რატომ მოაკვლევინა თავი კახელ გლეხს ერეკლე მეფის სიძემ, ვახტანგ ორბელიანმა
1812 წლის თებერვალში კახეთი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებამ მოიცვა. იმ დროს საქართველოში მთავარმართებლად იყო იტალიური წარმომავლობის მარკიზი – ფილიპე ოსიპის ძე პაულიჩი (1779-1849).
„ერთობით ვსწერთ ჩვენს მწუხარებას, რომელნიცა არ შესწრებიან წინაპარნი მამანი და პაპანი“... ესე იგი ამისთანა უბედურებაში საქართველო არ ყოფილაო, – წერდნენ კახელები აჯანყების მოწოდებაში...
მართლაც, თუ ადრე მაჰმადიანი დამპყობლების მიერ ეროვნული და სარწმუნოებრივი ჩაგვრა ელოდათ, ახლა „ერთმორწმუნე“ დამპყრობლები მოევლინენ ქვეყანას და აქამდე არნახული უბედურება ეწვიათ – სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმება, ქართულად წირვა-ლოცვის შეზღუდვა, ახალმოვლენილ უცხო მოხელეთა უტიფრობა და სხვა მრავალი.
აჯანყებულებმა ალექსანდრე ბატონიშვილს შესთავაზეს მეთაურობა, მაგრამ ის ირანში შეყოვნდა. აჯანყებაში უმალ ჩაერთო გიორგი მეთორმეტის შვილის, იოანეს ვაჟი – გრიგოლი. 9 თებერვალს კახეთს ქართლის მთიანეთიც შეუერთდა. მთიულებმა ჩაკეტეს სამხედრო გზა. ამან დიდი ხიფათის ქვეშ დააყენა რუსული მმართველობა. დახმარება არ შემოვიდოდა, აქ კი შეიძლება დამპყრობლები, ამჯერად უკვე რუსები, ერთიანად ამოეჟუჟათ დალოცვილ კახელებს, როგორც არა ერთხელ გაუკეთებიათ.
სამწუხაროდ, ქართლში აჯანყებას წარმატება არ ეწერა. მხოლოდ ორმა თავადმა დაუჭირა მხარი – იოსებ ერისთავმა და სიმონ მაჩაბელმა.
აჯანყებულთა რიგებში გრიგოლ ბატონიშვილის გამოჩენამ დიდი იმედი ჩაუსახა კახელებს. სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე მეოცნებეებმა არ დააყოვნეს და გრიგოლი მეფედ გამოაცხადეს. ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო რუსებისთვის.
დაფაცურდა რუსული მმართველობა და მოიფიქრეს ვერაგული გეგმა.
დღეს ჟურნალისტების სახლის, საპატრიარქოსა და კარის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით შემორჩენილია სასახლე თეკლე ბატონიშვილისა (1766-1846), რომელიც მას მამამ, ერეკლე მეორემ აჩუქა. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა მომავალი მწერალი, ალექსანდრე ორბელიანი, თეკლე ბატონიშვილის ვაჟი.
ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) დაიბადა 1802 წელს. მამას, ერეკლე მეფის სიძეს, ერქვა ვახტანგი. მისი ძმა, ვახტანგი დაიბადა 1812 წელს.
თეკლე, ერეკლე მეფის ქალიშვილი, ლაღად და თავისუფლების სიყვარულით იყო გაზრდილი. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. განათლებული და გონიერი თეკლა წერდა, იყო რომანტიკოსი პოეტი.
იმ თებერვლის ცივ დღეებში, ვერაგი დამპყრობლების ბრძანებით, რუსმა სალდათებმა ალყა შემოარტყეს და ზარბაზანი დაუმიზნეს თეკლა ბატონიშვილის სახლს. გარეთ გამოსვლის ნებას ზრდილობიანად არ აძლევდნენ. ასე მოექცნენ სხვა „საეჭვო“ ქართველებსაც.
ვახტანგ ორბელიანი და სხვა თავადები დაიბარა პაულიჩმა და ზეწოლითა და ლიქნით, კახელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა „ხელმწიფე იმპერატორის ერთგულებისთვის“. ბევრ ჯილდოსაც ჰპირდებოდა და ცბიერად ცოლ-შვილის მძევლობასაც ახსენებდა იქ მიწვეულ ქართველებს.
შეიძლება, ზოგი უკვე დიდი ხნის გადასული იყო რუსების მხარეს, მაგრამ მათ შორისაც ერია ვაჟკაცები. ასეთი იყო ვახტანგ ორბელიანი.
ერეკლე მეორის სიძე პაულიჩთან ნავახშმევს, გვიან მიიყვანეს. ფეხმძიმე თეკლე ბატონიშვილი მოუთმენლად ელოდა ქმარს, თან ვედრებით შესცქეროდა ღვთისმშობლის ხატს. ალექსანდრე ამ დროს 9 წლისა იქნებოდა, მასაც არ ეძინა. ვახტანგ ორბელიანი გვიან დაბრუნდა.
ორბელიანმა უამბო ცოლს, რაც ხდებოდა კახეთში. ისიც უთხრა, რომ რუსის ჯართან ერთად აპირებდნენ კახელებთან საომრად წასვლას. მოსამსახურეებს უბრძანა, ცხენი მოემზადებინათ, საჩქაროდ უნდა გავეშუროთო.
პატარა შვილმაც კი შეატყო მამას, რომ ძალიან დამწუხრებული იყო.
– გეტყობა, რომ შეწუხებული ხარ. რა ვქნათ, ძალა მაგათშია, ძლიერება და რაც უნდათ, იმას გვიბრძანებენო, – უთხრა მეფის ასულმა ქმარს.
ვახტანგმა მეუღლეს გაუმხილა, რომ არ შეეძლო სამშობლოსთვის ეღალატა და ქართველებისთვის, აჯანყებული კახელებისთვის, რომლებიც თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, თოფი ესროლა.
ცოლმა ურჩია, წადით და მიემხრეთ კახელებს, ჩვენ რაც უნდა მოგვივიდეს, არაფერიაო.
ქმარმა აუხსნა, რომ რუსებს წინასწარ საქმეები მოუგვარებიათ, გზები შეუკრავთ, ბევრი ქართლელი და რაც მთავარია, კახელი თავადი მოუქრთამავთ. თავადები ერთმანეთს ვეღარ ვენდობით და აღარაფერი გამოვაო.
– ახლა რაღა გვეშველება, საქართველო საუკუნოდ რუსების მონად დარჩება? – აღმოხდა მეფის ასულს.
– დარჩება თუ არა, ღმერთმა იცის, – არ გადაიწურა იმედი ორბელიანმა, მე კი ვეღარ მნახავ ცოცხალს, ბატონიშვილო. შვილებს გაუფრთხილდიო.
თეკლე ატირდა, ორბელიანმაც ვერ მოითმინა და ატირდა. აბღავლდა პატარა ალექსანდრეც: ვაი, მამა, ვაი, მამაო.
მშობლები წამოცვივდნენ და გააჩუმეს, აგერ კარზე რუსები არიან და წაგიყვანენო. მართლაც არ ეძინათ თეკლა ბატონიშვილის სახლის მოალყე რუს სალდათებსა და ოფიცრებს, ყოველ მოძრაობას თუ ხმას აკვირდებოდნენ აჯანყებით დაშინებულნი და ქართველების თავისუფლების სიყვარულით გაბრაზებულნი.
მერე ვახტანგ ორბელიანი მოემზადა და წავიდა ისე, რომ აღელვებული ვერც კი დაემშვიდობა ცოლ-შვილს.
რუსებმა, მოღალატეების შემწეობით, ჩაახშვეს კახელთა აჯანყება. ერთი კვირის მერე ვახტანგ ორბელიანის ცხედარი ჩამოასვენეს და სიონის ეკლესიაში დაკრძალეს. როცა ყველაფერი მიწყნარდა, თეკლა ბატონიშვილმა გაარკვია ყველაფერი, რაც მოხდა.
ვახტანგ ორბელიანს არ შეეძლო სამშობლოს ღალატი, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა. რომ გადასულიყო კახელების მხარეს, ცოლ-შვილს დაუხოცავდნენ, რუსების ზარბაზანი ისევ „იცავდა“ მის ცოლ-შვილს. ვერც ვერავის ენდო, ვერ გაუმხილა თავადებს თავისი გულისტკივილი. ამიტომ, ბრძოლის დროს გამოძებნა ყველაზე ლამაზად შეკაზმული კახელი, მიეჭრა და „თოფის წართმევა“ დაუპირა.
კახელმა უთხრა, ძმაო, კარგი ვინმე ჩანხარ, ქართველი, თოფს ვერ მოგცემ, თავი დამანებე, ნუ მაიძულებ გესროლოო.
ვახტანგი კიდევ მიეძალა და თან გულ-მკერდს უშვერდა. ასე „იძალავა“ კარგა ხანს და ძალით ასროლინა კახელ აჯანყებულს მკერდში ტყვია, თავი მოაკვლევინა, რათა სამშობლოს ღალატი არ ჩაედინა.
რა თქმა უნდა, იმ კახელისთვის თოფის წართმევას არც აპირებდა, პირიქით, ოცნებობდა მის გვერდით დამდგარიყო, მაგრამ, ცოლ-შვილს რუსები ამოუწყვეტდნენ. ამიტომ, უარი თქვა მოღალატე კაცის სახელით სიცოცხლეზე.
ეს მოხდა 1812 წლის 1 მარტს.
ის კახელი კიდევ იბრძოდა თურმე ერთხანს, მაგრამ მერე რუსებს მოუკლავთ.
ვახტანგ ორბელიანის ცხედარი ტფილისში ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში დაკრძალეს.
ორბელიანის მსახურმა მერე საიდუმლოდ, რათა რუსებს არ გაეგოთ, უამბო თეკლე ბატონიშვილს: დამწუხრებული ბატონი ამბობდა, მე ვერ შევძლებ და გაღიმებული სახით ვერ მივულოცავ რუსებს ქართველების დამარცხებასო...
მან ბატონის მიერ მეუღლისათვის გამოგზავნილი უკანასკნელი წერილიც გადასცა დაქვრივებულ ბატონიშვილს, სადაც ეწერა: „ვითომ რუსების ერთგულებისთვის ხვალ ომის ქარცეცხლში შესვლა მომიწევს და ეგება მომკლან, ან როგორმე თავი შევაკლა ვინმეს, როგორც ვაღიარე კიდეც შენთან. რა ვქნა, ჩემს გულს რუსების ჩვენს კისერზე წამოჯდომა ვერ აუტანია“.
...გავიდა წლები...
1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა მხარდაჭერისთვის თეკლე ბატონიშვილი გადაასახლეს კალუგაში 1 წლით.
თეკლე ბატონიშვილმა ვაჟკაცურად გაზარდა შვილები. ალექსანდრე ორბელიანი იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი.
ის გახლდათ 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში.
დაბრუნდა 1840 წელს და ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იყო ჟურნალ „ცისკრის“ ერთ-ერთი აღმდგენელთაგანი. იქვე აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს. ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინებაზე, ჟურნალ-გაზეთების დაარსებისა და სკოლების გახსნისთვის. გარდაიცვალა 1869 წელს.
ვახტანგ ორბელიანს და თეკლე ბატონიშვილს ჰყავდათ კიდევ ერთი შვილი – დიმიტრი. დიმიტრის დაბადებამდე ერთი ვაჟი, ნიკოლოზი ჩვილობაში გარდაცვლიათ.
ვახტანგ ორბელიანის გარდაცვალებიდან სულ მალე, 5 აპრილს დაიბადა ვაჟი, მას დაღუპული მამის სახელი – ვახტანგი დაარქვეს. ისიც ცნობილი კალმის ოსტატი, პოეტი გახდა. მანაც მიიღო მონაწილეობა 1832 წლის შეთქმულებაში, რის გამოც ისიც გადასახლებული იყო კალუგაში.