ყველაზე ძვირფასი კამეა
ყველაზე ძვირფასი კამეა
მსოფლიოს საგანძურში ღირსეული ადგილი უკავია „გონზაგას კამეას“ – სამფენიან სარდონიქსზე ამოკვეთილს და უძვირფასესს.
პირველი კამეების კეთება მეოთხე საუკუნის ბოლოს დაიწყეს, ოღონდ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოხდა. ძვირფას ქვაზე კვეთდნენ რელიეფურ, ამობურცულ სურათებს, ძირითადად, მითოლოგიური თემატიკის. საუკეთესო კამეებს ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ამზადებდნენ. ერთი კამეის შექმნას დაახლოებით იმდენივე დრო სჭირდებოდა, რამდენიც, მაგალითად, სასახლის აშენებას. ურთულესი და უფაქიზესი სამუშაო იყო.
„გონზაგას კამეაზე“ ცნობილი ადამიანები არიან გამოსახული, თუმცა მათ გამო, დიდხანს, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კამათობდნენ ისტორიკოსები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ კამეაზე გამოსახული არიან ელინისტური ეპოქის ეგვიპტის ფარაონები – მეუღლეები, რომლებიც, ასევე და-ძმანიც იყვნენ: პტოლემეუსი მეორე ფილადელფი და არსინოია მეორე. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ცხოვრობდნენ.
კამეის პირველი პატრონი, რომელზეც ინფორმაცია შემორჩა, იყო ფრანჩესკო გონზაგა, იტალიის ქალაქ მანტუის მმართველი. შემდეგ კამეა შვედეთის დედოფლის, კრისტინას კოლექციაში ინახებოდა. საიდანაც ვატიკანში მოხვდა, ნაპოლეონის ომის დროს საფრანგეთში აღმოჩნდა. იმპერატორმა ის თავის მეუღლეს ჟოზეფინა ბოგარნეს მიართვა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ალექსანდრე მეორე ღირსეულად მოიქცა. მან ჟოზეფინას შემოსავალიც დაუტოვა და სახლიც. მადლიერების ნიშნად, ჟოზეფინამ რუსეთის იმპერატორს „გონზაგას“ სახელგანთქმული კამეა აჩუქა.
კამეის მთელი ღირსება მის ფერადოვნებაშია: სამი დომინანტი ფერი და სამიც – გარდამავალი. კამეას სიმაღლე 15,7 სანტიმეტრია, სიგანე – 11,8 სანტიმეტრი, რელიეფი 3 სანტიმეტრზეა ამობურცული. ასეთი დიდი ზომის კამეა მსოფლიოში ორი-სამია და მათ შორის „გონზაგას კამეა“ უდიდესია.
ინდოეთი ციფრებში
* ინდოეთის სატელეფონო კოდია – 91.
* თბილისსა და დელის შორის საათობრივი სხვაობა ორსაათ-ნახევარია, ანუ, ისინი ჩვენზე 2 საათით და 30 წუთით არიან უკან.
* ინდოეთის საერთო ფართობი 3 287 000 კვადრატული კილომეტრია. ეს საკმარისია 90 მილიონი ადამიანის ნორმალურად არსებობისთვის. ინდოეთის მოსახლეობა კი ერთ მილიარდზე მეტია.
* ინდოეთში ჩვენთვის ნაცნობი ბუდა – სიდხარტხა გაუტამა – სულაც არ არის ერთადერთი და მთავარი ბუდა. ასეთი ბუდა იქ ბევრი ჰყავთ. უფრო მეტიც, ბუდიზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ყველას შეუძლია, გახდეს ბუდა, თუკი ის შეძლებს, დააგროვოს დიდი რაოდენობით დადებითი ენერგია.
* ზღვის დონიდან 8 611 მეტრზე მდებარეობს ინდოეთის უმაღლესი წერტილი – მწვერვალი კა-2, იგივე ჩოგორი, იგივე დაპრანგი. მასზე ასვლა ყველაზე გამოცდილ მთამსვლელებსაც უჭირთ. თუ ევერესტი დღემდე 1 500-მა ადამიანმა დაიპყრო, კა-2-ზე ასულია მხოლოდ 249 ადამიანი და კიდევ 60 ისე დაიღუპა, მიზანს ვერ მიაღწია – გზაში გაიყინა. კა-2 მეორე ადგილზეა სახიფათო მწვერვალებს შორის. პირველობას არავის უთმობს ანაპურნი (ჰიმალაი, ნეპალი).
* ჩვენს ერამდე ოცდამესამე-მეთვრამეტე საუკუნეებში მდინარე ინდის დაბლობზე პირველი ცივილიზაცია გაჩნდა – ინდური, იგივე ხარაპული ცივილიზაცია. ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ნეოლითის ხანა დაიწყო. სხვათა შორის, ინდოეთში დღემდე აქტუალურია მიწათმოქმედება ცეცხლით, ანუ, ბუჩქებიანი ფერდობის გადაწვით, რასაც აღარსად იყენებენ.