რატომ უშლის ვერკა ჯაჯანიძეს ხელს ცეკვა პირადი ცხოვრების მოწყობაში და რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას
ვერკა ჯაჯანიძე მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო, სადაც ის გია სურამელაშვილს უწევდა პარტნიორობას. ვერკას ცეკვამ და გოჩა ჩერტკოევის მიერ მის ლამაზ ფეხებზე გაკეთებულმა კომენტარებმა არავინ დაიტოვა გულგრილი. ვერკას ექვსი წელია ერთი მეწყვილე ჰყავს – გიორგი სუთიძე და მასთან ერთად არაერთ შოუში იღებს მონაწილეობას.
ვერკა ჯაჯანიძე: ჭიათურიდან ვარ. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როდესაც ცეკვა დავიწყე. მშობლებმა ქართულ ცეკვებზე მიმიყვანეს, სადაც 12 წელი ვცეკვავდი. შემდეგ ჩემმა მასწავლებელმა სტუდია გააკეთა და, მე, როგორც საუკეთესო მოსწავლე, სამეჯლისო ცეკვებზე გადამიყვანა. ერთი სიტყვით, ძალიან მოვიხდინე ეს ცეკვები და ცხრა წლის განმავლობაში ვცეკვავდი. თბილისში ჩამოვედი უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მაგრამ, უცებ გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა და ქართული ცეკვები გამეგრძელებინა, რადგან მამას არ მოსწონდა ლათინური ცეკვები. ახლა ეს ცეკვები მოდაში შემოვიდა და აღარ აქვს მძაფრი რეაქციები. ზოგადად, ამ პროფესიის გამო ბევრი რამის გადატანა მომიწია. საბოლოოდ, სპორტის აკადემიაში ჩავაბარე, რომელიც შემდეგ ილიას უნივერსიტეტს შეუერთდა, დავამთავრე და ახლა ვარ სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მწვრთნელი. ამავდროულად, ვარ პროფესიონალური საბჭოს წევრი საქართველოში, მაგრამ, ამჟამად უფრო ინდივიდუალურად ვცეკვავთ მე და ჩემი მეწყვილე. ჩვენთვის ვვარჯიშობთ, ვერც ვიტყვით, რომ თბილისში პედაგოგი გვყავდა. აქ თუ რამეს მივაღწიეთ, ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურებაა – ძალიან ბევრს ვშრომობთ. ძალიან ძლიერი მოცეკვავეები იყვნენ ადრე საქართველოში, დღეს ბევრმა თავი დაანება. მათი ცქერით ბევრი რამ ვისწავლე. რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ჩვენით, წვალებით ვაკეთებთ. საქართველოს მასშტაბით კონკურსებშიც ვმონაწილეობდით, მაგრამ, უცხოეთში ვერ წავედით გარკვეული ფინანსური პრობლემები გამო.
– მამა შეეგუა შენს გადაწყვეტილებას?
– კი, შეეგუა. რადგან ეს პროფესია ავირჩიე, უნდა შეეგუოს. რაღაცეები არ მოსწონს, მაგრამ, ეს ჩემი პროფესიაა.
– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ, მე და ჩემი პარტნიორი, გიორგი სუთიძე, პირველი წყვილი ვიყავით საქართველოში, რომლებმაც გავაკეთეთ შოუ და დავდიოდით კორპორაციულ საღამოებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე, რესტორანშიც ვცეკვავთ. თავიდან ამ ყველაფრის აღქმა და შეგუება ხალხს ძალიან უჭირდა, უფრო ქართულ ცეკვებს ითხოვდნენ. თუ „ვალსს” ან „ტანგოს” ვიცეკვებდით, ამას ხვდებოდნენ, მაგრამ, როგორც კი ლათინურ-ამერიკულ ცეკვების შესრულებას ვიწყებდით, ძალიან უკვირდათ. უფრო ადრე ის იყო პრობლემა, რომ სამეჯლისო ცეკვებში მაინც მოხსნილი კაბებია და, რაიონში კაბა რომ აგიფრიადლებოდა და რაღაც გამოგიჩნდებოდა, მეზობელი აჭორავდებოდა, ვიღაცა რაღაცას იტყოდა. ძალიან ბევრი რამის გადატანა მოუწია ჩემს მეწყვილეს, ბიჭისთვის უფრო რთული იყო. ახლა სტუდია მაქვს, ბავშვებს ვასწავლი, სულ გოგონები არიან, ბიჭები არ დადიან.
– შენი პროფესიის გამო ვინმეს თუ ჩააუყენებიხარ უხერხულ სიტუაციაში?
– დიდი ხანია, ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ, ცუდი არაფერი მიგრძნია. გამოხედვა კი ყოფილა, მაგრამ, სერიოზული არაფერი. ადრე უფრო კაბაზე გიყურებდნენ – რა გეცვა, რა გიჩანდა. ახლა რესტორანში ჩემზე მოხდილი კაბებით დადიან, ამიტომ, აღარ აქვთ დიდი რეაქცია. ეს მაინც საცეკვაო ფორმაა და აღარ მაქვს ამის კომპლექსი. თან, რაც ტელევიზიით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გავიდა, ხალხი მიეჩვია და უფრო მეტად იმას აქცევენ ყურადღებას, როგორ ცეკვავ – მოითხოვენ, კარგად ვიცეკვო და მაღალ დონეზე შევასრულო ჩემი ნომერი.
– არ გაგიჭირდა მეწყვილის პოვნა?
– კი, ძალიან ძნელი იყო. რაიონში მეც და ჩემს მეწყვილესაც სხვადასხვა წყვილი გვყავდა. თბილისში რომ ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, ერთად გვეცეკვა. მეზობლები ვართ, ერთად გაზრდილები და ვიცნობთ ერთმანეთს. ბევრს კი ვკამათობთ, მაგრამ, ეს ჩვენი პროფესიისთვის არის საჭირო. უცხო ბევრ რამეში ვერ გაგიგებს, ამიტომ, ამ კუთხით არ გვაქვს პრობლემები, ამაში ძალიან გამიმართლა.
– ხშირად მეწყვილეები, საბოლოოდ, შეყვარებულები ხდებიან, ზოგჯერ – ცოლ-ქმარიც. ექვსი წელია, ერთად ცეკვავთ და, თქვენ შორისაც რამე ხომ არ ხდება?
– არა. ბევრ ნაცნობს უნდა, რომ ერთად ვიყოთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ეს გრძნობა. სადმე რომ მივდივართ, გვეკითხებიან: „ცოლ-ქმარი ხართ? არც შეყვარებულები?” მერე იწყებენ: რატომ არ ხართ შეყვარებულები, ასეთი კარგი გოგოა, არ დაუთმო არავისო. ცალკე ჩემთან მოდიან: „მიდი, მიდი, მიდი”... მერე – მასთან. ბოლოს ვიღლებით და, ათას კითხვას რომ გვისვამენ, უკვე დადებითად ვპასუხობთ.
– გიშლის შენი პროფესია ხელს პირად ცხოვრებაში?
– ისეთი პროფესია მაქვს, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა იმ ადამიანის პოვნა, რომლის გვერდითაც ვიქნებოდი. ჯერჯერობით ასეთი არავინ არის ჩემს ცხოვრებაში. დატვირთული რეჟიმი მაქვს, მეორე ნახევარს კი ბევრი ყურადღება სჭირდება. ზოგადად, ყურადღებიანი ვარ, მაგრამ, ეს ჩემი პროფესიაა და, მინდა, რაღაცას მივაღწიო. სტუდია მაქვს, გადაღებები, საღამოობით ვცეკვავ და, საკმაოდ დაკავებული ვარ. არც ის მოსწონთ, ბიჭთან ერთად რომ ვცეკვავ, ვერ ეგუებიან, ეჭვიანობენ და, უმეტესობას უნდა, გავთხოვდე და სახლში დავჯდე. სახლში ვერ დავჯდები. ამდენი წელი ვიშრომე და ახლა ეს ყველაფერი წყალში ჩავყარო, ნამდვილად არ მინდა.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– მეუბნებიან ხოლმე, იპოვე შენი პროფესიის ადამიანი და იმას გაჰყევიო. ხშირად წყვილები მართლაც ქმნიან ოჯახებს, მერე შვილები ჩნდებიან და, აქედან გამომდინარე, ერთი განაგრძობს ცეკვას, მეორე კი შვილების, ოჯახის მოვლით კავდება, რაც უფრო მეტად ქმნის ეჭვიანობის მომენტს. მე არ ვიცი, რატომ, მაგრამ, არ მინდა ჩემი პროფესიის მეუღლე. ხელოვანი თუ იქნება, კარგია, ბევრ რამეში გამიგებს. უბრალოდ, მინდა ჩემს საქმეში იყოს ჩახედული, რომ მიხვდეს რა რთულია ამ ყველაფრისთვის თავის დანებება. მინდა, ოჯახს რომ შევქმნი, მქონდეს მხოლოდ სტუდია და ბავშვებს ვასწავლიდე ცეკვას. შეიძლება, მე აღარც ვიცეკვო. ზოგადად, მეოჯახე ტიპი ვარ. ვინც არ მიცნობს, ყველას ძალიან მკაცრი ვგონივარ, არადა, სცენაზე სულ სხვანაირი ვარ და ისე – სულ სხვანაირი.
– რა განსხვავებაა ორ ვერკას შორის?
– სცენაზე ძალიან თამამი, გახსნილი ვარ, გიჟური ტიპი, ცხოვრებაში კი – ძალიან კომპლექსიანი, უფრო ნაზი. თუ დრო მაქვს, მირჩევნია, სახლში ვიყო. ჩემი მეწყვილეც სულ იმაზე მეჩხუბება, როცა გირეკავ, სულ საქმეს აკეთებო. ეს არის ჩემი ჰობი – მიყვარს სახლში ბევრი რაღაცის კეთება, ისე ვერ დავჯდები. დარწმუნებული ვარ, ოჯახი რომ შევქმნა, ჩემს საქმესაც გავაკეთებ და ოჯახსაც მივხედავ. კარგი ცოლი ვიქნები, ვერ დაიწუწუნებენ, რომ მხოლოდ ცეკვა მეხერხება. თან, გემრიელი ხელი მაქვს, რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. მინდა, ჩემი მეორე ნახევარი იყოს ძალიან ყურადღებიანი, რადგან, მე თვითონ ვარ ასეთი. შემიძლია – საქმეც ვაკეთო და მასაც მივაქციო ყურადღება. რაც მთავარია, მას უნდა ჰქონდეს თავისი საქმე და გააჩნდეს მიზანი – მიაღწიოს წარმატებას. რა თქმა უნდა, მეც შევუწყობ ხელს და მისგანაც იმავეს მოვითხოვ.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიდხანს არ მოგიწია ყოფნა, მაგრამ, მაყურებელს თავი მაინც დაამახსოვრე.
– მესამე სეზონში გამოვდიოდი, რადგან, პირველი და მეორე სეზონების დროს საქართველოში არ ვიყავი – მე და ჩემი მეწყვილე ჩინეთში მიგვიწვიეს სამუშაოდ. რომ ჩამოვედი, მივედი ქასთინგზე და ამიყვანეს. სხვათა შორის, 2010 წელს „ნიჭიერშიც“ გამოვდიოდით და ფინალისტები გავხდით. ჩვენ პირველი წყვილი ვიყავით, ვინც ტელევიზიით გამოჩნდა. საქართველოდან ქართველი მოცეკვავეები არიან წასულები, თავისი შოუ აქვთ. იქ არიან, ასევე, უკრაინელებიც და მათაც აქვთ შოუ. ჩვენი ვიდეოები ნახეს „იუთუბიზე“, დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს სამთვიანი კონტრაქტით წასვლა. ოთხ ქალაქში ვიყავით და კლუბებში ვცეკვავდით „ჯაივს“, „სალსას“, „ლამბადას“ და „ჩა-ჩა-ჩას“. ძალიან მოსწონდათ, ერთწლიანი კონტრაქტიც შემოგვთავაზეს, მაგრამ, არ დავთანხმდით. ერთ საღამოს შანხაის დასათვალიერებლად გავედით. ერთ-ერთ ბაღში მუსიკა იყო ჩართული. იქვე არიან მასწავლებლები და, სადაც მუსიკა მოგეწონება, შეგიძლია, გაჩერდე და იცეკვო. ერთ ადგილას „ვალსი“ იყო ჩართული. მაშინვე დავიწყეთ ცეკვა. არ დამავიწყდება, რა ხდებოდა: უამრავი ხალხი მოგროვდა, აპლოდისმენტები, არ გვიშვებდნენ – კიდევ იცეკვეთო.
– გოჩა ჩერტკოევი სულ შენს ფეხებზე აკეთებდა კომენტარებს.
– სხვათა შორის, არ მოველოდი ასეთ შეფასებებს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. გოგონებიც მეუბნებოდნენ, რომ მოსწონდათ ჩემი აღნაგობა. დედა უკრაინელი მყავს და მისი სისხლიც მირევია. გიასთან მუშაობა არ იყო ძალიან რთული. ვერ გეტყვი, რომ ვარჯიშით თავს იკლავდა, მე უფრო მეტს ვცდილობდი. იზარმაცა ცოტა. რეპეტიციებზე უფრო კარგად ცეკვავდა, მეტად გახსნილი და თამამი იყო, უბრალოდ, გამოსვლისას ძალიან ნერვიულობდა.