აუცილებელი საიდუმლო
ტომის შიში საერთოდ არ უგრძნია. მხოლოდ აღელდა, ისიც ოდნავ, როცა ტელეფონის ყურმილი აიღო და პოლიციაში დარეკა.
– მე, პოლიციელი მინდოდა.
– ბიჭუნა, ერთობი? პოლიციას სათამაშოდ არ სცალია.
ტომიმ ყურადღება არ მიაქცია პოლიციელის გაბრაზებულ ტონს.
– ეს მნიშვნელოვანია, ვიღაცამ მარკი და დედაჩემი მოკლა.
ბიჭუნამ გაიგონა, როგორ ამოიოხრა ვიღაცამ ყურმილში და მიხვდა, რომ მისი ნათქვამი დაიჯერეს. ახლა გაცილებით მარტივად იყო საქმე. ყურმილი დადო და დივანზე ჩამოჯდა. თავს აიძულებდა, რომ არ შეეხედა გვამებისთვის. ოთახში თბილოდა, მაგრამ ტომს ძალიან სციოდა თავის ფლანელის პიჟამაში. ძალიან უნდოდა, ისევ აღმოჩენილიყო თავის თბილ საწოლში და გაეგონა მარკის და დედის მხიარული ხმები, რომლებიც სამზარეულოში ლაპარაკობდნენ. მერე გაიღვიძებდა და იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და მეტი არაფერი, რომ მისი სახლისკენ ახლა, სწორედ ამ წუთს არ მოჰქროდნენ პოლიციის მანქანები...
კარზე მაგრად დააკაკუნეს. ტომი დივანიდან ჩამოცოცდა და კარი გააღო. სამი მაღალი, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ოთახში შემოვიდა. მათ ჯერ ტომის შეხედეს, მერე გვამებს მიაშტერდნენ...
– შეხედე, ბიჭუნას მართალი უთქვამს...
მარკი სავარჯელში იჯდა, ჩვეულებისამებრ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მკვდარი იყო. თუმცა, მკვდარს ძალიან არ ჰგავდა... დედაც მკვდარი იყო... იატაკზე ეგდო, სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახის კარის ზღურბლზე. ერთი ჭიქა იმ ორიდან, რომელიც მას, ალბათ, ხელში ეჭირა, ნამსხვრევებად იყო ქცეული. მეორე – რაღაც სასწაულად გადარჩენილიყო და იქვე ეგდო. ტომის გაახსენდა, როგორ ამბობდა დედა, თუ ამ ქვის იატაკზე რამე დაეცემა, ის ვეღარ გადარჩებაო. აი, ჭიქა კი გადარჩა გატეხას...
ერთ-ერთი პოლიციელი ტომისთან მივიდა.
– შვილო, კარგად ხარ?
ტომიმ თავი დაუქნია.
– შეგიძლია, გვითხრა, ეს როგორ მოხდა?
ბიჭუნამ ისევ დაუქნია თავი. ლეიტენანტმა ბიჭი დივანზე დასვა და გვერდით მიუჯდა.
– შენ ყოჩაღი, ძლიერი და უშიშარი ბიჭი ხარ. მარტო იყავი?
– დიახ.
– რა გქვია?
– ვინი – უპასუხა ბიჭუნამ.
– პიჟამაზე რომ ტომია ამოქარგული? – გაეღიმა პოლიციელს.
– ტომის დედა მეძახდა. ისე კი, ვინი მქვია. მამამ ასე დამარქვა. პოლიცია მე გამოვიძაზე. მამა რომ წავიდა ჩვენგან, მას მერე დედა ტომის მეძახის.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს.
– ესე იგი, ეს კაცი... რომელიც მოკლეს, მამაშენი არ არის?
– არა. მამაჩემი ჩვენთან აღარ ცხოვრობს. ეს მარკია, დედაზე დაქორწინებას აპირებდა და ხშირად მოდიოდა ჩვენთან, საღამოობით.
– გვისმინე, ტომი, ეს კაცი მაშინაც მოდიოდა დედასთან, როცა მამა თქვენთან ცხოვრობდა?
– არა. მამა და დედა ჩხუბობდნენ ხოლმე და მერე მამა წავიდა. კვირაობით მოდის ხოლმე ჩემთან და ვინის მეძახის. შეგიძლიათ, დაურეკოთ და უთხრათ, რომ მოვიდეს?
სერჟანტმა ბიჭს თავზე დაადო ხელი.
– ჩვენ მას უკვე ვეძებთ, პატარავ და მალე მოვიყვანთ.
ტომიმ გაიღიმა. თუ მამა მალე მოვიდოდა, მაშინ ყველაფერი კარგად იყო. ახლა შეეძლო, გარდაცვლილებისთვისაც შეეხედა. ისე ხდებოდა, როგორც კინოში... პოლიციელებიც ისე მოძრაობდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც ტელევიზორში...
– ბილი, – თქვა ლეიტენანტმა, – აი, როგორ იყო ყველფერი. ვიღაც სასტუმრო ოთახში შემოვარდა და ორი ტყვია ესროლა სავარძელში მჯდარ ამ ტიპს. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, უფრო გაუკვირდა, ვიდრე შეეშინდა... სროლის ხმაზე ქალიც შემოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, სამზარეულოში სასმელს ამზადებდა... ვფიქრობ, მკვლელი უცხო არ იყო მათთვის. 32 კალიბრის რევოლვერიდან არის ნასროლი... ყოფილი ქმრის ალიბი უნდა გადავამოწმოთ.
... დედას არასოდეს მოსწონდა ტომის სურვილი, ეთამაშა მამის კაბინეტში. მაგრამ ბიჭი მაინც ახერხებდა იქ შესვლას. დიდი ტყავის სავარძელში აძრომას და თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ტყავზე მიხუტებას...
კიდევ, სიგარების ცარიელი კოლოფით თამაში უყვარდა. ეს მისი დიდი საიდუმლო იყო. ტომის ზოგჯერ სავარძელშიც ჩაეძინებოდა ხოლმე და ამაზე დედა ბრაზობდა...
ბიჭუნამ მხარზე ლეიტენანტის ხელის შეხება იგრძნო და ზემოთ აიხედა. ზორბა პოლიციელი თანაგრძნობით უღიმოდა.
– მამა მალე მოვა?
– მალე მოვა, პატარავ. ხომ კარგად ხარ?
ტომიმ თავი დაუქნია. არ უთქვამს, რომ შიშველი ფეხები მთლად გაეყინა.
– მითხარი, მარკი და დედაშენი ხშირად ჩხუბობდნენ?
– ძალიან იშვიათად და ისიც ჩემ გამო. მარკი ეუბნებოდა, გაუშვი და მამასთან იცხოვროსო. დედა ბრაზობდა, ჩემი შვილია და ჩემთან უნდა იყოსო. მამასაც ზუსტად ასევე ეჩხუბებოდა. მოსამართლემ მეც მკითხა, ვისთან გინდა ყოფნაო. ვუთხარი, – მამასთან-მეთქი, მაგრამ მაინც დედასთან დამტოვეს. მითხარით, მამაჩემს აქვს ალიბი?
პოლიციელებს გაეღიმათ. ლეიტენანტმა მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი.
– გასაოცრად ჭკვიანი ბავშვია. აქვს, პატარავ, ალიბი მამაშენს... წვეულებაზე იყო და იქიდან აქეთ მოდის... აი, ისიც.
ოთახში მაღალი, სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა, გემოვნებით ჩაცმული ლამაზი ქალის თანხლებით. შეშფოთებული მივიდა ტომისთან და გულში ჩაიკრა. ბიჭუნა მიხვდა, ახლა შეეძლო, ეტირა კიდეც და აზლუქუნდა. კაცმა პოლიციელებს შეხედა.
– ეს ყველაფერი ჩემი შვილის თვალწინ მოხდა?
– სავარაუდოდ. პოლიციაში სწორედ ბიჭუნამ დარეკა.
– მკვლელი ვინ არის? გაქვთ ვერსია?
– ჯერჯერობით არანაირი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ.
– მე ჩემი შვილი აქედან ახლავე უნდა წავიყვანო, – მკაცრად თქვა კაცმა.
პოლიციელმა თავი დაუქნია.
– რა თქმა უნდა. მისმინეთ, იცით, რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ყოფილ მეუღლეს მარკ დენისთან?
– არა და არც მაინტერესებდა. მე ჩემი ცხოვრება მქონდა, – პირქუშად მიუგო კაცმა და შვილს მიუბრუნდა, – ვინ, წამოიღე შენი ნივთები და წამოდი. ამიერიდან სულ ჩვენთან იქნები. ჰო, მართლა, მოდი, მარტა გაგაცნო. ისიც ჩვენთან ერთად იცხოვრებს და შეიძლება, შენი ახალი დედიკოც გახდეს.
ბიჭუნამ ქვემოდან შეხედა მოღიმარ ლამაზმანს.
– მამა, თუ შენთან წამოვალ, უფლებას მომცემ, საიდუმლო მქონდეს?
– აუცილებლად. ბიჭებს ყოველთვის აქვთ საიდუმლო, – ღიმილით უთხრა მამამ.
– და... შეიძლება, ეს საიდუმლო თან წამოვიღო?
– კი. აუცილებლად. სწრაფად, პატარავ...
ტომიმ მეორე სართულის კიბე აირბინა და მამას ყოფილ კაბინეტში შევიდა. კარადაში, სულ ქვემო თაროზე სიგარების ძველი ლითონის კოლოფი იდო. ტომიმ ნელა ახადა თავი ყუთს და ხელი ჩაყო. თითები ფრთხილად შეეხო 32-კალიბრიანის ლულას... იარაღში ორი ტყვია კიდევ იდო... გაახსენდა, როგორ ეჭირა ორივე ხელით რევოლვერი და მარკის გაოგნებული სახეც დაუდგა თვალწინ. დედის სახე აღარ ახსოვდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ყველაფერი ზუსტედ ისე გააკეთა, როგორც ტელევიზორში და ახლა, მამასთან იქნებოდა. სიგარების ყუთი იღლიაში ამოიჩარა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ. მამა უღიმოდა, მარტაც...