ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო და რა პირობები შევუქმნა სუროს?
პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება, ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ, ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც; კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც და დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და, გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?
პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. მცენარე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, თუმცა, იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა იაპონურ არალიას?
პასუხი: არალია ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.
კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...
პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომელსაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს – ასე მას მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება.
კითხვა: ძნელია თუ არა ჯუჯა პალმის მოვლა ოთახის პირობებში?
პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა, ზაფხულში რეგულარულად მორწყვა სჭირდება. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გამოუშრება. თუ ამ მცენარეს სიმშრალეში ამყოფებთ, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.
კითხვა: წელიწადის ამ დროს სად არის სასურველი ფეროკაქტუსის მოთავსება?
პასუხი: როდესაც ზამთრის ყინვები გაივლის, გარეთ გაიტანეთ და სინათლეზე დადგით. მისთვის შესაფერისი ადგილი სამხრეთის ფანჯარაა. ეს მცენარე, მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს მზეში, ზამთარშიც კი. მისთვის იდეალური პირობებია ნორმალური ან მაღალი ტემპერატურა და კარგი განათება. ზამთარში ტემპერატურის მინიმუმია 7 გრადუსი.