კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა გაქცევა „კაგებეს“ ჯურღმულიდან მხატვარმა

2011 წელს რიო-დე-ჟანეიროში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა გაიოზ მხეიძე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და თავდაპირველად ურუგვაიში ცხოვრობდა, შემდეგ კი – ბრაზილიაში. ის თბილისელი იყო. უნიჭიერესი ადამიანი და თავის ამ თვისებებს თაღლითობას ახმარდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალებს ცნობილი თაღლითის ცხოვრებიდან, რომლებიც ძველი, საკავშირო არქივებიდანაა მოპოვებული.

„მწვანეთვალება“

თავადური წარმოშობის გაიოზ მხეიძე 1919 წლის 1 იანვარს მოევლინა ამ ქვეყანას. ის ბავშვობიდანვე ავლენდა უდიდეს ნიჭს ხელოვნებასა და ლიტერატურაში და ამ ლამაზ, ხუჭუჭთმიან, მწვანეთვალება ბავშვს, ჩვილობიდანვე მეტსახელად „მწვანეთვალება“ შეარქვეს, რაც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. სამი წლის ასაკში პატარა გაიოზი გამართულად კითხულობდა ქართულად და რუსულად, აგრეთვე, ბევრი ლექსი და სიმღერა იცოდა ორივე ენაზე. ოთხი წლისამ წერაც ისწავლა, პიანინოზე დაკვრაც, განსაკუთრებით კი, ხატვა იტაცებდა. 8 წლის გაიოზი უკვე ზეთის საღებავებით ხატავდა და სკოლაში ყველაზე წარჩინებული მოსწავლე იყო. 1927 წელს, 8 წლის გაიოზმა ლენინის პორტრეტი დახატა, რომელიც ფოტოსურათიდან გადაიხატა და საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა. თავადური წარმოშობის მიუხედავად, ბავშვი და მისი მშობლები წარჩინების სიგელით დააჯილდოვეს, რაც მუშურ-გლეხურ სახელმწიფოში უდიდესი დაფასება იყო.

1937 წელს 18  წლის გაიოზს საქართველოს მაშინდელი „ცეკას“ პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას პორტრეტის დახატვა დაავალეს, რასაც „მწვანეთვალებამ“ მშვენივრად გაართვა თავი და პირადად ბერიას მადლობაც დაიმსახურა. ეს კი ნიშნავდა, რომ უნიჭიერეს ახალგაზრდას ყველგან გზა ხსნილი ჰქონდა.

ორდენოსანი მხატვარი

1937-1941 წლებში გაიოზი მოსკოვის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე გაემგზავრა. უნიჭიერესი ყმაწვილი ძალიან გულადი და მამაციც იყო და უშიშრად იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე. 1943 წლის მაისში 24 წლის გაიოზმა წითელი ვარსკვლავის ორდენი მიიღო. მან გერმანელების ფორმა გადაიცვა, მტრის ზურგში შეიპარა და იცოდა რა გერმანული ენა, თანაც გარეგნულადაც „არიელს“ ჰგავდა, ფაშისტები შეცდომაში შეიყვანა. ორი დღის განმავლობაში, გაიოზმა დაწვრილებით შეისწავლა ფაშისტების ყველა სტრატეგიული წერტილი და უკან რომ დაბრუნდა, ხელმძღვანელობას უზუსტესი რუკა დაუხატა. მეორე დღეს, საბჭოთა არტილერიამ გაიოზის დახატული სქემის მიხედვით შეუტია ფაშისტებს, მათი ყველა სტრატეგიული წერტილი გაანადგურა და წითელმა არმიამ წინ წაიწია. წითელი ვარსკვლავის ორდენი 24 წლის გაიოზს პირადად გიორგი ჟუკოვმა გადასცა და ახალგაზრდა ქართველს გადაეხვია... გაიოზმა ბერლინამდე იომა, კიდევ ორი ორდენი მიიღო და 1945 წლის დეკემბერში, მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მას საცოლე ჰყავდა.

შეუფასებელი კოლექცია

გაიოზი, ალბათ, არასდროს გახდებოდა კრიმინალი, რომ არა მისი პირადი ტრაგედია. ის მოსკოვში რომ დაბრუნდა, შეიტყო, მისი საცოლე – ელენე ნაკაშიძე, მისსავე მეგობარს, რუდოლფ შვეიცერს გაჰყოლია ცოლად. შვეიცერიც მხატვარი იყო, მაგრამ, გაიოზისგან განსხვაებით,  ფრონტს თავი აარიდა და მოსკოვში მოახერხა დარჩენა. გაიოზმა ვერ აიტანა ღალატი და ყოფილი მეგობარი წითელ მოედანზე სასტიკად სცემა... დაზარალებული, წითელი არმიის გენშტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების ოფიცერი იყო, ანუ საიდუმლო ნომენკლატურულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ამიტომ, სამგზის ორდენოსანი გაიოზ მხეიძე დააპატიმრეს და სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. თუმცა, მხოლოდ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში გაიოზს ვინმე ბონდო კაჭარავა შეხვდა. ის წვრილმანი თაღლითი იყო და სწორედ მან შესთავაზა ახალგაზრდა, უნიჭიერეს მხატვარს ერთი აფერისტული კომბინაცია, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ორივეს.

ბონდო კაჭარავას კარნახით, გაიოზმა რამდენიმე ცნობილი მხატვრის ტილოების ზუსტი ასლები დახატა, რომლებიც დრეზდენის გალერეიდან იყო დაკარგული და მხოლოდ მათი რეპროდუქციები არსებობდა. 1951 წელს, ეს სურათები ბონდო კაჭარავამ ერთი საბჭოთა კოლექციონერს მიჰყიდა ძალიან სარფიანად. კოლექციონერი, ალბათ, ვერც  შეიტყობდა, რომ ეს „შეუფასებელი კოლექცია“ ყალბი იყო, რომ ჟურნალ „სოვეტსკაია კულტურას“ არ გამოექვეყნებინა ამ სურათების ორიგინალები. ჟურნალში ეწერა, რომ სურათები იპოვეს საბჭოთა მოქალაქეების ბინებში და  გერმანელ ხალხს დაუბრუნეს. კოლექციონერმა, რომელიც ძალიან გაამწარა ამ ცნობამ, „ენკავედეში“ აღიარა, რომ უკანონოდ შეიძინა სურათები და ჯერ ბონდო კაჭარავა დააჭერინა, შემდეგ კი გაიოზიც დააპატიმრეს. მათ 6-6 წლით თვისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და გააციმბირეს.

წარმატებული ბიზნესი

ბონდო კაჭარავა ციმბირში ეტაპირების დროს გარდაიცვალა. გაიოზი კი 1953 წელს, დიდი ამნისტიის შემდეგ, დროზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან და მისი თაღლითური კარიერის გაფურჩქვნაც მაშინ დაიწყო. მან სხვადასხვა საბუთის გაყალბებით რამდენიმე ათეული ათასი მანეთი დააგროვა და უფრო მსხვილ ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ყალბი ზედნადებების გამოყენებით გაიოზ მხეიძე ბანკებიდან მსხვილ თანხებს ხსნიდა, ვითომდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებისთვის ნედლეულის შესაძენად. შემდეგ ამ თანხებს ჯიბეში იდებდა და დროსტარებას ახმარდა. თავად გაიოზს რამდენიმე ყალბი პასპორტი ჰქონდა, რომლებშიც გრიმით იყო გადაღებული და მილიცია მის მოხელთებას ვერ ახერხებდა. 1958 წლის მაისში მოქალაქე ანტონ პავლოვის სახელით გაიოზმა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო ბანკიდან 460 ათასი მანეთი გამოიტანა, ვითომდა რკინიგზის შპალების შესაძენად ამიერკავკასიის რკინიგზისთვის. სინამდვილეში კი,  ეს ფული მიითვისა და ყირიმში გაემგზავრა. იქ კონსპირაციულად ცხოვრობდა და ერთი გრანდიოზული აფერისთვის ემზადებოდა. იალტაში გაიოზი ყოველგვარი გრიმისა და პარიკის გარეშე, საკუთარი ვინაობით გადაადგილდებოდა და სწორედ ამან იხსნა დაპატიმრებისგან. 1959 წლის იანვარში, მის კონსპირაციულ ბინას მოულოდნელად ორი სამოქალაქოფორმიანი მამაკაცი ესტუმრა. გაიოზს ქალი ჰყავდა და კარი ისე გააღო, მხოლოდ ტრუსები ეცვა.

– მოქალაქე ანტონ პავლოვი აქ ცხოვრობს? – ჰკითხა გაიოზს ერთ-ერთმა ვიზიტორმა, რომელშიც გამოცდილმა თაღლითმა „კაგებეს“ თანამშრომელი ამოიცნო, მაგრამ არ დაიბნა და მშვიდად მიუგო:

– ორი სართულით ზემოთ, ჩემს თავზე.

მამაკაცები წავიდნენ. გაიოზს კი საძინებელში არც კი შეუვლია, სასწრაფოდ ჩაიცვა და ტყავის ჩემოდნიანად ბინიდან გაუჩინარდა. ჩემოდანში მას ნოვოსიბირსკის ბანკიდან გამოტანილი 460 ათასი მანეთი ჰქონდა. ის იმავე ღამეს თბილისს გამოემგზავრა და ორი დღის შემდეგ პლეხანოვზე, ერთ-ერთი ძველი მეგობრის ბინას შეაფარა თავი.

გაიოზი გაიშიფრა და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. თუმცა, მას ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. „ფსკერზე დაწვა“ და „ქარიშხლის ჩადგომას“ დაელოდა.

ფულის რეფორმა

1959-1961 წლებში გაიოზმა ბანკიდან გამოტანილი ფულით ძვირფასეულობა შეიძინა და გადამალა. 1961 წელს კი, როდესაც საბჭოთა კავშირში ფულის რეფორმა ჩატარდა და ძველი კუპიურები ახლებით შეიცვალა, გაიოზმა 2 მილიონი მანეთი იშოვა. ის მოქალაქეებისგან ძველ ფულს ყიდულობდა და მათ ახალს, მაგრამ მის მიერვე დამზადებულ ყალბ ფულს აძლევდა. შემდეგ კი ძველ ფულს თავადვე ახურდავებდა ბანკებში. 1961 წლის მიწურულს, უშიშროებამ მოახერხა თაღლითის კვალზე დადგომა და ის ერევანში, ფულის გაცვლის დროს დააპატიმრეს. გაიოზი მოსკოვში ჩაიყვანეს, მის წინააღმდეგ ერთბაშად სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომლებსაც პოდპოლკოვნიკი, პავლე ნოვაკი უძღვებოდა. მან გაიოზი მორიგ დაკითხვაზე დაიბარა და უთხრა:

– სამივე თქვენს საქმეზე დახვრეტის მუხლია და ვერაფერი გიხსნით ამ სასჯელისგან. თუმცა, თუკი ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდებით, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ, მაგრამ გამომწყვდეული იქნებით. გაწყობთ?

– რა უნდა ვაკეთო?

– ყალბი ფული ბეჭდოთ და ყალბი სურათები ხატოთ. რას იტყვით?

– რა უნდა ვთქვა. ეს ჩემი ჩვეულებრივი საქმიანობაა და თანახმა ვარ, – მიუგო ნოვაკს გაიოზმა და გაეცინა.

გაქცევა

უშიშროების კლანჭებში მოქცეული გაიოზი წლების განმავლობაში ამზადებდა სხვადასხვა უცხოურ ვალუტას და ქმნიდა სხვადასხვა გენიალური მხატვრის შედევრთა ასლებს, რომლებსაც „კაგებე“  თავისი მიზნებისთვის იყენებდა. 1967 წელს გაიოზმა გაქცევა მოახერხა. ის მოსკოვში, ძერჟინსკის მოედნის მიმდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. მაისის ერთ საღამოს, გაიოზ მხეიძემ ცეხშივე დამზადებული „ატმიჩკებით“, რომლებსაც ის 4 წელი აკეთებდა, სამი კარის გაღება მოახერხა. მეოთხე, დაჯავშნილი კარი კი, ახალგამოცვლილ მორიგეს გააღებინა, რომელსაც გაიოზი „კაგებეს“ ოფიცერი ეგონა და გარეთ გავიდა. მოგვიანებით, ის თავის მემუარებში წერდა, რომ ამ გაქცევას ოთხი წელი საგულდაგულოდ ამზადებდა და ყველა დეტალი ზუსტად გათვალა...

1967 წლის დეკემბერში გაიოზმა ჯერ ფინეთში გააღწია, სადაც შვედი დიპლომატის პასპორტით ჩავიდა. ეს პასპორტი კი, რა თქმა უნდა, თავად დაამზადა. შემდეგ ამერიკის კონტინენტზე გადავიდა. თავდაპირველად, ურუგვაიში დასახლდა, შემდეგ კი – ბრაზილიაში. იქვე შექმნა ოჯახი და ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.

სამხრეთ ამერიკაში გაიოზ მხეიძე უკვე საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა და ყიდდა. თუმცა, ოსკარ რამოსის ფსევდონიმით და სწორედ ამ გზით მოახერხა იქ პოპულარობისა და სიმდიდრის მოპოვება...

 

скачать dle 11.3