მანდამადოსის მთავარანგელოზის აღსრულებული სასწაული – მუცლადღება
მანდამადოსის მთავარანგელოზის სასწაულებრივი ჩარევის შესახებ გვიამბობს ქალბატონი მიხაილარი ქალაქ ელევსინიდან. ის და მისი და უშვილოები იყვნენ. დრო გადიოდა და შვილის ყოლის სურვილი სულ უფრო ძლიერდებოდა. ქალებს მედიცინის აღარ სჯეროდათ და გულმხურვალე ლოცვით მიმართავდნენ უფალსა და მის წმიდა მთვარანგელოზს შემწეობისთვის. მთავარანგელოზ მიქაელის პატივისცემით ღამისთევისას ქალბატონმა მიხაილარიმ მთელი სული ჩააქსოვა ლოცვაში და მხედართმთავარს სთხოვა, ეხსნა იგი ამ აუტანელი მწუხარებისგან. გამთენიისას მლოცველ ქალს ძილი მოერია. მას დაესიზმრა, რომ დასთან ერთად მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის ტაძარში იყვნენ და მათ თვითონ მთვარანგელოზი გამოეცხადათ მთელი თავისი დიდებით. ქალებმა მუხლი მოიყარეს და ზეციურ მფარველს შესთხოვდნენ, ორივე გაეხადა დედობის სიხარულის ღირსი. მხედართმთავარმა ხელი გაიწოდა, დაამშვიდა ისინი და უთხრა:
– ნუ დარდობთ, ორივეს გეყოლებათ შვილი. ღმერთს ჰმადლობდეთ მისი წყალობისთვის!
ოთხი წლის შემდეგ ქალბატონ მიხაილარის დამ იმშობიარა, მან კი არა. გავიდა ცხრა წელი. ქალმა ზეციური დახმარების იმედი დაკარგა და კვლავ მედიცინას მიმართა, მაგრამ იქაც ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. მან შეიტყო, რომ ინგლისში არის ექიმი, რომელსაც ოპერაციის საშუალებით შეეძლო მისი განკურნება უშვილობისგან. ქალმა გადაწყვიტა, გაერისკა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატების იმედი ძალიან მცირე იყო, იგი გასამგზავრებლად მოემზადა, მაგრამ ამ დროს ქალბატონ მიხაილარს სინდისის ქენჯნა დაეწყო. უკანასკნელ წუთს მას ეჭვი შეეპარა თვისი საქციელის მართებულობაში და გადაწყვიტა, კვლავ მთვარანგელოზისთვის მიემართა, რათა გონება გაენათებინა მისთვის და ამ გასაჭირიდან გამოეყვანა. იგი მანდამადოსისაკენ გაემართა, ზეციური მხედართმთავრის ტაძარში და მისი ხატის წინ მხურვალედ ილოცა. საღამოს ლოცვის დროს ქალმა დაინახა, როგორ გადმოვიდა მთავარანგელოზი ხატიდან და მას შეხედა. ანგელოზის მზერაში ვედრება ჩანდა, თითქოს ეუბნებოდა: „რატომ ხარ სულმოკლე? რატომ დაკარგე რწმენა და ღვთის იმედი? რატომ არ დაგარწმუნა შენი დის მაგალითმა?” ქალმა შეინანა და მიწაზე დაემხო, ცრემლად დაიღვარა და ციურ მხედართმთავარს შენდობას სთხოვდა.
– გამგზავრება საჭირო არ არის. შენ აქ გააჩენ ბავშვს, ეს აქ მოხდება, – კეთილმაუწყებლად მოახსენა მას წმიდა ანგელოზმა.
ერთი თვის შემდეგ ქალბატონი მიხაილარი დაორსულდა და მალე გოგონა გააჩინა, რომელსაც ბარბარა დაარქვა. როდესაც გოგონა 6 წლის გახდა, ქალმა კვლავ მოინახულა მანდამადოსის მონასტერი, რათა სამადლობელი ლოცვა აღევლინა. დედამ ბავშვი ერთ სენაკში დატოვა, თვითონ კი ღამისთევაზე წავიდა. დაბრუნებულს არაჩვეულებრივი სიახლე ელოდა.
– სანამ შენ ტაძარში იყავი, ჩემთან ანგელოზი იყო, – უთხრა გოგონამ, როგორც კი მან სენაკის კარი შეაღო.
მოგვიანებით კეთილმორწმუნე ქალმა კიდევ ერთი სასწაულებრივი გამოცხადება და მფარველობა იხილა მანდამადოსის მთავარანგელოზისა. 1998 წელს, უხორცო ზეციურ ძალთა დღეს, ქალბატონ მიხაილარის მუცლის ქვემოთ ძლიერი ტკივილები დაეწყო. გარკვეული დროის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. აუცილებელი ანალიზების ჩატარების შემდეგ ექიმებმა მას ურჩიეს, ოპერაცია გაეკეთებინა. ქალმა კატეგორიული უარი განაცხადა და პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო. იგი დაჟინებითა და რწმენით სთხოვდა მთავარანგელოზს სასწაულებრივ განკურნებას. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ქალი დაწყნარდა და ჩაეძინა. ძილში მან იხილა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, როგორც ტახტზე მჯდომარე დედოფალი, მის გვერდით კი – მთავარანგელოზი. ისინი მას უღიმოდნენ. მეორე დილით ქალი საავადმყოფოში წავიდა და ხელმეორედ გაიკეთა ანალიზი. როდესაც შედეგები მზად იყო, ექიმებმა იგი მიიწვიეს და უთხრეს:
– თქვენ არაფერი არ გჭირთ, ქალბატონო მიხაილარი, აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ და, შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ.
მას შემდეგ იგი აღარ ავადმყოფობდა და დღემდე ადიდებს უფალსა და მის წმიდა მთავარანგელოზს.