კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია თეკლა კვაჭაძეს გველი ყველაზე ლამაზ არსებად და ვინ გამოუგზავნა მას იგუანა უკრაინიდან

ბავშვობისას ჯამბაზების მეშინოდაო, – მითხრა ჩემმა რესპონდენტმა თეკლა კვაჭაძემ... თურმე, ეგზოტიკური ცხოველების სიყვარულიც ბავშვობიდან მოსდევს. დღეს, თეკლას ეგზოტიკური ცხოველების საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი კოლექცია აქვს. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, მას მიაჩნია, რომ გველები ყველაზე ლამაზი არსებებია.

 

 თეკლა კვაჭაძე: ბავშვობიდან მაინტერესებს ეგზოტიკური ცხოველები და მათი სამყარო, – გველები, ხვლიკები, ობობები, ანუ ისეთი – ბევრ ადამიანს რომ არ უყვარს. არ მქონია ისეთი შეგრძნება, რომ ის ცუდია და უარყოფითია. ცოტა უფრო დიდი რომ გავხდი, დავიწყე ამ არსებების შესწავლა, წიგნების, ინტერნეტის, ყურმოკრული ამბების საშუალებით. 16 წლის ასაკში ზოოპარკში დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ უფრო განვვითარდი და ცოდნაც გავიღრმავე. ასე დაიყო ეს ყველაფერი.

გველს რომ ვხედავ ტერარიუმში, ძალიან ლამაზია – ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, ეს სილამაზე სახლშიც გადმომეტანა. ასეც მოვიქეცი. პირველად გველი 6 წლის წინ ვიყიდე. აქედან დაიწყო – პირველ გველს მეორე მოჰყვა, მერე ხვლიკები, ობობები და ასე ნელ-ნელა ვავითარებ ჩემს კოლექციას.

– დღესდღეობით, რამდენი არსება ბინადრობს შენს სახლში?

– ახლა, სახლში მყავს: 4 გველი, 3 ობობა, 2 სცინკი (ხვლიკის ნაირსახეობა), 1 გეკონი-ეუბლეფარი (ხვლიკის ნაირსახეობა), 1 იგუანა, თბილსისხლიანებიდან – 1 ზღვის გოჭი და 1 ძაღლი.

– კიდევ ვინ ცხოვრობს ოჯახში?

– დედა და ძმა.

– მათი ინტერესები შენსას ემთხვევა?

– თავიდან შიშის მომენტი იყო დედაჩემის მხრიდან, მაგრამ მერე ისე შეეჩვია, ახლა თვითონაც დაინტერესებულია. სცინკები რომ ჩამომივიდნენ, ისე გულთბილად მიიღო...

– საიდან ჩამოგივიდნენ?

– ჩეხეთიდან. იგუანა – უკრაინიდან ჩამომივიდა.

– ზუსტად ვიცი, იგუანები უკრაინაში არ ბინადრობენ და იქ როგორ მოხვდნენ?

– მეგობრები მყავს მსოფლიოს გარშემო.

– ერთნაირი ინტერესები გაერთიანებთ? 

– ჰო, ჩემნაირი გადარეულები არიან ისინიც და მიგზავნიან.

– როგორ დამეგობრდით, ბევრს მოგზაურობ, თუ?

– არა, სამწუხაროდ. ისინი მოგზაურობენ და საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ, მაშინ დავმეგობრდით. მაგალითად, ჩემს უკრაინელ მეგობართან, რომელმაც იგუანა გამომიგზავნა, ძალიან ბევრი გველი და ხვლიკი გამიგზავნია. ისიც მიგზავნის აქეთ ეგზოტიკურ ცხოველებს. საქართველოსთვის ქართული გველები ეგზოტიკური არ არის, ხოლო უკრაინისთვის გამოდის, რომ რაღაც ღირებულება აქვს. აქედან გამომდინარე, გაცვლა ხდება ხოლმე ბარტერული.

 – ქართული გველებიდან რომელია მათთვის ყველაზე საინტერესო?

– ოთხზოლიანი მცურავი.

– ამ არსებების გაგზავნა როგორ ხდება?

– ჩამოდის პიროვნება და მიჰყავს. სერტიფიკატები და საბუთები უკვე მათი პრობლემაა.

– ამ კოლექციიდან ყველა ცხოველს თავისი სახელი ჰქვია?

– ყველას არა, მაგალითად: გველს თორი ჰქვია, მეორეს  – ძაპა, ობობებს და სცინკებს სახელი არ აქვთ, ეუბლეფარს ეუშკას ვეძახით, ძაღლს კი ოდრი ჰქვია.

– ოდრი რატომ?

– ლამაზია, ძალიან ლამაზი თვალები აქვს.

– ოდრი ჰეპბერნივით?

– ჰო (იცინის).

– საქართველოში ცოტა ადამიანი თუა შენნაირი ინტერესების მქონე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ და ემოციურები არიან შენთან ურთიერთობაში.

– კი. ზოგადად საქართველოში მიჩნეულია, რომ გველი ცუდია და როდესაც იგებენ, სახლში ამდენი გველი და ქვეწარმავალი მყავს, უჩნდებათ  კითხვა – რატომ? იმიტომ რომ, არის უზომოდ საინტერესო და ლამაზი. ის ფაქტი, რომ გველი სახლში მყავს, თავიდან ინტერესის მომენტი იყო და მერე უკვე კოლექციაში გადაიზარდა. კითხვები ძალიან ბევრია: შხამიანია? უპირველესად, ამას მეკითხებიან. შხამიან გველს სახლში არ გავაჩერებ. ჯერ ერთი ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და მეორეც არ შევუქმნი იმ საფრთხეს, რასაც შხამიანი გველი ჰქვია. რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კიდევ მეკითხებიან: არ გეშინია? არა, არ მეშინია. რომ მეშინოდეს, არ ვიყოლიებდი.

– არის ისეთი სახეობა, რომლის ყოლასაც გეგმავ და ოცნობებ?

– ძალიან ბევრი ცხოველია, რომელიც მინდა, მყავდეს. თუ ოცნებას მივყვები, მაშინ ჟირაფი მინდა მყავდეს (იცინის). სახლის პირობებში გველის ბევრი ისეთი სახეობაა, რომელსაც სიამოვნებით ვიყოლიებდი. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოვცდი ამ ბედნიერებას. ერთ-ერთი ასეთია მწვანე პითონი, რომელიც ულამაზესია და ხასიათდება იმით, რომ ძალიან ლამაზი, ხასხასა მწვანე ფერისაა.

– იგუანას ფერია?

– იგუანაზე ხასხასაა, უფრო ელექტრიკი ფერის. აგრეთვე, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ამაზონიდან ხის ბაყაყებს. ისინი ხეზე ბინადრობენ, არიან წითელი და ლურჯი ფერის და იზრდებიან დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი სიგრძის. ეფექტური გარეგნობა აქვთ ძალიან.

– თევზები არ გიყვარს?

– იცი, რა, როცა გველები გყავს სახლში, მათ გვერდით თევზები ნაკლებად ლამაზად გეჩვენება. მე ასე ვფიქრობ.

– რა პროფესიის ხარ?

– ჯერჯერობით სტუდენტი ვარ. ზოოვეტში ვეტერინარიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მომავალში ვგეგმავ, რომ ჰერპეტოლოგიის შესწავლა გავაგრძელო.

– როგორ ფიქრობ, ასეთი ჰობი შენი თაყვანისმცემლების გაზრდაზე უფრო მოქმედებს, თუ – შემცირებაზე?

– არ ვიცი... (იცინის) დამაბნეველი კითხვაა. ვერ გეტყვი, ალბათ, გაზრდაზე მოქმედებს. ხალხი რომ გიცნობს, ხვდება, რომ საინტერესო ადამიანი ხარ და გაქვს მოწოდება, რასაც აკეთებ, ალბათ, ეს რაღაცაზე მეტყველებს და შემცირებისკენ, არა მგონია... პირიქით.

– ეს კოლექცია, ლამაზია, კარგია, მესმის, მაგრამ მისი მოვლა-შენახვა, ალბათ, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

– მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ადვილი. ბევრს ჰგონია, რომ გველი სახლში თავის ტკივილი და უბედურებაა. ამ დროს ძალიან იოლი მოსავლელია. კვირაში ერთხელ აჭმევ, ერთხელ ასუფთავებ და ერთხელ ან ორჯერ წყალს უცვლი. სულ ეს არის.

– საკვებს რაც შეხება?

– იკვებებიან, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი საკვებით, ესენია თაგვები და ვირთხები. რომ ჩაუგდებ, იჭერენ, გუდავენ და მერე ყლაპავენ.

– სად შოულობ თაგვებსა და ვირთხებს გველების გამოსკვებად?

– სამედიცინო ინტიტუტში არის ვივარიუმი და იქ ვყიდულობ.

– დიდი თანხა სჭირდება ამ კოლექციის გამოკვებას?

– ყველა ცხოველის გამოსაკვებად კვირაში 12 ლარს ვხარჯავ.

– ამ კოლეექციის დანარჩენი ბინადრები რას მიირთმევენ?

– გველების გარდა, ობობებიც ახალშობილი თაგვებით იკვებებიან, ან მწერებით – ჭრიჭინებით, კალიებით, ტარაკნებით, ასეთი რაღაცეებით.

– ამასაც იქ ყიდულობ, სადაც ვირთხებს?

– კი. კალიები არა, მხოლოდ ჭრიჭინები და ტარაკნები იყიდება.

– კალიებს ზაფხულში იჭერ ხოლმე?

– გასულ ზაფხულს, რუსთაველზე შემოსევა იყო. ვიჭერდი შუაგულ რუსთაველზე კალიებს და ვაჭმევდი. დავასუქე, დავზარდე.

– რა ზომისანი არიან ეს გველები?

– ჩვეულებრივი მახრჩობელა, რომელიც უკვე 6 წლისაა, ახლა ორმეტრამდეა, და იზრდება 4 მეტრამდე. სიმინდის მცურავი, უკვე ზრდასრულია, დაახლოებით 120 სანტიმერია. ეს პატარა გველები – ნარინჯისფერი მცურავები, იზრდებიან ორ მეტრამდე  და ახლა ოც სანტიმეტრამდე არიან, ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვისანი არიან. ობობები, დიდები არიან, უკვე 10 სანტიმეტრს მიაღწიეს. ესენი ჩიტიჭამია ობობები არიან. ისინი ხასიათდებიან იმით, რომ გამრავლების მომენტში დედალი ჭამს მამალს. 

– გველის ხორცი გაგისინჯავს?

– არა, მაგრამ სიამოვნებით დავაგემოვნებდი. ჩინეთში, ინდოეთში, ვიეტნამში ამზადებენ მწერებისგან საჭმელს, დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი, ასევე, ბაყაყსაც.– ცოცხალი მაიმუნის ტვინსაც ხომ მიირთმევენ.

– ცოცხალი მაიმუნის ტვინსაც დავაგემოვნებდი.

– გველს უკბენია შენთვის?

– კი, ძალიან ბევრჯერ.

– მერე?

– არაფერი, ცოცხალი ვარ (იცინის). კობრის კბილზე მაქვს გაკაწრული ხელი და ამის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში, თირკმელებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. თუმცა, ვიმკურნალე და გადავრჩი

– როგორ მოხდა ეს ინციდენტი?

– გველის ფიტულს ვაკეთებდი და შემთხვევით ხელი შხამიან კბილზე გავიკაწრე. ეტყობა, შხამი ჰქონდა კბილს შერჩენილი და ცუდად გავხდი, მაგრამ გადავრჩი. ერთხელ ცხვირრქოსანმა გველგესლამ მიკბინა. ამის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა მაღალი სიცხეები, გულისრევა, თავბრუხვევა და ეს ყველაფერი ერთდროულად. მერე გამოვკეთდი. ეს შხამი ისეთი არ იყო, რომ მოვეკალი. ჩიტიჭამია ობობებიც შხამიანები არიან და უკბენია კიდეც, მაგრამ ისეთი ტოკსიური შხამი არ აქვთ, რომ ადამიანის ორგანიზმს მოერიოს. ბავშვს მოერევა, მაგრამ უკვე ზრდასრულს – ვერა. მორიელსაც დავუგესლივარ, მოკლედ, ძალიან ხიფათიანი ვარ (იცინის).

– როგორი წარმოგიდგენია შენი კოლექცია 10 წლის შემდეგ?

– 10 წლის შემდეგ, მე მექნება საკუთარი სახლი, მეყოლება უამრავი ცხოველი და არა მარტო ცივსისხლიანი. მექნება ძალიან დიდი კოლექცია.

 

скачать dle 11.3