კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა თავი პაპუასი კოვბოების გვერდით ვლად არამოვს და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკაში რიკოთის უღელტეხილზე

პაროდისტი და მომღერალი ვლად არამოვი რომ ნიჭიერია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა, ის რომ სუპერ იღბლიანიცაა, ამაზე თავად საუბრობს. მართალია, არ არის ადვილი, მოხვდე შორს, ამერიკაში და იქაც იგივე საქმიანობით გახდე პოპულარული, რასაც საქართველოში აკეთებდი, მაგრამ, ვლადი საკმაოდ შრომისმოყვარეა და ის, რომ, ნიუ-იორკში, დროს კი არ დაეწია, გაუსწრო კიდეც, ამაზე თავად ხალისობს. სულ რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის სხვადასხვა შტატში ჰქონდა გამოსვლები, სოლო პროგრამები და როგორც იქ მცხოვრები ემიგრანტების, ასევე „კარენოი” ამერიკელების საკუთარი შემოქმედებით მოხიბვლა შეძლო.  

 

ვლად არამოვი: ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ნამდვილად ხდება. თუმცა, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო და დროს არ ჩამორჩე. აქ ჩამოსულს, მართლაც ბევრი შრომა მომიწია, რომ უცხო მხარეშიც იგივე მეთქვა, რასაც საქართველოში ჩემი საქმით ვამბობდი და რითაც ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. ამერიკულ შოუ-ბიზნესში, ახლა ვიდგამ ფეხს და ვფიქრობ, არცთუ ისე უიღბლოდ. ყოველ შემთხვევაში, მე კმაყოფილი ვარ. ახლახან მქონდა ოთხ შტატში – არიზონაში, ლას-ვეგასში, კოლორადოსა და ოჰაიოში გამოსვლები და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ნელ-ნელა ვერგები აქაურ შოუ-ბიზნესს, თუმცა ამისთვის, მართლა თავს არ ვზოგავ. დამერწმუნეთ, აქ ისეთი ცხოვრების რიტმია, თუ ჩამორჩი, ვეღარასოდეს დაეწევი. ამიტომ, სულ ფორმაში უნდა იყო და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდე. 

– ლას-ვეგასში ჩასულმა, არ გარისკე და შენი იღბალი „რულეტკაზე” არ დადე?

– როგორ არა (იცინის). იქ ჩასული კაცი, კაზინოში რომ არ შეხვალ სირცხვილია. თუმცა, თუ „სტოპი” არ იცი, „დაგერხა” (იცინის). ამ ტურნეში, ჩემს პარტნიორთან, ლეონიდ ილიაბაევთან ერთად გახლდით. ჩვენი სოლო გამოსვლები გვაქვს და ძირითადად, რუსულენოვანი რეპერტუარი, რაც კორპორატიულ საღამოებზეა მორგებული. მოკლედ, არიზონას აეროპორტში ვიქირავეთ მანქანა და ასე გადავწყვიტე ლას-ვეგასში წასვლა. სულ ხუთი საათია სავალი. თან მინდოდა, აქაური გზები გამომეცადა, ველური ბუნება შემეგრძნო. სხვათა შორის, არიზონადან ნევადაში რომ მიდიხარ, ირგვლივ ისეთი მთებია, თავი საქართველოში  გეგონება. ძალიან ჰგავს აქაური გარემო ჩვენი ქვეყნის ბუნებას. ასე მეგონა, ამ „შიკარნი” ამერიკული მანქანით, რიკოთის ურელტეხილზე მივქროდი (იცინის). წარწერებს რომ არ შეხედო და მთების სილამაზით დატკბე, მართლა საქართველოს დასავლეთში გეგონება თავი. რაც შეეხება კაზინოს, რასაკვირველია, ცდუნებას ვერც მე გავუძელი და ვერც ლეონიდმა. დიდი ფსონების დადება ვერ „გავქაჩე” და კი წავაგე პატარა თანხა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, „რულეტკა” ვითამაშე, მაგრამ მივხვდი, იმდენად აზარტულია და ისეთი ჩათრევა იცის, ჯობია, დროულად „დაასტოპო” (იცინის). მე კი მეყო ნებისყოფა კაზინოში, მაგრამ ჩემს მეგობარს არა, და უნდა გენახათ, როგორ ავაგლიჯე მაგიდას (იცინის). ვეუბნებოდი, ადექი, ბიჭო, მთელი ჩემი ნამუშევარი, ლას-ვეგასში თუ დავტოვე, ოჯახს რაღა ვაჭამო-მეთქი (იცინის). მოგებით არაფერი მოვიგე, მაგრამ კარგი დრო კი ვატარე კაზინოში. იქ უნდა გაერთო და მაქსიმუმ 200 დოლარი დახარჯო, თორემ თუ აზარტში შეხვედი, ჩათვალე, იქიდან გატლეკილი გამოხვალ. რომ გითხრათ, აზარტული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ჯიბესაც „ვუჭერ”, რადგან ფულის შოვნა რთულია, ხარჯვა კი ძალიან ადვილი. ასე რომ, გაფრთხილებთ, თუ  ლას-ვეგასში ჩახვალთ, ტვინი აამუშავეთ და არა აზარტული ბუნება. ახლა, მთლად ჯიბეს ნუ ამოიკერავთ, მაგრამ თუ თავის იმედი არ გაქვთ, ჯობია, სწორად გათვალოთ ფინანსების ლიმიტი. 

– გამიგია, რომ ამერიკული ველური ბუნება, მართლაც სასწაულია. თუ არ ვცდები, დღესაც შემორჩენილია, ისეთი კოვბოური ბარები, სადაც შესვლა ცოტა არ იყოს, უცხოელისთვის საშიშია. მსგავს ადგილებშიც ხომ არ მოხვდი, ეს კავკასიური გარეგნობის ადამიანი?

– (იცინის). მოვხვდი კი არა, ისეთი შიში ვჭამე, უნდა გენახათ! ველურ დასავლეთში რომ ბარებია ხომ იცით? ჰოდა, ჩვენც გზაში დავინახეთ მსგავსი ბარი. ყავა გვინდოდა, დაგველია. გავაჩერეთ მანქანა, შევედით და გავშტერდით. ასე მეგონა, კოვბოურ ფილმში მოვხვდი. უცნაურად ჩაცმული ხალხი იჯდა, ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს თვალი, ზოგს ხელის მტევანი და ყველა ჩვენ გვიყურებდა. ვიფიქრე, ერთი მუსიკაღა აკლია და ვიღაცა ჯიბიდან ისვრის-მეთქი (იცინის). ბარმენი უცნაური „მასტი” იყო, გრძელთმიანი, წვერებში და იარაღგარჭობილი. არადა, ამერიკაში, მხოლოდ პოლიციელს თუ ნახავ იარაღით, თორემ რიგითი მოქალაქე მას არ ატარებს. ეტყობოდა ისეთ ადგილას მოვხვდით – უდაბნოში, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იყო. ასე მეგონა, მეთვრამეტე საუკუნეში აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ორ, კავკასიური გარეგნობის მამაკაცს ისე გვიყურებდნენ, როგორც პაპუასებს. ბარმენს მოწიწებით ვუთხარი, ყავა გვინდა-მეთქი და ისე დავლიეთ, პირი გამოვიფუფქეთ (იცინის). თან ვსვამდით და თან, აქეთ-იქეთ ვიყურებოდით, ვაიდა, არ მოუვედით თვალში ამ ხალხსო. მადლობა ღმერთს, გამოვასწარით.

– მოკლედ, სულ გზაში ხარ. თავგადასავლებიც არ გაკლია.  არ არის რთული, ფეხი აუწყო ამერიკულ დროს?

– მართალია, სულ გზაში ვარ. ასე მოითხოვს ჩემი პროფესია და, მადლობა ღმერთს, პროფესიულადაც გამიმართლა. შესაბამისად, არც თავგადასავლები მაკლია. მეგობრები მირეკავენ, თბილისში გზები ისე გაფუჭდა, ავარია ავარიაზე ხდებაო. თქვენ აქ უნდა ნახოთ, ნიუ-იორკში. მარილიანი წყალი, წვიმა და ოკეანიდან წამოსული შხეფები შლის ასფალტს და ისე გააფუჭა, სიარული ჭირს. თუმცა, აქ ერთ ადგილას ჯდომა არ ღირს. როგორც გითხარით, დროს უნდა დაეწიო და უნდა გაუსწრო კიდეც. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება, დაიძინო და სულ სხვა ადამიანმა გაიღვიძო. ეს ქვეყანა დიდი ლატარია, „რულეტკაა” და თუ სწორად გათვლი შენს სვლებს, არ არის გამორიცხული, ადვილად გახდე მილიონერი. 

– ვლად, დამეთანხმე, სწორ სვლას ხომ იღბალიც სჭირდება?

– რასაკვირველია, იღბალიც საჭიროა, თორემ უიღბლო ადამიანი აქაც ვერ მოხვდება (იცინის). სულ ვფიქრობ, რა მაგარი იქნება, რომ დავიძინო და მილიონერმა გავიღვიძო-მეთქი. იმდენ რამეს შევცვლიდი ჩემ გარშემო, ვერ გეტყვით. თუმცა, ისიც მიფიქრია, მილიონერი თუ ხარ, ძლიერიც უნდა იყო. ცდუნებებმა არ უნდა გძლიოს და არ უნდა „გაიბერო”. დიდი ფული დიდ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, მგონი ჯობია, იმდენი მქონდეს, რამდენიც მეყოფა. ამდენი კი ჯერჯერობით მაქვს. თუმცა, უფრო მეტზეც უარს არ ვიტყოდი. ამ ეტაპზე იმითაც კმაყოფილი ვარ, ამერიკაში რომ ვცხოვრობ და, თუ ორმაგ მოქალაქეობას მივიღებ, საქართველოშიც უფრო ხშირად ჩამოვალ. მე ჩემი ქვეყნის გარეშე, ძალიან მიჭირს. აქ ბევრი ქართველია და მათთან ურთიერთობით ვივსებ იმ მონატრებას, რაც ჩემი ქვეყნიდან გამომყვა.

 

скачать dle 11.3