რას უმალავდა ია ნინიძე საკუთარ ქალიშვილს და რატომ არ მიუძღვის მას წვლილი ქალიშვილის წარმატებულ კარიერაში
ჩვენი რესპონდენტები, დედა-შვილი – ია და ნინო ნინიძეები არიან. ორი მსახიობი ერთ ოჯახში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ერთმანეთის სწორ შეფასებას სულაც არ არიდებენ თავს. ია ნინიძის პოპულარობა ბავშვობიდანვე დაიწყო. ის ოჯახში პირველი მსახიობი იყო. რაც შეეხება ნინოს, მართალია, მან პროფესიად მსახიობობა აირჩია, თუმცა ამაში დედა არ ჩარეულა და შვილის წარმატებული კარიერისთვის არასდროს უაქტიურია. ნინოს კინოკარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე 7 ფილმშია გადაღებული. რამდენიმე დღით დედასთან ერთად თბილისში იმყოფება და რა თქმა უნდა, ჩვენც, ოჯახური ინტერვიუს ჩაწერა ვამჯობინეთ. შეხვედრის მიზეზი პროექტი „ორი ვარსკვლავი” იყო, რომლის ჟიურის წევრობას ია ნინიძე სიამოვნებით დათანხმდა.
– ქართველ მაყურებელს უყვარხართ და ყოველთვის უხარია თქვენი გამოჩენა. ამ ეტაპზე საქართველოში თქვენი ვიზიტი პროექტს „ორი ვარსკვლავი” უკავშირდება. ჟიურის წევრი ხართ და შესაბამისად, მონაწილეების შეფასება გიწევთ.
ია ნინიძე: შეიძლება, როგორც ჟიურის წევრი ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ხალხის გულის მოსაგებად არასდროს არაფერი მიკეთებია. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რასაც სული და გული მკარნახობს.
– ნინო, შენ როგორ შეაფასებ დედას, ჟიურის წევრის ამპლუაში?
ნინო ნინიძე: ძალიან კარგად ვიცი, როგორი შეფასების გაკეთებაც შეუძლია დედას, ამიტომაც ვხედავ, როგორ იკავებს თავს. იცის, რომ ყველა კონკურსანტი ძალიან ნერვიულობს და არ უნდა, რომელიმეს გული ატკინოს. ცდილობს, კონკრეტულად და თბილად უთხრას თავისი სათქმელი.
ია: ისეთ შოუს გავაკეთებ, რომ მინდოდეს, არც დაესიზმრებათ, მაგრამ ძალიან თავშეკავებული ვარ. ჩემი აზრით, შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება, სათქმელი რბილად და იუმორში უნდა იყოს ნათქვამი. ეს ნიჭი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. სხვას კი არ უნდა მიბაძო, ინდივიდუალური უნდა იყო. არავის კრიტიკა არ მინდა და არც გავაკრიტიკებ.
– ადვილად დათანხმდით პროექტში მონაწილეობას?
– ძალიან გამიხარდა, აგერ მყავს მოწმე ნინოს სახით. მოსკოვშიც მთავაზობდნენ ადრე სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან ფილმებში მიღებდნენ და დრო არ მქონდა. როცა „ორი ვარსკვლავიდან” მივიღე შემოთავაზება, თავისუფალი პერიოდი მქონდა და სიამოვნებით დავთანხმდი. ვიფიქრე, რატომაც არა, ჩემს ხალხს თუ წავადგები-მეთქი.
– პროექტის ბოლომდე თბილისში იქნებით თუ დროგამოშვებით მოსკოვში წახვალთ?
– შიგადაშიგ წავალთ ხოლმე. ნინოს გადაღება ჰქონდა, დრო გამოუჩნდა რამდენიმე დღით და ჩამოვიდა, მერე ისევ ფილმის გადაღებებზე ბრუნდება. მეც ვიყავი მოსკოვში წასული, ფილმის გადაღება მქონდა და ერთად ჩამოვედით.
– ნინო, შენ როდის ბრუნდები უკან?
ნინო: უნდა დამირეკონ და გადაღების ზუსტი თარიღი მითხრან. ფილმის გადაღებებს ბულგარეთში ვაგრძელებთ და ზუსტად არ ვიცი, როდის დაიწყება.
– ნინო, უკვე ძალიან წარმატებული, პოპულარული მსახიობი ხარ და არაერთ ფილმში გაქვს მონაწილეობა მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ პოპულარული გახდი, არა როგორც ია ნინიძის შვილი, არამედ როგორც ნინო ნინიძე.
ია: ერთი რამ მინდა გითხრათ. მე ნინოს პროფესიაში არც ერთი წუთით არ ჩავრეულვარ და დახმარება არ გამიწევია. უფრო მეტიც, ნინო თვითონ არ დაუშვებს ამას. თავიდანვე მითხრა, „ვგიკში“ პირველ წელსვე რომც ვერ მოვხვდე, მაინც ვცდი და მერე მაინც ჩავაბარებ აუცილებლადო. იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ნინო პატარა რომ იყო იქიდანვე ვგრძნობდი, მისგან კარგი მსახიობი რომ გამოვიდოდა.
ნინო: მსახიობობა ჩემთვის ძალიან საყვარელი პროფესიაა. ორი დღის წინ პიტერში მქონდა გადაღება. რამდენიმე დღით ჩამოვედი და უკვე მომენატრა გადაღებები. ერთი სული მაქვს, როდის წავალ. ჩემთვის მსახიობის პროფესია ძალიან სერიოზულია. რადგან მსახიობობა ავირჩიე, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ვიცხოვრო ამით. იმდენად ჰარმონიაში ვარ ჩემს ცხოვრებასთან და პროფესიასთან, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ.
– როგორ დაიწყო შენი კინოკარიერა?
– როცა „ვგიკში“ ჩავაბარე, პირველი კურსის ბოლოს, სინჯებზე მიმიწვიეს. ფილმს რეჟისორი მურად იბრაგიმბეგოვი იღებდა. მისი ვინაობა რომ გავიგე, დამაინტერესა და მაშინვე ინტერნეტში შევძვერი. უამრავი ფოტო ვნახე, სადაც ხელში სხვადასხვა ცნობილი ჯილდო ეჭირა. ამ დროს მე ვიყავი 17 წლის, ბრეკეტებით კბილებზე. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი წარმატებული რეჟისორი იმ დროს როლზე დამამტკიცებდა. ძალიან მშვიდად მივედი სინჯებზე და ასევე, მშვიდად წამოვედი. ერთი კვირის შემდეგ, თვითონ რეჟისორმა დამირეკა და მითხრა: აბა, დავიწყოთ ერთად მუშაობაო? ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ. მეამაყება, რომ ორ ძალიან კარგ და ცნობილ მსახიობთან ერთად ვთამაშობ ამ ფილმში. ესენი არიან – სერგეი ბუსკიპალისი და ჟენია ციგანოვი. ამ ფილმით ფესტივალზე ორი პრიზი ავიღე – ერთი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, მეორე კი საუკეთესო დებიუტისთვის. ამის მერე, ეგრევე ამიყვანეს მეორე ფილმზე, მერე მესამეზე და ასე წავიდა და წავიდა.
ია: ამ ფილმში მეც მაქვს პატარა როლი, ნინიკოს სიბერეს ვთამაშობ.
ნინო: თავიდან მე უნდა მეთამაშა ეს როლიც, მაგრამ მაშინ 17 წლის ვიყავი და ვერანაირი გრიმით ვერ დამაბერეს. დაიწყეს ფიქრი, ვინ აეყვანათ ამ როლზე. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვისმენდი მათ საუბარს. ბოლოს მოკრძალებულად ვუთხარი, მე ხომ დედა მსახიობი მყავს-მეთქი. პირველი კითხვა იყო, რას ამბობ, ითამაშებს ასეთ პატარა როლსო? რა თქმა უნდა, იცოდნენ, ია ნინიძე რომ დედაჩემი იყო, მაგრამ თითქოს ვერ შემომკადრეს მისი კანდიდატურა. დედას რომ დავურეკე და ვკითხე, შეეძლო თუ არა ჩემი სიბერე ეთამაშა, მიპასუხა, რა იყო შვილო, დედას სამსახური უშოვეო?
– ანუ, ეს ის ფილმია, რომელშიც ორი პრიზი მიიღე?
– კი.
ია: ფესტივალის ორგანიზატორებმა დამირეკეს და საიდუმლოდ მითხრეს, რომ ნინო ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის უნდა დაეჯილდოებინათ. თან, მისთვის ეს არ უნდა მეთქვა. დიდად არ უყვარს ნინოს ფესტივალებზე სიარული და ამიტომ, რა არ მოვიგონე, რომ წასვლაზე დამეთანხმებინა.
ნინო: სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს და ჯერი ქალის საუკეთესო როლის დასახელებაზე დადგა. ამ დროს აცხადებენ: ახლა კი სცენაზე ვიწვევთ მსახიობს, რომელიც ჯილდოს გადასცემს ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელსო და ვხედავ, დედა გამოვიდა სცენაზე. დედამ იმღერა. მერე კი იტალიელმა გოგონამ კონვერტი გახსნა და ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა. მართლა გაოგნებული დავრჩი და სიტყვებს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. კი ვფიქრობდი სიმღერის დროს რატომ აუჩუყდა დედას გული და ასეთი გრძნობით რატომ მღერის-მეთქი. თურმე, რა ხდებოდა.
ია: ლამის ცრემლები წამომივიდა სიმღერის დროს.
– ნინო, ქართული ფილმიდან არასდროს გქონია მოწვევა?
ნინო: ვითამაშე ალეკო ცაბაძის სერიალში, სადაც ჩემი მშობლები არიან ნატო მურვანიძე და ნიკა თავაძე. ფილმი კიევში უკვე გამოვიდა. ახლა კი პირელი არხისთვის ვიღებთ ფილმს „ტრიუკაჩი” სადაც ქართველ გოგონას, ნინოს ვთამაშობ. ფილმი, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოვა.
– ეს მერამდენე ფილმია შენი მონაწილეობით?
– მეშვიდე.
– ქალბატონო ია, უამრავი გულშემატკივარი გყავთ და როცა ისინი თავის საყვარელ მსახიობს ხვდებიან, თუნდაც ქუჩაში, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ.
ია: აქაც მეფერებიან, იქაც მეფერებიან, მაგრამ საქართველოში, მაინც განსაკუთრებით. ხშირად უთქვამთ, ძალიან გვიყვარხარ, ძალიან ტკბილი და საყვარელი ხარო. მადლობა მათ დიდი სიყვარულისთვის. ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ. ასევე, ბევრი საინტერესო ფილმის ნახვას, სადაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას.