ჭეშმარიტი სარწმუნოება
როგორ განდევნა უწმინდური სული მედიოლანელმა ეპისკოპოსმა – დაციუსმა
იუსტინიანეს იმპერატორობის დროს მედიოლანელ ეპისკოპოსს, დაციუსს, ეკლესიის საჭიროების გამო კონსტანტინეპოლში მოუხდა წასვლა. კორინთოში ის დიდ სახლს ეძებდა, სადაც მთელი მისი ამალა უნდა დაბინავებულიყო. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მან შენიშნა შესაფერისი ნაგებობა და ბრძანა, მოემზადებინათ მისთვის და მისი თანხმლები პირებისთვის. ქალაქის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ იქ უწმინდური სული ბუდობდა და შიგ არავინ სახლდებოდა. „სწორედ ამიტომ უნდა შევიდეთ იქ, რაკი უწმინდური სული არავის აძლევს იქ ცხოვრების უფლებას“, – თქვა მან და ბოროტთან საბრძოლველად მოემზადა. ღამით, როდესაც ყველას ეძინა, უწმინდურმა სხვადასხვა მხეცის ხმაზე დაიწყო ღრიალი: ხან ლომს ბაძავდა, ხან თხასავით კიკინებდა, ხან ვირივით ყროყინებდა, დროდადრო ღორივით ღრუტუნებდა ან თაგვივით აფხაკუნებდა. ამ ხმებმა გამოაღვიძა დაციუსი, რომელმაც მრისხანე ხმით მიმართა ეშმაკს: „წყეულო, შენი საქმეებისამებრ დაგემართა! შენ ამბობდი, ჩრდილოეთში დავიდგამ ჩემთვის ტახტს და უზენაესს დავემსგავსებიო. ამპარტავნების გამო კი ღორსა და თაგვს დაემგვანე და, ღვთის მსგავსების უწმინდურად მსურველი ახლა ღირსეულად ბაძავ ცხოველებს...” ამის გაგონებისას უწმინდურ სულს თითქოს შერცხვა თავისი უღირსების, რადგან, რომ არ შერცხვენოდა, არ მიატოვებდა სახლს, სადაც სხვადასხვა შიშისმომგვრელ სანახაობას წარმოადგენდა. ასე რომ, ამ სახლში ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანის დასახლების შემდეგ, უწმინდურმა და მაცდურმა სულმა მაშინვე დატოვა იქაურობა და ადგილი ქრისტიანებს დაუთმო.
გლახაკთა მოწყალეს ღმერთი ასწილად უზღავს
წმიდა ტიხონი, რომელიც შემდგომ შეიქნა ემათუნტელ ეპისკოპოსად და მართლმადიდებლობის დიდ შემწედ, სიყმაწვილეში ყიდდა პურს, რადგან მამა მეპურე ჰყავდა. კეთილმსახური ჭაბუკი გულშემატკივარი იყო: ის გლახებს ხშირად უფულოდ აძლევდა პურს, რის გამოც, გაჯავრებულმა მამამ ერთხელ სასტიკად დასაჯა. მაშინ წმიდა ტიხონმა უთხრა მამას: „ჩემო მშობელო! შენ ტყუილად ცხარობ, მე შენს პურს ღმერთს ვაძლევ ვალად და მაქვს მისგან ხელწერილი საღვთო წერილის წიგნებში, სადაც სახელდობრ თქმულია: „რომელი სწყალობს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა“. თუ არ გჯერა, ჩავხედოთ ბეღელში: იქ დაინახავ, როგორ უბრუნებს ღმერთი მავასხებელს თავისას ვალს“. – რაკი ეს უთხრა, მოჰკიდა ხელი მამას და წაიყვანა ბეღლისკენ. გააღეს ბეღლის კარი და ნახეს, რომ ის სავსეა წმიდა და საუკეთესო ხორბლით, თუმცა წინათ მასში თითქმის არა იყო რა. მამა გაკვირდა და შეშინდა: ის დაეცა მიწაზე, მადლობა შესწირა ღმერთს და მერმე არ უშლიდა შვილს თავის ნებაზე მოწყალების გაცემას.