ფეკალიათა მოყვარულები
ვისთვის რა სარგებლობა მოაქვს მატლიან მუჟუჟს
ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტმა, ჯერ იყო და, უარი თქვა ვადაგასული პროდუქციით ვაჭრობის გამო ობიექტის დაჯარიმების სანქციის შემოღებაზე (ვადაგასული პროდუქტიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო) და, რაც მთავარია, 2020 წლამდე გადაავადა მცირე საწარმოების სანიტარული შემოწმების აუცილებლობა (მათ სინდისზე იყოს ჰიგიენური პირობების დაცვაო. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ხელის დაუბანლობის გამო შეიძლება, მოხვდეს საკვებ პროდუქტში კოლიბაქტერია, რომელიც მხოლოდ ფეკალიებში ცხოვრობს).
ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას, როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იუწყება, გურჯაანში სამ ახალგაზრდას მაღაზია „ორ ნაბიჯში“ პირის ჩასაგემრიელებლად მუჟუჟი შეუძენია (ჩემი ლეგიტიმური ეჭვით, კუსტარულად, ინდმეწარმის მიერ დამზადებული, რომელთა შემოწმება პარლამენტარებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს). თუმცა, მოგვიანებით, შუა ჭამა-სმის დროს, იმ მუჟუჟში მატლიც აღმოუჩენიათ.
სავსებით ლეგიტიმურად აღშფოთებული ახალგაზრდები მაღაზიაში დაბრუნებულან და მუჟუჟის დამამზადებლის ვინაობის გარკვევა უცდიათ, თუმცა უფორმო პოლიციელებს, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ეს სამი ახალგაზრდა დაუკავებიათ.
ჩვენ არ ვიცით, რით იხელმძღვანელეს გურჯაანელმა პოლიციელებმა (იქნებ საქმეში უკეთ გარკვევის შემდეგ სწორედ მატლის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს) და როდის მერე ითვლება მატლი საქართველოს მოქალაქის რაციონში შემავალი საკვები პროდუქტების განუყოფელ ნაწილად, თუმცა, პარლამენტის ზემონახსენები გადაწყვეტილებისა და პოლიციელების ქვემონახსენები ქმედების გათვალისწინებით, გამოვდივარ ინიციატივით: ხალხის რჩეულთა და სამართალდმაცველთა რაციონში ჩვენი ხარჯით ჩავამატოთ თითო-თითო მსუქან-მსუქანი მატლი! –