როგორ დააბრუნეს თათია შარანგია ყველაზე ძვირფას სამყაროში და რისი გადაწყვეტა დაუჯდა მას ძალიან ძვირად
ძალიან ლაღი, ბედნიერი და პოზიტიური ადამიანია; იმდენად სავსეა დადებითი ემოციებით, რომ ამას შეხვედრისთანავე გრძნობ და თავადაც მისი ბედნიერების „მონაწილე“ ხდები. სიყვარულით აღსავსე თათია შარანგია ცხოვრების ახალ ეტაპს გადის, თუმცა, მანამდე, სანამ მისი და სანდრო შელიას დიდი სიყვარულის ისტორიას „მიიღებდნენ,“ რთული გზის გავლა მოუხდა. შევარდნაძეების რძლისთვის, ცნობილი ოჯახიდან წამოსვლა და ახალი ცხოვრების დაწყება იოლი არ ყოფილა. დღეს ეს ყველაფერი უკან დარჩა; ნიჭიერი პიანისტი, რომელსაც წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს, ახალი ეტაპისთვის პროფესიულ კარიერაშიც ემზადება და ტკბება იმით, რაც ყველას სჭირდება ბედნიერებისთვის და რაც მან ცხოვრებისგან მიიღო.
თათია შარანგია: ერთწლიანი ტაიმაუტის შემდეგ ძალიან აქტიურად ვემზადები კონცერტისთვის, რომელიც გაიმართება თბილისში, 3 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდიანარე, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა. ზუსტად არ გვქონდა გადაწყვეტილი, თბილისში დავრჩებოდით თუ ამერიკაში მოგვიწევდა ცხოვრება, მაგრამ ბავშვების გამო გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ვიცხოვროთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ თავიდან ვიწყებ ყველაფერს და, ამიტომაც, ახლა მთლიანად ვარ გადართული ჩემს პროფესიულ კარიერაზე, რომელიც იქნება ჩემი შემოქმედების ახალი ეტაპი. აქამდე უფრო კონცერტისტი პიანისტის კარიერა მქონდა, ახლა მინდა მონაწილეობა მივიღო პრესტიჟულ კონკურსებში – ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. 3 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი იქნება ორგანყოფილებიანი სოლო კონცერტი. ამასთან ერთად, ჩავწერ ამ კონცერტის დისკს. ძალიან მალე მექნება საინტერესო მასტერკლასი ამერიკაში. ზაფხულში მივდივარ საფრანგეთში, ფესტივალზე. დაგეგმილი მაქვს ძალიან დიდი პროექტი, რომელზეც ჯერ ვერ ვსაუბრობ, რადგან, დეტალები არ არის დაზუსტებული. ამ პროექტის საორგანიზაციო საკითხები დაკავშირებულია ამერიკულ მხარესთან და ამ მოლაპარაკებებში ძალიან აქტიურად არის ჩართული სანდრო, რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს. რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ქართველი, ძალიან წარმატებული პროდიუსერი. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ბევრს ვმეცადინეობდი, მაგრამ ახლა, რაც ვუყურებ, როგორ შრომობს სანდრო დღე და ღამე, მეც უფრო მეტი სურვილი გამიჩნდა, მაქსიმალურად დავიხარჯო ჩემი საყვარელი პროფესისისთვის. ახლა ყოველდღიურად ვარ ჩართული სამუშაო რეჟიმში, მაქსიმალურად ორგანიზებული და მობილიზებული ვარ საქმეზე, მთლიანად მივუძღვენი თავი ჩემს პროფესიას.
– როგორც ჩანს, სანდრომ ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში.
– დიახ, ნამდვილად, სანდრომ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და, მხოლოდ პოზიტიურად. ვფიქრობ, რომ იწყება ჩემი ცხოვრების ახალი და საინტერესო ეტაპი. ღმერთის წყალობით, ვარ ძალიან ბედნიერი, სავსე, შინაგანად ძალიან მშვიდი, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. სანდრომ, თავისი სითბოთი და სიყვარულით ჩემ მიმართ, მთლიანად შეცვალა ჩემ ირგვლივ ყველაფერი. ის ბუნებით მაქსიმალისტია, საკუთარ თავსაც ბევრს სთხოვს და მეც. 18 წლის წავიდა თბილისიდან და, ყველაფერს, რასაც მიაღწია ამერიკაში, მიაღწია თავისი შრომით, რასაც ძალიან ვაფასებ. ძალიან მიყვარს მისი ეს თვისება. სანდროს კარგი მუსიკალური განათლება აქვს. ბავშვობაში თბილისში სწავლობდა მუსიკას, ამერიკაში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც გადიოდა კლასიკური მუსიკის კურსს და, შესაბამისად, კარგად ესმის ჩემი საქმე. როცა თვითონ მუშაობს, იმ დროს კაბინეტში მეც მის გვერდით ვარ და ვმეცადინეობ. ამბობს, რომ ეს ძალიან ეხმარება იდეების მიზიდვაში. ზოგჯერ მგონია, რომ თავის საქმეში ჩართულს, საერთოდ არ ესმის ჩემი, მაგრამ უცებ მეტყვის ხოლმე: „ხომ არ ჯობია, აქ ასე გააკეთო?“ მე მიხარია, რომ, მისი სახით ძალიან კარგი შემფასებელი და გულშემატკივარი მყავს. როცა ცოლ-ქმარს საერთო ინტერესები აქვს, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს ბევრ რამეზე და ერთად მივიწევთ წინ. სანდროს ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: მე შენ, რა თქმა უნდა, შემიყვარდი პიროვნულად, მაგრამ, შემიყვარდი მუსიკასთან ერთადო და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. ცოტა ხნის წინ „ჯიპაში“ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებთან შევისწავლე საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებების მართვა და ამ მიმართულებამ ძალიან დამაინტერესა. ვფიქრობ, ჩემს პროფესიას დაეხმარება. მაგრამ, ვერასოდეს შეველევი ჩემს პროფესიას და ვერ ვიფიქრებ სხვა საქმიანობაზე. ვგრძნობ, რომ შემოქმედებითი ბუნება მაქვს.
– როგორ შეეწყვე ცხოვრებას იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც შენი პირადი ცხოვრების დაკავშირება ძალიან ბევრი სირთულის გადალახვად დაგიჯდა?
– ეს იყო ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი. მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ჩემთვის ადვილი გადასატანი იყო განქორწინება – ასე არ ყოფილა. ეს დამიჯდა ბევრ ტკივილად, გათენებულ ღამედ. მე ძალიან ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი. მამაჩემი აფხაზური მენტალიტეტის კაცია და მისთვის იმის გაცნობიერება, რომ მე ლაშას ვშორდებოდი, არ იყო იოლი. როცა სანდრო გავიცანი და მივხვდი, რომ ეს ის სიყვარულია, როგორითაც იშვიათად გვანებივრებს ღმერთი, მომეცა ძალა, ამ თემაზე ოჯახის წევრებს დავლაპარაკებოდი, თუმცა, ჩემმა დამ პირველივე დღიდან იცოდა ყველაფერი და მუდამ ჩემ გვერდით იყო. არასდროს დავუტოვებივარ პრობლემასთან ან სიხარულთან მარტო. დღეს ვგრძნობ, რომ დედას და მამას სანდრო ისე უყვართ, როგორც საკუთარი უფროსი შვილი, როგორც ახლო მეგობარი. სანდროს ჩემი ოჯახის ყველა წევრთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ძალიან უყვარს ჩემი და-ძმა – მარი და ლუკა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ჰარმონიაში ვართ მთელი ოჯახი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემი და სანდროს სახელით იმ მეგობრებს, ვინც ჩვენ გვერდით იყვნენ. ის, ვისგანაც თითქოს არ ველოდი, თავდადებული მეგობარი აღმოჩნდა, ის კი, ვისგანაც მეტს ველოდი – სულ სხვა. მე საერთოდ არ მესმის კულისებში მეგობრობის, პირში რომ გეფერებიან და ზურგსუკან ისე იქცევიან, როგორც მეგობრობას არ ეკადრება.
მე დღემდე პატივს ვცემ შევარდნაძეების ოჯახს, მის ყველა წევრს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ისიც კი, რასაც როდესღაც ვერ წარმოიდგენდი. არასდროს არაა იოლი, ერთი ხელის მოსმით დაასრულო ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც შენთვის ძვირფასი იყო. იმასაც ამბობდნენ, თითქოს მე შეზღუდული მქონდა თავისუფლება და ეს იყო გაყრის ერთ-ერთი მიზეზი. ეს ასე არ ყოფილა, მე არასდროს მაკლდა თავისუფლება, სადაც საჭირო იყო. მიმაჩნია, რომ, როცა გიყვარს, თავად უნდა შეზღუდო შენი „თავისუფლება“, ამიტომ, ახლა უფრო ვაქცევ საკუთარ თავს ჩარჩოებში და ვუწესებ იმ სტანდარტებს, რასაც ოჯახური თანაცხოვრება მოითხოვს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ლაშა და მათ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. არ მინდა, ცუდად შევეხო იმ წლებს, რომლებიც ლაშასთან მაკავშირებდა. იმ წლებიდან მყავს ყველაზე დიდი განძი და საჩუქარი – ჩემი შვილები. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. იმ წლებშიც იყო ბევრი კარგი რამ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ახლა იმდენად დიდი სიმშვიდე, სიყვარული და ურთიერთგაგება მაქვს ოჯახში, რომ ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე და სანდროს ერთნაირი შეხედულებები, ცხოვრების ერთნაირი სტილი გვაქვს. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობის პირველი ეტაპი არ იყო ადვილი. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რად დაგვიჯდა ჩვენი ერთობა.
ერთხანს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა, საკუთარი თავის ძიება ვცადე სხვა პროფესიაშიც, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. შინაგანმა სიმშვიდემ, რაც მე ახლა მაქვს, არათუ დამაბრუნა ჩემს საყვარელ საქმეში, უფრო მეტი სტიმულიც მომცა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ: ოჯახი, შვილები, საყვარელი საქმე – ყველაფერი მაქვს, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება და ამაში სანდროს დიდი დამსახურებაც არის. როცა სიახლის ძიებაში ვიყავი, სანდრო სულ მეუბნებოდა, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა გზა მუსიკასთან მიგიყვანსო. სულ მუშაობდა ამ საკითხზე, ცდილობდა, ხშირად შევეყვანე კონცერტებზე, რომ მომნატრებოდა სცენა, აპლოდისმენტები და შედეგიც მიიღო. მივხვდი, რომ ეს მართლა ძალიან მაკლდა. შემიძლია, ვთქვა, რომ დამაბრუნა იქ, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
– დღეს როგორი ურთიერთობები გაქვთ შევარდნაძეებთან? როგორც ვიცი, ედუარდ შევარდნაძეს დიდხანს არ უმხელდნენ თქვენი ოჯახის დანგრევას.
– ეს მეც გამიგია, თუმცა, დეტალები არ ვიცი. ბავშვები დღესაც ხშირად მიდიან ბაბუს სანახავად. ისინი ყოველ შაბათ-კვირას მამასთან ატარებენ.
– რა თვისებები აქვთ ბიჭებს შევარდნაძეების?
– ბიჭებს შევარდნაძეების ხასიათის ბევრი თვისება აქვთ. ედუარდს ისეთი მტკიცე ხასიათი და გონება აქვს, მისი ასაკის ბავშვისთვის, ნამდვილად გასაოცარია ალექსანდრე ძალიან ჰგავს გარეგნულად ბაბუას – პაატას. გონებამახვილი ბიჭია. ამბობენ, ედუჩი უფრო ედუარდს ჰგავს გამოხედვითო, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ის ჩემს ბავშვობას და მამაჩემს ჰგავს ძალიან.
– სანდრო შეელია ამერიკულ კარიერას? გადმოიბირეთ თბილისში?
– სანდრო ძალიან დიდხანს მუშაობდა ამერიკაში. ის სისტემა, რომლითაც მუშაობს ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტი, მთლიანად სანდროს შექმნილია. როდესაც მას გადასცეს ჯილდო ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, იმ ღონისძიებაზე მივხვდი, რომ სანდროს იქიდან მთლიანად წამოსვლა გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა. სანდრო კონტრაქტით დარჩა ინსტიტუტში და ზოგჯერ დისტანციურად, თბილისიდან აგვარებს საქმეებს. ფენომენალური გონების ადამიანია, სხვა განზომილების გონება აქვს და ერთდროულად ბევრ რამეს აკეთებს. როცა საჭიროა, რომ ფიზიკურად ესწრებოდეს მნიშვნელოვან შეხვედრებს, ჩვენ ამერიკაში გვიწევს წასვლა. მისთვის არ იყო იოლი ამერიკაში აწყობილი საქმის, ბავშვის, დედის, მეგობრების დატოვება და აქეთ გადმოსვლა, ეს იყო მისი კეთილი ნება და ეს „მსხვერპლი“ გაიღო ჩვენი სიყვარულისთვის. თბილისში აქტიური მუშაობა დაიწყო – ის უძღვება პროექტს, რაც მოიცავს რეფორმებს უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული სასწავლებლებისა და სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციებთან დაკავშირებით. ეს საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. იმდენ რამეს აკეთებს ერთდროულად, ბოლო დროს ერთად ყოფნის ხანგრძლივობა გამოზომილი და შეზღუდული გვაქვს, თუმცა, საღამოებს სულ ერთად ვატარებთ. პარასკევი ახლო მეგობრებისთვის გვაქვს და გართობის დღეა ჩვენთვის, შაბათ-კვირა კი მხოლოდ ჩვენია, ეს ორი დღე მარტო ჩვენ გვეკუთვნის (იცინის).
– კარიერაში ჩართული ცოლ-ქმარი ბავშვის გაჩენას არ გეგმავთ?
– დიახ, ვგეგმავთ. არ ვფიქრობთ, რომ შვილი შეგვიშლის ხელს კარიერაში ან მე ან – სანდროს. ძალიან გვინდა პატარა გოგო, რადგან, სამი ბიჭი გვყავს. ბავშვებიც უფრო გოგოსკენ იხრებიან, ასე რომ, პატარა პრინცესა ნამდვილად სჭირდება ჩვენს ოჯახს. სანდროს შვილი, დათო იყო ჩვენთან სტუმრად ჩამოსული. ძალიან საყვარელი ბიჭია, ამ ზაფხულსაც გვესტუმრება. სანდროს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს ედუჩისთან და ალექსანდრესთან. მათ მუდმივად უკითხავს წიგნებს, ერთად თამაშობენ გონების განსავითარებელი კონსტრუქტორებით. ძალიან მწყდებოდა გული, როცა ამბობდნენ, თითქოს ამერიკაში გადასვლას და ბავშვების დატოვებას ვაპირებდი. ეს არასდროს ყოფილა სიმართლე. ორ კვირაზე მეტი ბავშვები არასდროს დამიტოვებია, ახლა კი ის ორი კვირაც ისე ბევრია ჩემთვის, რომ ამდენ ხანსაც ვეღარ ვტოვებ მათ. სანდრო მიხვდა, რომ ბავშვების გარეშე სრულფასოვანი ვერ ვიქნებოდი, ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა და თვითონ გააკეთა ის არჩევანი, რაც უნდა გაეკეთებინა. ამ თემაზე მასთან საუბარიც კი არ აღმოჩნდა საჭირო, ისე მიხვდა ჩემს ტკივილს.
ამბობენ, ოჯახი ტრანსფორმაციას განიცდისო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ იმდენ ხანს ვიცხოვრეთ ცალ-ცალკე და იმდენ ხანს გვენატრებოდა ერთმანეთი, რომ ჩვენი სიყვარული ტრანსფორმაციის ეტაპებს არ გადის. ეს ორივეს დამსახურებაა, მაგრამ, ალბათ, უფრო სანდროსი. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო რომანტიკული ხდება – ახლაც ვაკეთებთ ერთმანეთისთვის საოცარ რამეებს. სულ ერთად ვართ, ყველგან ერთად მივფრინავთ. იმდენი სირთულე გავიარეთ ერთად, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ არასდროს ვიქნებოდით ცალ-ცალკე და ამას ვახერხებთ კიდეც. რითაც შეგვიძლია, ყველაფრით ვაფერადებთ ჩვენს ურთიერთობას. ბავშვობაში ხშირად ვმარხულობდი, მერე ცოტა გავზარმაცდი. ახლა კი, წლების შემდეგ, პირველად დავიცავი დიდმარხვა. მაშინ გავაცნობიერე, რომ ძალიან მინდა, რომ ჩვენი ოჯახი იყოს შეკრული და ახლოს ვიყოთ ღმერთთან. ოჯახურ პასუხისმგებლობას უფრო მეტად ვგრძნობ. სირთულეებმა, რაც ჩვენ გავიარეთ, გამზარდა და ბევრი რამ დამანახვა სხვანაირად. გავიგე ოჯახური ბედნიერების ფასი და უფრო მეტად დავკანკალებ ამ ურთიერთობას, რომ ყველაფერი იყოს ძალიან კარგად. მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო სანდროს, რომ საქმისგან არ მოცდეს. იმის მიუხედავად, რომ არ მაქვს პრობლემა, სანდროსთვის სადილი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც საოჯახო საქმეში მეხმარებიან, სულ ვცდილობ, რომ მე თვითონ მოვუმზადო რამე. მომწონს, როცა მასზე ვზრუნავ. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის ადრე ადგომა ტრაგედიაა, დილით, რაც არ უნდა ადრე გადიოდეს სანდრო სახლიდან, მე უნდა მივაცილო კარამდე. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, მაგრამ, ესეც კი ოჯახური ბედნიერების „ფასში“ შედის (იცინის).