სხეულის რომელ ნაწილებზეა აქტუალური საქართველოში ტატუირება და რატომ უნდა გავიკეთოთ ის ზღვის სეზონამდე ერთი თვით ადრე
ტატუირება ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ირკვევა, ტატუს მხოლოდ ახალგაზრდები კი არა ასაკიანი ადამიანებიც იკეთებენ. ჩვენი რესპონდენტი ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილი ადამიანია. დუჩე – სწორედ ამ სახელით იცნობენ მას, რომელსაც არაერთი ადამიანის სხეული მოუხატავს. პირველი ტატუ მან 14 წლის ასაკში მეგობარს გაუკეთა, დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ ეს მისთვის მხოლოდ გართობა აღარ იყო და საქმეს სერიოზულად მოეკიდა. კარგა ხანს მუშაობდა უკრაინაში, ამჟამად კი საქართველოშია და წასვლამდე აქ განაგრძობს მოღვაწეობას.
– სხეულზე უამრავი ტატუ გახატია, ყველა საკუთარი ხელით გაქვს დახატული?
– მარცხენა ხელი და ფეხები მე თვითონ მოვიხატე, დანარჩენი კი სხვისი დახატულია. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი ტატუ მაქვს, მაგრამ, არც ცოტაა.
– მოთხოვნადია დღეს საქართველოში ტატუს გაკეთება?
– ტენდენცია შეიცვალა, ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ამ თემას და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არიან ტატუს გაკეთების მსურველები, საკმაოდ ხშირად ხანდაზმული კლიენტებიც მაკითხავენ.
– ფერადი ტატუ უფრო მოთხოვნადია თუ შავ-თეთრი?
– ჯერჯერობით მოთხოვნა უფრო შავ-თეთრ ტატუზეა.
– რაც შეეხება ტატუს ფასს, რის მიხედვით ფასდება, ზომით თუ სირთულით?
– ზომითაც და სირთულითაც. ფასი 50 ლარიდან იწყება.
– ყველაზე ხშირად სხეულის რა ნაწილზე იკეთებენ ტატუს?
– ქალები უფრო მუცელზე და მაჯაზე, ხოლო კაცები, ძირითადად, მკლავზე და ზურგზე. ჩემთვის ყველაზე ადვილი და კარგი სამუშაო ბარძაყია, რადგან, დიდი ხორცია, ტკივილიც ნაკლებია და კანიც იდეალურად იღებს საღებავს.
– მნიშვნელობა აქვს ტატუს დახატვის დროს აპარატისა და საღებავის ხარისხს?
– სხვაობა საღებავებშიც არის, აპარატებშიც და ტატუს ოსტატშიც, რადგან, ყველაფერს თავისი წესები აქვს, მაგალითად, როგორ უნდა ჩასვა კანში, ფერი როგორ უნდა დააჯინო, კონტურის ხაზი როგორ უნდა გააკეთო და ასე შემდეგ.
– საშიში არ არის ტატუს გაკეთება?
– საშიში იმ შემთხვევაშია, თუ ტატუს გაკეთება არ იცი; თუ არასტერილური ნივთებით მუშაობ და, ასევე, თუ პაციენტი მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოუვლის კარგად.
– არის ისეთი შემთხვევები, როცა ტატუ ადამიანს ჰბეზრდება და მისი წაშლა სურს.
– ტატუირების წაშლა ლაზერის მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია.
– ტატუს მოხატვაც საკმაოდ მტკივნეულია. ანესთეზია თუ კეთდება?
– თუ მისასხურებელ საშუალებას გამოიყენებ, მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში მოქმედებს, მერე უკვე აღარ შეიძლება მისი გამოყენება, რადგან უკვე ჭრილობაა. ლიდოკაინს რაც შეეხება, არც ეს არის მიზანშეწონილი, რადგან, ტატუ შემდეგ ფორმას იცვლის და, შესაძლოა, დეფორმაცია განიცადოს. თან, შეიძლება, პრეპარატის მიმართ ალერგიული აღმოჩნდეს ადამიანი. ასე რომ, ჩემი აზრით, არ ღირს ტატუს გამო ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება. ნამდვილად არ არის ისეთი მტკივნეული მისი გაკეთება, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს.
– ზაფხული მოდის და, ალბათ, უფრო აქტიურდებიან ტატუს მოყვარულები.
– დიახ, ასეა, მაგრამ, ყველას ვურჩევ ერთ რამეს: ტატუ მანამ გაიკეთონ, სანამ ზღვის სეზონი მოვა, მინიმუმ ერთი თვით ადრე, რადგან, მზე ტატუს ფერს უკარგავს და შეხორცებაშიც უშლის ხელს.
– სად მუშაობ ამ ეტაპზე?
– ამჟამად „თბილისი ტატუ არტსტუდიოში” ვმუშაობ. უკრაინაში ვმუშაობდი. ისე, ნამდვილად არ მიღირს აქ მუშაობა. ისევ უკრაინაში წასვლას და მუშაობის იქ გაგრძელებას ვაპირებ.
– სახლის პირობებში თუა სანდო ხელსაწყოების დასტერილება?
– დასტერილება საჭირო არ არის, რადგან, ელემენტარულად, არ შეიძლება. ყველაფერი უნდა იყოს ერთჯერადი. B და C ჰეპატიტის ბაქტერიები ყველაზე ძლიერია, რომელსაც ვერანაირი ხარშვა ვერ მოკლავს. არავის ვურჩევ ტატუს გაკეთებას სტერილური ნემსით. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიკეთებია. არასდროს ენდოთ ტატუს ოსტატს მხოლოდ სიტყვაზე, აუცილებლად გადაამოწმეთ მისი პორტფოლიო და მისი ნამუშევარი თვითონ ადამიანის სხეულზე. ამით აუცილებლად მიხვდებით, რა შეუძლია და რა – არა.
„ფეისბუქში” შეგიძლიათ ნახოთ გვერდი Duche Tattooist, ან, თავად ის ადამიანები, ვისთვისაც გაკეთებული მაქვს ტატუ – ასეთები ძალიან ბევრნი არიან.