ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებული ფულადი სახის ვალდებულების გადახდის განაწილება ან განვადება აღსრულების პროცედურების დაწყების შემდეგ, სააღსრულებო ბიუროში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა აღმასრულებლის უკანონო მოქმედების შედეგად უკანონოდ დასრულებული სააღსრულებო პროცედურების გასაჩივრება და აღსრულების შედეგების შეჩერება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება, ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. თუმცა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით, ან სააღსრულებო წარმოების მხარის, ან დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შემიძლია თუ არა სრულად ვენდო საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს და აქვს თუ არა ამ მონაცემებს სამართლებრივი მნიშვნელობა სამოქალაქო დავების დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის უფლებების და ვალდებულებების რეგისტრაცია ხორციელდება უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრში, კერძოდ კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.