როგორ იპოვა და დაკარგა ნამდვილი ბედნიერება დინი ვირსალაძემ
დინი – ამ ლამაზი სახელის უკან ლამაზი, შარმიანი ქალის და კარგი ჯაზშემსრულებლის თავისებურად საინტერესო ცხოვრების ისტორია დგას. როგორ შემოიჭრა მის ცხოვრებაში მუსიკა, როგორ იღებდნენ ფილმებში, როდის იდგა პოდიუმზე, რა სპორტული გატაცებები აქვს, ვინ იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი და როგორ დაკარგა ის, როგორ უმკლავდება ტკივილიან ემოციებს ინსტრუმენტთან სცენაზე თუ სცენის მიღმა, ამაზე ჩვენი რესპონდენტი თავად ისაუბრებს, რომლის ინტერვიუებითაც არ არის განებივრებული ჩვენი საზოგადოება.
– დინი, გაიხსენეთ როგორ დაიწყეთ დაკვრა, ვინ, ან რამ იქონია თქვენზე გავლენა?
– მუსიკა ჩემში ძალიან ბუნებრივად შემოვიდა – დედა, მამა, ბიძა, ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის უსმენდა და უსმენს კარგ მუსიკას. და ამიტომ, ეს პროცესი თავისთავად განვითარდა – ინსტრუმენტთან 5 წლის ასაკში აღმოვჩნდი. ბიძაჩემი, კობა ჯიჯიხია ახალგაზრდობაში საქართველოს კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა, ძალიან მუსიკალური ადამიანი გახლდათ და ჯაზის ფირფიტების საოცარი კოლექცია ჰქონდა. ბებიასთან ხშირად მივდიოდი, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა და მან მიმაჩვია კარგი მუსიკის მოსმენას. დედა მუსიკოსია, მამა – ექიმი, მაგრამ მამასაც ძალიან უყვარს მუსიკა, კარგადაც უკრავს. მყავს უმცროსი და, ისიც მუსიკოსია – კომპოზიტორი.
– თქვენ არა მხოლოდ კარგად უკრავთ, კარგად ხატავთ კიდეც, მისდევთ სპორტს, მსახიობიც ხართ. დარჩა რამე, რაც არ გიტაცებთ?
– არა, ხატვა საკმაოდ გვიან დავიწყე, კონსერვატორია რომ დავამთავრე მაშინ. 12 პერსონალური გამოფენა მქონდა ფერწერული ნამუშევრების, ფილმებშიც იმ პერიოდში მიღებდნენ. გადაღებული ვარ შაქრო ჯორჯაძის, ნოდარ ომიაძის, სერგო ფარაჯანოვის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ფილმებში. რაც შეეხება სპორტს, ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ცურვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ჩემი რეჟიმის აუცილებელი ატრიბუტია. ასევე, ძალიან მიყვარს სამთო-სათხილამურო სპორტი. როცა დრო მაქვს, გუდაურში ავდივარ და ვსრიალებ. მიყვარს სამზარეულოც, ამ ბოლო დროს ხშირად ვაცხობ ხაჭაპურს... შემიძლია, ექსკლუზიურად გითხრათ, რომ რაღაც პერიოდი მოდელად ვმუშაობდი მაკა ნაცვლიშვილის სტუდია „ნოემაში,” ასე რომ, პოდიუმზეც ბევრჯერ გამოვსულვარ. დამაინტერესა იცით? ვფიქრობდი, როგორი ვიქნებოდი ამა თუ იმ კაბაში. ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, მაგრამ სულ ერთი წელი ვიმუშავე მოდელად.
– პრინციპში, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, თქვენი აღნაგობიდან გამომდინარე.
– სხვათა შორის, იმ პერიოდში ვისწავლე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული. მანამდე არასოდეს ჩამიცვამს. ახლა, 14–15-სანტიმეტრიანი ქუსლებით თავისუფლად შემიძლია ვირბინო. ეს კარგია, ქალს უხდება, მით უმეტეს, სცენაზე. თუმცა, ისედაც ძალიან მაღალი ვარ – 179 სანტიმეტრი. კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ ვცდებოდი, ამით ჩემს სპეციალობას ბევრს ვაკლებდი.
– მინდა, თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პერიოდი გაიხსენოთ – ჯარჯი მაღალაშვილი, ასევე ცნობილი და კარგი მუსიკოსი.
– მე და ჯარჯიმ ერთად 22 წელიწადი ვიცხოვრეთ. ეს ნამდვილად ძვირფასი პერიოდია. საუბედუროდ, ჯარჯი ოთხი წელია, აღარ არის. მოულოდნელად, ძალიან ცუდი დაავადება აღმოაჩნდა. დიაგნოზის დადგენიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. საერთოდ, ჩემს განცდებზე არასდროს არავისთან ვსაუბრობ. არ მიყვარს პირადზე საუბარი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთმანეთი მუსიკამ შეგვახვედრა. ერთად ვმუშაობდით ხელოვნების სკოლაში, მუსიკალურ თეატრ-სტუდიაში, სადაც საბავშვო მიუზიკლები იდგმებოდა. ჩვენ ორ როიალზე გვიწევდა დაკვრა. ნელ-ნელა დავახლოვდით. ბევრი კარგი მიუზიკლი აქვს დაწერილი. დაწერა მიუზიკლი „თეთრი ცხენი”. ამ სპექტაკლით ამერიკაში წავიდა გასტროლებზე. რამდენიმე სერიალის მუსიკაც აქვს დაწერილი. ლევან ერისთავის სერიალისთვის „თენდება გვიან”, რუსთაველის თეატრისა და სხვა თეატრებისთვის სპექტაკლებს აფორმებდა. ორი ხელოვანის ერთად ყოფნა, როგორც წესი, ძალიან რთულია. ჩვენ შემთხვევაში კი, კარგი თანხვედრა მოხდა, ერთმანეთს ვუგებდით. ის ჩემთვის ნამდვილი მეორე ნახევარი და ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ბევრ რამეზე ერთნაირად ვფიქრობდით. პირველი ჩემი მსმენელი ჯარჯი იყო, მისი კი – მე. ძალიან კულტურული, ბრძენი ადამიანი გახლდათ. საოცარი იუმორი ჰქონდა. ცდილობდა, ყველაფრისთვის იუმორით შეეხედა.
– ეჭვიანი არ იყო?
– პირიქით, მეუბნებოდა, უნდა მოსინჯო, მოდელიც უნდა იყო და კინოშიც გადაგიღონო... ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მხარს მიბამდა. ერთმანეთთან ურთიერთობით ორივეს დიდი კომფორტი გვქონდა.
– მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. როდესაც რაღაც ისეთი ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ან უბრალოდ ხასიათზე არ ხართ, ეს თუ აისახება თქვენს გამოსვლებზე?
– მშვიდი ნამდვილად არ ვარ, ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, მაგრამ ვცდილობ, ყველა ემოცია ისე გადავიტანო, სხვები არ შეწუხდნენ ამით. თავშეკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მხოლოდ, სცენაზე. არ არის საჭირო, ყველაფერი გარეთ გამოუშვა. თუმცა, ასეთი ადამიანებისთვის უფრო ადვილია ცხოვრება – იყვირებენ და მერე მშვიდად არიან. ჩემში კი ყველაფერი შიგნით ჩქეფს და გარეთ არ გამომაქვს. ასე რომ, როგორიც გარეგნულად ვჩანვარ, ასეთი სულაც არ ვარ, რთულად ვიტან ყველაფერს. საერთოდ, ყველა მუსიკოსი მგრძნობიარეა... თავიდანვე ისე გამზარდეს, ნოტი არ უნდა ამეღო ისე, მთელი ემოცია რომ არ გამეტარებინა სხეულში. ინსტრუმენტთან და სცენაზე, აუდიტორიის წინაშე, ხელოვანს სხვადასხვა მდგომარეობაში უწევს გამოსვლა. რა თქმა უნდა, სულ ერთნაირ ხასიათზე ვერ იქნები, მაგრამ, ხელოვანი ვალდებულია, ამ დროს ისე გამოვიდეს სცენაზე, აუდიტორიამ ეს ვერ შეამჩნიოს, პირიქით, არტისტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსმენელმა და მაყურებელმა მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღოს ამა თუ იმ შემსრულებლის გამოსვლით. მუსიკა ძალიან მშველის. კარგი მუსიკა ნებისმიერ დროს მსიამოვნებს. მუსიკით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემთვის სამსახურში სიარული მოვალეობა კი არა, დღესასწაულია, რადგან იქ სხვა სამყაროში ვცხოვრობ. თან, ამაში ფულს მიხდიან.
– ცხადია, ყველა ის კონცერტი, რომელზეც გამოსულხართ მნიშვნელოვანი და ძვირფასია თქვენთვის და იმ მსმენელისთვის, ვინც კარგი მუსიკის ფასი იცის, მაგრამ მინდა გაიხსენოთ კონცერტი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაგიტოვათ.
– ყველა კონცერტი თავისებურად კარგია და დიდ გამოცდილებას გაძლევს. მინდა გავიხსენო კონცერტი, სადაც ჩემთან ერთად უკრავდა ალექს ხანი (საქსოფონი), ის მარკუს მილერის ჯგუფის სოლისტია. კონცერტმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა და ამიტომ, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ასევე დაუვიწყარი იყო ამიტ ჩათარჯისთან და მის ჯგუფთან ერთად ჩატარებული კონცერტი. ამიტ ჩათარჯი გიტარისტია, ის 11 წელი უკრავდა ჯო ზავინულის „სინდიკატში”. ძალიან კარგად დამამახსოვრდა დელის ჯაზ-ფესტივალზე ჩემი და ჩემი ჯგუფის გამოსვლა. სასაცილო ამბავი იყო ბაქოში, სცენაზე გამოსვლისას რაღაც მავთულს გამოვედე და კინაღამ წავიქეცი. წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე, რომ არ დავცემულიყავი, რის გამოც, ძალიან მაგარი აპლოდისმენტები მივიღე.
– პირადად მე დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან აინტერესებს ცნობილი ადამიანების რთული პერიოდები... ჯარჯის წასვლით გამოწვეული, ან თუნდაც, ის უშუქობის, უგაზობის, შიმშილის პერიოდი. თქვენ როგორ ცხოვრობდით ამ დროს?
– დღეში რამდენიმე ადგილას ვუკრავდი, მაგრამ გარკვეულწილად, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ. ნიჭიერთა ათწლედში რომ ვსწავლობდი, ვისაც სამიანი არ ჰყავდა, ყველას სტიპენდია ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდშიც მქონდა სტიპენდია, თან, ვმუშაობდი, მოწაფეები მყავდა, კერძოდ ვამეცადინებდი. მერე ხელოვნების სკოლაში საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც არ მიყვარდა მშობლებისთვის რაიმეს თხოვნა. სულ მინდოდა, საკუთარი ფული მქონოდა.