ქურდული ცხოვრება
მე და ბერძენა ჯემალას სახლის წინ, მანქანაში ვისხედით. ჩიპოც იქვე იმყოფებოდა ტელეფონ-ავტომატში. ლაპარაკს რომ მორჩა, შემოგვიერთდა და გვითხრა:
– მალე ბაითი ცარიელი იქნება.
– ათიოდე წუთის შემდეგ სახლიდან დიანა გამოვიდა და დაღმართზე დაეშვა. ჩიპო მანქანაში დარჩა, მე და ბერძენა კი ბაითში შევედით და ოცი წუთის შემდეგ დიდი კუშით გამოვედით.
– რა ქენით? – გვკითხა ჩიპომ.
– ზუსტად ასი ათასია, – მიუგო ბერძენამ, – წავედით.
ჩიპო მოპარული მანქანის საჭეს უჯდა. მან ნელა დაძრა ის ადგილიდან და დაღმართზე დაეშვა. ბედის ირონიით, საპირისპირო მიმართულებით წითელი „ჟიგული“ მოდიოდა, რომელსაც თბილისის მილიციის სამმართველოს ნომრები ეკეთა. ბერძენამ პირველმა შენიშნა ნომრები და თქვა:
– „ძაღლები”!
– მშვიდად, ჩიპო, – ვთქვი მე, – აუღელვებლად იმოძრავე და, იქნებ, გადავრჩეთ. გაჩერება თუ მოგვთხოვეს, მხოლოდ მაშინ მოწყვიტე ადგილიდან.
სამმართველოს „ძაღლები” რისი „ძაღლები” იქნებოდნენ, ღამით საეჭვო მანქანა რომ არ გაეჩერებინათ. ამიტომ, მანქანა გააჩერეს, იქიდან ერთი ოპერი გადმოვიდა და ხელით გვანიშნა, გაჩერდიო. ჩიპომ სვლა შეანელა, ვითომ ჩერდებოდა, შემდეგ სიჩქარე გამოცვალა, მოპარული მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და ვიწრო ქუჩებში გაუჩინარდა. სამმარველოს ოპერები კუდზე დაგვასხდნენ, მაგრამ ჩიპო მაგარი „რული“ იყო და მილიციელებს გაექცა. შემდეგ მანქანა ერთ ვიწრო ჩიხში შეაყენა და თქვა:
– ჩქარა, გადავედით! აქედან მეტრომდე მივალთ და ძაღლებს მოვუტყდებით.
ჩიპომ მშვიდობიანად მიგვიყვანა მეტრომდე. იქ კი სათითაოდ შევედით, ვითომ ერთად არ ვიყავით და ერთი გაჩერების შემდეგ, ლენინის მოედანზე ჩამოვედით. ფული ბერძენას ჰქონდა, ამიტომ ის შუაში მოვაქციეთ – წინ მე მივდიოდი, უკან კი ჩიპო. საშიშროების შემთხვევაში, ბერძენას ჩიპოსთვის უნდა მიეცა ფული და ის უნდა გაქცეულიყო. მაგრამ, ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ბერძენას სახლში ყოველგვარი ექსცესების გარეშე მივედით. როგორც კი ბინაში ფეხი შევდგით, ტელეფონმა დარეკა. ბერძენამ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ!
– ბესო ვარ, ნატოს სთხოვეთ.
– სხვაგან მოხვდი, გენაცვალე, – მიუგო ბერძენამ, ყურმილი დაკიდა და გვითხრა:
– ბესო იყო.
„ნატოს სთხოვეთ“ პაროლი იყო და იმას ნიშნავდა, რომ ბესოსთან, ანუ ნაკოლშჩიკთან, ყველაფერი სუფთად იყო. ბერძენას პასუხი – „სხვაგან მოხვდითო“ კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენთანაც ყველაფერი კარგად იყო. მართლაც, არავის გაუგია, რომ ჯემალას ბაითი ჩვენ „დავბომბეთ“, რადგან, მილიციისთვის ეს ამბავი ბინის პატრონს არ უცნობებია – მას, უბრალოდ, არ აწყობდა ეს. თუმცა, ეგრეთ წოდებული „შიდა გამოძიება“ მაინც ჩაატარა ჯემალამ და, როგორც მე ვვარაუდობდი, დიანამ ქმარს უთხრა:
– ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, ჯემალა ავარიაში მოყვა და დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში წევსო. რა უნდა მექნა, კინაღამ ჭკუაზე შევიშალე და შენს სანახავად გამოვვარდი.
– ფუი, მაგათი დედაც... – შეუგინია ჯემალას, – პროფესიონალების ნაჩალიჩევია, მაგრამ, ნაკოლი ვინ მისცა?
– თვითონ ნაკოლი არა ხარ? – აღშფოთებულა დიანა, – სამ-სამი ვიდეო რომ გაქვს ორას-ორას მანეთად გაქირავებული და, ექვსი თვეა, დღედაღამ მაყუთს ღუნავ, მთელმა თბილისმა იცის. ვიღაც ჭკვიანმა კი ეს კარგად დაიანგარიშა და იჩალიჩა.
– მართალი ხარ, მართალი... – ხელი ჩაუქნევია ჯემალას.
ეს დიალოგი ჩვენ ბესომ მოგვიყვა, ბესოს კი – მისმა საყვარელმა, რომელმაც ჰკითხა:
– შენ ხომ არ იჩალიჩეო?
– მე?! – შეიცხადა თურმე ბესომ და ხმას აუწია, – ჯერ ერთი, მე რა ვიცოდი, სახლში ამდენი ფული თუ გქონდათ, მეორეც, რომელი ქურდი და მამაძაღლი მე მნახე? ჩემი ფეხი აღარ იქნება შენთან!
– კარგი, კარგი, ისე გითხარი, რატომ ავარდი? – უთქვამს დიანას ბესოსთვის და მიალერსებია...
ეს ამბავი ბესომ ორი კვირის შემდეგ მოგვიყვა. სწორედ მაშინ, როცა ბერძენასთან თავისი პოლნი წილის წასაღებად მოვიდა.
– აი, ძმაო, შენი ოცდახუთი ათასი, ალალი იყოს, – უთხრა ბესოს ბერძენამ და ფული მისცა.
ბესომ თავისი წილი პლაშჩის სხვადასხვა ჯიბეში ჩაილაგა და წასასვლელად გაემზადა. ამ დროს ზარმა დარეკა. ჩვენი ერთი უბნელი ბიჭი „ბარიგა თამარასთან“ გვყავდა გაგზავნილი, რომელსაც ერთი ბლოკი „მარლბორო“ უნდა მოეტანა და ის გვეგონა. ბერძენა კარის გასაღებად გავიდა და, რომ გააღო, ქალის ხმა შემოგვესმა:
– ბესოს ვეძებ!
ბესო ჩემ წინ იდგა, ქალის ხმის გაგონებაზე გაფითრდა და ყბა აუკანკალდა. ბერძენამ კი ქალს უთხრა:
– ბინა შეგეშალათ, ქალბატონო. აქ ბესო არ ცხოვრობს.
უცებ ბრაგუნი და ფეხის ხმა გაისმა, რასაც ბერძენას გინება და კარის მოჯახუნება დაერთო თან. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ქალს ხელი უკრავს ბერძენასთვის და წაუქცევია, თავად კი სასტუმრო ოთახში შემოკაკუნდა და გასაქცევად გამზადებულ ბესოს უთხრა:
– ყველაფერი ვიცი, შე დამპალო! გეგონა, ხელიდან დამისხლტებოდი?
– რა ყველაფერი იცი, დიანა? – ხმის კანკალით მიუგო ბესომ.
– ჩუმად, შე მოღალატევ! – კიდევ უფრო აუწია ხმას დიანამ. ამ დროს ოთახში ბერძენა შემოვარდა, რომელმაც ქალს შეუბღვირა და რაღაცის თქმა დააპირა, დიანამ კი თითი დაუქნია მას და მტკიცედ უთხრა:
– შენი ხმა არ გავიგო! – შემდეგ ისევ ბესოს მიუბრუნდა: – გეგონა, მომატყუებდი? ეგრევე მივხვდი, რომ ნაკოლშჩიკი შენ იყავი. ამათმა კი, – დიანამ ჩვენზე მიუთითა და დაამატა, – შეასრულეს.
– რას ამბობ, არ მესმის, – თქვა ბესომ. დიანა კი მასთან მიიჭრა, შეაჯანჯღარა, პლაშჩიდან გადმოვარდნილი ფულის დასტას დასწვდა, ბესოს სახესთან მიუტანა და უთხრა: – შენი აზრით, ეს რა არის, პატიოსანი შრომით მოპოვებული ფული, ხომ?! ეს ჯემალას ფულია. სულელი ხარ, სულელი და მოღალატე. ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ერთად წავსულიყავით რუსეთში? ამ ფულსაც წამოვიღებდი და სულ ჩვენი არ იქნებოდა?
– ჰოდა, წავალთ კიდეც. ეს ფულიც გვეყოფა, – უთხრა ბესომ დიანას, რომელიც მოლბა და თავის კუროს უთხრა:
– სულელო, რომ არ მიყვარდე, იცი, რას გიზამდი?
– რას?
– დაგბრიდავდი.
– დიანა-ჯან, აქ როგორ მომაგენი?
– ორი კვირაა, გითვალთვალებ. შენ მე რამეს გამომაპარებ? – თქვა დიანამ და ბერძენას მიუბრუნდა: – იზვინი, ძმაო, ხელი რომ გკარი და წაგაქციე, მაგრამ ძალიან განერვიულებული ვიყავი.
– ეგ არაფერი, დაიკო, ხდება ხოლმე, – მშვიდად უთხრა ბერძენამ დიანას, რადგან ქალს ეტყობოდა, რომ შემოტევას აღარ აპირებდა.
– დიანა, დაიკო, – ვუთხარი ქალს, – გეტყობა, რომ გაგებული ქალი ხარ, თანაც, ბესო ძალიან გიყვარს. ჩვენ ქურდები ვართ და ჩვენი პროფესია მოპარვაა. ჩვენ შენ და შენს ქმარს არ ვიცნობდით და თქვენი ბინა ამიტომ გავქურდეთ. თუ გინდა, ნაქურდალს დაგიბრუნებთ და ბაზარი მოკვდეს.
– ეს ბაზარი ისედაც მკვდარია, სულ ფეხებზე არ მკიდია ჯემალას ფული? მე ჩემიც საკმარისი მაქვს და მე და ბესოს გვეყოფა. თუმცა, ბესოზე მაინც ნაწყენი ვარ – არაა ლამაზი ასეთი საქციელი.
ბესო უკვე სრულ „ხოდზე“ იყო, ამიტომ, დიანას ხელი გადახვია და უთხრა:
– კაი, რა, მე ეს ფული ჯემალას მოვპარე. შენ კი, ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.
– მართლა გიყვარვარ?
– ვითომ არ იცი, რომ მართლა.
დიანა გაინაზა და ბესოს უთხრა:
– ვიცი, ვიცი. ისეთი ვნებიანი ხარ, რომ სიყვარულის გარეშე ეს არ გამოგივიდოდა.
– ახლა ჩუ! – უთხრა ბესომ დიანას, – რა პონტია ასეთი ბაზარი?
– კარგი, მე ახლა წავალ, ჯემალა უნდა მოვიდეს და, სახლში რომ არ დავხვდე, გააფრენს.
დიანა წავიდა. ჩიპომ კი ბესოს შეუტია:
– შე ნაბოზარო, ეს რა გვიყავი, კუდი როგორ მოგვაყენე აქ, ჰა? შენი დედაც...
– კაი, რა, ჩიპო, კაი... მე რა მოგაყენეთ, ვერ ხედავ, რა სატანაა? თურმე „დავუხვოსტივარ“, – ლუღლუღებდა ბესო.
– სულ არ მკიდია? ეგ შენი პრობლემაა... რომ ჩაგვიშვას?
– არ ჩაგვიშვებს, ჩიპო-ჯან, არა. ხომ გაიგე, როგორ ბაზრობდა.
– პლასტინკა რომ შეცვალოს?
– არ შეცვლის, ნუ გეშინია.
– რომ შეცვალოს? შე ბოზო შენა... ქალია და, რა გარანტია გვაქვს? – ცხარობდა ჩიპო, თან ბესოს სილებს ულაწუნებდა.
– თავი დაანებე, ჩიპო. არა მგონია, დიანამ ჩაგვიშვას, – ვუთხარი ჩიპოს და დავამატე: – თუ, რა თქმა უნდა, მას ბესო არ აწყენინებს. ხოლო, რომ არ აწყენინოს, მასთან ერთად რუსეთში უნდა გაემგზავროს.
– გავემგზავრები, კობრა-ჯან, აბა, რას ვიზამ, გავემგზავრები, – იმეორებდა ბესო.
ბესო და დიანა იმ ამბიდან ორი კვირის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ და დიანამ თავისი საგვარეულო სამკაულები წაიღო თან. ეს წყვილი დღეს გერმანიაში ცხოვრობს და პატარა ბიზნესი აქვთ, რომელიც დიანამ ააწყობინა ბესოს. ჯემალა ერთ-ერთ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში გაემგზავრა, ცოლი მოიყვანა და იქ დასახლდა. მისი და დიანას შვილები კი საქართველოში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანი მოსამართლეა, მეორე კი – გამომძიებელი და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თითოჯერ მაინც მქონდა მათთან შეხება. სწორედ ჯემალას გამომძიებელმა ვაჟმა წამიკითხა საბრალდებო ტექსტი, როდესაც ჩემს სახლში „სოდს“ გავექეცი. მანამდე კი მისმა უფროსმა ძმამ გამასამართლა ქურდობისთვის. თუმცა, მოსამართლეს შეეძლო, საქმე დაეშალა, რადგან ჩემ წინააღმდეგ არასრული სამხილები ჰქონდათ. ის კი პირიქით მოიქცა და, როცა საბოლოო სიტყვა მომცა, არც ვაციე და არც ვაცხელე, ვუთხარი:
– ბატონო მოსამართლევ, თქვენ, თქვენი ძმა და მამათქვენი რომ ვიდეომაგნიტოფონსა და პორნოკასეტებს აქირავებდით, იმაზე თუ ფიქრობდით, რომ ოდესმე მოსამართლე გახდებოდით და ადამიანების ბედ-იღბალს გადაწყვეტდით-მეთქი?
მოსამართლე გაწითლდა, მაგრამ, არაფერი მიპასუხა და სწრაფი ნაბიჯით სცადა, იქაურობას გასცლოდა, მაგრამ, თავის მანტიას ფეხი დააბიჯა, კიბეებზე დაგორდა და წარბი გაიხეთქა...
დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა. მართალია, ბადრაგმა სასწრაფოდ გამიყვანა დარბაზიდან, მაგრამ, ვერც ისინი იკავებდნენ სიცილს. იმავე საღამოს მეშვიდე იზოლატორში გადამიყვანეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამკაცრებული კანონი და წყეული 223-ე პრიმა მუხლი არ არსებობდა. ამიტომ, მივხვდი, რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე. თუმცა, აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გადაყვანა მოსამართლის მიერ იყო მოწყობილი და, თანაც, იმიტომ, რომ მის ჯალათ ძმას გავეპრესე.
მე „ადინოჩკაში“ გამომამწყვდიეს. საღამოს კი მოსამართლის გამომძიებელი ძმა მეწვია საკანში და დამცხო... არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა, ჩემს საცემრად მარტო რომ მოდიოდა, მაგრამ, ნაცემი თავად დარჩა და ისიც წარბგახეთქილი გავუშვი.
„ახლა კი მთელი პოლკი მოვა და ცემაში ამომხდიან სულს“, – ვფიქრობდი ჩემთვის და ერთ დუჟინ კუნთმაგარ და გონებაშეზღუდულ ზედამხედველებთან შესახვედრად ვემზადებოდი. თუმცა, არავის შევუწუხებივარ. შუაღამეს კი „გუბერნსკში“ გადამიყვანეს და ქურდულ საკანში მომათავსეს. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე, ხუჭუჭამ მიშველა. ეს მან თავად მითხრა ჩვენი ერთადერთი შეხვედრის დროს, მრავალი წლის მერე, რომელიც მეშვიდე იზოლატორის ერთ-ერთ კაბინეტში შედგა.
– სხვათა შორის, სულ რაღაც ერთი დღის დანიშნული ვიყავი თანამდებობაზე და ისეთი გაწამაწია მქონდა, შეიძლება, შენი ამბავი გამომპარვოდა, – მითხრა ხუჭუჭამ, – სულ შემთხვევით გავიგე, რომ ნადზორები შენს ცემას აპირებდნენ, ის ნაბოზარი გამოვიძახე და სილა გავარტყი.
ხუჭუჭას რომ არ გადავერჩინე, ჯემალას ნაბოზარი გამომძიებელი შვილი და მისი პაძელნიკები სულს ამომხდიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ იმავეს მიპირებდა ის ნაძირალა, როდესაც „სოდის“ ფორმაში გამოწყობილმა, ბრალდება წამიკითხა ჩემს ბინაში. მაშინ ხუჭუჭა უკვე ძებნილი იყო, ვერ დამეხმარებოდა და გაქცევამ მიშველა. მართალია, ციხიდან არასდროს გავქცეულვარ და ასეთი რამის გაკეთება არც მიცდია, მაგრამ, ამ ხერხისთვის სვაბოდაზე ბევრჯერ მიმიმართავს. გაქცევა განსაკუთრებული ფენომენია და უდიდეს შვებასა და თვითკმაყოფილებას განიცდი, როცა მდევრისგან თავის დაღწევას ახერხებ. მდევარი და მოთვალთვალე კი ჩემი კრიმინალური კარიერის განმავლობაში არ მომკლებია და, რომ იტყვიან, ამ საქმეში ჭიპი მაქვს მოჭრილი.
მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველ პრისტუპნიკულ ნაბიჯებს ვდგამდი, ცხოვრებაში პირველად მომიწია მილიციის მდევრისგან თავის დაღწევა. ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი. უბანში რომ გამოვჩნდი, ჩემი წრის ყველა წარმომადგენელი სროკზე იმყოფებოდა, მათ შორის – ბერძენაც. ამიტომ, სახლიდან თითქმის არ გამოვდიოდი გარეთ. მთელი დღე ან მეძინა, ან ტელევიზორს ვუყურებდი. ერთი სიტყვით, პარაზიტულად ვცხოვრობდი, რასაც მხოლოდ ერთი თვე გავუძელი, ბოლოს კი საქმის გაკეთება გადავწყვიტე. ერთ მშვენიერ დღეს, სიგარეტის საყიდლად გარეთ გამოვედი და, მაღაზიიდან უკან რომ ვბრუნდებოდი, მანქანა წამომეწია.
– ჰაერზე გამოსვლა გადაწყვიტე? – მომესმა მარჯვნიდან ბესარიონ აბრალავას ნაცნობი ხმა. შევტრიალდი და მივუგე:
– გამარჯობა, ძია ბესო.
– გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, კობრა, როგორ ხარ?
– არა მიშავს. თქვენ?
– მეც მასე. აღარ გიჩერდება გული სახლში, ხომ? – გაეღიმა აბრალავას. მივხვდი, რომ მილიციის სამმართველოს უფროსს ჩემ შესახებ რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციებს და კარგად იცოდა, რომ სახლში ვიყავი გამოკეტილი.
– სიგარეტზე გამოვედი, ძია ბესო, – ვუთხარი პოლკოვნიკს.
– რას აპირებ, როგორ ფიქრობ ცხოვრების გაგრძელებას?
– ჯერჯერობით ვფიქრობ.
– ჰოდა, რას ფიქრობ-მეთქი, მეც ამას არ გეკითხები?
– ზუსტად არ ვიცი, ძია ბესო. ერთი თვეა, რაც ციხიდან გამოვედი და ცოტა უნდა ამოვისუნთქო. ალბათ, ჯერ დავისვენებ და მერე ვნახოთ.
– კობრა, ვიცი, შენი „ვნახოთ“ რას ნიშნავს და გაფრთხილებ, რომ ღმერთი არ გაგიწყრეს და ხელი არაფერზე წაგიცდეს. ყველა შენი კოლეგა სროკზეა და ქალაქში სერიოზული ქურდობები არ ხდება. ხომ ხვდები, რას გეუბნები?
– ძია ბესო, შენც ხომ კარგად იცი, რომ თბილისში არასდროს მიჩალიჩია?
– ეგ ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, არასდროს დამიჭერიხარ ფაქტზე, თორემ, შენზე ეჭვი ბევრჯერ გვქონდა, მაგრამ, ხომ გაგიგონია: „ნე პოიმან, ნე ვორ!“
– არა! მართლა არასდროს არაფერი მომიპარავს თბილისში.
– ან სხვაგან რატომ უნდა მოიპარო? – მითხრა აბრალავამ, – ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი ხარ. რა გექურდება? არ ჯობია, პროფესორი გამოხვიდე?
– ჩემგან პროფესორი ისევე გამოვა, როგორც ამ მანქანიდან წყალქვეშა ნავი, – მივუგე აბრალავას, მან კი თავი გააქნია და მითხრა:
– მე ჩემი გითხარი, ძმაო და შენი საქმე შენ იცი. ჩემი იმედი ნუ გექნება. დააშავებ? – მიიღებ. ისე კი, გირჩევ, პატიოსან ცხოვრებას მოჰკიდო ხელი და გამოსწორდე.
პოლკოვნიკის სიტყვებზე გუნებაში გამეცინა და გავიფიქრე: „ეეჰ, ძია ბესო, რაც მე თბილისში მიჩალიჩია, ყველაფერზე რომ „მიმეღო“, ალბათ, ორას წელს მომისჯიდნენ“, მას კი ვუთხარი:
– ვიფიქრებ, ძია ბესო. ერთი თვეა, რაც გამოვედი და ცოტა სული უნდა მოვითქვა.
– ეგ ციხეში უნდა გექნა, იქ უნდა გეფიქრა. თუმცა, არც გარეთაა გვიან, – მითხრა აბრალავამ, – შენ, ალბათ, გულში დამცინი, მაგრამ, გირჩევ, გამოსწორდე. ყოველმხრივ გვერდში დაგიდგები და მუშაობას დაგაწყებინებ. სულ სხვა სამყაროში მოხვდები, ოჯახს შექმნი და ცხოვრებას ააწყობ.
– მადლობელი ვარ, ძია ბესო, მაგრამ, ჯერ უნდა ვიფიქრო.
– კარგი, იფიქრე. აბა, კარგად! – მითხრა აბრალავამ და მანქანა ადგილიდან დაძრა.
პოლკოვნიკი ბესარიონ აბრალავა ყიფიანებთან მიდიოდა. იმ დღეს ხუჭუჭას დაბადების დღე იყო, ხუჭუჭა კი – აბრალავას ნათლული და ოჯახში დიდი სუფრა იყო გაშლილი. მე ნაბიჯს მოვუჩქარე და აბრალავას დავუძახე:
– ძია ბესო, ძია ბესო!
პოლკოვნიკმა მანქანა გააჩერა და მკითხა:
– რა მოხდა?
მე პოლკოვნიკის მანქანასთან მივირბინე და აბრალავას ვუთხარი:
– ძია ბესო, დღეს ხუჭუჭას დაბადების დღეა და ყიფიანებთან მიდიხართ, ხომ?
– კი.
– ძია ბესო, ბატონ ვახტანგთან მისვლა მერიდება და იქნებ თქვენ მომცეთ ხუჭუჭას ტელეფონის ნომერი, რომ ლენინგრადში დავურეკო და მივულოცო?
აბრალავამ ხუჭუჭას ტელეფონის ნომერი ფურცელზე დამიწერა, მომაწოდა და მითხრა:
– აი, გამომართვი. საღამოს ცხრის მერე დაურეკე. მანამდე სახლში არ იქნება. აბა, კარგად.
– კარგად, ძია ბესო, დიდი მადლობა, – მივუგე პოლკოვნიკს და ჩემი ეზოსკენ გავემართე.
საღამოს, ზუსტად ათის ნახევარზე ლენინგრადში დავრეკე.
– ალო, – მიპასუხა ხუჭუჭამ.
– გეტყოდი, მაგის პასუხს, შენი დაბადების დღე რომ არ იყოს, – ვთქვი მე და დავამატე: – ხუჭუჭ, ძმაო, გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ყოველივე კარგს!
ხუჭუჭა არასდროს იბნეოდა, მაგრამ, ჩემი ხმის გაგონებაზე პატარა პაუზა მაინც გააკეთა და მითხრა:
– მადლობა, კობრა, დიდი მადლობა. ჩემი ტელეფონის ნომერი ვინ მოგცა? შენი ამბავი რომ ვიცი, ჩემებთან მისვლა მოგერიდებოდა.
– ნათლიაშენს გამოვართვი.
– ბესოს?
– ჰო. დღისით უბანში შემხვდა და მეუბნებოდა, პატიოსან ცხოვრებას მოჰკიდე ხელიო.
– „იზვინი“, კობრა, რომ ციხეში ვერ გნახე.
– მერე რა, სამაგიეროდ, შენს გრევებს ვიღებდი და დიდი მადლობელი ვარ.
– რა მადლობა, არ გრცხვენია? როგორ ხარ?
– ნიჩივო, არა მიშავს. შენ?
– მეც მასე. რას აპირებ?
– ახალს არაფერს.
– იასნია. ძალიან მომენატრე და, იმედია, მალე შევხვდებით, – მითხრა ხუჭუჭამ. შემდეგ, თითქმის ერთი საათის განმვლობაში, ბავშვობას ვიხსენებდით და ბოლოს ხუჭუჭამ თქვა:
– კარგი, კარგი, გვეყოფა. ალბათ, ისედაც მაგრად გაიწეწე ჩემთან ლაპარაკში. დანარჩენი მერე ვიბაზროთ, როცა ჩამოვალ და გნახავ. დიდი მადლობა მოლოცვისთვის.
– აბა, შენ იცი, კარგად! – ვუთხარი ხუჭუჭას და ტელეფონი გავთიშე.
თბილისში კიდევ სამიოდე დღე გავჩერდი და სოჭში სევასთან გავემგზავრე. ის „სროკიდან“ ჩემსავით ახალი გამოსული იყო და იმ იმედით წავედი, რომ რამე საქმეს გავაკეთებდით ერთად. თანაც, ლენას ნახვის იმედიც მქონდა. ზაფხული იყო, ლენას არდადეგები ჰქონდა და, სავარაუდოდ, ის ლენინგრადიდან სოჭში უნდა ჩასულიყო.
– კობრა, ძმაო, საიდან სადაო? – გულწრფელად გაეხარდა სევას ჩემი დანახვა და გადამეხვია – კარგ დროს ჩამოხვედი.
– რა ხდება, რო?!
– შემოდი, შემოდი და სახლში ვიბაზროთ, – მითხრა სევამ და ბინაში შემიყვანა.
სევას დედა რომ მოვიკითხე, მან თავი ჩაღუნა და მითხრა:
– სამი თვის წინ გარდაიცვალა.
– კაი, რას ამბობ?! – შევიცხადე მე, რადგან მართლა ძალიან მეწყინა.
– ჰო. საცოდავი ჩემთან იყო ზონაში და, უკან რომ დაბრუნდა, ინფარქტმა დაარტყა. მეზობელმა აღმოაჩინა. აი, ამ ტახტზე იწვა, გულში ჩემი სურათი ჰქონდა ჩახუტებული და იღიმებოდა.
იმ პერიოდში ჩემი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, თუმცა მერე ჩემებიც ჩემს დარდს გადაჰყვნენ. სევას დედის ამბავმა კი ბერძენას დედა გამახსენა და ვთქვი:
– ძმაკაცი მყავს ერთი – ბერძენა. დედამისმა წინასწარ დაწერა წერილები და ის უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ, ბერძენას მეზობელი ქალი უგზავნიდა დედის წერილებს.
– რას ამბობ? – თავი გააქნია თვალცრემლიანმა სევამ, არყით სავსე ჭიქა ასწია და თქვა:
– ამით დედებს გაუმარჯოთ!
– გაუმარჯოთ, ჩემო სევა, – ვთქვი მე და ჭიქა ბოლომდე დავლიე.
მე და სევამ დიდი ბოთლი არაყი გამოვცალეთ და დასაძინებლად დავწექით, დილით კი სევამ მითხრა:
– კარგია, რომ ჩამოხვედი. ხვალ-ზეგ მე თვითონ ვაპირებდი შენთან დაკავშირებას.
– რა პონტია, რამე კარგი საქმე გაქვს?
– უკეთესს ვერც ინატრებს კაცი. თუმცა, ცოტა ხლაფორთი მოგვიწევს.
– აბა, თქვი, – ვუთხარი სევას და მოსასმენად მოვემზადე. მან კი მითხრა:
– ჩალიჩი გემზე მოგვიწევს.
– გემზე?
– ჰო. გემის კაპიტანია ერთი, კონტრაბანდისტობითა და ბარიგობით მაგარ მაყუთს შოულობს. ძირითადად ოქროსა და ძვირფას ქვებს ყიდულობს და ყველაფერ ამას გემზე ინახავს. თავის კაიუტაში სეიფი უდგას და იქა აქვს ჩაკეტილი.
– გემზე ინახავს?
– ჰო. იმიტომ, რომ თითქმის სულ ზღვაშია. ცოლ-შვილი მაგას არ ჰყავს და, თან დააქვს, რა, – მითხრა სევამ.
– შეიძლება, სულ სხვა რამეშია საქმე.
– რას გულისხმობ?
– რას და, ქონებას გემზე რომ ინახავს, იმას.
– ვერ მივხვდი, – მხრები აიჩეჩა სევამ.
– შეიძლება, ქონებას იმიტომ ინახავს გემზე, რომ საზღვარგარეთ გაქცევა უნდა.
– საზღვარგარეთ გაქცევა?
– ჰო. ერთხელაც, რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავა, თავის განძს ნაპირზე ჩაიტანს და მოტყდება.
– ჭკვიანურია, – მითხრა სევამ, – ჰოდა, სანამ არ დათესილა, დროზე უნდა ვიჩალიჩოთ.
– ვიჩალიჩოთ. რამე გეგმა გაქვს?
– კონკრეტული არაფერი. ზუსტად ვიცი მხოლოდ ის, რომ გემზე უნდა ავაღწიოთ და გეგმაც იქ შევადგინოთ. რას იტყვი, მომყვები?
სევას სიტყვები საკმაოდ მაცდუნებლად ჟღერდა, თან, ამ საქმეს რომანტიკისა და კარგი კუშის სუნიც ასდიოდა და მივუგე:
– მოგყვები. რაც იქნება, იქნება. იმედია, გაგვიმართლებს.
მე და სევამ ორი დღის შემდეგ ორკვირიანი საკრუიზო საგზურები შევიძინეთ გემზე, რომელზეც საქმე უნდა გაგვეკეთებინა. გემი სოჭიდან ოდესამდე და უკან აკეთებდა რეისს, რომელიც ორი კვირა გრძელდებოდა და ეს სიამოვნება ორასი მანეთი ღირდა ერთ კაცზე, თუმცა, ჩვენ ხუთას-ხუთასი დაგვიჯდა. პირველი კლასის ორადგილიან კაიუტაში რომ შევდგით ფეხი, სევამ მითხრა:
– კეთილი იყოს ჩვენი ფეხი აქ და ღმერთმა ხელი მოგვიმართოს.
რბილად რომ ვთქვა, უხერხული იყო, ქურდობაში ღმერთისთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ, სევას ხათრი არ გავუტეხე და მივუგე:
– ამინ!
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგარდები ვიყავით, მე და სევამ თითქმის „ხუთიანზე” შევასრულეთ საქმე. კაპიტნის კაიუტაში შეღწევასა და სეიფის გახსნას სულ რაღაც თხუთმეტი წუთი მოვანდომეთ და, რომ არა აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი რამ, გემიდან მშვიდად ჩამოვიდოდით. მაგრამ, ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. უკვე გამარჯვებას ვზეიმობდით. სულ რაღაც ერთ საათში გემი სოჭის პორტში შევიდოდა და ნაპირზე ჩასვლაშიც ვერაფერი დაგვიდგებოდა წინ. მე და სევა ნაქურდალი ნივთებით სავსე ჩანთით ჩვენს კაიუტაში ვბრუნდებოდით. ჩანთა სევას მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ხალხმრავალ გემბანს რომ გავცდით და გემის კუდში გავედით, სადაც ორი მეზღვაური იმყოფებოდა, გემი მკვეთრად შეირყა. სევამ თავი ვერ შეიმაგრა და მოაჯირს დაეჯახა, ჩანთის ელვა კი წვეტიან შვერილს გამოედო, გაიხა და იქიდან ორი ცალი ოქროს ზოდი გადმოვარდა. მეზღვაურებმა ყველაფერი დაინახეს. სევამ ზოდები უკან ჩააბრუნა და მშვიდად სცადა, იქაურობას გასცლოდა, მაგრამ ერთ-ერთმა მეზღვაურმა გაჩერება უბრძანა და სევასკენ გაემართა. სევამ მას მუშტი სთხლიშა და ძირს დასცა. მეორეს მე ამოვკარი აპერკოტი და კოლეგას გვერდით მივუწვინე. სევამ მიყვირა:
– ჩქარა, ჩვენს ნივთებს ხელი დავავლოთ და აქაურობას გავეცალოთ!
ჩვენ კაიუტაში ჩავედით და მხოლოდ პასპორტები ავიღეთ. შემდეგ მარჯვენა გემბანზე ფრთხილად გავედით და გემზე მიბმულ კატერში ჩავხტით.
– კობრა, ჩანთას გაუფრთხილდი! – მითხრა სევამ და ჩანთა მე გადმომცა, შემდეგ კატერი ახსნა, დაქოქა და ადგილს მოსწყვიტა.
ასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, უკან მოვიხედე და კუდზე დამჯდარი ორი კატერი დავინახე, რომლებშიც მეზღვაურები და ორი ოფიცერი იჯდა. ისინი დიდი სისწრაფით მოგვდევდნენ, თან პისტოლეტიდან ტყვიებს გვიშენდნენ. მე დეტალურად არ მოვყვები დევნის მთელ პროცესს. ვიტყვი იმას, რომ სევამ ოსტატურად მოახერხა მათგან თავის დაღწევა და ერთ-ერთი მდევარი კატერი მეჩეჩზე შესვა. მეორეს კი ისეთი ოსტატური მანევრი გაუკეთა, რომ ამოატრიალა და მდევარი მეზღვაურები და ოფიცერი ზღვაში ჩაცვივდნენ. მე და სევა სოჭის სამხრეთით, ერთ უკაცრიელ ნაპირზე ამოვედით და ჩქარი ნაბიჯით გავუდექით გზას.
– ყოჩაღ, ძმაო, რა ოსტატურად მართავდი კატერს, – ვუთხარი სევას, მან კი უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მომიგო:
– რა ყოჩაღ, ფარჩაკი ვარ. თავი ვერ შევიმაგრე და დავიწვით.
– არა უშავს. მთავარია, რომ მოვუტყდით.
– ჯერ ადრეა სიხარული, სამშვიდობოზე არ ვართ და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს, – მითხრა სევამ და სიტყვა წესიერად დამთავრებულიც არ ჰქონდა, როდესაც უკნიდან მოგვესმა:
– ეი, ახალგაზრდებო, მოდით აქ!
შევტრიალდით და მილიციელი დავინახეთ, რომელიც თავისთან გვიხმობდა.
– ესღა გვაკლდა, – ვუთხარი სევას, რომელმაც მიპასუხა:
– კოშკის მორიგეა ეგ ნაბოზარი. სათვალთვალო კოშკია და, როგორც ჩანს, დაგვინახა, კატერით რომ გამოვედით. საეჭვოდ მოეჩვენა და იმიტომ გვეძახის.
– რა ვქნათ?
– როგორ მოვხიოთ? კუდზე დამაჯექი, – მითხრა სევამ და გაიქცა. მე უკან გავყევი.
მე და სევამ დაახლოებით რვაასი მეტრი ვირბინეთ და ეგრეთ წოდებული აგარაკების ტერიტორიაზე ამოვედით. კუდზე არავინ გვაჯდა და სევას ვუთხარი:
– მგონი, გავექეცით.
– არც არავინ გამოგვკიდებია. ის ნაბოზარი რაციით გადასცემდა და, თუ დროზე არ მოვშორდით აქაურობას, „ძაღლების” რაზმი მოვა და აგვყრიან.
– საით წავიდეთ?
– საითაც არ უნდა წავიდეთ, ფეხით შორს ვერ წავალთ, მანქანა გვჭირდება, – მითხრა სევამ, – აი, იმ ეზოსთან რომ „მოსკვიჩი“ დგას, შევეცდები დავითრიო და ეგ თუ გვიშველის. შენ კი, აი, იმ ნანგრევებში დამელოდე, – მითხრა სევამ და „მოსკვიჩისკენ“ ფრთხილად გაემართა, მე კი ნანგრევებისკენ წავედი.
ნანგრევებამდე მისვლაც ვერ მოვასწარი, რომ სევამ „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაძრა, დამეწია, ჩამისვა და ტრასისკენ აიყო გეზი.
– როგორ მალე იშუსტრე, – ვუთხარი სევას, მან კი მომიგო:
– პატრონმაც იშუსტრა. თანაც, „ძაღლია” და კალიასკიანი „ურალით“ მოგვდევს. აბა, უკან გაიხედე.
ჩვენს „მოსკვიჩს“ მილიციის ინსპექტორი მოსდევდა მილიციის მოტოციკლით და სევას ვუთხარი:
– ესღა გვაკლდა! ვერა და ვერ მოვიშორეთ ეს „ძაღლები”!
– „ძაღლები” რომ ასე იოლად გვშორდებოდნენ, რაღა გვიჭირდა, – მითხრა სევამ და სიჩქარეს მოუმატა.
ჩვენი რბოლა ტრასაზე გაგრძელდა და უაღრესად ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა: მთელი სოჭის ავტოინსპექცია „კუდზე გვაჯდა“ და, რომ არა სევას ოსტატობა, ყველაფერი, ალბათ, ტრაგიკულად დამთავრდებოდა. მაგრამ, გადავრჩით. ჩემმა მასპინძელმა ბოლო, ურთულესი მანევრი გააკეთა და „მოსკვიჩი“ მოძრაობის საწინააღმდეგოდ წაიყვანა. შემდეგ ორასიოდე მეტრი გავიარეთ, მანქანა გავაჩერეთ და გადმოვედით.
– ჩქარა, მომყევი! – მითხრა სევამ და მარცხნივ მკვეთრად აუხვია. ორიოდე წუთის შემდეგ უკვე სატვირთო ვაგონში ვისხედით, რომელიც ნელი სვლით მიდიოდა. სოჭში ვბრუნდებოდით.
– ამდენი ცხოვრებაში არ მირბენია, – ვუთხარი სევას, როდესაც ვაგონის კედელს მივეყრდენი და სული მოვითქვი.
– სამაგიეროდ, ღირდა, – მითხრა სევამ და ნაქურდალი განძით სავსე ჩანთას ხელი დაადო.
– ნამდვილად ღირდა, – დავუდასტურე მე, – აქ საკმაოდ დიდი კუშია.
სევას ბინაში მშვიდობიანად დავბრუნდით და სამი დღე ცხვირი არ გამოგვიყვია გარეთ. შემდეგ ნაქურდალი ქურდულად გავანაწილეთ, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ და ლენინგრადში ლენასთან გავემგზავრეთ.
– ლენოჩკას სულ შენი სახელი ეკერა პირზე, ხშირად მეკითხებოდა, როდის ჩამოვაო, – მითხრა სევამ, როდესაც საქმეს მოვრჩით და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ლენას ვწვეოდით. მაგრამ, ლენა არ დაგვხვდა – სტუდენტურ ბანაკში იყო გამგზავრებული თანაკურსელებთან ერთად, თუმცა, ვერავინ გვითხრა, სად და რამდენი ხნით.
– არა უშავს. ლენოჩკას სხვა დროს ვნახავთ, ახლა კი ვიგულაოთ. მე და შენ საკმაოდ მძიმე სამუშაო დღეები გვქონდა და დასვენება და დროსტარება დავიმსახურეთ, – მხიარულად მითხრა სევამ, ჯიბეზე ხელი დაირტყა და დაამატა, – ფულს ცეცხლი უკიდია და, თუ არ დავხარჯეთ, დაიწვება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში