კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკი ითვლება მოზარდისთვის კრიტიკულად მავნე ჩვევების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და როგორ ურევს მოზარდს ცხოვრებას ვირტუალური სამყაროს ფუჭი განცდები

მოზარდში მავნე ჩვევბის ჩამოყალიბება ძალიან აქტუალური პრობლემაა.  ხშირად, ერთი შეხედვით მარტივი მავნე ჩვევა, შესაძლოა, მოზარდს ისეთ თვისებად ექცეს, რაც მის ცხოვრებას საბედისწეროდ წარმართავს. თუ რა მეთოდით შეიძლება აღმოვფხვრათ მოზარდში მავნე ჩვევები, ამ თემაზე ბავშვთა ფსიქიატრს, სალომე ვაშალომიძეს გავესაუბრეთ.   

 

– როგორ ხდება მოზარდებში მავნე ჩვევების ჩამოყალიბება?

– მოზარდში მავნე ჩვევების ჩამოყალიბება, შესაძლოა, განპიროებებული იყოს რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია შემთხვევები,  როდესაც მშობლები უყურადღებონი არიან ბავშვის მიმართ და ის საკუთარ ნებაზე ჰყავთ მიშვებული; ასევე, ისეთ ბავშვებთან ურთიერთობები,  რომლებიც თავად ეტანებიან მავნე ჩვევებს. მავნე ჩვევები უფრო ხშირად  აღინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც განიცდიან მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს, არ ჰყოფნით მოფერება. როდესაც გვერდით არ არის დედა, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაეხუტება, ბავშვი პოულობს სიტუაციიდან გამოსავალს: იწყებს თითის წოვას ან ტუჩის მოკვნეტას, ფანქრის ღრღნას ან ძილში კბილების კრაჭუნს. ეს ჩვევები ათავისუფლებს მას შიშებისგან, ყურადღება გადააქვს სხვა საგანზე და თვითდამშვიდების ერთგვარი საშუალება ხდება ბავშვისათვის. თითოეული მავნე ჩვევის საფუძველი ყოველთვის უნდა ვეძებოთ ფსიქოლოგიაში, ბავშვსა და მშობლებს შორის მტკიცე ემოციური კავშირების არარსებობაში. მაგრამ, ხშირად მშობლები ნაადრევად ტეხენ განგაშს, რადგან, მრავალი მავნე ჩვევა ხშირად დაკავშირებულია ბავშვების ასაკთან, მათი განვითარების განუყოფელი ნაწილია და, შესაბამისად არ უნდა გადავამეტოთ მათი შეფასება და მნიშვნელობა. 

–  რომელი ასაკი ითვლება მოზარდისთვის ყველაზე კრიტიკულად, როცა მან, შესაძლოა, მავნე ჩვევები შეიძინოს?

– მოზარდისთვის კრიტიკულად  ითვლება 10-15 წლის ასაკი – ამ ასაკის ბავშვები უყურებენ სხვებს და უნდათ, თვითონაც ისეთები იყვნენ, როგორიც ყველაა. ამ ასაკში   მშობლებმა განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს და არ გამოეპაროთ მოზარდის ქცევის ცვლილებები, ფულის მოთხოვნილების გაჩენა, სწავლაში ჩამორჩენა, ახალი მეგობრების შეძენა, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან მისგან და იმათგან, ვისთანაც ადრე მეგობრობდა; ყურადღების  მიღმა არ უნდა დარჩეს ბავშვის გონებაგაფანტულობა, გულმავიწყობა, გულგრილობა, განმარტოების სურვილი, გულჩათხრობილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა.  თუ მშობელი დაკვირვებული და ყურადღებიანია, ეს ცვლილებები  არ გამოეპარება და არც იმ მომენტს გაუშვებს ხელიდან, როდესაც ბავშვის შველა შესაძლებელია.  ბავშვთა გარკვეულ კატეგორიას აქვს სიზარმაცის, უცენზურო სიტყვების მიმართ მიდრეკილება. ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა. ფსიქოლოგთა განმარტებით, სიზარმაცის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოტივაციის უქონლობაა. ბუნებაში ზარმაცი ბავშვები არ არსებობენ. ჯანმრთელი პატარები ადრეული ასაკიდანვე ისწრაფვიან მოძრაობისკენ, დამოუკიდებელი ქმედებებისკენ. პასიურობა და უმოქმედობა, რაც ხშირად მშობლებს სიზარმაცე ჰგონიათ, ბავშვის არაჯანსაღ მდგომარეობას უკავშირდება, ან, მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომის შედეგია. 

რაც შეეხება უცენზურო სიტყვებს: ბავშვი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიგონებს უცენზურო სიტყვებს, თუნდაც ოჯახის წევრები მათ არასდროს წარმოთქვამდნენ. შეუძლებელია გარე სამყაროსგან ბავშვის იზოლირება, ქოთნის ყვავილად მისი გადაქცევა. თუ განსაზღვრულ დრომდე ბავშვი სწორედ ასე იზრდება, ძალიან ცუდია, რადგან, ბაღში თუ სკოლაში მისვლისას მას უფრო მეტად გაუჭირდება ახალ პირობებთან ადაპტაცია. უცენზურო სიტყვები კი აუცილებლად მიიპყრობს მის ყურადღებას თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისთვის სიახლეა. თუ  ბავშვის ლექსიკონში უცენზური სიტყვებს აღმოაჩენთ  მას  ნუ შეარცხვენთ, ნუ გაუბრაზდებით და ნუ დასჯით, რადგან ის პატარაა და უცენზურო სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდება. ზემოქმედების საუკეთესო მეთოდია ახსნა-განმარტება. ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს უფროსებს შორის დაძაბული ურთიერთობა, რთული ოჯახური მდგომარეობა. ხშირად ხდება, რომ ატმოსფეროს განსამუხტავად მშობლები ჯავრს ბავშვზე იყრიან ხოლმე. როდესაც ბავშვებს აკლიათ ოჯახური სითბო, მზრუნველობა და თანაგრძნობა, ერთნი საკუთარ თავში იკეტებიან; გულჩათხრობილები, გაუბედავები, უსუსურები ხდებიან, გამუდმებით შინაგანი განგაშის განცდა, ცუდის მოლოდინი სდევთ თან, მეორენი კი გაღიზიანებულები, აფექტურები, დაბოღმილები, გაბოროტებულები, სასტიკები, კონფლიქტურები არიან, არავის ენდობიან. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ძალიან უჭირთ გარე სამყაროსთან ადაპტაცია.

– თანამედროვე მოზარდებში დიდ პრობლემად იქცა კომპიუტერული გატაცებები, ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ კომპიუტერს, რითაც, ალბათ, ხდება მიჯაჭვა ვირტუალურ სამყაროსთან.  

–  ვიდეობუმი  მოზარდთა ქცევის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით ნეგატიურ როლს ასრულებს. ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს ძალადობის ამსახველი და საშინელებათა ფილმები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ყმაწვილი მოძალადე ვიდეოგმირს კერპად გაიხდის და მას ჰბაძავს. ერთ ისტორიას გავიხსენებ, რაც უკრაინაში სწავლისას მქონდა პრაქტიკაში: პატარა მოთამაშე ბიჭი, რომელიც  განუსაზღვრელი დროის განმავლობაში თამაშობდა ძალადობრივი სცენებით გაფორმებულ კომპიუტერულ თამაშებს, იმდენად დამოკიდებული გახდა კომპიუტერზე, რომ სხეულის ფორმა დაკარგა.  მას ცხიმების დაგროვებაც დაეწყო, დაკარგა მადა, ინტერესი სწავლისადმი, ხოლო ძალადობას, ანუ, კომპიუტერით ნანახს, უმცროსი ძმის წინააღმდეგ იყენებდა.

კომპიუტერთან თამაში საკმაოდ დიდ გასართობს წარმოადგენს. ამის გამო ხშირია ისტერიკები და მშობლებთან ურთიერთობის სერიოზული გართულებები. ამის ერთადერთი მიზეზი კი, ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, აზარტი გახლავთ. იმდენად დიდია კომპიუტერული თამაშებისაგან გამოწვეული აზარტი, რომ ის ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მწვავედ ავლენს თავს. აზარტული თამაშისათვის დამახასიათებელია დაუსრულებელი განგრძობადობა: დამარცხებულს სურვილი უჩნდება გამარჯვებისა და ამიტომაც თამაშს ახლიდან იწყებს; გამარჯვებულისათვის კი მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგი გაიმყაროს, რისთვისაც, ამავე თამაშში, სულ ახალ თავგადასავლებს ეძებს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დღესდღეობით კომპიუტერული თამაშები საკმაოდ მრავალფეროვანი სახით არის წარმოდგენილი. ახლა თავად აზარტის შესახებ ვისაუბროთ.  კაზინოებზე,  სლოტკლუბებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. აზარტი სულს ვნებათა ნამდვილ ასპარეზად აქცევს. აზარტის დროს ადამიანი სულიერად მთლიანად მოშვებულია, თანაც თავად მოთამაშეს ჰგონია, რომ ის აღნიშნულ მომენტში მაქსიმალურად მიზანდასახული, გონებამოკრებილი და მშვიდია. ამ საშინელ და საშიშ მდგომარეობაში შეიძლება, არათუ არასრულწლოვანი, არამედ ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდეს. კომპიუტერული თამაშებით დაკავებული ბავშვი პოტენციურად იკვალავს გზას აზარტული თამაშებისკენ და, რაც ყველაზე ცუდია, ასეთი ბავშვები  საერთოდ შორს არიან  რეალური სამყაროდან – ისინი არარსებული სამყაროს მიერ შემოთავაზებული სიცრუითა და ვნებით არიან მოცული. ის თამაშის დროს იმ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც რეალურად არ არსებობს. თამაშით გამოწვეულ აზარტს ბავშვი მღელვარებამდე მიჰყავს, ეს მღელვარება კი აბსოლუტურ სიცარიელეში ხვდება. პრინციპში, ამ დროს სწორედ ის ხდება, რაც ტელე თუ ვიდეოფილმების ყურებისას ფიქსირდება: ბავშვის რეალურ ცხოვრებაში არარეალური სამყაროს ფუჭი განცდები იჭრება და სულისათვის სასარგებლო იმ განცდების ადგილს იჭერს, რომელიც აუცილებელია მოზარდის ნორმალური ჩამოყალიბებისთვის. თუმცა, კომპიუტერული თამაშებისა და ფილმების ყურების შედეგად მიღებულ განცდებს შორის მაინც არის ერთი პრინციპული განსხვავება: კომპიუტერული თამაშების სპეციფიკა ადამიანს პასიურ მაყურებლად არ ამყოფებს; ამ შემთხვევაში ხდება მოთამაშის აქტიურ, ქმედით პიროვნებად ქცევა. შესაბამისად, მოთამაშე თამაშისას ცხოვრობს არა რეალურ, არამედ, ილუზიურ სამყაროში. მაგალითად, ორთაბრძოლის ამსახველ ზოგიერთ თამაშში ბავშვი ერთ-ერთ მხარეს განასახიერებს და „მაუსის” ღილაკზე თითის ყოველი დაჭერა მოწინააღმდეგის სულ უფრო მეტ დასახიჩრებასა თუ დაჭრას იწვევს. მოთამაშე ხედავს, თუ როგორ დგება სისხლის გუბე მისი ხელის მოძრაობის კვალობაზე, ამგვარი რამ კი მეორდება ყოველდღე, ასჯერ, ათასჯერ; ბავშვისთვის ეს ყოველივე ჩვეული ხდება და ის ეჩვევა ძალადობას. კომპიუტერის ილუზიურ სამყაროში შემოთავაზებული „იოლად” გადასატანი „დაჭრები“ თუ „დასახიჩრებები“ ბავშვის გონებაში ადაპტირებას განიცდის.  

ბავშვის განვითარებისთვის უმჯობესია ცოცხალი, სპონტანური თამაში – ნერვულ სისტემასა და მოტორულ სფეროზე დადებითად სწორედ ის მოქმედებს, თანაც, სასურველია, ბავშვმა სუფთა ჰაერზე ითამაშოს. ბუნებრივი მასალები (ქვიშა, თიხა, წყალი) ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას, კუნთების კოორდინირებას, დადებითად მოქმედებს მეტყველებაზე, ქმნის დადებით ემოციას, თანაც, ადამიანური ურთიერთობის წესები მხოლოდ ცოცხალი თამაშის დროს, სხვა ბავშვებთან კონტაქტის გზით შეითვისება. ვერც ერთი კომპიუტერი ვერ გადასცემს ბავშვს იმ ემოციურ მუხტს, რასაც ის თანატოლებთან, მშობლებთან, ახლობლებთან ურთიერთობით იღებს. 

– კერპებზე მინდა გკითხოთ, თანამედროვე მოზარდებში ესეც  აქტუალური თემაა: უნდა ვებრძოლოთ თუ არა მოზარდებში „კერპების” გაჩენას,  თუ ამ გატაცებას  არ აქვს ჯანსაღი ფორმა?

–  რა თქმა უნდა,  ეს არ არის ჯანმრთელი პროცესი, თუ კერპით გატაცებას აქვს არანორმალური ხასიათი,  თუმცა, მოზარდთან „ბრძოლა” ამ თემაზე  აბსოლუტურად დაუშვებელია.  ასეთი შემთხვევები თითქმის ყველა მოზარდში გვხვდება,  მაგრამ, არის გარკვეული ასაკი, რის შემდეგაც ასეთი გატაცება თავისით გაივლის. დღეს ხშირია ნარცისიზმიც – მოზარდები გატაცებულები არიან საკუთარი თავით. ამ პრობლემების მქონე  მოზარდებთან  პროფესიონალების ჩარევა და მათი დროული დახმარებაა საჭირო.  

 

скачать dle 11.3