კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიშორეს თავიდან ქალმა და მისმა დედინაცვალმა ცხვრებით მოვაჭრის ცხედარი და სად დატოვეს მათ მკვლელობის კვალი

54 წლის მურად ა-შვილის ცხედარი თანასოფლელებმა  სოფლის ბოლოს, ხევში აღმოაჩინეს. ცხედარი ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ მისი ამოცნობა იმ ადამიანებსაც კი გაუჭირდათ, ვინც მას ათეული წლების განმავლობაში იცნობდნენ. 

შემთხვევის ადგილზე გვამის გარეგნული დათვალიერებისა  და ხევის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შედეგად სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი, რომელსაც გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა, იმ ტერიტორიაზე მიყვანამდე იყო გარდაცვლილი. გარდაცვლილს სახეზე ჰქონდა  დაზიანებები, მისი დასახიჩრებული  თვალები, ცხვირი მიუთითებდა, რომ  ხევში დატოვებულ გვამს ეს დაზიანებები, სავარაუდოდ, ცხოველების მიერ  ჰქონდა მიყენებული.   

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მურად ა-შვილი ცხვრებით ვაჭრობდა. ის ათი წლის წინ გაშორდა პირველ მეუღლეს, რომელთანაც შვილი არ ჰყავდა და ცოლად თანასოფლელი, ორი შვილის დედა, 34 წლის მალვინა მ-ძე შეირთო. მურადსა და მალვინას საერთო შვილი ქორწინებიდან ერთი წლის თავზე შეეძინათ. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი იყო,  მურად ა-შვილი მას ხშირად ეკამათებოდა და სმაზე თავის დანებებას სთხოვდა. 

გამოძიებამ პირველად გარდაცვლილის მეუღლე, მალვინა მ-ძე დაკითხა. როგორც მან განაცხადა, ქმარი ბოლოს მისი გვამის აღმოჩენამდე სამი  დღით ადრე, გვიან ღამით ნახა.  მალვინა მ-ძის ჩვენების მიხედვით, ის ბავშვს აძინებდა, როცა  მურად ა-შვილმა განუცხადა, რომ ერთი დღით სოფლიდან საქმეებზე აპირებდა წასვლას. გარდაცვლილის ცოლის დაკითხვის შემდეგ გამოძიებას მასთან  ბევრი შეკითხვა გაუჩნდა,  პირველ ყოვლისა კი ის,  თუ რატომ არ მოძებნა ქმარი იმ ორი დღის განმავლობაში, როცა ის სახლში არ გამოჩნდა, რაზეც ცოლმა უპასუხა, რომ, როცა ცხვრის ჩამოსაყვანად მიდიოდა, ორი-სამი დღე არ  ბრუნდებოდა სახლში და, ამას მისგან მიჩვეული ვიყავიო, თუმცა, როგორც ქალმა მოგვიანებით განმარტა, ქმარზე გაბრაზებული იყო და მისი დაგვიანების მიზეზით ამიტომაც არ დაინტერესდა.     

გამომძიებელი დაინტერესდა გარდაცვლილის პირველი ცოლით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ და ყოფილ ქმართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გამოძიებისთვის საეჭვო ჩვენებას იძლეოდა კიდევ ერთი ქალბატონი – მალვინა მ-ძის დედინაცვალი, ეთერ ს-შვილი, რომელიც გარდაცვლილი სიძის შესახებ ნაცნობებში უცნაურ ამბებს ყვებოდა, მათ შორის იმასაც, რომ მურად ა-შვილი ბოროტი ძალების მსხვერპლი იყო და ის ჯადოქრობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მის მიმართ თავად ახორციელებდა.    

ეთერ ს-შვილი სოფელში ცნობილი მკითხავი იყო და, იმასაც ამბობდნენ, რომ  მას სიძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თავად ეთერ ს-შვილი სიძეს ძუნწსა და მახინჯს ეძახდა და, თუ ის სახლში იყო, მათთან არ მიდიოდა. გამოძიებისთვის საკუთარი წყაროებით ცნობილი გახდა გარემოება, რასაც სამართალდამცველების მიერ მალვინა მ-ძის სახლის კუთვნილი სარდაფის დათვალიერება მოჰყვა. ეს ფაქტი მალვინა მ-ძემ იმაზე მეტად განიცადა ვიდრე ქმრის სიკვდილი.  ჯერ იმას ამბობდა, სარდაფის  გასაღები მაქვს დაკარგულიო; მერე – იქ ვერავის შევუშვებო. სამართალდამცველების ვარაუდით, სწორედ იქ იმალებოდა მკვლელობის კვალი, რადგან, ცნობილი გახდა, რომ სარდაფი, რომელიც არასდროს იკეტებოდა, ქალმა სწორედ იმ დღეებში დაკეტა ახლად ნაყიდი ბოქლომით, როცა მურად ა-შვილი დაიკარგა. როგორც გამოძიებით დადგინდა, სარდაფის იატაკზე აშკარად ჩანდა მამაკაცის სისხლის კვალი, რომელიც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ წაეშალათ.          

 სამართალდამცველებმა მურად ა-შვილის მკვლელობისთვის მისი მეუღლე, მალვინა მ-ძე დააკავეს. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დააშაულს, თუმცა, იმ მტკიცებულებების მიხედვით, რაც გამოძიებას მის მიმართ ჰქონდა მოპოვებული, ის იძულებული გახდა ჩადენილი მკვლელობა ეღიარებინა. მოგვიანებით მან დაასახელა  დანაშაულის თანამზრახველიც – თავისი დედინაცვალი, რომელიც მას ჯერ გვამის გადამალვაში, შემდეგ კი ხევში გადაგდებაში დაეხმარა.  ქალებმა გვამი გვიან ღამით, ხელის ურიკით მოიტანეს ხევამდე, რისი თვითმხილველიც თანასოფლელი მამაკაციც იყო, რომელმაც ასევე მისცა ჩვენება გამოძიებას. 

ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იყო. ვერ დავიძინე და აივანზე გავედი. ჩემს სახლთან პატარა ჩიხია, რომელიც სოფლის განაპირა გამავალ გზას უერთდება. ღამის სიბნელეში დავინახე ორი ქალი, რომლებსაც ხელით ურიკა მოჰქონდათ. ჯერ ვერც ერთი ვერ ვიცანი, მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს სახლს მოუახლოვდნენ, დავინახე, რომ ერთ-ერთი მათგანი ეთერი იყო. ის სოფელში ცნობილი მკითხავია, ხალხი ჯადოქრობასაც აბრალებს. ვიფიქრე, ალბათ, რამე თავისი ჯადოქრობის ამბავშია-მეთქი და მისი ღამეული გამოჩენისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. როცა მურადის გვამის პოვნის შესახებ გავიგე, მერე დავუკავშირე, რომ, შეიძლება, ის ღამე მკვლელობასთან კავშირში ყოფილიყო.”  

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ქალებმა თავი დამნაშავედ ცნეს. ქმრის მკვლელობა აღიარა მალვინა მ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქმარი მთვრალ მდგომარეობაში მოკლა. 

ამონაწერი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებიდან: „იმ ღამეს, როცა მურადი სახლში მოვიდა, მე უკვე ნასვამი ვიყავი. ამაზე ძალიან გაბრაზდა და ბევრი იყვირა. მასთან შერიგება ვცადე.  ვიცოდი, რომ წინა დღეს ცხვრები გაყიდა, 700 ლარი ჰქონდა და, მინდოდა, გამომერთმია. მურადმა ფულზე უარი მითხრა – ვალი უნდა გადავიხადოო. ფულის მოთხოვნაზე ძალიან მეჩხუბა და ორჯერ სახეში გამარტყა. როცა დაიძინა, მე ორი ჭიქა არაყი კიდევ დავლიე და მძინარეს დავადექი თავზე. შურისძიების მიზნით, დანა ორჯერ ჩავარტყი გულში. დიდი დანა იყო, იმ დანით კლავდა მამაჩემი სახლში ღორებს. მურადმა ერთი ამოიხროტინა და საწოლი სისხლით გაივსო. დილამდე, სანამ ბავშვები გაიღვიძებდნენ, ყველა კვალი მოვსპე – სისხლიანი ზეწრები ტუალეტში ჩავყარე, სახლის იატაკი გავხეხე, მურადის გვამი კი სარდაფში ჩავათრიე, რომელსაც გასაღები მეორე დილითვე ვუყიდე, რომ ბავშვები არ ჩასულიყვნენ რამეზე.  გვამს მარტო შორს ვერ წავიღებდი, ამიტომაც, ყველაფერი, რაც მოხდა, ვუამბე ჩემს დედინაცვალს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ის დამპირდა, რომ გვამს ხევში გადამაგდებინებდა და ისეთ სიტუაციას შევქმნიდით, ჩვენ ვერავინ ვერაფერს დაგვაბრალებდა. მთავარი იყო, გვამი სახლიდან გაგვეტანა.  მე და ეთერიმ ერთად დავგეგმეთ, გვამი ტომარში ჩაგვედო და გვიან ღამით, ურიკით გაგვეტანა ისეთი გზით, რომ ვერავის დავენახეთ.“ მალვინა მ-ძემ პროცესზე განაცხადა, რომ ქმარი არ უყვარდა და ის სიმთვრალის გამო, შურისძიების მიზნით მოკლა. მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 8 წლით პატიმრობა შეეფარდა ეთერ ს-შვილს, რომელიც სასამართლო პროცესზეც არ იხევდა უკან და ამბობდა, რომ მისი სიძე სიკვდილის ღირსი იყო და, თუ მას  ცოლი არ მოკლავდა, ის თავისი ჯადოქრობით მაინც მოუღებდა ბოლოს. 

 

скачать dle 11.3