კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ ტექნიკის შეძენისას და რატომ ვკარგავთ, როგორც მომხმარებელი, ყველა უფლებას, საგარანტიო წერილზე ხელის მოწერისას

მართალია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას გულისფანცქალით ველოდებით, თუმცა არავინ ჩქარობს ქართველი მომხმარებლის უფლებების ევროპელი მომხმარებლის უფლებებთან გათანაბრებას. მეტიც, მეწარმეები თუ იმპორტიორები ძალას არ იშურებენ მომხმარებლების გასაცურებლად (რაც შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის პირობებში მეტად უიოლდებათ) და მათი უფლებების უხეშად დასარღვევად. მეტიც, მრავალფეროვანი ფასდაკლებების აქციები, რომლებიც მომხმარებელს ვითომ დაბალი ფასებით იზიდავს, არცთუ იშვიათად დიდი ბლეფია, რადგან სალაროსთან თქვენ იხდით იმდენს, რაც პროდუქტი ვითომ ფასდაკლებამდე ღირდა. რა უნდა ვიცოდეთ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობისას და როგორ უნდა დავიცვათ თავი უხარისხო საქონლისა და მომსახურების მიღებისგან. პრობლემაზე საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა გვესაუბრება.

 

– კონკურენციის სააგენტო ფორმალურად მაინც ამოქმედდა უკვე, მისი შექმნის ფაქტი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მონოპოლიების შეზღუდვას ითვალისწინებს, გააუმჯობესებს მომხმარებლის მდგომარეობას?

– კონკურენციის კანონი მანამდეც არსებობდა, მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ, რაც ნაკლები იქნება კარტელური შეთანხმება და მეტი იქნება კონკურენცია, მით ნაკლები იქნება ფალსიფიკაცია და მაღალი იქნება პროდუქციის და მომსახურების ხარისხი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, რომ მეწარმეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტად მოატყუებს მომხმარებელს და, ფაქტობრივად, კარტელური შეთანხმებაც კი არ სჭირდებათ. ერთმანეთის წაბაძვით მოტყუების ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, თუნდაც, ის, რომ თანდათანობით ელექტროსაქონლის ყველა გამყიდველი მომხმარებელს ხელს აწერინებს ეგრეთ წოდებულ გარანტიებზე, რომლებიც სინამდვილეში უფრო შემზღუდავია, ვიდრე რამის მიმცემი მომხმარებლისთვის; როდესაც პროდუქციას ერთი ფასი აწერია და, რეალურად, სხვა ფასი ღირს და ასე შემდეგ. კონკურენციის სააგენტოს ამოქმედება ამ პრობლემებს ვერანაირად ვერ შეეხება. უბრალოდ ჰბაძავენ ერთმანეთს და ერთნაირად გვატყუებენ.

– კონკურენციის ამოქმედების შედეგი ფასებს არ დაარეგულირებს?

– იმედი გვაქვს, რომ კონკურენცია აიძულებს მეწარმეებს, დასწიონ ფასები.

– ამბობთ, რომ მეწარმეები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტად მოატყუებს მომხმარებელს. კანონში არის მომხმარებლის უფლებების დამცველი რამე ჩანაწერი?

– არაფერი არ არსებობს. 2012 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი გააუქმეს. მომზადებულია ახალი, მაგრამ პარლამენტმა არ დააყენა საშველი, რომ მისი ინიცირება მოხდეს, რადგან თავგამოდებით იბრძვის ეკონომიკის სამინისტრო, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ მომხმარებლის მოტყუების უფლება, თორემ მეწარმეები დაიქცევიან. ქართველი მეწარმეები, თურმე, მხოლოდ მოტყუების ხარჯზე არსებობენ.

– როგორ, 2012 წლის შემდეგ ასე კანონგარეშე ვართ მომხმარებლები?

– სამოქალაქო კოდექსი გვანიჭებს რაღაც მარტივ უფლებებს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ კერძო  ხელშეკრულებებმა გადაფაროს მისი მოთხოვნები და სწორედ ამიტომ გვაწერინებენ ხელს რაღაც გაუგებარ ვითომ გარანტიებზე, რათა, ფაქტობრივად, დავკარგოთ ის უფლებები, რაც სამოქალაქო კოდექსით გვაქვს მონიჭებული და მას შემდეგ, რაც იმ გარანტიას ვაწერთ ხელს, არანაირი უფლება აღარ გვრჩება.

– ანუ გარანტიაზე ხელის არმოწერა არის უფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება?

– დიახ. ზოგადად, მაინც შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, ღირს თუ არა გარანტიაზე ხელის მოწერა. პირადად მე ვურჩევდი მომხმარებელს, ტექნიკა არ შეიძინონ ისეთ მაღაზიებში, რომლებიც გვთავაზობენ რაღაც საეჭვო გარანტიებს, რაც ფაქტობრივად, არაინაირ უფლებას არ იძლევა, პროდუქციის შეფუთვიდან ამოღებულია საქარხნო ინსტრუქცია, პროდუქციას არ მოჰყვება მეწარმის გარანტია და დიდი ალბათობაა, რომ ეს მეორადი ან ფალსიფიცირებული პროდუქცია იყოს. ამდენად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ შევიძინოთ ასეთი პროდუქცია.

– უფრო ბრენდულ მაღაზიებს ვენდოთ?

– ასე გამოდის, მაგრამ, მაგალითად, „აიფონ პლუსი“ ვითომ ბრენდული მაღაზიაა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არ არის ბრენდული მაღაზია.

– რა უნდა მოჰყვებოდეს პროდუქციას, როდესაც ის ფალსიფიცირებული ან მეორადი არ არის?

– აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს საქარხნო აღწერილობა, ქარხნული ინსტრუქცია და მეწარმის გარანტია.

– ოღონდ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ქართულ ენაზე?

– არა, შეიძლება, დამატებითი აღწერილობა მოჰყვებოდეს ქართულ ენაზე, მაგრამ, თუ ზემოჩამოთვლილი დოკუმენტები მოჰყვება ტექნიკას, არის შანსი, რომ ეს ნამდვილი და პირველადი პროდუქტია.

– თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც გარანტიის პირობები შეუსრულებია ტექნიკის გამყიდველ რომელიმე მაღაზიას?

– გვქონია. სხვადასხვა პრაქტიკაა: ყოფილა შემთხვევები, როდესაც მივსულვართ, დავლაპარაკებივართ და შეუსრულებიათ გარანტიის პირობები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიდხანს გაგრძელებულა საკითხის გარჩევა; როდესაც მეწარმე ცდილობს, გაწელოს დრო, რომ საგარანტიო ვადა გაიყვანოს. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს აბრალებენ, თქვენ გააფუჭეთო. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მაგრად დგას მომხმარებელი. უნდა ვურჩიოთ მომხმარებელს, მაქსიმალურად შეეცადოს, გამოხატოს ყველა თავისი პრეტენზია: ჩაინიშნოს, როდის მიაკითხა მეწარმეს, რა პრეტენზია ჰქონდა, ხელი მოაწერინოს რამე დოკუმენტზე და შემდეგ ეს ყველაფერი გამოდგება სასამართლოში. როდესაც ასე მყარად დგას მომხმარებელი, მეწარმეც უფრო უთმობს ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც მეწარმეს უგებს მომხმარებელი  სასამართლოშიც.

– ალბათ, ყოველთვის არ მიდის მომხმარებელი სასამართლოში, პროდუქტის ფასსაც გააჩნია?

– რა თქმა უნდა. სასამართლოსთვის მიმართვა ფასიანია, თუ მომხმარებელი იგებს პროცესს, ხარჯებს ისტუმრებს მეწარმე, მაგრამ წაგების შემთხვევაში – მომხმარებელი, ამიტომ რისკი არის. ჩვენ ორი საქმე გვქონდა სასამართლოში და ორივეჯერ მომხმარებელმა მოიგო. თუმცა ზოგადად მომხმარებელს უჭირს სასამართლოში წასვლა.

– პროდუქციის ფასი იმიტომ აღვნიშნე, რომ, თუკი მეწარმეს ეცოდინება, რომ 5-ლარიანი პროდუქტის შემთხვევაშიც წავა მომხმარებელი სასამართლოში, ძალიან გაფრთხილდება.

– რა თქმა უნდა, ამიტომაც გვინდა და ამაზე გვეჭიდავება მთავრობა, რომ არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანო ასეთი დავების გადასაწყვეტად და არ იყოს სავალდებულო სასამართლოში წასვლა, იმიტომ რომ ეს არის რთული და რისკიანი პროცედურა. უნდა არსებობდეს უფრო იოლი პროცედურა, როდესაც რისკის გარეშე მიმართავ ადმინისტრაციულ ორგანოს, ის გამოიძიებს და იმ შემთხვევაში, თუ არ მოიგებ, არ წააგებ მაინც.

– როდემდე შეიძლება, გაწელოს ხელისუფლებამ მომხმარებელთა კანონის არმიღება?

– ასოცირების ხელშეკრულებაში მომხმარებელთა უფლებების კანონმდებლობა გათვალისწინებულია, მაგრამ დიდი ვადებია, სრული პაკეტის შესამუშავებლად გამოყოფილია 7 წლამდე პერიოდი. ანუ ყველაზე დიდი ვადაა 7 წელი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ უფრო ადრე მოხდება ეს ყველაფერი.

– თუ მომხმარებელი მტყუანი იქნება, ხომ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მას არ გაამართლებს და მეწარმეს არ დააკისრებს არანაირ სანქციას. ჩვენ ხომ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ და არა მეწარმეების დაჩაგვრაზე. რით ხსნით, რომ უარზეა მთავრობა, შექმნას ასეთი ტიპის ადმინისტრაციული ორგანო?

– ეს ჩემთვისაც აუხსნელია. უბრალოდ ეკონომიკის სამინისტროში იგივე ხალხია, რომლებსაც ძველი მთავრობის დროსაც მიჰყავდათ ეკონომიკური პოლიტიკა. ეს არის ლიბერტარიანელები, რომლებზეც რაციონალური მსჯელობა არ მოქმედებს.

– ტექნიკაზე ვისაუბრეთ, როგორი მდგომარეობაა სხვა პროდუქციასთან მიმართებაში?

– სურსათის შემთხვევაში ვიღაცას მაინც შეიძლება, მიმართოს ადამიანმა. მართალია, სურსათის სააგენტო პირად ზარალს არ აუნაზღაურებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დარღვევა მაინც აღმოიფხვრება, შეიძლება, პირადი ზარალის ასანაზღაურებლად, სასამართლოში წავიდე, მაგრამ სხვებიც რომ არ მოტყუვდნენ ჩემნაირად და არ დაზარალდნენ, იმის საშუალება მაინც მომეცი, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ასეთი საშუალებები ზოგიერთ სფეროში არის: მაგალითად, სურსათში; ასევე, საჩივრების შეტანა შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიაში. ყველაფერზე არა, მაგრამ რაღაცეების მიღება შესაძლებელია, თუმცა ვერავის მიმართავ ქიმიური საფრთხის შემცველი პროდუქციის, როგორიცაა ლაქ-საღებავები, სარემონტო საშუალებები, სათამაშოები, ჭურჭელი, გამოსაკვლევად.

– რომ გავიგოთ, მავნებელია თუ არა?

– რომც ვიცოდე, რომ მავნებელია, ვერაფერს გავაკეთებ, რადგან არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ ბაზარს მიხედავს. ფაქტობრივად, ესეც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებაში და ნელ-ნელა ესეც უნდა მოგვარდეს. იმედია, ივნისში მოვაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ნელ-ნელა დაიწყება ამ საკითხების მოგვარება.

– მოტყუების რა მეთოდებს მიმართავენ ჩვენი მეწარმეები მომხმარებლებთან მიმართებაში?

– ეს არის ყალბი პროდუქცია, ანუ მოტყუება მარკით; მეორადი პროდუქცია; საგარანტიო მომსახურების არმიწოდება; დაბალი ხარისხის მომსახურება. ნაკლიანი პროდუქცია, წესით, უნდა დაიბრუნონ ან გამოცვალონ, მაგრამ ძალიან ბევრ ობიექტს აწერია, რომ უკან არ იღებენ და არ ცვლიან გაყიდულ პროდუქციას. შემდეგი დიდი პრობლემაა ფასში მოტყუება: პროდუქტს დახლზე ერთი ფასი აწერია, მაგრამ მეორეს გახდევინებენ და ადამიანი არ აქცევს ყურადღებას, რომ ჩეკში სხვა ფასს ურტყამენ.

– კანონიერია წარწერა, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება?

– რა თქმა უნდა, ეს უკანონობაა, იმიტომ რომ, თუ გაყიდული საქონელი ნაკლიანია, დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსითაც კი, უკან უნდა მიიღონ. ანუ ამას მომხმარებელთა კანონი არ სჭირდება. ნაკლის შემცველი პროდუქტი უნდა გამოგიცვალონ ან უნდა დაგიბრუნონ. ანუ ის წარწერა არაფერს ნიშნავს. მაგრამ, როდესაც გარანტიას აწერთ ხელს, ამ უფლებას 5 დღეში კარგავთ.

– როდესაც ტანსაცმელს ან ჭურჭელს ვყიდულობ?

– დაბრუნების უფლება გაქვთ, მაგრამ, როგორც წესი, იქაც გამოკრულია წარწერა, რომ დაბრუნების ვადაა ერთი ან ორი კვირა და ითვლება, რომ თქვენ ხედავთ პროდუქციის ნაკლს, როდესაც ფულს იხდით. მაგრამ შედავება შეიძლება. ამას გარდა, თუ დაინახავთ, რომ ასეთი წარწერაა მაღაზიაში, ესე იგი, ეს ცუდი მაღაზიაა და იქ არ უნდა ივაჭროთ. გასათვალისწინებელია, რომ ნაკლიანი ნიშნავს, რომ პროდუქტს რაღაც სჭირს და არა ის, რომ თქვენ ატარეთ და გადაიფიქრეთ ყიდვა.

– ვინ მეხმარება ნაკლიანი პროდუქტის დაბრუნებაში? თუ არ იბრუნებს, სალაროდან ხომ არ გამოვტაცებ ფულს?

– საქმეც ეს არის, ამიტომ გვინდა, რომ არსებობდეს ორგანო, რომელსაც მიმართავს ადამიანი და რომელიც დაეხმარება. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე დახმარებას, მოხალისე ადვოკატები გვეხმარებიან. ასევე, ევრაზიის ფონდს ჰყავდა ადვოკატი, რომელიც ეხმარებოდა მომხმარებლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა შეწყდა ეს პროექტი.

– ძალიან მომრავლდა შემთხვევები, როდესაც დიდ მარკეტებში პროდუქტს დახლზე აწერია –  სპეციალური ფასი, ძალიან იაფი, სალაროსთან კი გახდევინებენ სულ სხვა ფასს, გაცილებით ძვირს, მოლარე კი გულუბრყვილოდ აფახურებს თვალებს და ამბობს: ჩემთან ეს ფასი ფიქსირდებაო.

– ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა. თქვენ აიღეთ ეს პროდუქტი, რადგან იმედი გქონდათ, რომ ნაკლები ეღირებოდა. პოლიციის გამოძახებაც შეიძლება, თუმცა, როგორც წესი, ასეთ დროს გთავაზობენ, არ იყიდოთ, დატოვეთო.

– ანუ პოლიციის გამოძახებაა ერთადერთი საშუალება?

– დიახ, სხვა არანაირი მექანიზმი  არ არსებობს. 

– რა ვურჩიოთ მომხმარებელს, როგორ მოიქცეს, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეს?

– მარკეტის თუ მაღაზიის სალაროსთან იკითხოს, მართლაც ის ფასი ღირს პროდუქტი, რაც აწერია, თუ იქ ტყუილად წერია ან გამოიძახოს პოლიცია, თუ ფასები არ ემთხვევა, ან არ ვენდოთ არანაირ აქციას. პირადად მე არანაირ აქციას არ ვენდობი. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, სრულიად დაუცველები ვართ, გარეშმორტყმულნი მატყუარა მეწარმეებით, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი შეცდომაში შეყვანით, ფული გააკეთონ. მეორე მხრივ, ალბათ, არსებობენ წესიერი მეწარმეებიც და, თუ ენდობით, ჯობია ისევ მათთან გქონდეთ საქმე. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაზე გვაწერინებენ ხელს; რა გაფრთხილებებია გამოკრული მაღაზიაში და თუ რაღაც საეჭვოა, სჯობს, არ ვივაჭროთ იმ მაღაზიაში. ფასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და გადავამოწმოთ. რაც მთავარია, აქტიურად უნდა გამოვხატოთ ეს ჩვენი უკმაყოფილება. თუ ჩვენი დამოკიდებულება მეწარმისადმი იქნება ადეკვატური, იქნებ ამით მივცეთ სტიმული, რომ მომხმარებლისადმი კეთილგანწყობილები გახდნენ და შეწყვიტონ მოტყუებით ფულის კეთება.

 

скачать dle 11.3