რა ბედი ეწიათ ცნობილ ქართველ მამაკაცებს გრიგოლ ფერაძეზე მასალების მოძიებისას და რა განსაცდელი მოუვლინა უფალმა ამის გამო მაკა ბურდულს
საქართველოში გუჯა ბურდულს ყველა კარგად იცნობს. მას სამი შვილი ჰყავს – ლადო, მაკა და ბაკური. მათაც დიდი ხანია, საზოგადოებაში თავიანთი ადგილი დაიკავეს: ძმები ალტერნატიულ მუსიკას მისდევენ, მაკა კი ჟურნალისტი, მსახიობი და კინოდოკუმენტალისტია. თითოეული მათგანი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა, ტრადიციული და, ამავდროულად, არაორდინარული. მაკა ბურდული ყოველთვის სიამოვნებით გვთანხმდება ინტერვიუზე. ახლაც არ გვითხრა უარი და საკმაოდ საინტერესო თემაზე – მის ფილმზე, „გრიგოლ ფერაძეზე” ვისაუბრეთ, რომელშიც მთავარი როლი ბატონმა გუჯამ შეასრულა.
– მაკა, თქვენ გადაიღეთ სატელევიზიო ფილმი გრიგოლ ფერაძეზე, რომელშიც მთავარი როლი მამამ ითამაშა. გვიამბეთ ყველაფერი ამ ფილმთან დაკავშირებით. დარწმუბენული ვარ, ყველას ძალიან დააინტერესებს.
– სულ არ მეგონა ასეთი ბედნიერება თუ მეღირსებოდა და გადავიღებდი ფილმს გრიგოლ ფერაძეზე. როგორც ჩემი მამაო ამბობს, ეს უფლის ნება იყო (რუსი მამაო მყავს). მან შემომთავაზა წმიდანებზე გამეკეთებინა ფილმი – ისედაც საინტერესო თემაა და, თან, გატყობ, რომ თვითონაც მოგწონს და შეგიძლიაო. თეატრალურში ჟურნალისტიკაზე როცა ვსწავლობდი, სახელმწიფო გამოცდაზე სწორედ ეს თემა შემხვდა – „ჯვარი ვაზისა” და „გრიგოლ ფერაძე”. ვუპასუხე, მაგრამ, სულ მქონდა უკმაყოფილების გრძნობა, რომ უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე. კომისიამ „ხუთიანი” დამიწერა და მაშინ პირობა დავდე: ეს ადამიანი იმდენის ღირსია, რომ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები, როცა ჩავთვლი, რომ მზად ვარ-მეთქი. პარალელურად, დავიწყე სწავლა ოთარ იოსელიანთან. ჩემი ოცნება იყო, ფილმები გადამეღო, მაგრამ, ამ ასაკში უფრო მხატვრულზე ფიქრობ, დოკუმენტალისტობა არავის უნდა, თან, მაშინ ისეთი დოკუმენტური ფილმები კეთდებოდა, არც კი გაინტერესებდა მათი ყურება, ვერ აკეთებდნენ, რადგან, არ იყო ისეთი ტექნიკური საშუალებები, როგორიც დღესაა. ახლა უფრო მეტი ხერხია, ხდება ამა თუ იმ ამბის გაცოცხლება, გამხატვრულება, ანუ, რაღაც ელემენტები შეგაქვს, რომ მაყურებლისთვის ეს ვიდეოხაზი უფრო საინტერესო გახდეს.
– მაგრამ, ფილმი არა საქართველოში, არამედ, რუსეთში გადაიღეთ. ეს იმიტომ, რომ რუსი მამაო გყავთ თუ რა პრინციპით?
– ეს არის სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი, რომელიც მოსკოვის ტელევიზიისთვის გავაკეთე, იმიტომ, რომ ქართველები ვერ დავაინტერესე. ვის არ მივმართე, როგორ არ შევეცადე, მაგრამ, ან მზად არ არიან, ან ეს თემა არ არის მათთვის ახლოს. ამ ფილმით მომეცა საშუალება, დამემტკიცებინა, რომ აი, ის დაწერილი ფრიადი ღირსეულად მიღებული ფრიადი იყო.
– და, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– პოლონეთში ვარ ჩასული სტაჟირებაზე კინოსკოლაში – ქართული ოჯახი იყო იქ და ის დამეხმარა. იმ კაცმა მითხრა: აქ სამასზე მეტი ეკლესიაა, მაგრამ, ძალიან მცირეა მრევლი. საკათედრო ტაძარია და, მოდი, წავიდეთო. რაზეა ლაპარაკი, წავიდეთ-მეთქი. კანში რომ ვიყავი, მაშინ ვიპოვე რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, ნიცაში ხომ არის და არის... გია კერესელიძეც დაესწრო ლოცვებს, ახლა წმიდა ნინოზე ვინც იღებს ფილმს. გამაცნეს მამაო. რომ გაიგო, ვინ ვიყავი, მითხრა: ქართველი ხარ, თან, რეჟისორი ყოფილხარ და შენ გადაიღებ ფილმს გრიგოლ ფერაძეზე, ოღონდ, ჯობია ქართველების სახელით გადაიღო, პოლონელების მიერ გადაღებულია უკვე ეს ფილმი და ეყოფათო. მე ვუთხარი: არავინ არ დამაფინანსებს, ისეთი გაკეთება უნდა ამ ფილმს, რომ ღირდეს-მეთქი. მე კურთხევა მოგეცი და, მართლმადიდებელი თუ ხარ, არავითარი უფლება არ გაქვს, არ გადაიღოო. ჩავედი მოსკოვში და ვეუბნები მამაოს: ასე და ასეა საქმე, ძალიან რთული თემაა, თუ შეგიძლიათ, რომ ის კურთხევა, რაც პოლონელმა მღვდელმა მომცა, რაღაცნაირად გააქარწყლოთ, რომ მე, როგორც მართლმადიდებელს, არ მქონდეს ეს ტვირთად-მეთქი. მე არავითარი უფლება არ მაქვს ამის, ეს შენი ხელით უნდა მოხდესო. თუ არავითარი უფლება არ მაქვს, მაშინ, ვიღებ-მეთქი. მივხვდი, რომ მე რუსეთიდან, ქართული დიასპორისგან მხარდაჭერა არ მექნებოდა. წამოვედი და ვფიქრობ: „ახლა რა ვქნა?” ვსწავლობ „ვგიკში”, სტაჟირებაზე ვარ. მივედი „ვგიკის” ხელმძღვანელობასთან და ახლა მათ მოვუყევი: ასეთი და ასეთი ამბავია, ასეთ პიროვნებაზეა საუბარი და როგორ მოვიქცე-მეთქი. როგორ, ასეთი პიროვნება გყავდათ ქართველებს და, შეგიძლიათ რამე გააკეთოთო. მთელი ეს კინოსკოლა ფეხზე დადგა და დამეხმარა, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა... ოპერატორი და ასისტენტი უფასოდ გამომაყოლეს, ვიღაცამ ფირი მაჩუქა და უკვე ძალა ვიგრძენი. ეს იყო აგვისტოს ომამდე. იმ კაცმა მითხრა, თვითონ უფალი დაგეხმარებაო და მას მერე სულ ასეთ საოცრებებში ვარ. მოკლედ, აღარ „მივაწექი” იმ გზას, სადაც უარი მითხრეს. დავრეკე ქართული ცეკვის ანსამბლში. ხელმძღვანელს ვთხოვე კოსტიუმები, რადგან, კოსტიუმირებული უნდა ყოფილიყო ფილმი თავისთავად და, ერთი წუთი რომ იქირაო კოსტიუმი რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება. ვუთხარი: ლამაზი კაბები რომ გაქვთ, იქნებ, თქვენს გოგოებს ჩააცვათ და გადაღებაზე გამოუშვათ-მეთქი. იმ ეკლესიაში, სადაც ვიყავით მისული, ქართველი მამაოა – მამა რომანოზი. მან თავისი სამოსელი მოგვცა და ჩავაცვით მამას. გუჯის ორგზის ჯვარი აქვს ნაჩუქარი ილია მეორისგან და ის ჩამოვკიდეთ გულზე. იმ დღიდან ისე დამიდგა გვერდში ის კაცი, გადავწყვიტე, რომ ჩემი სულიერი მამა, მამა რომანოზი ყოფილიყო. ყველაზე საოცარი ის არის, რომ გრიგოლ ფერაძის მამას ერქვა რომანოზი – აი, ასეთი საოცარი დამთხვევა მოხდა.
– მაშინვე იფიქრეთ, რომ გრიგოლ ფერაძე მამას უნდა ეთამაშა თუ სხვებიც მოიაზრებოდნენ?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვის უნდა ეთამაშა მთავარი როლი. ჯერ ერთი, მას უნდა სცოდნოდა ამ კაბის ხმარება. ვინც მომიყვანეს, პოლონელი, იმან არ იცოდა და სულ ფეხებში ედებოდა, ერთი სამჯერ კინაღამ წაიქცა, რადგან, სხვა ზომაა ნაბიჯის, სხვა მოხდენაა, სხვანაიარად ატარებს კაცი ამ სტიქარს. მამა კი, რამდენი წელია, სტიქაროსანია პატრიარქთან. რამდენჯერ მყავს ნანახი სტიქარში და, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხდება ეს სამოსელი. როცა ვუთხარი, გრიგოლ ფერაძე უნდა გათამაშო-მეთქი, გადაირია – ახლა შენ გინდა, 70 წლის კაცმა 43 წლის გრიგოლ ფერაძე განვასახიეროო (გრიგოლ ფერაძე 43 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა). არა, მამა, – ვეუბნები, – მე მინდა, დააბრუნო-მეთქი. რა დავაბრუნოო? 43 წლისამ რომ ითამაშე 70 წლის გელა ექიმი („უძინართა მზე”), აი, ის დრო დააბრუნო და ახლა ახალგაზრდა ითამაშო-მეთქი. მიყურა, მიყურა და მითხრა, ისეთს იტყვი ხოლმე, რომ უარს ვერაფერზე ვერ გეუბნები, იმისთანა ფაქტი მომიყვანეო.
– გუჯა ბურდულის გადაღება არავისთვის არ არის ადვილი საქმე. თემურ ბაბლუანმა თქვა ერთხელ: გუჯა ბურდული ჩემი მეგობარია, მაგრამ, ძლივს დავითანხმე ფილმზე, ისიც, ნელ-ნელა შევაპარე რაღაც სცენებიო.
– როგორი უარი მქონდა, იცით? სულ „მამაო ჩვენოს” ვამბობდი და ვიმეორებდი: „უფალო, შენ დამეხმარე, უფალო, შენ დამეხმარე”... ხომ ვიცი, თუ მოჰკიდა რამეს ხელი, რაღაც სასწაულს გააკეთებს. ასაკობრივი სხვაობა მართლა დიდი იყო, მაგრამ, უკეთესი ვარიანტი არ მქონდა. დადგა გადაღების დროც. ახლა ვფიქრობ, რომ ვუთხრა, საღებავით შეგიღებავ თმას და წვერს-მეთქი, ვეღარ გამოვასწრებდი. ვფიქრობ, რა ვქნა, რა ვქნა და, გამახსენდა წამწამების ტუში. ახლა, არ შემიშალო ხელი, ხმა არ ამოიღო-მეთქი. წავიყვანე ეკლესიაში და თვალების ტუშით შევღებე – მხოლოდ წარბებისა და წვერის შეღებვა დამჭირდა, მელირებასავით გამოვიდა. ხომ შეიძლება, 43 წლის კაცს, ასეთი რთული ცხოვრებით ნაცხოვრებ ადამიანს ჭაღარა ჰქონდეს შეპარული თმაში და წვერში?! დავსვი მთელი გადამღები ჯგუფი და მოვუყევი, რაც კი ვიცოდი გრიგოლ ფერაძეზე. თქვენ არ იცით, რა რთულია ფირზე ამის გაკეთება. ერთ დღეში გადავიღე და დავამონტაჟე, სანამ კიდევ ვინმე გამიბრაზდებოდა და რამეს ამიკრძალავდა – ვიფიქრე, ჩქარა გავაკეთებ-მეთქი. ერთი მყავდა იაპონელი ფოტოგრაფი, მეორე – რუსი, მესამე – სომეხი; ოპერატორი იყო რუსი – მოკლედ, ინტერნაციონალური ჯგუფი შეიკრიბა და, კიდევ, ყველაზე დიდი საოცრება ის არის, რომ, ვახტანგ მეექვსემ საქართველოდან წააღებინა მიწა, სადაც ეს ქართული ეკლესია დგას მოსკოვში და ჩვენ ვიდექით ქართულ მიწაზე, ასე რომ, ქართული სულიც გვეხმარებოდა. მამამ ისეთი გარდასახვა მოახდინა... წარმოიდგინეთ, დღისით მძღოლს თამაშობდა სხვასთან ფილმში, დღის მეორე ნახევარში კი – გრიგოლ ფერაძეს – რადგან დაგთანხმდი, ბოლომდე მოგყვებიო. ახლა, რომ უყურებს, ეამაყება – როგორ ამოცანებს მაძლევდი, შვილო, რომ მე ასეთი სახე შევქმენიო.
– გადაიღო ფილმი წმიდანების თემაზე – ეს თავისთავად, ძალიან რთულია. ზოგადად, ასეთ დროს უფალი ეცხადება და ხელს უწყობს რეჟისორს, ან – პირიქით, რაღაც განსაცდელს მოუვლენს. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა გადაღებებზე?
– სხვათა შორის, ვინც კი დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, ყველას რაღაც დაემართა: ზურა ჭავჭავაძე პატრიარქის პირადი მდივანი რომ იყო, იცით; მერე ეროვნულ მოძრაობაში ჩაება. ჩავიდა კახეთში, დაიწყო ფერაძეზე მასალების მოძიება და მალე დაიღუპა. მერე რეზო თაბუკაშვილმა გადაწყვიტა ფილმის გაკეთება და ისიც გარდაიცვალა. მეც მითხრეს, ძალიან დიდი ბრძოლები გელისო. მართლაც, ორჯერ მოვყევი ავარიაში და შარშან ძალიან სერიოზული ოპერაცია გამიკეთეს. მაინც ამ თემაში ვარ და, საიდან ვიკრებ ძალას, არ ვიცი.
– თქვენ იღებთ ფილმებს ყოველგვარი ფინანსების გარეშე, არადა, ფილმის გადასაღებად სწორედ ეს არის მთავარი. როგორ ახერხებთ ამას?
– ამ ფილმზე მხოლოდ ერთი ქართველი ემიგრანტი დამეხმარა – 5 ათასი რუბლი მომცა, რითაც კოსტიუმი გამოვიტანეთ. 500 დოლარი მომცეს რუსებმა, დანარჩენი – მამამ. თავის პენსიას მე მინაწილებს ეს თვითონ უმუშევარი კაცი. არ ვიცი, უცებ საიდანღაც რაღაცეები ჩნდება უფლის წყალობით. გადავიღეთ ერთ დღეში. თქვენ არ იცით, რა რთული გასაკეთებელი საქმეა ფირზე.
– კიდევ რა პროექტები გაქვთ?
– წელიწადში რამდენიმე პროექტს ვაკეთებ ხოლმე, ასე, მეგობრობით, ახლობლობით, ძმაკაცობით. ახლა ვაკეთებ ახალ პროექტს – „ქართული კინო 100 წლისაა”. ჩემს მეორე ფილმშიც მამა თამაშობს – ინგლისელს, რომელმაც კინოაპარატი გამოიგონა. ძალიან სიანტერესო როლი ექნება.