რა სასწაულებრივი ძალა გააჩნია ღვთისმშობლის კვართს, რომელსაც ყელი უპატარავდება და ვინ ჩამოიტანა საქართველოში საიდუმლოდ სხვადასხვა სიწმიდეები
საქართველოში არა მხოლოდ მაცხოვართან დაკავშირებული სიწმიდეები ინახება, არამედ ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებულიც. მათი ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანების ისტორია კი უაღრესად საინტერესოა. ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებულ სიწმიდეებზე გვესაუბრება, ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი.
– ბატონო ელდარ, საქართველოში ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული რა სიწმიდეები ინახება და როგორია მათი ისტორია?
– საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამის შესახებ ცნობილია როგორც ქართული წერილობითი წყაროებიდან, ასევე საეკლესიო ტრადიციით. თანამედროვე ცხოვრებაში, ღვთისმშობლის წილხვდომობის საკითხმა ზღაპრული ელფერი მიიღო, რაც მას ცოტა გაურკვეველს ხდის. უცხოელისთვის და ურწმუნო ქართველისთვის არადამაჯერებელი ხდება ის თხრობა, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ მოვკიდეთ ამ საკითხს ხელი და შევისწავლეთ, თუ როგორ არის ეს ასახული ქართულ საისტორიო მწერლობაში და დავადგინეთ: გარდა ქართულისა, ღვთისმშობლის წილხვდომობის საკითხი უცხოური წყაროებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მეათე დღეს მონაწილეობა მიიღო წილისყრაში და მას წილად ერგო საქართველო. ისიც ნათქვამია, რომ ღვთისმშობელმა სამჯერ მიიღო ამ წილისყრაში მონაწილეობა და მას სამჯერვე საქართველო ერგო. „ქართლის ცხოვრების“ გარდა, ღვთისმშობლის წილხვდომობის საკითხი, გადმოცემულია მეთერთმეტე და ასევე, მეთოთხმეტე საუკუნით დათარიღებულ წმიდა ნინოს სვინაქსარებში. მეთერთმეტე საუკუნის სვინაქსარი მოცულობით შედარებით მცირეა, ხოლო მეთოთხმეტე საუკუნის – შედარებით დიდი.
– დღეს დამკვიდრებულია სწავლება, რომ ღვთისმშობელს კი ერგო საქართველო, მაგრამ მან ვერ მოახერხა წამოსვლა, რადგან გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა, რომ მოახლოებული იყო მისი მიძინების დრო.
– ეს არასწორი, არარეალურია. ქრისტიანული სამყაროსთვის და, საერთოდ, ეკლესიის ისტორიისთვის, ცნობილია, რომ ღვთისმშობელმა ამის შემდეგ დიდხანს იცოცხლა და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად იერუსალიმში იყო. ეს კარგად ჩანს მეთოთხმეტე საუკუნის წმიდა ნინოსადმი მიძღვნილ სვინაქსარში, სადაც აღნიშნულია, რომ ღვთისმშობელი უნდა დარჩენილიყო იერუსალიმში, რომელიც ქრისტიანობის მძლავრი ცენტრი იყო და იქ უნდა ემოღვაწა. ანუ, ის თვალსაზრისი, რომ ღვთისმშობელმა მიიძინა და ამიტომ, ვერ წამოვიდა საქართველოში, არარეალურია. სწორედ მიძინების ფაქტი გახდა იმის ერთ-ერთი პირობა, რომ ღვთისმშობლის წილხვდომობის საკითხმა ლეგენდის სახე შეიძინა. ამ საკითხის შესახებ საინტერესო ცნობა გვაქვს როგორც ბერძნულ, ასევე რუსულ წყაროებში, რომელიც უფრო გვიანი წლებით არის დათარიღებული. ბერძნული წყაროებიდან მნიშვნელოვანია სტეფანე ათონელის თხზულება. როგორც ჩანს, მას საქართველოს ღვითსმშობლის წილხვდომობის საკითხი უნდა გაეგო ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრებული ქართველი ბერებისგან. მისი თხზულება 1903 წელს ითარგმნა, გამოიცა ქუთაისში, მის გამოცემაში დიდი როლი შეასრულა ათონის მთაზე მოღვაწე ბენედიქტე ბარკალაიამ. ამ ხელნაწერისთვის დღემდე არავის მიუქცევია ყურადღება. მასში აღწერილია ღვთისმშობლის ცხოვრება სხვადასხვა ფორმით. როგორც ჩანს, ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე თარგმნეს, შემდეგ კი ბენედიქტე ბარკალაიამ ხელნაწერი გადაწერა და საქართველოში ჩამოიტანა. სტეფანე ათონელს ბერების მიერ მიწოდებული მასალები მთლიანი სახით შეუტანია თავის თხზულებაში. იქ ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი, რომ წილისყრის დროს ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო, შემდეგ კი უფლის სახელით ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს, რომ საქართველოში არ წასულიყო და უნდა დარჩენილიყო იერუსალიმში. სტეფანე ათონელისა და წმიდა ნინოს მეთოთხმეტე საუკუნის სვინაქსარული ცხოვრება სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან და ახსნილია ის მიზეზები, თუ რატომ არ წამოვიდა ღვთისმშობელი საქართველოში. სტეფანე ათონელის თხზულება რუსულ ენაზე გადაუთარგმნიათ მეთექვსმეტე საუკუნეში, ხოლო მეჩვიდმეტე საუკუნეში შესწორებები შეიტანა ნიკონმა და ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნაა, ეს სწავლება რუსულ ეკლესიაში სწორედ აქედან შევიდა. შემდეგ ამის საფუძველზე შეიქმნა რუსული საკითხავები. დიმიტრი როსტოველის „თვენში“ პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მეთხუთმეტე-მეჩვიდმეტე და განსაკუთრებით მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში რუსულ ეკლესიას მიაჩნდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამიტომ, მას შეუძლია, მფარველობა გაუწიოს რუსეთის ეკლესიას. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გავრცელდა, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუუქმეს და რუსულ ეკლესიას შეურთეს. ანუ, მათი აზრით, მადლი გადავიდა რუსულ ეკლესიაზეც. შეიძლება, სწორედ ამის გამოცაა, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა არსებობს. ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი შეიქმნა და 1624 წელს, ასევე მეჩვიდმეტე საუკუნის 50-იან წლებში, რუსეთში იქნა ჩაბრძანებული. საქართველოს გარდა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნებია: კვიპროსი, ათონის მთა, ამას უნგრეთიც აცხადებს. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ეს საკითხი საინტერესოდ არის აღწერილი კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ გულაბერიძესთან, რომელიც 1150-1177 წლებში იყო პატრიარქი. გარდა ამისა, გვაქვს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლები.
– როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში?
– რაც შეეხება ღვთისმშობლის კვართს, რომელიც ზუგდიდში ინახება, მას ვიწრო ყელი აქვს. ფედოტი ელჩინს და პავლე ზახარევს ნიკოლოზ კათალიკოსი ეუბნება, რომ გადმოცემის თანახმად, ამ კვართს ყელი თანდათან უპატარავდებაო. როდესაც პატრიარქს ეკითხებიან, როდის მოხვდა კვართი საქართველოში, ის პასუხობს, მე ახალი დანიშნული ვარ და ვერ გიპასუხებთო. თუმცა, ღვთისმშობლის კვართის შესახებ გვაქვს მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ძალიან საინტერესო ქართული წყაროები. უცხოური წყაროები შედარებით ძველია. თუმცა, წყაროების შედარებით, ორი შეხედულება გამოიკვეთა. პირველის თანახმად, კვართი, მერვე საუკუნეში, ხატმებრძოლეობის დროს შემოუტანიათ საქართველოში. მაგრამ, ჩვენ ამას არ ვემხრობით, ასე რომ მომხდარიყო, ეს აუცილებლად აისახებოდა წყაროებში. ჩვენი აზრით, კვართი საქართველოში, ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ უნდა შემოსულიყო. ამის შესახებ წყაროებშიც არის მითითებული. სხვათა შორის, როდესაც ბიზანტიის იმპერია დაემხო, სასულიერო პირებმა სხვადასხვა სიწმიდე საიდუმლოდ შემოიტანეს საქართველოში. კვართის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაძლევენ კათოლიკე მისიონერები. მეჩვიდმეტე საუკუნეში კათოლიკე-მისონერი ძამპი 20 წელი ცხოვრობდა სამეგრელოში და იმ დროს კვართი ხობის მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. კვართის გარდა იქ იყო, წმიდა მარინეს მკლავი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც გაუხრწნელია. ძამპი აღწერს ამ სიწმიდეებს და იმასაც წერს, რომ თითქოს ქართველები მათ არ სცემდნენ პატივს, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. ასევე, კვართის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაძლევენ არქანჯელო ლამბერტი და დონ ქრისტეფორე დე კასტელი, რომელიც წერს, რომ ქართველები, ამ სიწმიდეს არ სცემენ პატივს. მათ ისეთი ხატები მიაჩნიათ პატივისცემის ღირსად, რომლებიც ძვირფასი ლითონისგან არის დამზადებული. მე ამ სიწმიდის მოპარვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ასეთ ხალხში კი არ უნდა იყოს ასეთი სიწმიდეები, ჩვენთან უნდა იყოს და თუ კი ვინმე იქ მოხვდებით, იქნებ შეძლოთ მისი წამოღებაო. მეჩვიდმეტე საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი მაკარიოსი და მისი შვილი. მაკარიოსი წერს: მე ვნახე კვართი, ვემთხვიე, თარგზეც გამოვჭერი მისი ასლი და კვართიდან პატარა ნაჭერი ჩავაკერეო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ღვთისმშობლის კვართის ასლი. კვართს კურნების უნარიც გააჩნია და მის სახელთან დაკავშირებით არაერთი სასწაული მომხდარა.
– საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებული კიდევ რა სიწმიდეები ინახებოდა?
– საქართველოში უამრავი წმიდა ნაწილი იყო, რომლებიც ღვთისმშობლის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ მათ უმრავლესობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ინფორმაციას მათ შესახებ კი ვხვდებით რუსულ წყაროებში. 1640 წელს მღვდელი პავლე ზახარევი და დიაკონი ფედოტი ელჩინი იმყოფებოდნენ დადიანის კარზე, სამეგრელოში. მათ, გარდა პოლიტიკური საკითხებისა, უნდა შეესწავლათ, თუ რა სიწმიდეები იყო საქართველოში და თუ საშუალება ექნებოდათ, ისინი რუსეთში უნდა წაეღოთ. ოდიშის მთავარი ლევანი მათ დიდი პატივით შეეგება და სასულიერო პირებს დაავალა, მათთვის სიწმიდეები დაეთვალიერებინათ. მაქსიმე მიტროპოლიტმა მოქვის მონასტრის დათვალიერების დროს აჩვენა თეთრი ქვისგან დამზადებული კვირისთავი და აუხსნა – ეს ღვთისმშობლის კუთვნილია და მასზე ძაფს ართავდაო. დღეს ის დაკარგულია. 1650-1652 წლებში იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ რუსი ელჩები – ალექსი იევლიევი და ტოლოჩანოვი. მათ აღწერეს იმერეთის სიწმიდეები და ცალკე მოხსენებები გააკეთეს რუსეთის სამეფო კარზე. სიწმიდეების დათვალიერებისას, მათ ნახეს ვერცხლის ჯვარი, რომელსაც მოოქრული პერანგი ჰქონდა, ერთი საჟენი სიმაღლის იყო და როგორც ისინი აღწერდნენ, ამ ჯვარში იდო ღვთისმშობლის კბილი, რომელიც შვიდი წლის ასაკში მოიცვალა. სად არის ამჟამად ეს კბილი, ჩვენთვის უცნობია. ამ ჯვარში იდო ასევე ღვთისმშობლის თმის ნაწილი, რომელიც გამწარებულმა იმ დროს დაიგლიჯა, როცა მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ისინი ასევე აღწერდნენ, რომ იქვე იყო ღვთისმშობლის რძე, მაგრამ, როგორი ფორმით, არ ვიცით. იევლიევი ასევე აღწერს, რომ იქვე ნახა მოოქრული კიდობანი და როგორც სასულიერო პირმა უთხრა, ეს კიდობანი და საკეტი დამზადებული იყო იმ ოქროსგან, რომელიც ბეთლემში დაბადებულ ქრისტეს მიართვეს მოგვებმა მურთან და გუნდრუკთან ერთადო. და დასძენს, რომ ბაგრატის ტაძარში, ასევე ინახება ქრისტეს წვერის ღერებიო. ტოლოჩანოვი კი აკონკრეტებს, რომ მას უნახავს იაგუნდებით მორთული ხატი, ხახულის ხატზეა საუბარი და წერს, რომ ეს ხატი ლუკა მახარებლის დაწერილია, ხოლო ჩარჩო იმ ბაგის ფიცრებისგან არის დამზადებული, სადაც მაცხოვარი დაიბადაო. წყაროების მიხედვით, ქუთაისში ინახებოდა ღვთისმშობლის კაბის ნაჭერი, რომელიც ფეხმძიმობის დროს ეცვა მას. წლების წინ ქუთაისის მუზეუმში აღმოჩნდა ამ სიწმიდის პატარა ნაწილი. გორის რაიონში, სოფელ ოთარაშენში იყო წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, გასული საუკუნის 30-იან წლებში ამ ეკლესიიდან თბილისში ჩამოიტანეს სიწმიდეები, რომელთა შორის დასახელებულია ღვთისმშობლის თმა და ლეჩაქის ნაწილი. ასევე, მინდა, გესაუბროთ ღვთისმშობლის სარტყლის შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოში სამგან ინახება: ტრინში, ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, სადაც ნახა პლატონ იოსელიანმა. ქართულ სინამდვილეში ეს სარტყელი მიკრული აქვს ხატს, რომელიც სახელმწიფო მუზეუმში ინახება – ძალიან არის დაზიანებული და ღვთისმშობლის გამოსახულება აღარ ჩანს. თვითონ ხატის დაფა უნიკალური, ძვირფასი სამკაულებთი არის შემკული. მათ შორისაა ბიზანტიური მონეტები, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. ამ ხატზეა მიკრული ყავისფერი სარტყელი, რომლის სიგანე 11 სანტიმეტრია. გადმოცემის თანახმად, ის საქართველოში უნდა ჩამოეტანა ბაგრატ მეოთხის მეუღლეს, ელენე დედოფალს, რომელიც ავადმყოფობდა, ხატი კონსტანტინეპოლის მახლობლად, ვლაქერნის ადგილას იყო დაბრძანებული და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ღვთისმშობლის სარტყელთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სასწაული მომხდარა და მან, ვლაქერნის ხატთან ერთად, არაერთხელ დაიცვა ბიზანტიის იმპერია უცხო ძალების შემოსევებისგან. უცხოურ წყაროებში ქართველებს „სარტყლიან ქრისტიანებს“ გვიწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთისმშობლის სარტყლის მფლობელები ვართ. ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში, როცა სამეგრელო თავდასხმის ობიექტი იყო, გრიგოლ დადიანმა, რომელსაც ცოლად ჰყავდა გიორგი მეთორმეტის ასული, ხატი სიმამრს გაუგზავნა, რომ ვინმეს არ გაეძარცვა. გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა დავითმა დაიტოვა ხატი და სამეფოს გაუქმების შემდეგ, როდესაც ის რუსეთში გაემგზავრა, თან წაიღო. მეგრელები ეხვეწებოდნენ, რომ დაებრუნებინა და ბოლოს მათ ასეთ ხერხს მიმართეს: სამეგრელოს მთავარმა პეტერბურგში გააგზავნა დეპუტაცია, თან მთავარმართებელი ციციანოვიც ჩააყენეს საქმის კურსში, რომელმაც იმპერატორ ალექსანდრე პირველს წერილი მისწერა. ამ დროს კი დავითმა ეს ხატი იმპერატორს მიართვა საჩუქრად, რომელმაც საბოლოოდ, დეპუტაციას აჩუქა, თან სიგელიც უბოძა – ვუბრუნებ მეგრელ ხალხსო და ორი ათასი ჩერვონეცი ოქროც გამოატანა, ამ ხატის სახელზე ტაძარი ააშენეთო. ეს ტაძარი მოგვიანებით, 40-იან წლებში აშენდა, გადააბრძანეს ხატი და დიდი ხნის განმავლობაში იქ იყო დაბრძანებული. ექვთიმე თაყაიშვილი 1913 წელს იმყოფებოდა სამეგრელოში, მას ხატის აღწერა უნდოდა. მაგრამ მანამდე, დადიანებმა ეს ხატი სასახლეში გადააბრძანეს და ჩაკეტეს, რადგან ის რამდენჯერმე მოიპარეს და გაძარცვეს. იმ დღეს, როცა ექვთიმე სამეგრელოში იმყოფებოდა, დადიანები სახლში არ იყვნენ და მან ვერ აღწერა ეს ხატი. 1918-1921 წლებში, როდესაც ქვეყანაში საშინელი ძარცვა-გლეჯა სუფევდა, დადიანებამ გააკეთეს კედელი, შიგნით დამალეს ხატი და ამოქოლეს. როდესაც ექვთიმე მეორედ ჩავიდა სამეგრელოში, დადიანების მოურავმა კედელი დაანგრია და ეს ხატი თაყაიშვილმა თბილისში ჩამოაბრძანა. როდესაც ექვთიმე მას აღწერს, არსად არ მიუთითებს, რომ მასზე იყო სარტყელი, შესაბამისად, მეცნიერები სარტყელს დაკარგულად მიიჩნევენ. იმ დროს არსებობდა ასეთი კანონი – სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადასულიყო ის საეკლესიო ქონება, რომელიც ეკლესიისთვის აღარ იყო სასარგებლო. თუ ექვთიმე დაწერდა, რომ მასზე იყო სიწმიდე, ის ეკლესიაში დარჩებოდა და შეიძლება, დაკარგულიყო. დღეს ამ დაფაზე აღარ არის ღვთისმშობლის გამოსახულება, მაგრამ მასზე არის სარტყელი, რომელიც ჩვენ შევადარეთ ვათოპედიიდან ჩამოტანილ ფოტოს. ანუ, ეს ხატი, თავის სარტყელთან ერთად ინახება მუზეუმში.