ექიმის რჩევები
კითხვა: ვიხეხავ კბილებს დილას და ღამით, მაგრამ, დილით რომ ვდგები, პირში მაინც მაქვს არასასიამოვნო გემო და ცოტა სუნიც. რას მირჩევთ, რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: დილით პირში ოდნავ საგრძნობი სუნის არსებობა არ არის უჩვეულო და დაკავშირებულია ღამის განმავლობაში პირის ღრუს მიკრობების აქტივობასთან. ჩვეულებრივ, ასეთი სუნი კბილების გახეხვის შემდეგ გაივლის. საერთოდ კი, პირში ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება იყოს კბილების, ღრძილების, ყელის, კუჭ-ნაწლავის და ორგანიზმის ზოგადი დაავადებები.
კითხვა: მყავს 11 წლის ვაჟი, სახეზე გამოაჩნდა თეთრი წვრილი ლაქები. ხომ ვერ მეტყვით ვის უნდა მივმართო და რისი ბრალი უნდა იყოს ეს?
პასუხი: აუცილებლია ნახოს დერმატოლოგმა და გაუკეთეთ ანალიზი ჭიის კვერცხებზე.
კითხვა: რამდენიმე კვირაა, სიარულის დროს ვგრძნობ მსუბუქ ბარბაცს. წნევა ნორმალური მაქვს, არც უღონობას ვუჩივი, არც უძილობას, მაგრამ, შუბლისა და საფეთქლების მიდამოში ვგრძნობ სიმძიმესა და დაჭიმულობას. ექიმთან ვიზიტამდე მაინტერესებს, საგანგაშოა თუ არა ეს სიმპტომები?
პასუხი: მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის მიზეზის დადგენა აუცილებლად საჭიროებს ნევროპათოლოგის კონსულტაციას, ექიმთან მისვლამდე კი სისხლის საერთო ანალიზი გადაამოწმეთ – ხომ არ არის ჩივილის მიზეზი ანემია.
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ლოყების სიწითლის მიზეზი მაღალი ჰემოგლობინი იყოს?
პასუხი: დიახ, მაღალი ჰემოგლობინის სიმპტომებს შორის არის სახის სიწითლეც.
კითხვა: ბავშვობაში დამიზიანდა და მომძვრა ფეხზე ფრჩხილი, შემდეგ კი ამომივიდა მოღუნული, სქელი და ფერშეცვლილი, რაც გადამედო სხვა ფრჩხილზეც. ვიმკურნალე, მაგრამ, უშედეგოდ. მითხრეს, ბოლომდე უნდა აიძრო ფრჩხილი და ისე იმკურნალოო. ახლა რომ ავიძრო ფეხსაცმელს თუ ვიხმარ? ან, იქნებ, ზაფხულში ჯობია ამის გაკეთება?
პასუხი: რადგან პრობლემა მხოლოდ ერთ ფრჩხილს არ ეხება, სავარაუდოდ, სოკოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე და საფუძვლიანი მკურნალობის ჩატარებაა აუცილებელი. ფრჩხილის მოშორების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ფეხსაცმელს ვერ იხმართ.
კითხვა: ჩემს 5 წლის ბიჭს ხელის თითში შეერჭო ზღარბის ეკალი, საშიშია თუ არა ცოფის მხრივ? ანუ, ავცრა თუ არა?
პასუხი: ზღარბი შეიძლება იყოს ცოფის გადამტანი კბენის შემთხვევაში – ნერწყვიდან ვირუსი ხვდება ჭრილობაში და საჭიროა აცრა; მაგრამ, ჩხვლეტის შემთხვევაში, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ნერწყვი მოხვდეს ჭრილობაში, ამიტომ, ნაჩხვლეტი, ზოგადად, უსაფრთხოდ ითვლება.
კითხვა: მაქვს ასტიგმატიზმი და ვხმარობ სათვალეებს. ხანდახან მინდა, რომ მოვიხსნა. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რამდენი ხნით?
პასუხი: სათვალის მოხსნა და თვალების დასვენება, რა თქმა უნდა, შეიძლება. მოიხსენით სათვალე იმდენ ხანს, სანამდეც კომფორტულად იგრძნობთ თავს უსათვალოდ.