ვის „უღუნავს” ტვინს ბექა ონიანი და რა დოზით ზის მასში სვანური ხასიათი
„კომედი შოუს” მსახიობი ბექა ონიანი ისეთ კომედიურ როლებს ასრულებს, რომლებიც ადვილად გამახსოვრდება, გაცინებს და გახალისებს. მართალია, ხან ყოფილი ცოლის ქმრის ქონებას ყიდის, ხან უზარმაზარი სათვალით ჩანს ეკრანზე და ხანაც მუშის ფორმაში გამოწყობილი უშლის ნერვებს უფროსს, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში არც სხვის ქონებაზე უჭირავს თვალი, არც მხედველობას უჩივის და არც ნერვებს უშლის გარშემო მყოფებს. თუ როგორი ადამიანია ის, რატომ ჰგონიათ ქუჩაში მოსიარულეებს გონებაშეზღუდული და როგორ მოხვდა ის „კომედი შოუს” ბიჭების გვერდით, ამაზე თავად გვესაუბრება.
ბექა ონიანი: ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი – მიყვარდა ჩხირკედელაობა და ხან ურიკას გადავაკეთებდი მოტოციკლეტად და ხან ისეთ აპარატს ვიგონებდი, რომელიც ადვილად დაჭრიდა შეშას. მთლად კარგი გამომგონებელიც ვერ ვიყავი, მაგრამ, მიყვარდა რაღაცეების დაშლა და ახლის აწყობა. არ დამავიწყდება, ერთხელ, გავაკეთე ავტომატი, რომელსაც ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა, „ბახ-ბახის” ყვირილი აღარ მიწევდა და საკუთარი ხმის ეკონომიას ვაკეთებდი (იცინის). სხვათა შორის, მაგარი მიზანიც მქონდა – ერთ-ერთ მეგობარს, ვალერის, ისეთი სიშორიდან ვესროლე პატარა ქვა, რომ შუბლი გავუტეხე და სისხლი ვადინე.
– ესე იგი, საშიში მეგობარი ყოფილხარ.
– საშიში არა, უფრო ცელქი ბავშვი ვიყავი, თორემ, ახლაც არ ვისვრი ქვებს (იცინის).
– რა პროფესიის ხარ?
– ენერგეტიკოსი ვარ, ანუ ინკასატორი (იცინის), თუმცა, ერთი დღე არ მიმუშავია ამ პროფესიით. სახლში კი ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ, ინკასატორობა არასდროს მიზიდავდა. არა, ბრაზიანი და ისეთი, კარი ჩამომეღო ბრახუნით – აბა, ჩქარა, გამიღეთ-მეთქი, ასეთიც არ ვიქნებოდი. მადლობა ღმერთს, მთავრობამ ამაზეც იმუშავა, გარეთ გამოიტანა მრიცხველები და გაგვიიოლა ცხოვრება ინკასატორებს (იცინის).
– მიზანდასახული ადამიანი თუ ხარ და გიმართლებს თუ არა ცხოვრებაში ადვილად?
– მეუღლე მეუბნება, მიზანდასახული ადამიანი ხარ – რასაც დაისახავ მიზნად, აუცილებლად აღწევო. ვეთანხმები, მიზანდასახული ნამდვილად ვარ და მუღამში ვვარდები, თუკი მინდა, რომ რამეს მივაღწიო, მაგრამ, იღბალი დიდი შრომის შემდეგ მოდის. დაკვირვებული ვარ – დიდი წვალების შედეგად ვაღწევ იმას, რისი მიღწევაც მინდა. თუმცა, მებრძოლი ადამიანიც ვარ და ესეც მშველის. იღბლიანობის არ მჯერა. რასაკვირველია, ცხოვრებაში ხდება გამართლებებიც, მაგრამ, მე ჩემს თავზე იღბლიანობა არ მიგრძნია.
– „კომედი შოუს” ბიჭებს საკმაოდ გვიან შეუერთდი, თუმცა, შენი სახასიათო როლებით ადვილად შეაყვარე თავი მაყურებელს. როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?
– ახლავე გეტყვით. მოკლედ, მივდიოდი სადღაც, დამიცდა ფეხი, დავგორდი და, შემთხვევით, სტუდიაში არ ავღმოვჩნდი?! – აი, ასე მოვხვდი „კომედი შოუში” (იცინის). ეს ხუმრობით, თორემ, ბავშვობიდან ვთამაშობდი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბში.” სკოლიდან დავიწყე და სტუდენტობის პერიოდშიც განვაგრძე. „კომედი შოუს” ბიჭებს „კავეენიდან” ვიცნობდი. სულ მეუბნებოდნენ, მოდი ჩვენთანო, მაგრამ, მაინც გვიან შემოვუერთდი.
– რატომ? იყო რაიმე მიზეზი, რის გამოც თავს იკავებდი?
– ტექნიკური უნივერსიტეტის „კავეენში”, მაპატიონ და, სამწუხაროდ, დაბალი დონე იყო – ხუმრობდნენ „პახაბნურ” რაღაცეებზე, მაგალითად პრეზერვატივზე, ცირკის ქალებზე და ასე შემდეგ. ეს არ მომწონდა. აი, უნივერსიტეტის „კავეენი” კი სულ სხვა დონე იყო. ბოლოს, რომ დამირეკეს, მოდიხარ თუ არაო, დავთანხმდი.
– საკმაოდ სახასიათო როლები გაქვს. აი, იმ სათვალეს რომ გაიკეთებ, ლამის მინუს ოცდაათი ნომერი რომ არის, როგორ ხედავ სამყაროს?
– მართლა არაფერი ჩანს და თვალებიც გავიფუჭე. თავბრუ მეხვევა და თავი მტკივდება. ქვემოთ ვიყურები, რომ რამეს არ დავეჯახო. ზუსტად ისე ვხედავ იმ სათვალიდან სამყაროს, როგორც სკეტჩში ვიქცევი (იცინის). ტიპაჟი კი მაგარი ვარ – გოგა ონიშენკო, საქართველოში გაზრდილი უკრაინელი, თუმცა, ცოტა გამოთაყვანებული (იცინის).
– უკრაინელობისა რა მოგახსენო, მაგრამ, რეალურად სვანი ხარ და სვანური ხასიათი თუ „ზის” შენში დიდი დოზით?
– სვანური ხასიათი ნამდვილად ზის ჩემში და თავისას შვრება. სვანური მესმის, მაგრამ, ვერ ვლაპარაკობ და არც სვანური კილო მაქვს, თუმცა, დამახასიათებელი სვანური წიკები კი გამაჩნია. ყველა ამბობს, სვანები ჯიუტები ხართო და ეს მცდარი აზრია. ჯიუტები კი არ ვართ, იუმორი გვაქვს დიდი დოზით. არც სვანებზე ანეკდოტების მოყოლა მიყვარს. გამოგიტყდებით და, არც მარაოს ქნევისას ვიყინები (იცინის).
– ახლა რაღაც გავიფიქრე, ვთქვა?
– აა, ის გაინტერესებს, მეც ხომ არ გავიფიქრე იგივე? (იცინის) ჩემი ეს ტიპაჟი უფროსის თანაშემწეა, სულ ტვინს „ღუნავს”, თუმცა, სახელი და გვარი არ გააჩნია. ეს ტიპაჟი ჩემი მოფიქრებულია და მიხარია, ხალხს რომ მოსწონს. მე კი „ვუღუნავ” ტვინს უფროსს, მაგრამ, აი, ის როდემდე მომითმენს, ესაა საკითხავი (იცინის). სხვათა შორის, ჩემს შვილებს უყვართ ჩემი ტიპაჟები და ჩემს პაროდიებსაც აკეთებენ ხოლმე, მეუღლე კი ცოტა კრიტიკულად იყო განწყობილი გონერისა და გოგას მიმართ. კი იცინოდა, მაგრამ, აღიზიანებდა მისი საქციელი, ახლა ცოტა შეეჩვია.
– კი მაგრამ, გონერი აღიზიანებს და „ტვინის მღუნავი” მოსწონს?
– „ტვინის მღუნავი” მაინც სასიამოვნო ადამიანია, რადგან, ვიღაცას კი არ „აღუნინებს”, თავად „ღუნავს,” გონერი კი ყოფილი ცოლის ქმრის ქონებას მოაჯდა და ბლატაობს; გოგაში კი რაინდს ვერ ხედავდა. გონერი მეძახეთ თქვენ და, მშვენივრად ვგრძნობ თავს: ჩამოვედი შიდა ქართლიდან, კი დავმკვიდრდი თბილისში და სხვის ქონებას რომ „ვაზივარ”, ეგეც მაგრად მსიამოვნებს, იფ, იფ! (იცინის).
– რეალურ ცხოვრებაში როგორი ტიპაჟი ხარ?
– რეალურ ცხოვრებაში არც გონერი ვარ, არც „ტვინის მღუნავი” და არც გოგა. რეალურ ცხოვრებაში ცოტ-ცოტა დოზით ყველაფერი მიყვარს – რომანტიკაც და სევდაც; ცოლისთვის ლექსიც დამიწერია. თუმცა, ისეთი დაღლილი მივდივარ სახლში გვიან, ჩემი რომანტიკა ცოლთან სამზარეულოში ჭამა-ჭამითა და მოკითხვით, დაახლოებით 30 წუთი გრძელდება (იცინის). შაბათ-კვირას კი ოჯახთან ერთად ვატარებ და ეს ორი დღე სრული რომანტიკაა ჩემ ირგვლივ.
– ქუჩაში რომ გცნობენ უცხო ადამიანები, რას გეუბნებიან?
– თავიდან, ეკრანზე რომ გამოვჩნდი, თან მცნობდნენ, თან – ვერა, მაკვირდებოდნენ გაშტერებულები, ახლა კი ზოგი გოგას ენით მესალმება, ზოგიც „უფროსოსი” (იცინის). არ დამავიწყდება, მაღაზიაში შევედი და, ერთმა ქალმა რომ დამინახა, იყვირა: ხალხნო, შეხედეთ, ეს ის არ არის, დებილი, დებილიო (იცინის). სხვებმაც ააყოლეს – კი, კი, ეგ არის. რა საყვარელია! გოგა, აბა, აქეთ გამოიხედეო (იცინის). ხან გონერის მეძახიან. მთავარია, ცუდი აურა არ მოდის უცხო ადამიანებისგან და მათგან მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ.