ჭეშმარიტი სარწმუნოება
როგორ ჩაახშო ყმაწვილკაცის ავხორცული ვნების ცეცხლი გამოცდილმა ბერმა
ალექსანდრიაში ერთი ბერძენი ყმაწვილკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ავხორცული ვნება-სურვილის ცეცხლი წვავდა. როცა ამ ახალგაზრდის მდგომარეობის შესახებ ერთ-ერთმა მოღვაწე ბერმა შეიტყო, მის გადასარჩენად ასეთ ხერხს მიმართა: მან ერთ ძმას, რომელსაც მკაცრ და ზვიად პიროვნებად იცნობდნენ, უბრძანა, ვნებააშლილი ახალგაზრდისთვის ჩხუბი აეტეხა, გაემწარებინა და იმ ზომამდე მიეყვანა, რომ ბერთან საჩივლელად მისულიყო. ძმამ შეასრულა ეს თხოვნა და ამავე დროს, „მოწმეებიც გამოძებნა“, რომლებმაც მის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება, რამაც მომჩივანი სასოწარკვეთაში ჩააგდო. მოტყუებული ყმაწვილი სიმწრისაგან ატირდა. ძმებზე გაბრაზებული, სულ მუდამ განმარტოებით იმყოფებოდა, აღარავის კაცთაგან იმედი აღარ გააჩნდა და მაცხოვრის ჯვარცმასთან დამხობილი ტიროდა. ასეთ მდგომარეობაში მთელი წელიწადი გაატარა. ერთი წლის შემდეგ ბერმა ყმაწვილს ჰკითხა: ვნებას, რომელსაც ადრე შეპყრობილი ჰყავდა, კიდევ განიცდიდა თუ არა? ახალგაზრდა კაცმა მიუგო: „მამაო, მრუშობისთვის აღარ მცალია, ცხოვრება წამებად გადამექცა“. ტიროდა და მოსთქვამდა უსამართლობით შეწუხებული ადამიანი. ამრიგად, სულიერი მამის წყალობით, ყმაწვილმა ავხორცულ ვნებას სძლია და გადარჩა.
სატანური ლიტერატურის წაკითხვამაც კი შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს
ერთხელ ერთი ბერი შემთხვევით სამკითხაო წიგნს გადააწყდა და ცნობისმოყვარეობით გატაცებულმა უნებლიედ იწყო სატანური მკითხაობის საიდუმლოებებში წვდომა. მომდევნო ღამეს, უზარმაზარი ეთიოპი გამოეცხადა და უთხრა: „შენ მომიწოდე, აი, მეც აქ ვარ, რაც გინდა, ყველანაირ სურვილს აგისრულებ, ოღონდ ერთი პირობით – თაყვანი უნდა მცე“. „ღმერთსა ჩემსა თაყვანის ვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო“ (მათე 4,10), – მიუგო ბერმა. „მაშ გამოდის, რომ არ გინდა დამემორჩილო? თუ ასეა, რატომ უკირკიტებდი ჩემს სამკითხაო საიდუმლოებებს?“ სატანამ ბერს სილა გააწნა და გაქრა. ტკივილის და შიშის შეგრძნებამ ბერი გამოაფხიზლა. მას ლოყა დაუსივდა და ისე გაუშავდა, რომ საშინელი შესახედავი იყო. დღითი დღე ტკივილი უძლიერდებოდა და სახე უფრო და უფრო უმახინჯდებოდა. სიმსივნემ თვალებამდე მიაღწია. ძმებმა, როდესაც უძლურებაში მყოფი ბერის ავადმყოფების მიზეზი შეიტყვეს, ყველაფერი ღირს მამა დიონისეს მოახსენეს, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა ბერთან სენაკში. მან ლოცვით შეჰღაღადა უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და დასნეულებულ ბერს ზეთი სცხო. ბერი იმწამსვე გამოჯანმრთელდა და უფალი განადიდა.