რატომ იტყუება ბანკების საიტებზე განთავსებული კალკულატორები სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ანაბრის პროცენტის დათვლისას და რატომ აძლევს სახელმწიფო ბანკებს მოქალაქეების ექსპლუატაციის უფლებას
ისე მოხდა, რომ ბანკებისა და საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობა არცთუ ჰარმონიულია და ისიც საყოველთაოდაა აღიარებული, რომ, მიუხედავად გულისმომკვლელი სარეკლამო რგოლებისა (რომ სწორედ ჩვენი ბედნიერებისთვის მოჰკიდეს ხელი საბანკო ბიზნესს ჩვენებურმა ბანკირებმა), ისინი მომხმარებლის ჯიბიდან მაშინაც კი ახერხებენ ფულის ამოცლას, როდესაც იქ გროშიც არ ჭყავის. ამდენად, არაა გასაკვირი, რომ ქართულმა საბანკო სექტორმა მარტიც 18-მილიონიანი მოგებით დაასრულა. რატომ არ აქვთ არანაირი უფლებები ქართული ბანკების კლიენტებს, რატომ არის ბანკი ყოველთვის მართალი და რა შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს, უარი თქვას ვადაგადაცილებული სესხის გადახდაზე, – თემას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარიკა არევაძე განგვიმარტავს.
– ცნობილია, რომ მოქალაქის, მსესხებლის, უფლებები ბანკთან ურთიერთობისას საკმაოდ შეზღუდულია. რამდენად კაბალურ პირობებშია საქართველოში კრედიტის ამღები?
– ბანკთან ურთიერთობისას რამდენიმე მიმართულებით ირღვევა ადამიანის უფლება. პირველი, თითქოს შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც მსესხებელმა რეალურად არ იცის, რა საპროცენტო განაკვეთით იღებს სესხს. ბანკი ამბობს ერთ პროცენტს, საბოლოოდ კი, აღმოჩნდება, რომ რეალური პროცენტი გაცილებით მაღალია. სესხის საპროცენტო განაკვეთს ემატება დაზღვევის პროცენტი და სხვა თანხები. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს ხელშეკრულებაა: მოქალაქეს უფლებას არ აძლევენ, რომ ხელშეკრულებაში შეიტანოს ცვლილება.
– მე ყოველთვის ვკითხულობ ნებისმიერ ხელშეკრულებას, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ, მაინც ვერაფერს შევცვლი, სულაც რომ ზეპირად დავისწავლო.
– მე მაქვს სესხი, წავიკითხე ხელშეკრულება და მხოლოდ იმიტომ, რომ გული გამხეთქვოდა. ცვლილების შეტანა გამორიცხულია. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ყველა ისეთ პუნქტს, რაც ბანკის სასარგებლოდაა და შეიძლება ითქვას, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს, ფიზიკური პირი მყავს მხედველობაში, ბანკთან მიმართებაში. პირდაპირ ხელშეკრულებაში უდებენ მოქალაქეებს პუნქტს, რომ ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ სხვა პირს გადასცეს ბანკის კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაცია, განსაკუთრებით, კრედიტინფო საქართველოს. პრობლემურია ხელშეკრულების ის ნაწილი, როდესაც ბანკი უფლებამოსილია, თუნდაც, ერთი ვადაგადაცილების შემთხვევაში, სრულად მოითხოვოს თანხის დაბრუნება. ან თუ ბანკი ჩათვლის, რომ ინფლაციაა, ან გაკოტრებისკენ მიდის ეს ფიზიკური პირი, მას შეუძლია, ერთბაშად მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასევე, ბანკი უფლებამოსილია, თუ ძალიან პრობლემური გახდება ეს სესხი, პირდაპირ აიღოს გარანტიად ჩადებული ქონება და ყველა ხარჯი, გადაფორმების ხარჯიც კი, ეკისრება მსესხებელს. კარგი იქნება, მივაღწიოთ, რომ ხელშეკრულებაში მხარეს ცვლილების შეტანა შეეძლოს, თუნდაც, მინიმალურის.
– ასევე, ბანკი უფლებამოსილია, გაზარდოს სესხის თავდაპირველი საპროცენტო განაკვეთი.
– დიახ, მე რაც მინახავს, იმ ხელშეკრულებებში ეს დათქმა არის. ესეც პრობლემაა, რადგან მოქალაქე იმ კონკრეტულ სესხს იღებს სწორედ საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. რამდენიმე ბანკს შორის მოქალაქე არჩევანს აკეთებს პროცენტის მიხედვით. ეროვნული ბანკის საიტზე დევს კრედიტის პროცენტის ზედა ზღვარი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ ამის ფონზე ბანკები გაცილებით ნაკლებ პროცენტში აძლევენ მოქალაქეებს სესხებს.
– ეროვნული ბანკის საიტზე არის კალკულატორი, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეს დაითვალოს ამა თუ იმ ბანკიდან აღებული სესხის რეალური პროცენტი. კალკულატორები ბანკებს თავიანთ საიტებზეც აქვთ, თუმცა იქ კალკულატორი სულ სხვა თანხას ანგარიშობს. არ უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, მათი კალკულატორები ზუსტად ითვლიდნენ საპროცენტო განაკვეთს?
– ბანკებს თავიანთ საიტებზე აქვთ კალკულატორები, მაგრამ ამ კალკულატორების მონაცემი არ არის ზუსტი არც ანაბრების და არც სესხების შემთხვევაში. იმიტომ რომ, რეალურად, სულ სხვა თანხაა და არა ის, რასაც კალკულატორი ადგენს. კანონი არ ავალდებულებს ბანკებს, წინასწარ დაუთვალონ ზუსტი თანხა მომხმარებელს სესხსა თუ ანაბარზე. თუმცა აქ არის მეორე მომენტი, მომხმარებელს უფლება აქვს, იცოდეს, რა პირობებით აფორმებს ხელშეკრულებას. მაგრამ არის მეორე ნიუანსი, ხელშეკრულებაშივე უდებენ მომხმარებელს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება, შეიცვალოს, გაიზარდოს და ამის მიზეზი იყოს, ინფლაცია თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობა.
– მიზეზს იპოვიან.
– მით უმეტეს, როდესაც მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია, ბანკს ბევრი უფლება ეძლევა.
– მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბანკს ეკარგება სესხის მოთხოვნის უფლება. ვგულისხმობ ხანდაზმულ სესხებს.
– ხანდაზმულობა არის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობა, რომელიც არა მარტო საბანკო სესხებზე, არამედ ვრცელდება ზოგადად, მოთხოვნის უფლებებზე კრედიტორისა მოვალის მიმართ. თუკი მოვალეს, ანუ მსესხებელს, კრედიტორის, ამ შემთხვევაში ბანკის მიმართ ექმნება ვალდებულება, გადაიხადოს კონკრეტული თანხა და მსესხებელი გადააცილებს გადახდის თარიღს, არ აქვს მნიშვნელობა, პირველ თუ რომელიმე სხვა გადახდის თარიღს, როგორც კი გადახდის რომელიმე თარიღს გადააცილებს მოქალაქე, ბანკს წარმოეშვება მოთხოვნის უფლება ამ მსესხებლის მიმართ. თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის განმავლობაში, სამი წლის შემდეგ ამ სესხის მოთხოვნის უფლება უქმდება.
– არის ასეთი შემთხვევები? როგორ უშვებს ბანკი ამას, ავიწყდება თუ რა მიზეზი შეიძლება, იყოს?
– ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა. ალბათ, ძალიან ბევრი სესხი, თანამშრომლების ნაკლებობა და თანამშრომლების უყურადღებობა იქნება ამის მიზეზი. როდესაც ჩვენთან მოდიან მოქალაქეები კონსულტაციაზე ან ინტერნეტით გვთხოვენ კონსულტაციის გაწევას, მათი 50 პროცენტი მაინც ამ ხანდაზმულობას ეხება. მოთხოვნაში არ იგულისხმება ბანკის თანამშრომლის დაკავშირება, კომუნიკაცია, მოთხოვნაში იგულისხმება, როდესაც ბანკი მიმართავს სასამართლოს თანხის ამოსაღებად.
– დავაზუსტებ: ბანკიდან კრედიტოფიცრის მიერ ტელეფონით დაკავშირება, არ ნიშნავს სესხის მოთხოვნას?
– ბანკიდან დარეკვა არ აჩერებს ხანდახმულობის ვადას. დარეკვას სხვა ფუნქცია აქვს.
– აქვე ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ მსესხებელმა ბანკს კრედიტი არ უნდა დაუბრუნოს, უბრალოდ, უფლებებს ვაზუსტებ. რა ფუნქცია აქვს ბანკის წარმომადგენლის მიერ ბანკის კლიენტისთვის დარეკვას და აქვს თუ არა ამ სატელეფონო ზარს რამე იურიდიული ძალა?
– ჩემს ყველა ინტერვიუში მივუთითებ, რომ, როდესაც იღებ სესხს, უნდა გადაიხადო. ბანკიდან სატელეფონო ზარი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, როდესაც ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ბანკს წარმოადგენს ფიზიკურ პირთან ურთიერთობაში, სთხოვს სესხის დაბრუნებას. ბანკის წარმომადგენელი ბანკის სახელით მოქმედებს მოქალაქესთან. თუმცა ეს მოთხოვნა არ უნდა გადაიზარდოს მუქარაში, შეურაცხყოფაში, დამამცირებელ საუბარში. არადა, ასეთი შემთხვევები, ბანკის წარმომადგენლებისგან უფრო ნაკლებად, მაგრამ იმ კერძო კომპანიების მხრიდან, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ ბანკების მოვალეებისგან სესხების ამოღებას, ხშირია. მოქალაქეები უჩივიან მათგან ასეთ დამოკიდებულებას, რომ ისინი ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ.
– კანონი იცავს ამ შემთხვევაში მომხმარებელს?
– კანონმდებლობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, სხვისი ღირსების შელახვა არ შეიძლება, მუქარაც აკრძალულია და დამცირებაც. თუმცა ეს ზოგადი ნორმებია და კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრება ამის გამო რთულად მისაღწევია.
– პრეცედენტიც არ ყოფილა?
– არა, ხანდაზმულ სესხებთან დაკავშირებით არის ასეთი პრობლემაც: როდესაც სესხი ხანდაზმულია, ესე იგი, ის სესხი აღარ არსებობს. მაგრამ ბანკები, როგორც წესი, არღვევენ კლიენტის, მოქალაქის საბანკო ინფორმაციის გაცემისა და შენახვის უფლებას. გარდა საბანკო სფეროში მოქმედი კანონისა, არსებობს სხვა კანონიც და ეს არის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ორი წელია, რაც აქტიურად შემოვიდა და მოქალაქეს აძლევს უფლებას, ბანკს ან სხვა დაწესებულებას, რომლებშიც მის შესახებ ინფორმაცია გროვდება და ინახება, მოსთხოვოს ამ ინფორმაციის განახლება და ისიც, რომ მესამე პირს არ მიეწოდოს მის შესახებ ინფორმაცია. პირადად მე, მქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად „საქართველოს ბანკს“ მივმართე მოქალაქის ხანდაზმულ სესხთან დაკავშირებით და მოვთხოვე, ეს ინფორმაცია შეეცვალა და ხანდაზმული სესხი აქტიურ სესხად აღარ დაფიქსირებულიყო. ასევე, კრედიტინფო საქართველოსა და სხვა ნებისმიერი მესამე პირისგან გამოეთხოვა ეს მცდარი და მოძველებული ინფორმაცია, თუმცა ბანკი ჯიუტად ამას არ ასრულებს. როდესაც სესხი ხანდაზმულია, ის აღარ არსებობს და, კანონით, თუ მოქალაქე მოითხოვს, რომ მის შესახებ ინფორმაცია შესწორდეს, უნდა შესწორდეს.
– თუმცა ბანკს ხომ შეუძლია, თავის „შავ სიაში“ ჰქონდეს ეს ინფორმაცია?
– „შავი სია“ მოქალაქეებმა დაარქვეს კრედიტინფო საქართველოს ბაზებს, რომელიც მოქალაქეების საკრედიტო ისტორიას ასახავს. თუ, ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, კრედიტიფნოს მსგავსი ორგანიზაციები არსებობს ევროპაში და ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ იქ სპეციფიკური კანონები არეგულირებს ასეთი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას. ასეთი ტიპის ორგანიზაციის არსებობა ნამდვილად მისაღებია, იმავე ბიზნესურთიერთობებში რისკების გათვლის შესაძლებლობას იძლევა და მოსახერხებელია, როდესაც არსებობს საკრედიტო ისტორიები, მაგრამ ეს არ უნდა არღვევდეს სხვა მოქალაქეების უფლებებს.
– საკრედიტო ისტორიების შესახებ ინფორმაცია ვისთვის არის ხელმისაწვდომი?
– ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მემორანდუმს გააფორმებს კრედიტინფო საქართველოსთან. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ფიზიკური პირის მიერ, ინფორმაცია რომ გაიცეს ერთი ორგანიზაციის მიერ მეორე ორგანიზაციაზე, აუცილებლადაა საჭირო ამ ადამიანის თანხმობა. ჩვენს შემთხვევაში კრედიტინფო საქართველო ბევრ ორგანიზაციასთან აფორმებს მემორანდუმს და აწვდის ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ.
– ჩვენ ვისაუბრეთ საბანკო ხანდაზმულ სესხებზე, იგივე პრინციპი ვრცელდება მიკროსაფინანსოებსა და კერძო იპოთეკარებთან მიმართებაშიც?
– ხანდაზმულობის ნორმა არის ზოგადი, გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსით და, ამდენად, მოქმედებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან მიმართებაში.
– როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომ რაც შეიძლება, მინიმალური ზიანი მიადგეთ ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან თუ კერძო იპოთეკრებისგან?
– ტენდენციურობასა და ბანკებთან მიმართებაში არასწორ მოქმედებად რომ არ ჩამეთვალოს, ვურჩევ, უზრუნველყონ სესხების დროული დაფარვა, რათა ზედმეტი გართულება აირიდონ თავიდან, მათ შორის, ჯარიმები. თუმცა, ამავე დროს, ვურჩევ, მოითხოვონ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. თუკი მოქალაქეებისგან მასობრივად წამოვა ბანკების მიმართ ინტენსიური მოთხოვნა, რომ მათაც მიეცეთ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის უფლება, შესაძლებელია, ბანკი რაღაც დათმობაზე წამოვიდეს. ერთი და ორი ადამიანის მოთხოვნა ბანკებს არ მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა დაიწყონ.
– ეროვნულ ბანკს თუ, ზოგადად, სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება, დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები? არავინ დავობს, რომ ბანკმა, კომერციულმა სტრუქტურამ, მოგებაზე იმუშაოს, მაგრამ მეორე მხარესაც რომ ადამიანია, მისი უფლებების მინიმალურად დაცვა არ არის სახელმწიფოს პრეროგატივა?
– სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების მიმართ აქვს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება, რაც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, თვითონ არ დაარღვიოს თავისი მოქალაქის ძირითადი უფლებები და, მეორე მხრივ, სხვას არ მისცეს საშუალება, დაარღვიოს მოქალაქის უფლება. ანუ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ ბანკმა არ დაარღვიოს საქართველოს მოქალაქის უფლება. სახელმწიფოს ამის შესრულება შეუძლია საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების გზით. ეს რეგულაციები ან არ არის, ან არასაკმარისია. კონკრეტულად ბანკებთან ურთიერთობა არ არის საკმარისად დარეგულირებული ისე, რომ დაცული იყოს მოქალაქეების უფლებები, თუნდაც, ხელშეკრულების გაფორმების დონეზე. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ სპეციალური კანონი შემუშავდება, რომელიც დაარეგულირებს, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს კრედიტინფო საქართველოს მსგავსმა ორგანიზაციებმა. ხელშეკრულების ნაწილში როგორ უნდა დაბალანსდეს უფლებები მოქალაქესა და ბანკს შორის, რომ არათანაბარი მდგომარეობა არ იყოს. ეს სიღრმისეული პრობლემაა და საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას მოითხოვს.