ჯენტლმენი კახი კავსაძისა და ბევრი მსახიობის „ნაცოლარი“ გულჩინა დადიანის ამბავი
ქართული მხატვრული ფილმი – „ღვინის ქურდები“ ქართული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწარმოებია. ამ იუმორით გაჯერებული ფილმის გადაღების დროს, მრავალი „დამატებითი“ იუმორისტული კაზუსი მომხდარა. დანარჩენი შემდეგისთვის იყოს, ახლა კი ერთ-ერთზე გავჩერდები.
ფილმის ეპიზოდურ როლს (ელიბოს ცოლი) ასრულებს იუმორის გრძნობით ჭარბად დაჯილდოებული ქალბატონი – გულჩინა დადიანი. გადაღება „რაზგარშია“. რეჟისორი გიორგი შენგელაია ჩვეულ ამპლუაშია. სცენას სცენაზე იღებს პავილიონში და ერთი, მორიგი კადრი რომ გადაიღო, გულჩინას უხმო.
გულჩინა, როგორც ყველა ქალბატონი დედამიწის ზურგზე, დაქალებთან ჭორაობს ეზოში.
– კახი, – ეუბნება კავსაძეს რეჟისორი, – მოიყვანე გულჩინა, „ლოგინის სცენა“ უნდა გადავიღოთ, თუმცა ჯერ რეპეტიცია გავიაროთ.
ბატონი კახი ყოველთვის მოწესრიგებული და რეჟისორის „დამჯერი“ მსახიობია.
ჩავიდა ეზოში და ქალებთან საუბარ-ჭორაობაში გართულ გულჩინა დადიანს თავისებური, ინტელიგენტური ტონით გააწყვეტინა:
– ქალბატონო გულჩინა.
– გისმენ, კახი, – დროებით შეწყვიტა გახურებული ჭორაობა ქალმა.
– რეჟისორი გიხმობს.
– რაშია საქმე?
– აი... ის... ის... „ლოგინის სცენის“ რეპეტიცია უნდა გავიაროთ. ქართველმა მაყურებელმა ზეპირად იცის ის სცენა: „მარნიდან არა, ბოსლიდან“...
მოკლედ, კახიმ მიიწვია რეპეტიციაზე.
– რის რეპეტიციაზე? – ვითომ ამქვეყნად არ იყო, – ჭორაობიდან გამოერკვა დადიანი.
– რა და... ლოგინის... – „დაირცხვინა“ კახიმ.
– მოიცა ერთი, – აბეზარად გაიქნია ხელი „ცოლმა“ და ჭორაობა განაგრძო.
კახი ჯენტლმენია და ცოტა ხანს კიდევ დააცადა, მაგრამ ეს „ცოტა ხანი“ საკმაოდ გაგრძელდა, არადა რეჟისორი ელოდება.
– ქალბატონო გულჩინა, – რეჟისორი გთხოვთ...– უთხრა ისევ 15 წუთის შემდეგ.
– რაო, რა მინდაო? – ისევ შთაბეჭდილებებშია „ცოლი“.
– „ლოგინის სცენა“ უნდა გავიაროთ... ლოგინის.
ქალბატონი გულჩინა საბოლოოდ გამოერკვა:
– ეს აუცილებელია?
– რა თქმა უნდა, ქალბატონო გულჩინა.
– გადამრევენ ესენი... მოიცათ ცოტა! – დროებით შეწყვიტა ჭორაობა და კახის მიუბრუნდა.
– კახი!
– გისმენთ, ქალბატონო გულჩინა.
– კაცო... ერთ ფილმში დოდო აბაშიძის ცოლი ვიყავი, ხომ იცი?
– კი, რა თქმა უნდა.
– მეორეშიც დოდოს ცოლი და საყვარელი.
– ვიცი...
– მერე რამაზ ჩხიკვაძის ცოლი ვიყავი...
– ეგეც ვიცი.
– ახლა შენი ცოლი ვარ... ჩემი საკუთარი ქმრის ცოლი ხომ ვარ და ვარ.
– ვიცი... ვიცი... ი... – ამოილუღლუღა კახიმ.
– აბა, თქვე დალოცვილებო, ამდენი „ცოლობის“ შემდეგ მე კიდევ „ლოგინის“ რეპეტიცია მჭირდება?!