„უჩემოდ ვით იმღერითა“
ანუ „აბა, მარში დააგუგუნეთ, პარადს მე ვუხელმძღვანელებ!“
ჩვენებური სეპარატისტები და მათი თანამგრძნობი რუსეთის მოქალაქეები, რატომღაც, „ფაშისტებად“ მოგვიხსენიებენ და არც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 400 000 ქართველს იმჩნევენ და არც გენერალისიმუსის წარმომავლობას, რომლის ანგარიშზეცაა ზოგადად ფაშიზმის დამარცხება. ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ნააზრევს (და მერე რა, რომ პრინციპით: „გიჟი თავისუფალია“).
ასეა თუ ისე, ეს 9 მაისიც გადავაგორეთ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც შევამკეთ გვირგვინებით და შემორჩენილ ვეტერანებსაც დავპირდით დახმარებას, მაგრამ, აი, 26 მაისის ბედი კვლავ ბუნდოვანია.
ბუნდოვანია, ვინაიდან იქ, ზემოთ, ვერ ჩამოყალიბებულან, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს „პარადი“. და თუმცა ეს ჩვენი კონსტიტუცია მთავარსარდლად პრეზიდენტს აღიარებს, უმრავლესობა აპირებს, რომ აღლუმის მიღების ვინაობა სამთავრობო კომისიის მსჯელობის შედეგად დადგინდეს.
თუ გავიხსენებთ ბ-ნი ვოლსკის განმარტებას, „ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი პომპეზურობა საჭირო არაა. ეს უფრო საერთო სახალხო ზეიმი იქნება,“ შესაძლოა, აღლუმის ჩამბარებლის ვინაობა იმიტომაც გახდა საჭოჭმანო: რაკი სამოქალაქო პირები ჩამოივლიან რუსთაველის პროსპექტზე, მთავარსარდალს რა თავში ვიხლითო?!
ბუნებრივია, პრინციპით, თაფლი (ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის დღე) იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ჩამბარებელზე შეჯერდებიან (ზედაც, თუ პრეზიდენტის 51-პროცენტიან მაჩვენებელს გავიხსენებთ), თუმცა გაცილებით „ექშენ“ მოვლენები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე გველის (აი, მაშინ იქნება, თუ იქნება გაწევ-გამოწევა, ხელის მომწერებმა დაიძახეთ – მეო!), მანამდე კი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გთავაზობთ გამოსავალს: „აბა, მარში დააგუგუნეთ, პარადს მე ვუხელმძღვანელებ!“ –