ყველა კაცი ერთნაირია
წყნარი სტიქია
ნატომ ყოყმანით შეხედა ქეთის, თითქოს მზერით ცდიდა და ზვერავდა მისი გულწრფელობის ხარისხს. ქეთი თითქოს მეგობრულად უღიმოდა და სწორედ ეს უჩენდა ეჭვს.
– იცი, ჩხუბი არ მინდა, – უთხრა მოღუშულმა.
– საერთოდ არ ვაპირებ ჩხუბს, მართლა. პირიქით, ძალიან მინდა, ჩვენ შორის მომხდარი გაუგებრობა აღმოიფხვრას.
– არანაირი გაუგებრობა არ გვქონია. შენ ვეღარ აიტანე ჩემთან მეგობრობა და ის სიმართლე, რაც გითხარი. საერთოდ არ დაინტერესდი, რატომ გითხარი – შენზე რომ გული შემტკიოდა, იმიტომ. თუმცა, ახლა ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს.
– პირიქით, უნდა ვილაპარაკოთ.
ნატომ მხრები აიჩეჩა:
– ვერ ვხდები, რა აზრი აქვს ჩვენს ლაპარაკს, მაგრამ, რადგან ასე დაჟინებით მოითხოვ, რა გაეწყობა.
ქეთის ბრაზი მოერია და ძლივს შეიკავა თავი, რამე უხეშად არ ეთქვა. ნატო ალბათ იმსახურებდა ამას, იმ აგრესიული და დამცინავი ტონისთვის, რომლითაც მიმართავდა, მაგრამ ლელას პატივისცემისა და იმ დაპირების გამო, რომელიც მას მისცა, ისევ მეგობრულად, ალერსიანადაც კი განაგრძო:
– იცი, რაშია საქმე? თუ ორივე ვაღიარებთ, რომ მართლები არ ვიყავით, ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდება. სულელები ვიქნებით, რომელიმემ ამ კონფლიქტის გამო აქედან წასვლა რომ გადავწყვიტოთ.
ნატომ დამცინავად შეხედა:
– ვინ გითხრა, რომ წასვლას ვაპირებდი? საიდან მოიტანე? ძალიან გადაჭარბებულად ხომ არ აფასებ შენს პერსონას? მშვენივრად შემიძლია, აქ ვიყო და ვიმუშაო ისე, რომ საერთოდ არ გამახსენდეს შენი არსებობა.
ქეთი ჭარხალივით გაწითლდა შეურაცხყოფისგან და ტუჩები აუკანკალდა.
– ეს უკვე მეტისმეტია. რამ დაგბოღმა ასე, რა დაგიშავე? თუ ის შეგშურდა, რომ მე ქმარი მყავს, რომელსაც არ დავშორდი, მართლა არ მცნობიხარ. არადა, სულ სხვანაირი წარმოდგენის ვიყავი შენზე.
– მეც სხვანაირი წარმოდგენა მქონდა შენზე, – მოურიდებლად მიახალა ნატომ, – ასე რომ, ბარი ბარში ვართ.
– ასე რატომ მელაპარაკები? – ლამის ატირდა ქეთი და ლელაც გამოვიდა ოთახიდან წარბშეკრული.
– იქნებ სამზარეულოში შესულიყავით, – პაციენტი მყავს და ყველაფერი ისმის ოთახში, უხერხულია.
– ჩვენ უკვე მოვრჩით ლაპარაკს, – აგდებით წარმოთქვა ნატომ, – ქეთი, ალბათ, წავა კიდეც.
– შენ ჩემ მაგივრად გადაწყვეტილებებს ნუ იღებ, – გაღიზიანდა ქეთი.
– შედით ორივე სამზარეულოში და მეც მალე მოვალ. თუ მანამდე ერთმანეთს არ დახოცავთ, ძალიან დამავალებთ, – მკაცრად თქვა ლელამ და ქეთის ისე გაუღიმა გამამხნევებლად, ნატოს რომ არ შეემჩნია. ამით მიახვედრა, მე შენ მხარეს ვარო...
***
გიგი შეფარვით ადევნებდა თვალს თიკოს. ძლივს დაითანხმა სამსახურში წასვლაზე და ახლა აკვირდებოდა. თავადაც არ სჯეროდა, რომ გოგომ ღამე მის სახლში გაათენა. დილით მშრალი ფრაზით დააკმაყოფილა დედის მწველი ცნობისმოყვარეობა – ყველაფერს საღამოს აგიხსნიო და სახლიდან გამოვიდნენ. გზაში თიკომ ცოტა წაიწუწუნა – საშინლად მოუწესრიგებელი ვარ, ასე სამსახურში როგორ ვიყოო, მაგრამ მერე საერთოდ გაჩუმდა და ოფისამდე ხმა აღარ ამოუღია. კომპიუტერთან მოჯახირე თიკოს ყურება ნამდვილად არ იყო დიდი სიამოვნება, მაგრამ ბიჭს მაინც გაურბოდა მისკენ თვალი.
– გეყოფა! – მობეზრდა თიკოს მისი თვალთვალი, – შედი და იმუშავე, რას დამდგომიხარ თავზე?
– ლამაზი ხარ, იცი? – თქვა უცებ გიგიმ.
თიკოს თვალები გაუფართოვდა განცვიფრებისგან.
– შენ რა, კიდევ დალიე სადმე?
– მე? არა, ტო... სად უნდა დამელია? ერთად არ ვიყავით?
გოგომ ტუჩებზე მიიფარა ხელისგული და დამფრთხალმა მიიხედ-მოიხედა.
– შემიყარე ახლა ქვეყანა! ნუ ვილაპარაკებთ, რა, გუშინდელზე, ხომ გთხოვე?
– გუშინ არაფერი მომხდარა და რატომ ღელავ? – მხრები აიჩეჩა გიგიმ.
– მით უმეტეს, რომ არაფერი მომხდარა. იყავი შენთვის. ნუ მოსდებ მთელ ოფისს, რომ წუხელ დავთვერი და იძულებული გახდი, შენთან წაგეყვანე.
– კარგი.
– „კარგი” რას ნიშნავს, ზუკასაც არ ეტყვი? – ჩააცივდა თიკო.
– არც ზუკას და არც ვახოს, შეგიძლია, მშვიდად იყო. ისე, რატომ ვერ ვამჩნევდი, ასეთი ლამაზი თუ იყავი?
– გეყოფა. ისევ აგრძელებ? არ მინდა, არ მომწონს, ასე რომ მეხუმრები.
– კარგი, ბატონო. მე არ ვხუმრობდი, მაგრამ, მაინც გავჩუმდები.
– ყველანი ერთნაირები ხართ, – ამოიოხრა თიკომ, – ყველანი, განურჩევლად.
– შეგეშვები. შაბათს ივენთზე ერთად წასვლა ძალაშია და არ გადაიფიქრო, იცოდე. ჰა, ასე რატომ მიყურებ. უარი უნდა მითხრა?
– იქ ხომ ნინიც იქნება... – ყოყმანით თქვა თიკომ, – ცეცხლზე ნავთს დავუსხამთ, ერთად რომ დაგვინახავს.
– მგონი, პირიქით, მიხვდება, რომ მხოლოდ თანამშრომლები ვართ და ჩვენ შორის არაფერი ხდება.
– ჰმ, რა ადვილად გგონია ყველაფერი, – ტუჩი აიბზუა თიკომ, – მერე, ნინი დაიჯერებს ამას?
– დავაჯერებ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა გიგიმ.
– ჯერ თავად დაიჯერე ეგ, რომ მერე ნინიც დაარწმუნო. გუშინ არ ამბობდი, მორჩა, ეგ გოგო სამუდამოდ დავკარგეო?
– მერე რა, რომ ვამბოდი, იმედი ხომ ბოლოს კვდება.
– იმედსაც გააჩნია, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა თიკომ, – ანუ, აღიარებ, რომ გიყვარს?
– შენ თუ ამას სიყვარულს ეძახი, ეგრეა.
– „სიყვარულს ეძახი“ რა შუაშია? ეტყობა, ეგრე ელაპარაკებოდი ხოლმე ნინის და იმიტომაც დაგშორდა.
– იმიტომ დამშორდა, რომ მისი ცოლად მოყვანა გადავავადე.
– თუ არ მოინდომე? – გამომცდელად მოჭუტა თვალები გოგომ.
– აუუ, რანაირები ხართ ეს ქალები! გაგონილა, კაცს დააძალო, ცოლად შემირთეო?
– გიგი, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ? თქვენ ხომ გინდოდათ, ერთად ყოფნა? კარგი, ნინის დავანებოთ თავი, შენ ხომ გინდოდა?!
– მინდოდა და ვიყავით კიდეც ერთად. რა აუცილებელი იყო შტამპი პასპორტში და საქორწინო ცერემონიალი? ეს რას შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში, ამიხსენი!
– შენ თვითონ ვერ ხვდები?
– ვერა.
– ისემც შენ რა გითხარი. მაგრამ, გეტყვი: ქალებს გვიყვარს სტაბილურობა და ის, რომ კაცები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენთან ურთიერთობას. ახლა გაიგე?
გიგიმ თავი გააქნია.
– ნუ თამაშობ და ნუ ცდილობ, თავი შემაცოდო.
– არც მიფიქრია. გულწრფელად მაინტერესებს, ასე რატომ გიჟდებით ქალები გათხოვებაზე?
– მაშინ, ჯერ მეც გკითხავ და მერე გიპასუხებ.
– მიდი, – დაეთანხმა გიგი. წინ დაუჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
– ოღონდ, ყოველგვარი ცინიზმისა და ირონიის გარეშე მიპასუხე.
– გპირდები. ხომ არ დავიფიცო?
– აჰა, დაიწყე უკვე?
– კარგი, კარგი, გეხუმრე, – ხელები გაასავსავა გიგიმ და ორი თითით ყელიც გამოიწია, – მკითხე და გიპასუხებ.
– შენ ნინი გიყვარდა, მასთან იყავი და უარს მაინც არ ამბობდი სხვა ქალებთან ურთიერთობაზე... როგორ ურთიერთობას ვგულისხმობ, ხვდები, ალბათ...
– ნუ, ურთიერთობის სურვილი დანაშაული არ არის.
– მე მოსამართლე არა ვარ და კითხვას პირდაპირ უპასუხე, თემას ნუ ცვლი.
– არ ვცვლი, არა... გოგო, ტორტი რომ გედოს წინ, ხაჭაპურისკენ თვალი არ გაგექცევა?
– თვალი თუ ხელი? – შეუბრალებლად ჩააცივდა თიკო.
– ზოგჯერ ორივე, – აღიარა გიგიმ, – მაგრამ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
– ოი, ოი! აი, რატომ არ გინდოდა ნინის ცოლად შერთვა.
– ჰო, რატომ?
– იმიტომ, რომ თავისუფლად გეშლიგინა ნაშებში. ვოტ! ეს არის რეალობა და ნუღარ კითხულობ მიზეზს, რატომ მიგატოვა ნინიმ.
– ჯერ ერთი, იმას არ მივუტოვებივარ, ორმხრივი შეთანხმება იყო, – თავი გამოიდო გიგიმ.
– არ გინდა, გამოტყდე, რომ ნინის ყელში ამოუვიდა შენი თავქარიანობა და უპასუხისმგებლობა და „დაგადო“.
– თიკო, „დაგადო“ რა სიტყვაა, სად ისწავლე ასეთი მდაბიო ენით ლაპარაკი? – ყასიდად შეიცხადა გიგიმ, – გირჩევნია, მიპასუხო იმაზე, რაც გკითხე: რატომ გიჟდებით ქალები გათხოვებაზე.
– რა მეტყობა, რომ გათხოვებაზე ვგიჟდები? – კითხვა შეუბრუნა თიკომ.
– სავარაუდოდ, შენც ეგრე დაგემართება, თუკი ვინმე შეგიყვარდება.
– აი, შენნაირზე რომ გათხოვება არ მომინდებოდა. ეგ ზუსტად ვიცი.
– ეჰ, თიკო, შენც ჩვეულებრივი ქალი ხარ.
– ისევე, როგორც შენ ხარ ჩვეულებრივი კაცი, – გამოაჯავრა თიკომ, – ნინის ადგილას მე არ შეგირიგდებოდი.
– ვითომ? მე განსაკუთრებული ვარ, – გაიცინა გიგიმ, – ჩემი დავიწყება ადვილი არ არის.
– ეგოისტი ხარ. ვითომ ნინიზე დარდობ, სინამდვილეში კი ლამის მეც დამიწყე შებმა.
– მე გაბამდი, გოგო? აუ! ერთი შენნაირი მოწმე კიდევ და დაღუპული ვარ. ლამაზი ხარ-მეთქი, რომ გითხარი, ეგ იგულისხმე?
– რა ვიცი, რა ვიცი... მოკლედ, მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ღირს შენთვის წვალება.
– წვალება? ამით რისი თქმა გინდა?
– დაგეხმარებოდი ნინისთან შერიგებაში, მაგრამ, ღირს? რატომ ჩავდგა ფეხი ნინის ცოდვაში? შენ ისევ არ ხარ მზად ოჯახის შესაქმნელად.
გიგიმ ამოიოხრა:
– ეჰ, მგონი მზად ვარ.
– რა იცი?
– გოგო, წუხელ მშვენიერი ქალი მყავდი გვერდით და ცდუნების წინაშეც კი ვმდგარვარ. მეტი მტკიცებულება რაღა გინდა, – ხელები თეატრალურად გაშალა გიგიმ.
თიკომ ვეღარ მოითმინა და გამეტებით წამოსცხო კეფაში...
***
თომამ გამომცდელი მზერა შეავლო გაფითრებულ ნინის და პიჯაკი ჩამოართვა.
– რას შეჭამ? თუ, ჯერ დავლიოთ რამე?
– დავლიოთ. მარტინი შეუკვეთე ჩემთვის, ლიმონი და ზეთისხილი.
– საჭმელი? ნახე მენიუ. აქ ისეთ კერძებს ამზადებენ, შენ რომ მოგწონს.
– რაღაც, არა ვარ ჭამის გუნებაზე. საერთოდ არ მშია.
თომას ისევ არ მოეწონა ნინის დაღვრემილი მზერა და უხალისო იერი.
– რატომ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გული შეუქანდა.
– მინდოდა, მაგრამ, ძალიან დავიღალე და, ვიფიქრე, სახლში წავალ, ცოტას დავისვენებ-მეთქი.
– იცი, მთელი დღე გადევნებდი თვალს სამსახურში... არ მომწონხარ, ნინი. რამე მოხდა?
– არაფერი. რა უნდა მომხდარიყო? დავიღალე, სულ ეს არის.
– გუშინაც მინდოდა, ერთად გაგვესეირნა სადმე და რაღაც მოიმიზეზე, – განაგრძო თომამ.
ნინი გააღიზიანა ბიჭის დაკითხვასავით ჩაციებამ.
– „რაღაც მოვიმიზეზე” რას ნიშნავს? ხომ გითხარი, მე და ლიზა საყიდლებზე ვიყავით. მერე საერთოდაც მასთან დავრჩი.
– ლიზასთან დარჩი? მის სახლში?
– ჰო, რა არის ამაში განსაკუთრებული?
– კი მაგრამ, ლიზას ქმარი არ ჰყავს?
– მერე რა, რომ ჰყავს. ერთ ოთახში კი არ ცხოვრობენ. მშვენიერი უზარმაზარი ბინა აქვს. მეზარებოდა სახლში „მარშრუტკით“ წასვლა და დავრჩი.
– დაგერეკა და მოგაკითხავდი.
– შენ ჩემი ქმარი არ ხარ, რომ ანგარიშები გაბარო ან შეგითანხმო, სად ვარ და რას ვაკეთებ, – იფეთქა ნინიმ.
– ნინი, რა მოგივიდა, რატომ ბრაზობ? ქმრობა რა შუაშია. მხოლოდ მეგობრებიც რომ ვიყოთ, მაინც მოვიდოდი და წაგიყვანდი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მეგობარზე ცოტა მეტიც ვარ.
– მაშინ, დაკითხვას ნუ მიწყობ.
– კარგი, აღარაფერს გკითხავ, ოღონდ, ჩემი ეჭვი, რომ რაღაცამ გაგაღიზიანა, საფუძველს მოკლებული არ არის.
– ჰო, ცოტა ვერ ვარ გუნებაზე. თუმცა, არაფერი მომხდარა. ეტყობა, გადავიღალე.
– ავიღოთ შვებულება და გავიდეთ ქალაქიდან.
– ბარემ, ხომ არ დავქორწინდეთ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდეთ? – ისევ წამოენთო ნინი და მარტინი მოსვა, – მე თუ მკითხავ, შენთან მოხდა რაღაც. პირდაპირ, მაიძულებ, ცოლად გამოგყვე.
– რას ამბობ? უსაფუძვლო ბრალდებაა. მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე, მაგრამ როგორ დაგაძალებ ამას, რა უფლება მაქვს? თუ გახსოვს, მე არც ჩემი სიყვარული შემომიხვევია შენთვის თავზე. რაღაც კეთილგანწყობა რომ არ დამენახა, საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას. იცი, რას ვფიქრობ? ლიზა შენზე ცუდ გავლენას ახდენს.
– შენ ეგ ერთხელ უკვე მითხარი და მაშინ გაგაფრთხილე, აღარ გაგემეორებინა. ლიზას რას ერჩი?
– არ მოვწონვარ.
– მე უნდა მომწონდე და არა ლიზას, რით ვერ გაიგე?
– ჰო. შენ უნდა მოგწონდე, ვიცი. რა მოხდა, ნანობ, რომ შენთან სიახლოვის უფლება მომეცი?
ნინიმ საყვედურით შეხედა მუდარით მომზირალ ბიჭს და ამოიოხრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში