რა უნდა გაითვალისწინონ დასაქორწინებელმა წყვილებმა ოჯახის შექმნისას და შეიძლება თუ არა მაისში ჯვრისწერა
ჯვრისწერის საიდუმლო საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როდესაც ორი ადამიანი იწერს ჯვარს, მათ უნდა იცოდნენ, რამხელა საიდუმლოში უწევთ მონაწილეობის მიღება. გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ქრისტიანები მაისში უარს ამბობენ ჯვრისწერასა და ქორწილის გადახდაზე, რაც არ შეესაბამება ეკლესიურ სწავლებას. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ქორწინება შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია და მას, შეიძლება, პირდაპირ ეწოდოს სიყვარულის საიდუმლო. ჯვრისწერის დროს ნეფე-პატარძალს თავზე ედგმება გვირგვინი, რაც ნიშნავს გარკვეულ მეუფებას, გამარჯვებას ცოდვაზე. ამიტომ, ყველა ოჯახი, რომელიც იკურთხა და რომელზეც აღესრულა ქორწინების საიდუმლო, პატარა სამეფოა, რომელშიც მთავარი სიყვარული და უფლის მყოფობაა. სამწუხაროდ, თანამედროვე ახალგაზრდებს ეს ნაკლებად ესმით და სწამთ. მათთვის ჯვრისწერა ერთგვარი რიტუალია, სანახაობაა, რომელსაც მათი ახლობლები ესწრებიან ან უნდა ესწრებოდნენ. ყველა ოჯახი პატარა სამეფოა და პატარა სამეფოს შექმნას, ბუნებრივია, უნდა ესწრებოდეს უამრავი ახლობელი, მეგობარი. ეს სიხარული იმდენად დიდია, რომ მხოლოდ მეუღლეებს არ შეუძლიათ მისი აღქმა და დატევა. მეათე საუკუნემდე ქორწინების საიდუმლო ევქარისტიის საიდუმლოებასთან ერთად სრულდებოდა, ანუ, ჯერ ხდებოდა ზიარება და წირვა-ლოცვის შემდეგ აღესრულებოდა ჯვრისწერის საიდუმლო. დღეს ასე აღარ ხდება, ქორწინების საიდუმლოს აღსრულების დროს ნეფე-პატარძალს ღვინოს ასმევენ და ეს არის სიმბოლო ზიარებისა, მათი ბოლომდე ერთად ცხოვრებისა.
– დღემდე ქრისტიანები თავს იკავებენ მაისში დაქორწინებისგან. საიდან მოდის ეს ცრურწმენა და როგორ უყურებს მას მართლმადიდებლური ეკლესია?
– თანამედროვე კაცობრიობის ცნობიერებაში მრავალმა ცრუ სწავლებამ და აზროვნებამ მოიკიდა ფეხი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მაისში ჯვრისწერის აკრძალვა. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი შეწუხებული მოდის ეკლესიაში და აცხადებს, ჯვრისწერას ვაპირებ და, არ მინდა, ეს მაინცდამაინც მაისში მოხდესო. ჯვრისწერის საიდუმლოების აღსრულება არ შეიძლება მხოლოდ მარხვის პერიოდში. როდესაც ეკლესია იდღესასწაულებს სხვადასხვა დღესასწულებს, აღასრულებს მარხვას, შემდეგში უკვე ეკლესიის განჩინებით შესაძლებელია ჯვრისწერის, ანუ, იგივე ქორწინების საიდუმლოს აღსრულება. რაც შეეხება ცრურწმენას, თუ რატომ არ შეიძლება მაისში ჯვრისწერა, ეს, მოდის ერთ-ერთი რუსული ანდაზიდან, რომელიც გამოითქმის ასე: „კტო ბუდეტ ვ მაე ვენჩატსა, ვსიუ ჟიზნ, ბუდეტ მაეტსია”. ეს ანდაზა ქართულად ასე გამოითქმის: „ვინც მაისში დაქორწინდება, მთელ ცხოვრებას ურვასა და მწუხარებაში გაატარებს”. ეს არასწორი და მიუღებელია, ამას კი იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ გვეცოდინება, რა არის ქორწინების, ჯვრისწერის საიდუმლო. თუ ადამიანი ასეთი ცრუ აზროვნებით შექმნის ოჯახს, მაისის შეეშინდება და არა მოუწესრიგებლობისა და უსიყვარულობის, ბუნებრივია, მისი ცხოვრება თავიდანვე არასწორად წარიმართება და ასეთი ცრურწმენებით, მოქმედებებით იქნება სავსე. ამიტომ, რომ დავამხოთ ეს ცრუსწავლება, სასურველია, კიდევ ერთხელ კარგად გადავავლოთ თვალი საეკლესიო სწავლებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა ჯვრისწერის საიდუმლოში მონაწილეობის წინ, რასაც კარგად გვასწავლიან მოციქულები, განსაკუთრებით კი საინტერესოა პავლე მოციქულის შეგონებები.
– რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას იკითხება და საკმაოდ საინტერესოა.
– ეს სამოციქულო იკითხება ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების ჟამს – ისე გიყვარდეთ მეუღლე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვისო. ანუ, თუ შენ აპირებ დაქორწინებას, გინდა, გყავდეს მეორე ნახევარი, უკვე თავგანწირვაზე მიდიხარ. იცით, რომ ქრისტემ თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის. ანუ, შენ უნდა იყო თავგანწირული პიროვნება შენი მეორე ნახევრისთვის ლხინშიც და ჭირშიც. თუ თავიდანვე გეცოდინება, რომ უნდა იყო თავგანწირული შენი მეორე ნახევრისთვის, მაშინ არც ჭირი იქნება შენთვის უცხო და მით უმეტეს, არც ლხინი. ასევე, მამაკაცმა მოქმედებით, ადამიანური ქმედებით, სიყვარულით, ალერსით, სითბოთი უნდა მოიყვანოს მეუღლე და უნდა ჰქონდეს მასთან ურთიერთობა და არა ისე, როგორც დღეს ხდება – ჩხუბით, აყალ-მაყალით, ბილწსიტყვაობით. პავლე მოციქულის სამოციქულო მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „ხოლო დედაკაცს ეშინოდეს ქმრისა.” ამ სიტყვებს რომ წაიკითხავს თანამედროვე მანდილოსანი, გაეცინება, რადგან, სამწუხაროდ, არ იცის ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა. მას ჰგონია, რომ მონობაში იგულისხმება დაბეჩავებული და მეუღლეზე მთლიანად დამოკიდებული მდგომარეობა. სულაც არა. თუ მეუღლე, ანუ დედაკაცი დაინახავს, რომ მისი მეორე ნახევარი მისთვის თავგანწირული პიროვნებაა, ყველაფერს შეძლებისდაგვარად აკეთებს, უყვარს ისე, როგორც საკუთარი სხეული, ბუნებრივია, გაუჩნდება სურვილი, რომ მისი ერთგული, თავმდაბალი და მოსიყვარულე იყოს. როცა ჩვენ ამ სწავლებას მოვისმენთ და აქედან გამომდინარე, შევქმნით ოჯახს, ბუნებრივია, არც მაისის შეგვეშინდება, არც განსაცდელის, არც გაჭირვების და ნაკლები იქნება მეუღლეთა შორის უსიამოვნებაც. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ასე არ არის. ოჯახები ხშირად მატერიალური გარიგებით იქმნება: ვაჟი ან გოგონა კითხულობს, როგორი შემოსავალი აქვს მის მომავალ მეუღლეს, ვინ არიან მისი მშობლები, რამდენსართულიან სახლში ცხოვრობს და ასე შემდეგ. ვინც ასეთი აზროვნებით იწყებს ოჯახის შექმნას, მათი იდილია ძალიან მალე მთავრდება, რადგან, ისინი სულიერებით კი არ არჩევენ მეორე ნახევარს, არამედ, ჯიბის სისქით, რომელიც მალე პატარავდება, მცირდება და საბოლოოდ მეუღლეებს შორის ისადგურებს უთანხმოება, იმიტომ, რომ მათ არასწორი აზროვნებითა და შეხედულებებით შექმნეს ოჯახი და ფაქტი სახეზეა. თუ ჩვენი ოჯახი შეიქმნება მტკიცე კლდეზე, იესო ქრისტეს სარწმუნოებაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთთავგანწირვაზე, ურთიერთმიმტევებლობაზე, ბუნებრივია, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
– დასაქორწინებელი ადამიანი მეორე ნახევრის შერჩევისას ხშირად ითვალისწინებს მის ზოდიაქოს ნიშანს, დაბადების თარიღს. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ?
– ჩვენ არ უნდა მივიდეთ მაშვლებთან და არ უნდა გავითვალისწინოთ ზოდიაქოს ნიშნები, არ ვიმკითხაოთ, მათი რჩევის მიხედვით არ უნდა შევარჩიოთ მეორე ნახევარი. იგავების სახით გარკვევით ბრძანებს სოლომონ ბრძენი: სახლი და კარი მამის დანატოვარია, ხოლო კარგი ცოლი უფლისგან არისო, – ესაა ჩვენი ბედნიერების ის ფორმულა, რაც ხორციელმა მშობლებმა მოგვცეს, ეს მოგვეცა დაუმსახურებლად, მაგრამ, კარგი მეუღლე თუ გვინდა, ეს უნდა ვითხოვოთ უფლისგან. ანუ, თუ გვეცოდინება უფლის სწავლება, მოციქულების მიერ გადმოცემული შეხედულება, მივხვდებით, რომ უფალი არ დაუშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ ავიტანთ. ანუ, შეგვიძლია, უფლისგან ვითხოვოთ კეთილსინდისიერი, უბრალო და თავმდაბალი ადამიანი, ვისთანაც შევძლებთ ხორციელ იდილიას, ნეტარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, სულიერებით უნდა შევხედოთ მეორე ნახევარს, ვისთან ვგრძნობთ თავს კარგად და ვისთან ერთად შეიძლება, რომ გადავიტანოთ ამსოფლის ჭირ-ვარამი. ქორწინება არის, ასევე, მოწამეობა და გვირგვინის დადგმაც ნიშნავს უკვე გარკვეულ მზადებას მოწამეობისთვის. წინასწარ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება; შეიძლება, გარკვეული მწუხარება, სნეულებაც იყოს შენს ცხოვრებაში. გვირგვინის დადგმაც გარკვეული სიმბოლოა იმისა, რომ შენს წყვილთან ერთად მზად ხარ ტანჯვისთვის, განსაცდელებისა და ყოველგვარი მწუხარებისთვის. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს, ყველას ჰგონია, რომ მათი ქორწინება იქნება ბედნიერი, კონტრაქტი შედგება, მატერიალურ დოვლათს მიიღებენ ერთმანეთისგან. თუმცა, მალევე იგებენ, რომ ეს ასე არ არის და მათი თაფლობის თვე შემდეგ სიმწრის წელიწადებად და საუკუნეებად გადაიქცევა, რაც სამარცხვინოა. ადრე ქორწინების დღე იმდენად წმინდა და უბიწო იყო, იმ დღეს ცოლ-ქმარს ურთიერთობაც არ ჰქონდა, რადგან ამ დროს წყვილზე სულიწმიდა იყო, მათ გვირგვინები ედგათ თავზე. მათ შეჰფიცეს, რომ ერთმანეთს არ უღალატებდნენ: მამაკაცს ისე ეყვარება ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი იქნება მეუღლის ერთგული, მორჩილი და მოშიში. დღევანდელი დედოფლები ამ სიტყვებს რომ იგებენ, პირზე ღიმილი დასთამაშებთ: რა მოშიშობაზეა ლაპარაკი, ერთი სული აქვთ, ქორწინების ხანგრძლივი რიტუალი მალე დამთავრდეს და თავიანთი პრეტენზიები განუცხადონ ქმარს: მე სახლში არ დავჯდები, სამსახურს არ მივატოვებ, შენზე არაფრით ნაკლები არ ვარო. ერთ სიტყვას არ აპატიებენ ერთმანეთს. ეს კი ნიშნავს, რომ მათი შეუღლება ფიქტიური, მომავალი კი ბუნდოვანია. მათი ოჯახი ქვიშაზეა აგებული, პირველივე ქარიშხალი გამოაცლის საძირკველს და მივიღებთ მრავალ დანგრეულ ოჯახსა და გაუბედურებულ ბავშვებს.