში ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით ამხელს ებრაელებს: მომწყინდა თქვენი დღესასწაულები, თქვენი ზვარაკები, ვაცები; მოდიხართ და თელავთ ჩემი ეზოს საზღვრებს. ვინ დაგავალათ ამ ზვარაკების ჩემთან მოყვანა? მოგეხსენებათ, რომ ძველ აღთქმაში ღმერთი ცოდვებისგან განშორებასა და მიტევებას ზვარაკებისა და ვაცების სისხლით მოითხოვდა. თუ ადამიანი შესცოდავდა, როგორი სიმძიმის ცოდვასაც ჩაიდენდა, იმის მიხედვით უნდა შეეწირა ზვარაკი – ფრინველები ან ცხოველები. მაგრამ, ასეთმა მსხვერპლმა ვერ განაღმრთო, ვერ მიიყვანა ადამიანი უფალთან, ვერ განაშორა ცოდვას, ამიტომ, ახალ აღთქმაში თავად განკაცდა ღმერთი; როგორც ტარიგი, ისე დაიკლა ჩვენი ცოდვებისთვის და დაგვიდგინა უსისხლო მსხვერპლი. ანუ, ახალი აღთქმა სისხლიან მსხვერპლს არ ცნობს, ამიტომ, ცხვრის დაკვლა იმ მოტივით, რომ ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს, ყოვლად დაუშვებელია და, შეიძლება, მკრეხელობადაც მივიჩნიოთ. ცხვრის დაკვლას, ბუნებრივია, ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ, თუ გვგონია, რომ ღმერთს ამით ვაამებთ, ცოდვები მოგვეტევება, ეს უკვე გაუგონარი უმეცრებაა, ამით ჩვენ ზიანს ვაყენებთ, შეურაცხვყოფთ ჩვენს სარწმუნოებას და უფლის წინაშე გარკვულწილად უმეცრები და უგუნურები წარვდგებით. გული მიკვდება, როდესაც ეკლესიის ეზოში ვხედავ დაღვრილ სისხლს, ცხვრის თავს, ნასუფრალს. თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში სალოცავი საქეიფო ადგილად არის გააზრებული. მასზე თვალის დახუჭვა უწყინარი ცოდვა კი არა, კატასტროფა, მძიმე ცოდვაა, რის გამოც სამარცხვინო მდგომარებოში ვიმყოფებით და ეს ყოვლად დაუშვებელია. ქართველი კაცის ცნობიერებაში დღესასწაული დაკავშირებულია დროსტარებასთან, ქეიფთან, მოლხენასთან. როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ქრისტიანმა ზეიმი უნდა აღნიშნოს გალობით, სახარების კითხვითა და წმიდა ზიარების მიღებით. 6 მაისს გიორგობა იყო. ეს არის მსოფლიო დღესასწაული, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში აღინიშნება და, თუ მიადევნებთ თვალს, ნახავთ, როგორ აღნიშნავენ მას სხვა ქვეყნებში. საუკუნეებია, ამ დღეს საქართველოში საკლავებით, ქათმებით, დიდი რაოდენობის სანთლებით აღვნიშნავთ. სამწუხაროა, რომ ხშირად ამ ყველაფერს ბავშვებიც ესწრებიან და მათაც ასწავლიან უფროსები ამ მავნე ტრადიციას. ამით ჩვენ ეშმაკს ვწირავთ მსხვერპლს და განვარისხებთ ღმერთს. უფალი დავით მეფსალმუნის პირით ამბობს: „განა მე ვაცებისა და კუროების სისხლს ვსვამ? განა ეს მთა და მდელო ჩემი არ არის? მე რომ მომინდეს, შენ გთხოვ მის მსხვერპლად მოტანას?“ ღმერთი ადამიანისგან საკუთარი გულის შეწირვას ითხოვს: მე მინდა შენი გული, მე მოვალ შენთან, დავაკაკუნებ გულის კარზე და, თუ გამიღებ, შენთან ვივახშმებო. ღმერთი ჩვენს გულზე აკაკუნებს ქადაგებით, ლოცვით, ზარების რეკვით. როგორც იცით, ოდითგანვე, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ეკლესიაში აღესრულებოდა. როცა მტერზე გამარჯვება გვინდოდა, ეკლესიაში მივდიოდით, ვაკურთხებდით იარაღს და მერე მღვდელი მიგვიძღოდა დროშით. დღესაც ეკლესიამ უნდა ითავოს შემრიგებლული, მამაშვილური როლი და არავინ არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, გადარჩენისთვის რამდენი ცხვარი, ქათამი ან სანთელი შესწიროს ღმერთს. მაცხოვარი იოანეს სახარებაში ბრძანებს: „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. თუ ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, უფალთან არ არის, ის, მისდაუნებურად, ეშმაკთან იკავებს ადგილს. როდესაც ადამიანს ღმერთი ამხილებს, რომ მას ასეთი მსხვერპლი არ სჭირდება და გარკვეულ მინიშნებას განსაცდელის სახით მოუვლენს, მაგრამ, ის მაინც ისევ ყიდულობს ცხვარს და იმავეს აკეთებს – ჰგონია, რომ პირველი არ შეიწირა ღმერთმა და მას თავიდან სწირავს სისხლიან მსხვერპლს.
– ბევრი თავს იმით იმართლებს, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
– როდესაც მრევლს ვეუბნებით, ეს არ გაკეთოო, ისინი გვპასუხობენ: მე ვიცი, რომ ეს ასეა, მაგრამ, ჩემი ახლობლები რას იტყვიან? ჩვენ ასე ვცხოვრობდით და, გვინდა, რომ ასე ვიყოთო. თუ ასე გავაგრძელებთ, შორს ვერ წავალთ. თუ გვინდა, დღესასწაული ვიზეიმოთ, უფალთან სამადლობელი ძღვენი მივიტანოთ, მის მიმართ მადლიერება გამოვხატოთ, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმსახურებას უნდა დავესწროთ. ქრისტიანი ზეიმს უნდა აღნიშნავდეს საღვთო ლიტურგიაზე დასწრებით, აღსარებითა და ზიარებით, რამეთუ მან ღმერთი უნდა ადიდოს და მსხვერპლად მიიტანოს სული შემუსვრილი, ანუ, განწმენდილი სული, დამდაბლებული გული, რომელსაც ღმერთი შეეიწირავს, არ განაძევებს მას საღვთო წიაღიდან. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქრისტიანი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, მიდის დიდებულ ტაძრებში, საკლავით ხელში არტყამს მას რამდენიმე წრეს, ლოცვებს კითხულობს და მერე მთელ დღეს მოლხენით ატარებს, რაც ბოლოს, ძირითადად, მთავრდება ბილწსიტყვაობით, აყალმაყალითა და გაწევ-გამოწევით. ამიტომ, აღდგომას, გიორგობას და სხვა დიდ დღესასწულებზე ხშირია უბედური შემთხვევები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ღმერთს რაში უნდა სჭირდებოდეს დღესასწაულების ასეთი აღნიშვნა?! დღეს იმის თქმა, რომ არცოდნა არ ცოდვაა, უფრო დიდი ცოდვაა.